საზოგადოება

ვინ იყო ქართველი, ვისაც ლენინმა სახელმწიფო ბანკის ოქროს გადატანა დაავალა და როგორ იხსნა მან ათასზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე

№27

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 12.07, 2023 წელი

ივანე რატიევი
დაკოპირებულია

ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი 1868 წლის 17 ივლისს ქალაქ ორიოლში დაიბადა. 1724 წელს ვახტანგ მეექვსემ მისი წინაპარი (სოფელ ქსოვრისიდან) თავის ამალაში ჩარიცხა და რუსეთში წაიყვანა. ივანე რატიშვილი 10 წლის ასაკში მშობლებმა ორიოლის კადეტთა კორპუსში შეიყვანეს. 1888 წელს კი პეტერბურგის ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელში განაგრძო სწავლა, რომლის დამთავრების შემდეგაც ის კავკასიაში გადაიყვანეს. 1890 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო მეფის რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო სამხედრო ნაწილში, რომელიც საქართველოში იყო განლაგებული.

ივანე რატიშვილმა ცოლად შეირთო ეკატერინე ბაგრატიონი. მათ ორი შვილი შეეძინათ – დიმიტრი და ოლღა. ეკატერინეს დედა, თამარი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტის წევრი, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი იყო, მამა კი – ირაკლი ბაგრატიონი, ერეკლე მეორის შვილიშვილი. ივანე რატიშვილის მეუღლემ და მისმა უფროსმა დამ, ელისაბედმა, რომელიც მწერლობაში „საზანდარის“ ფსევდონიმითაა ცნობილი, განათლება საფრანგეთსა და იტალიაში მიიღეს. ელისაბედ ბაგრატიონ–ორბელიანმა, სოლომონ იორდანიშვილთან ერთად, პირველად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულ ენაზე.

დიდუბის იპოდრომზე საჩვენებელი შეჯიბრების დროს, რომელშიც ივანე რატიშვილი თავისი ესკადრონით მონაწილეობდა, ივანეს ცხენმა თავი ვერ შეიკავა და დაეცა. მხედარმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მთელი წელი მკურნალობდა. 1907 წელს კი იძულებული გახდა, სამხედრო სამსახურიდან პოდპოლკოვნიკის ჩინით გადამდგარიყო. მალე პარიზში გაემგზავრა, სადაც წარმატებით დაამთავრა ნატიფი ხელოვნების აკადემია.

სანკტ–პეტერბურგში დაბრუნებულმა ივანე რატიშვილმა სამსახური რუსეთის განათლების სამინისტროში დაიწყო. განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, როგორც სახვითი ხელოვნების მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ზამთრის სასახლის სამმართველოში გადაიყვანეს.

საარქივო დოკუმენტებიდან და მასალებიდან ჩანს, რომ 1913 წელს პოდპოლკოვნიკი თავადი რატიევი ზამთრის სასახლის პოლიცმეისტერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, იმავე წელს გვარდიაში გადაიყვანეს. 1915 წელს კი წმიდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და ზამთრის სასახლეში იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას მხატვრულ განძეულობათა საცავის სარეზერვო კომისიის წევრად დანიშნეს.

მალე რატიევი იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც უნდა გამოერკვია პეტროგრადის სასახლეების სამმართველოში შემავალი შენობების აუცილებელი სარემონტო სამუშაოები. ამ სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის იმავე წელს მიენიჭა წმიდა ანას მეორე ხარისხის ორდენი და პოლკოვნიკის წოდება.

შემდეგ თავადი რატიევი დაინიშნა პეტროგრადის სასახლეების სამმართველოს უფროსის, გენერალ–მაიორ კომაროვის თანაშემწედ. სულ მალე კი – ერმიტაჟიდან და სასახლეებიდან განძეულობის ევაკუაციისთვის გამოყოფილი კომისიის თავმჯდომარედ. ივანე რატიშვილმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა ზამთრის სასახლისა და ერმიტაჟის განძეულობათა გადარჩენაში.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს პეტროგრადი განსაკუთრებულ სამხედრო ოლქად გამოიყო და ოლქის სარდლად გენერალი ხაბალოვი დაინიშნა, რომელმაც ზამთრის სასახლისა და ერმიტაჟის ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილები განალაგა. ივანე რატიშვილისთვის გასაგები იყო, რომ სასახლეში სამხედრო ნაწილების განლაგება სასახლისთვის ქვემეხების დაშენას გამოიწვევდა, თუმცა გენერალ ხაბალოვს ვერაფერი შეასმინა. ის ტელეფონით დაუკავშირდა ნიკოლოზ მეორის ძმას, მიხეილს, რომელმაც გენერალს უბრძანა, რაზმებთან ერთად დაეტოვებინა იქაურობა. ივანე რატიშვილის გამბედაობისა და თავდადების შედეგად ზამთრის სასახლის ძვირფასი განძი განადგურებას გადაურჩა.

1917 წლის 25 ოქტომბრის ღამეს, როდესაც დროებითი მთავრობა ზამთრის სასახლეს შეეფარა, საგანძური ისევ საშიშროების წინაშე დადგა. ზამთრის სასახლის დარბაზების ფანჯრები სასახლის მოედანზე გადიოდა, სადაც მოთავსებული იყო სამხედრო ჰოსპიტალი, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის დროს დაჭრილი 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი იწვა. სანამ რევოლუციონერები ზამთრის სასახლის იერიშისთვის ემზადებოდნენ, ივანე რატიშვილმა დაიხმარა რამდენიმე ჯარისკაცი, თავისი ვაჟი – პაჟთა კორპუსის კურსანტი დიმიტრი და დაჭრილების საწოლები შიგნით უფანჯრო ოთახებში გადაიტანა, სადაც ტყვია ვერ შეაღწევდა და ამით ათასზე მეტი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა. სასახლეზე იერიშის დროს, ერთგული ხელქვეითების დახმარებით, ოქროს, ფაიფურისა და სპილოს ძვლის ქანდაკებები სარდაფის საცავებსა და სეიფებში გადამალა. როდესაც სასახლეში რევოლუციური ჯარები შეიჭრნენ და სიტუაცია უმართავი გახდა ივანე რატიშვილმა შეძლო, კავშირი დაემყარებინა სასახლის შტურმის ხელმძღვანელებთან და მათი დახმარებით აღკვეთა ძვირფასეულობის დატაცების მცდელობა. ზამთრის სასახლის იერიში აღწერილი აქვს ამერიკელ მწერალ ჯონ რიდს წიგნში – „ათი დღე, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“.

1917 წლის 5 ნოემბერს რსფსრ განათლების პირველი კომისრის, ლუნაჩარსკის ბრძანებით, ივანე რატიშვილს დაევალა ზამთრის სასახლის დაცვა, ფასეულობათა მოვლა-პატრონობა, არა მარტო ზამთრის სასახლესა და ერმიტაჟში, არამედ ცარსკოე სელოში, პეტერჰოფში, გატჩინოში, პავლოვსკში, საჯარო ბიბლიოთეკასა და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში. რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ლენინი ზამთრის სასახლეს ეწვია და პირადად გადაუხადა მადლობა ივანე რატიშვილს.

1919 წლის მარტში, როდესაც საბჭოთა მთავრობა პეტროგრადიდან მოსკოვში გადავიდა, ლენინის ბრძანებით, ივანე რატიშვილს, იაკობ სმირნოვთან ერთად, დაევალა სახელმწიფო ბანკის ოქროს მარაგისა და დიდი რაოდენობის სხვა ფასეულობათა მოსკოვში გადატანის ორგანიზება.

ივანე რატიშვილის ოჯახური ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა – მას ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ვაჟიშვილი დიმიტრი მოსკოვში მდინარეში ბანაობის დროს დაიხრჩო.

1931 წელს საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ქალიშვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1958 წლის 26 აპრილს.

გამოყენებული მასალების წყარო: გოგიძე შ. „ამხანაგი თავადი” – განძეულობათა გადამრჩენი; ciagi.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული