საზოგადოება

მაესტრო მორისი: ჩემზე თქვეს, არასტანდარტული ორიენტაციისააო და ძალიან მეწყინა

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13 წუთის წინ

მაესტრო მორისი
დაკოპირებულია

მაესტრო მორისის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის მაესტრო მორისი?

მაესტრო მორისი: რთული კითხვაა (იცინის). ცუდი ადამიანი არ არის, ხელოვნებისა და ექსტრემის მოყვარულია. ადამიანებში სიკეთეს აფასებს, გულკეთილი ხალხი უყვარს და ვერ უძლებს მათ, ვინც სხვებს იყენებს და საკუთარ კეთილდღეობას სხვის ხარჯზე აგებს.

– თქვენთვის საოცნებო ცხოვრება როგორია?

– ამ გადასახედიდან, ალბათ, ყველაზე მეტად მოგზაურობა და დედამიწის დათვალიერება მინდა. გარკეულწილად ვახერხებ კიდეც – მოტოციკლეტითაც და ისეც. მოტო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

– რამდენად ემოციური ხართ?

– საკმაოდ ემოციური ვარ. ფილმში განსაკუთრებული მომენტი რომ იყოს, შეიძლება, გულიც ამიჩუყდეს. ახლახან ჩემი შვილის ქორწილი იყო და პატარძალი რომ დავინახე, ცრემლები ვერ შევიკავე. ეს ბედნიერების ცრემლები იყო და ნეტავ, ცხოვრებაში სულ ასეთი ცრემლები იყოს.

– მტკივნეული ცრემლი როდის ყოფილა?

– ყველაზე მძიმედ გადასატანი წელს დედაჩემის გარდაცვალება იყო.

– ბევრი კაცი გაურბის ცრემლებს და მათ დამალვას ცდილობს. თქვენ?

– არ მგონია, რომ ემოციები უნდა შევიკავო და დავმალო. როცა გრძნობა მოგაწვება, გულღია და ალალი უნდა იყო. ემოციების შენიღბვა ალბათ, პოლიტიკოსებს ან სპეცაგენტებს სჭირდებათ, ვინც ამას სპეციალურად სწავლობს. ჩვეულებრივ ადამიანს დასამალი რა აქვს? ემოცია ბუნებრივი მომენტია.

– კარგი ამბავი წარმოვიდგინოთ: რას გააკეთებდით, ლატარიაში ბევრი მილიონი რომ მოიგოთ?

– სახლის მშენებლობა მაქვს დაწყებული და იმას დავამთავრებდი. დანარჩენს მოგზაურობაში დავხარჯავდი. საკმაოდ ძნელია, ადამიანმა წელიწადში ოთხჯერ მაინც მოახერხო სხვა ქვეყანაში წასვლა, ასე რომ, ამ შესაძლებლობას სწორედ ამისთვის გამოვიყენებდი. სხვა კონკრეტული ოცნება არც მაქვს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ გამარჯვებად?

– გამარჯვებად ის მიმაჩნია, რომ მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც მიცნობენ, როგორც მაესტრო მორისს. იმას ვგულისხმობ, რომ ტელეგადაცემების საშუალებით ემიგრანტებიც მცნობენ, რომლებთანაც პირადი შეხება არ მქონია. „მაესტრო მორისი“ ასე რომ მოგიხსენიებენ, ბევრს ნიშნავს. იმას კი არ ვამბობ, რომ მთავარი ტიტულია, მთავარია ის ასოციაცია, რაც შენთან დაკავშირებით აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ცეკვაში საკუთარი ხელწერა შექმენი და უბრალო შემსრულებელი არ ხარ. საკუთარი ხელწერა გაქვს, როგორც მხატვრობაში: ავტორის გვარიც რომ არ ეწეროს ან ვინმემ მისი სტილი გაიმეოროს, მაინც იცნობ, ვისი ნახატია. ჩემი აზრით, მთავარი ეს ინდივიდუალური ხელწერაა.

– რაც შეეხება მარცხს?

– ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისეთი არაფერი ყოფილა, რომ ვთქვა, დავმარცხდი-მეთქი. მნიშვნელოვანი მარცხი არ მქონია. არ ვარ ისეთი ადამიანი, ყველაფერს წინასწარი გათვლით ვაკეთებდე... შეიძლება, უბრალოდ, იღბლიანი ვარ? არ ვიცი, ალბათ, ორივე თანაბრად. ერთი ის ვიცი, რომ ისეთ საქმეს მივაგენი, რაც ღვთის საჩუქარია – საყვარელი საქმიანობით საარსებო წყაროსაც შოულობ და გულსაც იხარებ. ის ემოციები და აპლოდისმენტები, რომლებიც გხვდება, ენერგიით გავსებს და ცხოვრებას აზრიანსა და სახალისოს ხდის. ვიტყოდი, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე. სხვათა შორის, სამხატვრო აკადემია ფრიადზე მაქვს დამთავრებული, მაგრამ მერე ცეკვამ მთელი ჩემი დრო დაიკავა. 90-იან წლებში, ქვეყანამ გამოღვიძება რომ დაიწყო და ბარებში ცეკვის შოუები გაჩნდა, ამ საქმემ ისე ჩამითრია, რომ ხატვისთვის დრო აღარ მრჩებოდა.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე ისეთი, რაც კარგად დაგამახსოვრდათ, ან პირიქით – რამაც გული გატკინათ?

– სასიამოვნო ამბავს ვიტყვი: დაახლოებით, 40-45 წლის ვიყავი, საკმაოდ ახალგაზრდა, როცა კლუბში გამართული კონცერტის შემდეგ დიდ სუფრასთან მიმიწვიეს. ვხედავ, სხვადასხვა სფეროს ხალხი ზის: პოლიციელი, ჩინოვნიკი, „ძველი ბიჭი“, ხელოვანი... აღმოჩნდა, რომ თანაკლასელების შეკრება ჰქონიათ. იქ ასეთი სადღეგრძელო თქვეს: ამ ახალგაზრდულ ასაკშიც კი, შენი საქმით უკვე თბილისის კოლორიტი გახდიო. სუფრას რომ გადავხედე, ყველა ეთანხმებოდა ამ სიტყვებს და ეს ძალიან მესიამოვნა.

უსიამოვნოს რაც შეეხება: 90-იან წლებში, როცა ტელევიზიით გამოსვლა პოპულარობის პიკს ნიშნავდა და ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი იდგა, საიდანღაც ჭორი გავრცელდა – არ ვიცი, ვინმე ბოროტი ადამიანისგან თუ, უბრალოდ, ასე აგორდა – ჩემზე თქვეს, არატრადიციული ორიენტაციისააო და ეგ ძალიან მეწყინა. ალბათ, პოპულარულ ადამიანზე რაღაც უნდა მოიგონონ, მაგრამ როცა ეგეთი რამ რეალობას არ შეესაბამება და ხალხი ჭორს უჯერებს, უსიამოვნოა. შეიძლება, ცეკვისას ან ლაპარაკისას ისეთი მანერა გაქვს, კაცმა რაღაც იფიქროს, მაგრამ ჩემზე ეგეთი რამ ვის შეუმჩნევია? სუფთა მაჩო ვარ (იცინის).

– თქვენთვის ყველაზე დიდ შიშთან რა ასოცირდება?

– უბრალო შიშები შეიძლება გავიხსენო, მაგრამ ისეთი არაფერია, რომ ვთქვა, რამის ძალიან მეშინია-მეთქი.

– ყველაზე დიდი ტკივილი – სულიერი თუ ფიზიკური?

– უდიდესი სულიერი ტკივილი დედაჩემის გარდაცვალება იყო – ჩემ თვალწინ დალია სული. ერთი წლით ადრე ვიცოდი, რომ მოურჩენელი სენი სჭირდა, მაგრამ ოჯახში ეს მხოლოდ მე და მამამ ვიცოდით. თითქოს შემზადებულიც ვიყავი, მაგრამ ამისთვის ვერასდროს მოემზადები. თან, დედა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.

ფიზიკურს რაც შეეხება, ერთხელ მძიმე ავარიაში მოვყევი – ფეხის ღია მოტეხილობა მქონდა. იმ წუთას თითქოს არაფერი მიგრძნია, მაგრამ დიდი ხნის განმაძლობაში გაუსაძლისად მაწუხებდა.

– სახალისო ამბავი, რომელიც პაემანზე გადაგხდათ…

– ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში პოლონეთში მოვხვდი. ქვეყანა საბჭოთა გავლენისგან გათავისუფლებას იწყებდა. რუსულად ლაპარაკი ეზიზღებოდათ – ვხვდებოდი, რომ ესმოდათ, მაგრამ მაინც არ მელაპარაკებოდნენ. ერთი გოგო ძალიან მომეწონა. რუსულად გამოველაპარაკე და მივხვდი, რომ გაიგო. მეკითხება: „ფრანგული იციო?“ – „არა-მეთქი“, „გერმანული?“ – „არა“, „ინგლისური?“ – „არც ეგ-მეთქი“. არცერთი ენა არ ვიცოდი და იმანაც მხრები აიჩეჩა. ორი ნაბიჯი გადავდგი, უცებ აზრმა გამიელვა, მივბრუნდი და: „მარგალური ვაგიჩქუნო?!“ (მეგრული ხომ არ იცი). ვერ მიხვდა, რას ვეუბნებოდი. მეც ავიჩეჩე მხრები და წამოვედი: რას ვიზამთ თუ არ იცი, ეს არის მთავარი ენა-მეთქი (იცინის).

– პროფესიის მიღმა, ყოველდღიურობაში რა არის თქვენთვის სიამოვნების წყარო?

– ბევრი რამ. სხვათა შორის, გურმანი ვარ და კერძების მომზადებაც მიყვარს. მიყვარს სოკოს კრეფა, მოტოციკლეტით მოგზაურობა, ზამთარში თხილამურებზე დგომა (რაც საკმაოდ კარგად გამომდის), წყალქვეშ ყვინთვა... თავს ბევრი ჰობით ვირთობ.

ბაიკერებშიც სხვადასხვა ჯგუფია: ზოგი სისწრაფეზეა ორიენტირებული, ზოგი კურიერად მუშაობს, ზოგი კი მოგზაურია. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი საზოგადოებაა და ცუდი კაცი მათ შორის მე არ შემხვედრია. შარშანწინ მე, ჩემი ბიჭი, მისი შეყვარებული და ჩემი მეუღლე ორი მოტოციკლეტით წავედით ტურში: სტამბოლი, ანკარა, კაბადოკია... საოცარი მოგზაურობა იყო. ჩემს შვილს მოტოს სიყვარული, ალბათ, ჩემგან გამოჰყვა. სხვათა შორის, ჩემი გოგოც ბაიკერია. საერთო ჰობი მამა-შვილს ძალიან აახლოებს. მოწყენილი მხოლოდ მაშინ ვარ, თუ გარეთ წვიმს და ცხვირს ვერ გაყოფ.

– სახლში რამდენად ხელმარჯვე ხართ?

– პროფესიონალი ხელოსანივით უმაღლეს დონეზე შეიძლება, ვერ გავაკეთო, მაგრამ საოჯახო საქმეებს თავად ვუძღვები. კერძო სახლში ვცხოვრობ და აქ ყოველთვის არის რაღაც გასაკეთებელი. ყველა საჭირო ინსტრუმენტი მაქვს და ხელოსნის გამოძახება არ მჭირდება. კულინარიული ნიჭი კი გენეტიკურად დედაჩემისგან გამომყვა – ვინც მას იცნობდა, დღემდე იხსენებს, რა საოცარი ხელი ჰქონდა.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ამაყი და ქედმაღალი კაცი არასდროს ვყოფილვარ. თუ მაინც შეიძლება, ასე ითქვას, იმით ვამაყობ, რომ ამ ასაკშიც შემიძლია, ხალხს სიამოვნება მივანიჭო. შაბათ-კვირაობით მე და ჩემი და ისეთივე ენერგიით ვცეკვავთ, როგორც ახალგაზრდობაში. როგორც დასაწყისში ვთქვი, ჩემი საქმე ღვთის საჩუქარია – ეს არის ორმხრივი პროცესი, სადაც მაყურებლისგან მიღებული დადებითი ემოცია ჩვენს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზეც აისახება და ჩვენი ცეკვის ხილვით მაყურებელიც სიამოვნებას იღებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი