საზოგადოება

როგორია ალბერტ თავხელიძის შთამბეჭდავი კარიერა და რა დამსახურებები აქვს მას მეცნიერების წინაშე

№39

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 07.10

ალბერტ თავხელიძე
დაკოპირებულია

ალბერტ ნიკიფორეს ძე თავხელიძე დაიბადა 1930 წელს, თბილისში. 1948 წელს დაამთავრა ვაჟთა მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1953 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვში, სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, აკადემიკოს ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის ხელმძღვანელობით. აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

მუშაობდა ქალაქ დუბნის ბირთვულ კვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ. 1963 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მაშინ ის მხოლოდ 33 წლის იყო, რაც იმ დროისათვის იშვიათ გამონაკლისად მიიჩნეოდა.

პარალელურად, 1965-1970 წლებში იყო მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული სექტორის ხელმძღვანელი.

ბოგოლიუბოვისა და თავხელიძის ძალისხმევით, 1967 წელს, კიევში გაიხსნა უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, სადაც ალბერტ თავხელიძე 1967-1971 წლებში შეთავსებით მუშაობდა ელემენტარულ ნაწილაკთა განყოფილების გამგედ.

ალბერტ თავხელიძის სამეცნიერო კარიერა ძალიან შთამბეჭდავია:

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი დირექტორი; მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე – დაარსების დღიდან; 1987-იდან – თსუ-ის პროფესორი; თსუ-ის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კათედრის გამგე; ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიკოსი; ვაშინგტონის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2004-იდან – ამ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; ის იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „თეორიული და მათემატიკური ფიზიკის” რედაქტორი. აღზარდა ფიზიკოსთა არაერთი თაობა. მსოფლიო აღიარება 200-ზე მეტმა სამეცნიერო ნაშრომმა მოუტანა.

ალბერტ თავხელიძემ ფიზიკის თეორიის არაერთ მიმართულებაში შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები. მისი შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. ა. ლოგუნოვთან ერთად, ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი.

მიღებული აქვს ჯილდოები და წოდებები: 2003 წელი – თბილისის საპატიო მოქალაქე; 2001 წელი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი; 2001 წელი – ქალაქ ტროიცკის (რუსეთი) საპატიო მოქალაქე; 2000 წელი – ღირსების ორდენი; 1998 – მეცნიერებათა აკადემიების საერთაშორისო ასოციაციის ოქროს მედალი სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის; 1996 წელი – უკრაინა, ნ. ბოგოლიუბოვის სახელობის პრემია; 1973 წელი – სსრკ სახელმწიფო პრემია; 1970 - შრომის წითელი დროშის ორდენი; წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

გარდაიცვალა 2010 წლის 27 თებერვალს. დაკრძალულია ტროეკუროვოს სასაფლაოზე.

გამოყენებული მასალების წყარო: ხელაშვილი ანზორ. აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე; ხელაშვილი ანზორ. „მომავალიც იმისია, ვინც...” : ეძღვნება აკად. ალბერტ (ალეკო) თავხელიძეს; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თ.ყიფიანი (რედ.), თ.გაჩეჩილაძე, გ.სიმონიშვილი; ვიკიპედია; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი