რატომ ვერ არგებდნენ გოგი ხარაბაძეს რომანტიკული გმირის როლს და რის გამო იჭერდნენ მას
ავტორი: ეკატერინე პატარაია 48 წუთის წინ
„ჭაბუამ თქვა ჩინებულად: „ცხოვრება არის ის, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა“... მეც არსებობა გვერდით გადავდე და ცხოვრების ამბის მოყოლა ჩავიფიქრე. ყველა განცდა, ადამიანი, მოგონება ძველია, ჩემი საუკუნის – მეოცე საუკუნის, რომელშიც დავიბადე და რომელსაც ჩემად, მშობლიურად მივიჩნევ, მაგრამ ყოველივე ოცდამეერთეშია ფურცელზე გადმოტანილი. სისხლიანი, სასტიკი და მძიმე იყო მეოცე...“ – რთული, მაგრამ მაღალი ზნეობის, თავად ბიბლიური ღმერთკაცი – ლელა ოჩიაურთან ერთად, ასე ვხედავ მეც მსახიობ გოგი ხარაბაძეს, რომლის შემოქმედებთი გზა და ღვაწლი ქართველი ერის წინაშე შეუფასებელია. მან შემოქმედებით და ცხოვრების გზაზე ბევრი ტკივილი გამოიარა. აქ წაიკითხავთ თავად მსახიობის ჩანაწერებსა და მისი კოლეგა-მეგობრების მოგონებებს. ერთი ისტორია გაიხსენა მხატვარმა ბესიკ დუღაშვილმაც.
ბიჭი მიდიოდა გოგოსთან ერთად
„თავად შევესწარი… 80-იანი წლების დასაწყისია.
გოგი ხარაბაძე მეგობარს ესაუბრებოდა რუსთაველზე, ფუნიკულიორის ქვედა სადგურის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელთან. მეგობართან ერთად ვსეირნობდი. დავინახეთ ხარაბაძე და უნებურად გავჩერდით, ვუყურებდით – ხუმრობა ხომ არაა, ხარაბაძე დავინახეთ ასე, ცოცხლად. უფრო ახოვანი მომეჩვენა ვიდრე მეგონა. ბიჭი მოდიოდა გოგონასთან ერთად, ხარაბაძეს გაუსწორდნენ და ბიჭებმა, იქვე, კიბეებზე რომ იდგნენ გოგოს მისამართით არასასიამოვნო ფრაზები დააწიეს წყვილს. მოტრიალდა ბიჭი (ჩხუბი გარდაუვალი იყო) და… უცბად მოსწყდა ხარაბაძე ადგილს, მიეახლა (ამ სიტყვის უზუსტესი მნიშვნელობით), გოგონას ხელზე აკოცა, გამოესაუბრა წყვილს, ხელი გადახვია, საითაც მიდიოდნენ იქით შეაბრუნა და რამდენიმე ნაბიჯი გაჰყვა, გააცილა, ხელი დაუქნია, ამბორი გაუგზავნა ჰაერით და მოტრიალდა უკან. მერე მოხდა, რაც მოხდა. მივიდა ბიჭების იმ ჯგუფთან. მთქმელს ყურში სწვდა, მაღლა აუქაჩა, რაღაც უთხრა, ვერ გავიგონე… და საწინააღმდეგო მხარეს უბიძგა. არ გაჩერებულან, წავიდნენ, მაგრამ სახეებზე აშკარად ეტყობოდათ, რომ არცერთი ნაწყენი არ იყო, უფრო სწორად, საკუთარ თავზე უფრო იყვნენ ნაწყენები, დარცხვენილები. ასე ჩანდა. ალბათ, ისეთი რამ უთხრა გოგიმ, რომ შეარცხვინა, მიახვედრა, მაგრამ უცხო თვალს არც ყურის აწევა შეუნიშნავს და არც შენიშვნა გაუგია. ჩვენ დავაფიქსირეთ მხოლოდ, მე და ჩემმა ძმაკაცმა. რა სწავლა გვინდოდა, მაგრამ მაინც. გვასწავლა როგორი უნდა იყო, როგორ უნდა მოიქცე და როგორ არ უნდა მოიქცე. გვასწავლა, და თანაც ისე, რომ თავადაც არ იცოდა. ღმერთმა ნათელში დაგამკვიდროს გოგი ბატონო!..“
ორი ერთნაირი ტრაგედია
ალბათ, ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ მსახიობებს – ნანა ფაჩუაშვილსა და გოგი ხარაბაძეს ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტიდან არ უყვარდათ ერთმანეთი – გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს. „ცუდი ურთიერთობა მქონდა გოგი ხარაბაძესთან. ინსტიტუტიდანვე არ გვიყვარდა ერთმანეთი და ეს ბოლომდე გაგრძელდა. პარტნიორები ვიყავით – ლენინს თამაშობდა, კრუპსკაია ვიყავი, ტიტუს ანდრონიკუსს თამაშობდა – მისი უშუალო პარტნიორი ვიყავი, ბევრი როლი გვქონდა, როდესაც ერთად ვიყავით. სცენაზე – არაფერი, მაგრამ გამარჯობას არ ვეუბნებოდით ერთმანეთს. ეკლესიაში მოხდა ჩვენი შერიგება. ქაშუეთში ვიყავი და გოგი რომ შემოვიდა, არ მომეწონა, ძალიან ცუდად იყო, დასვეს სკამზე, ფერიც ძალიან ცუდი ჰქონდა. გოჩა კაპანაძეს ვუთხარი, წამოდი ერთი წუთით-მეთქი, ხელი გავუყარე და გოგისთან მივედი: „გოგი, გამარჯობა, – ვუთხარი. ცოტა კი გაუკვირდა, ამომხედა, – იცი, რა, ახლა გოჩამ მითხრა, რომ ორკაციანი პიესა აირჩია და მე და შენ უნდა ვითამაშოთ მთავარი როლები. შენ ხომ თანახმა იქნები?” გახარებულმა ამომხედა, „ნანა, როდის მითქვამს როლზე უარი“. ამ დროს გოჩა გაგებაში არ იყო. ისეთი ტყუილი მოვიგონე, იმიტომ რომ ის ცოტა კარგად გამხდარიყო. გოგი მისი შვილის გამო რომ არ იყო კარგად, ალბათ, უფალმა გამაკეთებინა ეს ჟესტი. გავიდა დრო და შვილი რომ დამეღუპა, გოგი მოვიდა ეკლესიაში. ოღონდ ძალიან ცუდად იყო, წესიერად ვეღარც დადიოდა და თითქმის შემოიყვანეს, ოთარ შამათავას ეჭირა ხელში, წრე დაარტყა, მოვიდა ჩემთან და გამამხნევა… მას ჩასწვდა ჩემი საქციელი და მისგანაც სწორი სვლა იყო, რომ მოვიდა, ხელი მომკიდა, გამათბო და რომ წავიდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ დამირეკა და მითხრა, მამა გიორგი ზვიადაძესთან მინდა, მიგიყვანო, იმიტომ რომ გამაგრდეო…
შვილის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიური გახდა და ხელი გამომიწოდა, რომ მეც ასეთი გავმხდარიყავი“, - ამბობს ნანა ფაჩუაშვილი. „არ იყო იოლი მასთან ურთიერთობა, ზედმეტად თავდაჯერებული იყო, ამაყი, სადღაც ცინიზმიც დაჰყვებოდა ხოლმე. ოღონდ ეს სცენაზე არ იგრძნობოდა, რადგან პროფესიონალი იყო და საოცრად მონდომებული“.
ახდენილი ოცნება
„როგორც იქნა, რუსთაველის თეატრის მეხანძრედ გამაფორმეს! პირველი რეპეტიცია. ტექსტი არ მაქვს, „მასოვკაში“ ვდგავარ, მაგრამ არა უშავს, ესეც საქმეა! რეპეტიცია 11 საათზე იწყება. მე ადრე მივედი. ვღელავ. სარეპეტიციო ოთახს ვუახლოვდები. ჯერ არავინ იქნება... ადრეა... სიამაყით აღსავსე მივაბიჯებ! აი, როგორი პროფესიონალი ვარ, როგორი მოწესრიგებული, დისციპლინირებული, პირველი მოვედი... მაგრამ, არა! მაგიდას უკვე უზის სერგო ზაქარიაძე, მთავარი როლის შემსრულებელი, ზის და თავის სამყაროში, თავის როლშია ჩაძირული, ვერაფერს ამჩნევს გარშემო... მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, თუ გინდა, ამ პროფესიას გაჰყვე, ეს უნდა ისწავლო-მეთქი! მას შემდეგ, არსად, არასდროს დამიგვიანია.“
მაღალი, სიმპათიური მამაკაცი პირქუში სახით... ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, რომ ამ გარეგნობას დადებითი, რომანტიკული გმირის როლს რთულად თუ მოარგებდი, მაგრამ შინაგანად მაღალი ზნეობის ადამიანი იყო და საბოლოოდ ბუნებამ გადაწონა. ბევრს მუშაობდა მხატვრული კითხვის მიმართულებით. დატოვა უამრავი ჩანაწერი, მათ შორის – „ბიბლია“ და ლექსები. „ძალიან ბევრი როლი აქვს შესრულებული, მთავარი, მეორეხარისხოვანი, მესამეხარისხოვანსაც არ თაკილობდა გარკვეული პერიოდი. თუმცა, ბოლოსკენ ძალიან ფრთხილად არჩევდა იმ პერსონაჟებს, რომლებიც უნდა ეთამაშა. ალბათ, ამან გამოიწვია ის, რომ ცხოვრების ბოლოს თეატრში აღარ იყო, თითქმის აღარც კინოში“, – ყვება ლელა ოჩიაური.
ჩემი „ბირჟა“
„1942 წელს დავიბადე. ომი რომ დამთავრდა, ოთხი წლის გახლდით, არ იყიდებოდა არც სათამაშო, არც პერანგი, არც ფეხსაცმელი, რასაკვირველია, არც წიგნი, ამიტომ ზღაპრებს ავცდი, არ წამიკითხავს. ჩემს ბავშვობაში ყველაზე პოპულარული წიგნი „ბიძია თომას ქოხი“ გახლდათ. ზღაპრების ნაცვლად მე მკვებავდნენ იმით, რაზეც დედაჩემი გიჟდებოდა – ვაჟა-ფშაველას „არწივი ვნახე დაჭრილი...”, კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი”... ძალიან გამიმართლა. გარდა იმისა, რომ დედა, დეიდა და ბიძა, წერეთლები, განათლებული ადამიანები გახლდნენ, პირადად ვიცნობდი რუსუდან მიქელაძეს, თეატრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგეს. რუსთაველის პროსპექტზე იყო ჩემი „ბირჟა“, ის იქვე, ახლოს, ცხოვრობდა და კვირაში ორჯერ მაინც ვსტუმრობდი. სწორედ ამ ქალბატონისგან გავიგე პასტერნაკის, ბლოკის, ტოლსტოის სახელები. მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი და ტოლსტოი მეზიზღებოდა, ომის აღწერას საერთოდ არ ვკითხულობდი, სამაგიეროდ, ზეპირად ვიცოდი ნატაშა როსტოვასა და ანდრეი ბალკონსკის სიყვარულის ამბავი...“
თავისუფლება შუშის აქეთ
„ერთ დროს ვთქვი, წინა საუკუნეში მსახიობი ვიყავი, 21-ე საუკუნეში კი სხვისი აზრების ჩაწერას ჩემი აზრების ჩაწერა ვამჯობინე-მეთქი, მაგრამ როცა სახარებასა და „ვეფხისტყაოსანზეა“ ლაპარაკი, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. როდესაც დისკებს ვწერ, ჩემს თავთან მარტო ვარ და თავისუფლების ხარისხიც მაღალია. ხმის ჩამწერ სტუდიაში, შუშის იქით სხედან ხმის რეჟისორი და ჩემი პროდიუსერი, თამარ ცაგარეიშვილი. შუშის აქეთ კი თავისუფლებაა, რჩები მარტო პერსონაჟებთან, თან ავთანდილისა და ტარიელის სამყაროში მოგზაურობ, ამასთანავე საკუთარ თავსაც შეიცნობ. როცა გალაკტიონს ვკითხულობ, მიყვარს გალაკტიონი; როცა შექსპირის სონეტებს ვკითხულობ, არ მახსოვს გალაკტიონი; მანდელშტამის კითხვისას ვერ ვიხსენებ პასტერნაკს, ახმატოვას... მაინც დავასახელებ „ვეფხისტყაოსანს“... დეიდაჩემს სახლში ეკიდა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ეპიზოდის ამსახველი ფოტო, ჩემს სახლში კი – შოთა რუსთაველისა და აკაკი წერეთლის სურათები. მამა პასუხისმგებელი მუშაკი იყო და დედას არ აძლევდა ხატების დაკიდების უფლებას. დედა მორწმუნე გახლდათ, ბაბუა მღვდელი ჰყავდა... იეშმაკა და რუსთაველის და აკაკი წერეთლის პორტრეტები ჩამოკიდა, ამ ფოტოებზე იწერდა პირჯვარს...
თეატრი, რომელიც არ ხმაურობს...
20 წელია, თეატრში არ ვყოფილვარ. ამას წინათ მკითხეს, რატომ დავტოვე რუსთაველის თეატრი. ამას ძალიან ბევრი პასუხი აქვს, მაგრამ მოკლედ ასე გეტყვით – რაიმე ისმის დღეს თეატრიდან? თეატრი, რომელიც არ ხმაურობს, არ ხარხარებს, არ ტირის, არ გამოსცემს ხმას, კარგავს თავის ფუნქციას. თეატრი ცხოვრების სარკე აღარ არის. მე 15-20 წლის განმავლობაში არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც აღფრთოვანებით ეთქვა, დღეს თეატრში ვიყავიო. რამაზ ჩხიკვაძე 60 წლის გახლდათ, თეატრიდან რომ წავიდა, 22 წელიწადი სახლში უსაქმურად იჯდა. ნუთუ არ აღმოჩნდა არც ერთი რეჟისორი, რომელსაც მისი მიწვევის სურვილი გაუჩნდა, თუნდაც სერიალში?!. არ შემიძლია ამაზე აუღელვებლად ლაპარაკი. წავიდა ეს კაცი და მთელი თავისი საიდუმლოებანი წაიღო საფლავში... რაც თეატრიდან წამოვედი, გადავიღე სახარება, გალაკტიონის შესახებ ფილმი, ჩავწერე 120 დისკი და დავწერე 8 წიგნი. ეს ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ თეატრში თამაში, მათ შორის კომუნისტების შესახებ დადგმულ სპექტაკლებში, და სახარების კითხვა ერთად არ გამოდიოდა. ერთ საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებ: ერთ-ერთ სპექტაკლს პატრიარქი ესწრებოდა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად. მეორე განყოფილებაში ზარის რეკა ისმოდა და ილია ჭავჭავაძე პირჯვარს იწერდა. ილიას მე ვასახიერებდი. მღვდლებმა პარტერში პირჯვრის წერა დაიწყეს, პატრიარქმა კი ხელით გააჩერა. მაშინ მივხვდი, რომ ის თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. ვიფიქრე, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს და დავახლოვდებოდით... თუკი პერსონაჟებზე ვისაუბრებთ და ილია ჭავჭავაძეს დავუბრუნდებით, „კაცია-ადამიანის” ჩაწერისას მეჩვენებოდა, რომ ილია სულ იბოდიშებდა, ენანებოდა ლუარსაბისა და ქართველების გამათრახება, „ქართლის სიავეზე“ წერა... ამ ინტონაციას ვგრძნობდი და ამით ვხელმძღვანელობდი. მსახიობები არ უნდა ოცნებობდნენ როლებზე, რადგან ეს ფუჭი რამეა, მაგრამ ლუარსაბის როლის მორგება მინდოდა. თემურ სუმბათაშვილმა ლუარსაბის შესახებ არაჩვეულებრივი კომპოზიცია გააკეთა, ლუარსაბი უნდა მეთამაშა ისე, რომ მისთვის ყველანაირი კომიკური შტრიხი ჩამომეშორებინა. 1988 წელს ამაზე უარი გვითხრეს, რა დროს „კაცია-ადამიანიაო“. თუკი გავიგებ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი წიგნი გამოვიდა, ვცდილობ, წავიკითხო. მე ჩაკეტილი კაცი არ ვარ, მიყვარს მეგობრები, ქალი, მხიარულება, მაგრამ როდესაც ვმუშაობ, მაშინ არც ვსვამ და არც არსად დავდივარ. როცა თეატრში როლზე ვმუშაობდი, გადაბმულად ექვსი თვე არ ვსვამდი. ამ სიყვარულს სხვასთან ვერ ვყოფდი – ან ღრეობა, ან მუშაობა. დღესაც ჩემი რეჟიმი მაქვს და მის მიხედვით ვცხოვრობ, ამიტომაც, როცა „კაცია-ადამიანს“ ვწერ, სხვა არაფრის წაკითხვა აღარ მინდა.
თუკი დაიცავ შუალედს...
ჩემთვის არასდროს შემოუთავაზებიათ პარტიაში გაწევრიანება, მიუხედავად იმისა, რომ სულ „კაგებეში“ მიბარებდნენ, მათ შორის ცვეტაევას წიგნის ჩამოტანისთვისაც და დაჭერით მემუქრებოდნენ. ერთი „კაგებეს“ ყოფილი მინისტრი, ჩემს უბანში ცხოვრობს. ამას წინათ შვილიშვილთან ვსეირნობდი, რომ შემხვდა. ვუთხარი, აი, ეს ის კაცია, ხუთი წლით ციხეში ჩაჯდომას რომ გადამარჩინა-მეთქი, ის კაცი მომიბრუნდა და ჩაილაპარაკა, ხუთით კი არა – ექვსითო.
როგორც პარტიის წევრობა, ასევე პედაგოგობაც არასდროს შემოუთავაზებიათ ჩემთვის. როგორ უნდა ასწავლო ადამიანს ლექსის წაკითხვა? თუკი მსახიობი ლიტერატურულ ტექსტებს შორის განსხვავებას ამჩნევს, არ კარგავს ავტორს და ამასთან ერთად საკუთარ თავს, თუკი დაიცავს ამ შუალედს, მაშინ ის თქვენს გულსაც მოხვდება. თუმცა ეს რთული პროცესია. ცოტა გულიც უნდა გიძგერდეს, თავიც გიმუშავებდეს, სამშობლო, დედა, მამა გიყვარდეს.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




