საზოგადოება

ვახტანგ რაზმაძის რომელი ფრაზა იყო პროკურატურაში დაუწერელი წესი

№5

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:15

ვახტანგ რაზმაძე
დაკოპირებულია

ვახტანგ რაზმაძე... ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორი იყო მისი საქმიანობა და გავლენა საზოგადოებაზე. ვახტანგ რაზმაძე მუშაობდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს იურიდიულ და საპროკურორო სტრუქტურებში ქვეყნისთვის ყველაზე რთულ, გარდამტეხ პერიოდში – საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების ზღვარზე, საბჭოთა კონტექსტიდან გამოსვლისას. როგორც იცით, ეს პერიოდი რადიკალური ცვლილებებით იკვეთება საქართველოსთან. ამ დროს უკვე საბჭოთა კავშირის დაშლა, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართლებრივი წესრიგის ფორმირება. მისი თანამდებობები და საქმიანობა სწორედ ამ გარდამავალ კონტექსტში იკვეთება. ვახტანგ რაზმაძე იყო საქართველოს იურიდიული სისტემის მნიშვნელოვანი ფიგურა, მონაწილეობდა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, მიმდინარე პროცესებში. იყო პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, მას თავისი ადგილი ეკავა ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებასა და პარლამენტში ადმინისტრაციული საქმეების განხილვაში. ახლა კი გადავავლოთ თვალი მისი საქმიანობის პატარა-პატარა მნიშვნელოვან ეპიზოდებს, საიდანაც დავინახავთ მის დიდ როლს საპროკურორო სტრუქტურაში.

მესამე გზა არ არსებობს

ერთხელ, 80-იან წლებში, საქმე მოვიდა, რომელიც წესით, „ზემოდან“ უნდა ჩახშობილიყო. ყველა მიხვდა – ეს „ის საქმე“ იყო, რომელსაც ხელს არავინ ახლებდა. დოკუმენტები სუფთა ჩანდა, მოწმეები – უხმო, ბრალდებული – საჭირო ადამიანი. ვახტანგ რაზმაძემ საქმე, საქაღალდე სახლში წაიღო, არა იმიტომ რომ წესს არღვევდა, იმიტომ რომ ღამით უკეთ გააანალიზებდა სიმართლეს. ერთ-ერთ დილას, როცა სამსახურში დაბრუნდა, მხოლოდ ერთი რამ თქვა: „ეს საქმე ან უნდა დაიხუროს ან უნდა გაიხსნას სინდის-ნამუსის გამო, მესამე გზა არ არსებობს.“ საქმე გაიხსნა. ვიღაცამ დაწინაურება დაკარგა, ვიღაცისთვის ამით პროკურატურის კარი სამუდამოდ დაიხურა. რაზმაძე იმ დღეს არ დაწინაურებულა, მაგრამ ამ ნაბიჯით არც უკან დაუხევია.

როცა ადამიანი არ დგას შიშზე...

ერთხელ, პროცესზე შეკითხვებმა ახალგაზრდა მოწმე დააბნია. ამ დროს დარბაზი სავსე იყო თანამდებობის პირებით, ფორმიანებით... მათი და პროკურორების შემყურეს, ბიჭს ხელები უკანკალებდა, სიტყვები ავიწყდებოდა, არ იცოდა, რა ეთქვა. რაზმაძემ უცებ მიმართა ბიჭს – „თუ გინდა, შეგიძლია, დაჯდე“. დარბაზი გაიყინა. პროკურორი ადგილს კი არ სთავაზობდა ამ დროს, ის თავის ძალის და ხასიათის სიმტკიცეს უჩვენებდა დარბაზს. შემდეგ თქვა: „სიმართლე უკეთ მოდის, როცა ადამიანი შიშზე არ დგას.“ ეს ფრაზა წლების განმავლობაში დადიოდა პროკურატურაში, როგორც დაუწერელი წესი.

დაგვიანებული ანგარიში

საბჭოთა სისტემა ანგარიშებს ითხოვდა, ციფრებს, შედეგებს... „გამარჯვებას“. ერთხელ, რაზმაძემ ანგარიში დააგვიანა. შეახსენეს. მერე, მეორედ შეახსენეს, მესამედ – უკვე მკაცრად. მან უპასუხა: „როცა საქმე არ მთავრდება სიმართლით, ანგარიშში ციფრები ტყუილია“. ანგარიში მაინც დაწერა, მაგრამ ისეთი, რომ წაკითხვის შემდეგ აღარავინ ჰკითხა, რატომ დააგვიანა ამდენ ხანს.

უდანაშაულო

ერთხელ, თქვა: „ეს კაცი დამნაშავე არ არის“. ეს იყო საქმე, სადაც ყველაფერი ემთხვეოდა, მტკიცებულება, მოტივი, საზოგადოებრივი ზეწოლა... ყველა ელოდა ბრალის წარდგენას. რაზმაძემ ისევ თქვა: „ეს კაცი დამნაშავე არ არის“. ჰკითხეს: და თუ ცდები, მაშინ?.. „თუ ვცდები, ერთი დამნაშავე გაექცევა მართლმსაჯულებას, მაგრამ თუ ვჩქარობ, ერთი უდანაშაულოს ცხოვრება აბსოლუტურად დაინგრევა, განადგურდება. მეორედ მე თავს შეცდომას ვერ ვაპატიებ.“ საქმე ხელახლა გადაიხედა. წლების მერე კი ნამდვილი დამნაშავე გამოჩნდა.

სახლში

ამბობენ, რომ ერთხელ მას უთხრეს, თუ ასე გააგრძელებ, შენთვის პროკურატურის კარი დაიხურებაო. რაზმაძემ ამაზე არაფერი უპასუხა. მხოლოდ იმავე დღეს დაწერა განცხადება, კაბინეტის კარი ჩუმად გამოიხურა და სახლში წავიდა. არ ყოფილა არანაირი სკანდალი, არც პრესა, არც რაიმე ზედმეტი სიტყვები. ეს ამბავი არ გახმაურებულა, მაგრამ დღემდე მისი შემდგომი თაობა, ახალგაზრდა იურისტები ამბობდნენ, რომ ჩვენ ეს პროფესია ვახტანგ რაზმაძის წასვლის გამო ვისწავლეთო.

სულ სხვა საქმე

ერთხელ მან საქაღალდე დააბრუნა. საქმეს ეწერა – „სასწრაფო“. ასეთი საქაღალდეები, წესით, არ ბრუნდებოდა. რაზმაძემ გახსნა, წაიკითხა და თქვა: „ეს საქმე ჯერ არ არის მზად განსახილველად. აქ ძალიან ბევრი ვიღაცის სიტყვა და ძალიან ცოტა ფაქტებიაო. საქაღალდე დაბრუნდა გამომძიებელთან, ორი კვირის შემდეგ ის სულ სხვა საქმით დაბრუნდა.

უბრალო პალტო

ოფიციალური შეხვედრა იყო და ყველას ფორმა ეცვა. რაზმაძე უბრალო პალტოთი მივიდა. ვიღაცამ ხუმრობით ჰკითხა, როგორია პროკურორის ფორმის გარეშე ყოფნაო? მან უპასუხა: „ფორმა იცავს თანამდებობას, მე ადამიანს ვიცავ“. ეს ფრაზა ბევრმა ჩაიწერა კიდეც; ხმამაღლა კი არავის გაუმეორებია.

პროკურორი ვალდებულია, გაჩუმდეს

იყო ერთი გახმაურებული საქმე, სადაც პრესა უკვე პირდაპირ განაჩენზე წერდა. ყველა ელოდა, რომ რაზმაძე საჯარო განცხადებას გააკეთებდა, მაგრამ მან ამაზე არაფერი თქვა, არცერთი სიტყვა. საქმე სასამართლოში ისე შევიდა, რომ ეს „ხმაური“ გარეთ დარჩა, საზოგადოებაში. განაჩენის გამოტანიდან რაღაც დროის მერე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ დუმდითო. მან უპასუხა: „როცა ხმაური წინასწარ სჯის ადამიანს, პროკურორი ვალდებულია, გაჩუმდეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი