საზოგადოება

რა გამოწვევებს უმკლავდება ცოტნე ანანიძე და შეხვდა თუ არა ის საკუთარ ბედისწერას

№39

ავტორი: „თბილისელები“ 48 წუთის წინ

ცოტნე ანანიძე
დაკოპირებულია

ექვსი თვეა, რაც ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა. უმაღლესი საბჭოს სამგზის წევრს, რომელიც ყოველთვის აქტიური იყო და პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილებაც საკმაოდ დიდი ჰქონდა, ახალმა და მნიშვნელოვანმა პოსტმა ცხოვრება მაინც რადიკალურად შეუცვალა. „სამსახურის მიღმა ცხოვრება, პრაქტიკულად, დაპატარავდა“, – ამბობს ცოტნე ანანიძე და კარიერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასა და კადრს მიღმა დარჩენილი ცხოვრების შესახებ გულწრფელად საუბრობს. კომუნიკაბელურობა და გახსნილობა მისი ხასიათის მნიშვნელოვანი თვისებაა, ამაში ცხოვრებისეული გზაც ეხმარება, პროფესიით იურისტობაც და ჟურნალისტიკაში – აჭარის ტელევიზიაში გატარებული წლებიც, სადაც მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.

– რამდენიმე თვეა, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდით და აჭარაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა დაიკავეთ, როგორ შეცვალა ამ პოსტმა თქვენი ცხოვრება?

– რა თქმა უნდა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობამ გარკვეულწილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ცვლილება, პირველ რიგში, დროისა და პასუხისმგებლობის ნაწილში გამოიხატება. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გაქვს ქვეყნის, რეგიონისა და მოსახლეობის წინაშე, რის გამოც ნაკლები დრო გრჩება საკუთარი თავისა და პირადი ცხოვრებისთვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობა მაღალი პასუხისმგებლობაა.

– როდისმე წარმოიდგენდით, რომ ასეთ მაღალ პოზიციაზე მოგიწევდათ მუშაობა?

– არ მიფიქრია, წარმოვიდგენდი თუ არა საკუთარ თავს მაღალ პოზიციაზე, იმიტომ, რომ პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის იყო და არის პროცესი და არა, ასე ვთქვათ, ბრძოლა თანამდებობისთვის ან ძალაუფლებისთვის. მე თვითონ პროცესის ნაწილი ვარ, რომელიც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. რა თქმა უნდა, უმაღლესი საბჭო ჩემთვის უცხო არ იყო, იმიტომ, რომ წლებია, აქ ვმუშაობ ჩემს კოლეგებთან ერთად. აქვე, მინდა, გუნდსა და ჩემს კოლეგებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

– როგორ უმკლავდებით იმ სირთულეებს, რაც ახალგაზრდა კაცისთვის ახლავს ასეთ თანამდებობაზე მუშაობისას?

– ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ზოგად ნაწილში. ჩვენ ვართ ხალხის წარმომადგენლები და, შესაბამისად, მოქალაქეებთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და საკმაოდ შრომატევადიც. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს და ვცდილობ, მაქსიმალურად ოპერატიულად მქონდეს უკუკავშირი მოქალაქეებთან. თუ ვინმეს პასუხს ვუგვიანებ, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ მოქალაქეები ყურადღების მიღმა არასდროს დაგვიტოვებია და არც დავტოვებთ.

რაც შეეხება გამოწვევებთან გამკლავებას, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდი, რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლება მობილიზებულია და მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, მუშაობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

მოგეხსენებათ, მთავრობის თავმჯდომარე გახლავთ ბატონი ზურაბ პატარაძე, რომელთან ერთადაც დავბრუნდი პოლიტიკაში, როდესაც ის პირველად იყო მთავრობის თავმჯდომარე. გუნდთან ერთად, ვცდილობთ, შესაძლებლობების ფარგლებში, პასუხისმგებლობის, კანონისა და ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოვალეობის გათვალისწინებით, გავაკეთოთ მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული საქმეები.

– საკმაოდ აქტიური ხართ სოციალურ ქსელში. ეს არის ის, რასაც ვერ შეელიეთ თუ თქვენთვის საქმიანობის ნაწილია?

–კარგი კითხვაა, სხვათა შორის, სოციალური ქსელის აქტივობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ ამ თემას. სოციალური ქსელი არის პლატფორმა და შესაძლებლობა პოლიტიკური განცხადებებისთვის, პოლიტიკური პროცესისა და პოლიტიკის კეთებისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრეტენზიას სერიოზულად ვერ მივიღებ ვერასდროს, ვერავისგან...

დღეს უკვე ამ პლატფორმებმა შექმნა შესაძლებლობა სხვადასხვა სახელმწიფოს, ტრადიციული დემოკრატიების, მაღალი თანამდებობის პირებისთვისაც. ეს იგივე პრეტენზიაა, დავუშვათ, რომ არ დადიოდეს პოლიტიკოსი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადაცემებში. ეს, რა თქმა უნდა, არის გზა და არხი იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დავაფიქსიროთ, ვესაუბროთ საზოგადოებას და სხვადასხვა ფაქტი თუ მოვლენა პოლიტიკურ კონტექსტში შევაფასოთ. ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეველევით და არც შეველევით. ჩემი აზრით და რწმენით, ასეც უნდა იყოს.

– რჩევა რომ დაგჭირდეთ, ყველაზე მეტად ვის აზრსა და რჩევას იზიარებთ?

– რაც შეეხება რჩევის ნაწილს, საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში და ჩემს ცხოვრებაშიც არიან ძალიან კარგი, გამოცდილი მეგობრები, რომლებიც შეიძლება, პოლიტიკაში არ იყვნენ, მაგრამ გვერდიდან აკვირდებიან მოვლენებს და ასეთი ადამიანების აზრი ხშირად მაინტერესებს. ნებისმიერი ადამიანის აზრში არის მარცვალი, რომელიც აუცილებელ დაფიქრებას საჭიროებს და შესაძლებელია, ისეთ დასკვნამდე მიგიყვანოს, რაც, პირველ რიგში, ინდივიდუალურად პოლიტიკოსისთვის და, ზოგადად, პროცესისთვის სასარგებლოა. სწორედ ეს მეგობრები, მათ შორის სანათესაო წრეც, მიქმნიან იმ კომფორტს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მსჯელობა და, ასე ვთქვათ, მეგობრული „სოციოლოგიაც“ გავიზიარო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

– სამსახურს მიღმა როგორია თქვენი ცხოვრება?

– სამსახურის მიღმა ცხოვრება, პრაქტიკულად, დაპატარავდა, ფრაგმენტულია, მაგრამ რაც არის, აბსოლუტურად ისეთივეა, როგორიც მანამდე იყო. ამ დროს, ძირითადად, მეგობრებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობისთვის ვიყენებ.

ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს, ადამიანური ურთიერთობაა. თანამდებობები და გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობები დროებითია. ადამიანები, რომლებიც ცხოვრებამ გვაჩუქა, ყველაზე ძვირფასები არიან და, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, ამ ურთიერთობის დეფიციტი გვაქვს და ყოველთვის ამის კომპენსირებას ვცდილობ.

– და კიდევ ერთი. დედასთან დადებულ პირობას, რომ დეპუტატობის ამ ვადაში აუცილებლად დაოჯახდებოდით, ასრულებთ?

– დედასთან დადებული პირობა, ჯერჯერობით, შესრულებული არ არის და პასუხს ითხოვს არა მხოლოდ დედა, არამედ ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი თუ გულშემატკივარი. მათ შორის, სასულიერო პირებიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ასე ვთქვათ, მოითხოვენ. ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მოითხოვენ. ვარ ბედისწერასთან შეხვედრის მოლოდინში. არ ვიცი, შეიძლება ეს შეხვედრა იყო კიდეც, მაგრამ ვერ გავიგე ან ვერ აღვიქვი, რომ ბედისწერა იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი