ბორის ბოქოლიშვილი: 90 წელი მეცნიერებისა და ადამიანობისთვის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 4 წუთის წინ
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ბორის ილიას ძე ბოქოლიშვილი 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა. წელს იგი 90 წლის გახდა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიის ნაწილია: აქ დაიწყო სტუდენტობა, აქ გაატარა სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ათწლეულები და აქვე ემსახურებოდა ქართველი ინჟინრების მომზადებას.
ბატონი ბორისი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. 1943 წელს, როცა ბოდბისხევის საშუალო სკოლის პირველ კლასში შევიდა, მამა, ილია ბოქოლიშვილი, 33 წლის ასაკში სამამულო ომის ფრონტზე დაიღუპა. ორი მცირეწლოვანი შვილის გაზრდის სიმძიმე მთლიანად დედას, მარიამ ბოქოლიშვილს, დააწვა.
1951 წლიდან სწავლა ქვემო მაჩხაანის საშუალო სკოლაში გააგრძელა. პირველივე დღეებიდან მას ყურადღება მიაქცია სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, რესპუბლიკის დამსახურებულმა მასწავლებელმა, სიღნაღის რაიონში ცნობილმა ქალბატონმა, ვარო ჭუჭულაშვილმა. მან ბორისში დიდი ნიჭი და შრომისმოყვარეობა შენიშნა, დედამისს, მარიამს, დობა შეჰფიცა და სთხოვა, ბიჭის შემდგომ წინსვლაში მასაც მიეღო მონაწილეობა. 1952 წლიდან გარდაცვალებამდე, 1978 წლამდე, იგი შესაშური დედობით ზრუნავდა თავის მოწაფეზე.
1954 წელს ბორისმა სკოლა წარჩინებით დაამთავრა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობაზე ჩაირიცხა.
სტუდენტობა შინაარსიანი და შემოქმედებითი იყო. პირველი კურსიდანვე ფრიადოსანი გახლდათ, აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებსა და თვითშემოქმედების ოლიმპიადებში. რომაულ-ბერძნულ (კლასიკურ) ჭიდაობაში პირველი თანრიგი მოიპოვა და სამი წელი უმაღლესი სასწავლებლების სპარტაკიადებზე იცავდა ინსტიტუტის ღირსებას. ფაკულტეტის დეკანატმა მისი აქტივობა შეამჩნია და სამაგალითო სტუდენტს 1957-1960 წლებში სტალინური სტიპენდია დაუნიშნა.
1960 წელს ბატონმა ბორისმა ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში გააგრძელა. 1967 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, 1968 წლიდან დოცენტის სამეცნიერო წოდება მიენიჭა. 1972 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობას უთავსებდა და მალე გამოჩნდა მისი ადმინისტრაციული საქმიანობის შესანიშნავი უნარიც.
ადმინისტრაციული საქმიანობის პარალელურად, ბატონმა ბორისმა სამეცნიერო მუშაობა განაახლა და 1999 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. იგი 45 სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მისი კვლევების საფუძველზე შეიქმნა ვაზის ნასხლავისგან მერქნის ფილების წარმოების ტექნოლოგია, ასევე ქარის ელექტროსადგურის ტურბინის ფრთის დასამზადებელი იარაღი და ტექნოლოგია. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკულ საკითხთა კომისიის წევრი, 2003 წლიდან კი – რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ღირსების ორდენით.
1984 წლის სექტემბრიდან ბორისი სამეურნეო მუშაობაზე გადავიდა: ჯერ თბილისის ხის დამამუშავებელი კომბინატის დირექტორი გახდა, შემდეგ კი – თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი. მისი პრინციპული და საქმიანი პოზიცია შეუთავსებელი აღმოჩნდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხე-ტყისა და ხის დამამუშავებელი და ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს ბიუროკრატიული აპარატისთვის. 1986 წლის სექტემბრიდან იგი იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1989-2005 წლებში ბორის ბოქოლიშვილი მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა, ამ პერიოდის ნაწილში კი – ამავე მიმართულების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს. იყო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე უნივერსიტეტის სამეცნიერო და პროფესორთა საბჭოების წევრი.
ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე ამ თექვსმეტი წლის განმავლობაში ბატონმა ბორისმა ფაკულტეტზე სიმშვიდე და საქმიანი ატმოსფერო შეინარჩუნა, სტუდენტებსა და კოლეგებს კი ყოველთვის თბილად ეპყრობოდა. მისი ინიციატივით ახალი სპეციალობები შეიქმნა, ბოდბესა და წნორში გახსნილი მოსამზადებელი განყოფილებები კი ქიზიყელი ახალგაზრდებისთვის უნივერსიტეტის გზის დასაწყისი გახდა.
ბორისს შესანიშნავი ოჯახი აქვს. მეუღლე, დალი ბრეგვაძე, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელია. შვილები: მალხაზი – ექიმი რეანიმატოლოგი, ირაკლი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქეთი – სამედიცინო აპარატურის ინჟინერი. იგი შვიდი შვილიშვილისა და შვიდი შვილთაშვილის პაპაა.
სადაც კი უმუშავია, ბორის ბოქოლიშვილი ყველგან გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებით და კოლეგებს შორის სიკეთისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროს თესავდა. სტუდენტებისთვის საყვარელი პედაგოგი და აღმზრდელი იყო. მისი ყოველდღიური საქმიანობა კი მაგალითია ყველასთვის, ვინც მას იცნობს. თანაბრად ახლობელია მისთვის გლეხის, მუშისა და მეცნიერის შრომა, არც გაჭირვება და გაჭირვებული ადამიანის თანადგომაა მისთვის უცხო.
ოთხმოცდაათი წლის გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ ბატონ ბორისს უქმად არ უღვაწია.
ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იუბილარს, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მიესალმა:
„ბატონო ბორის,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს!
თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის ნაწილია. აქ დაიწყეთ სტუდენტობა, აქ გაიარეთ გზა ასისტენტიდან დეკანამდე და ათწლეულების განმავლობაში ემსახურეთ ქართველი ინჟინრების მომზადებას. ფაკულტეტის ხელმძღვანელობის თექვსმეტი წელი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა, თუმცა სწორედ მაშინ შეძელით, ფაკულტეტზე შეგენარჩუნებინათ სიმშვიდე, საქმიანი ატმოსფერო და ზრუნვა სტუდენტებისა და კოლეგების მიმართ.
თქვენი ინიციატივით განახლდა და შეიქმნა ახალი სპეციალობები, ბოდბესა და წნორში გახსნილმა მოსამზადებელმა განყოფილებამ კი ქიზიყელ ახალგაზრდებს უნივერსიტეტისკენ გზა გაუხსნა. თქვენი პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა და ადამიანებისადმი თბილი დამოკიდებულება ათასობით კურსდამთავრებულისა და კოლეგისთვის დღესაც მაგალითია.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლესა და ბევრ სიხარულს თქვენი დიდი ოჯახის, მეგობრებისა და მოწაფეების გარემოცვაში“!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





