საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№26

ავტორი: „თბილისელები“ 17:00

გვარები
დაკოპირებულია

მათიაშვილი

მათიაშვილი (მატიაშვილი, მათესშვილი, მათეშვილი, მატიკაშვილი) მომდინარეობს ქრისტიანული სახელიდან მათე, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და „ღვთის საჩუქარს“ ნიშნავს. ამავე ფუძიდან წარმოიშვა რამდენიმე მონათესავე გვარი. მეცხრამეტე საუკუნეში გვარის ზოგიერთი შტო რუსიფიცირებული ფორმით – მატინოვი – ფიქსირდება.

გვარის უძველესი ცნობილი წერილობითი ცნობა 1460 წლით თარიღდება, როდესაც საბუთში მოხსენიებულია მათიასშვილი, სუმბატ ურდოელაშვილის ყმა. მეჩვიდმეტე საუკუნეში მათიაშვილები უკვე აქტიურად ჩანან სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ცხოვრებაში: 1601 წელს მამუკა მათიაშვილი ნასყიდობის წიგნის დამწერად იხსენიება, ხოლო ოტია მათიაშვილი ავლაბრის ხასადარი იყო, რაც სამეფო ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან თანამდებობას წარმოადგენდა. საამილახვროს დავთარში მოხსენიებული პაატა მათიაშვილი თოფით ლაშქრობის ვალდებულებას ასრულებდა, რაც გვარის წარმომადგენელთა სამხედრო მოვალეობაზეც მიუთითებს.

მეჩვიდმეტე საუკუნის განმავლობაში მათიაშვილები არაერთ ნასყიდობისა და ქონებრივი გარიგების საბუთში გვხვდებიან, როგორც მოწმეები და სამართლებრივი აქტების მონაწილეები. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში გვარში გამოიკვეთა სასულიერო შტოც: ცნობილია მღვდლები ელიოზ და იოანე მათიაშვილები, აგრეთვე, დიმიტრი მათიაშვილი და რამდენიმე მედავითნე. მეცხრამეტე საუკუნის საბუთები გვარის სხვადასხვა შტოს ქართლსა და კახეთში ადასტურებს, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისში დოკუმენტურად დასტურდება ვეტერინარი ი. მათიაშვილი.

დღეს მათიაშვილები ფართოდ არიან გავრცელებულნი საქართველოში და მათი რიცხვი დაახლოებით 2 870 ადამიანს შეადგენს.

ლომიძე

ლომიძე ერთ-ერთი უძველესი და მრავალრიცხოვანი ქართული გვარია, რომლის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა „ლომიდან“ და სიმამაცეს, ძალასა და ღირსებას უკავშირდება. გვარის ადრეული ფესვები ქართლსა და მესხეთში ივარაუდება, თუმცა ისტორიულად განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა იმერეთში, გურიაში, რაჭასა და სამეგრელოში.

ლომიძეთა გვარის უძველესი დოკუმენტური ცნობა 1569 წლით თარიღდება, როდესაც საბუთში მოხსენიებულია „ლომისძე რაიბან“. 1578 წლის ქუთაისის საყდრის ბეგრის ნუსხებში უკვე მრავალი ლომიძე ფიქსირდება კორთხაში, ფერსათსა და შუბანში, რაც გვარის ფართო გავრცელებასა და იმერეთის ეკონომიკურ ცხოვრებაში მის მნიშვნელოვან ადგილს ადასტურებს. მეჩვიდმეტე საუკუნეში ცნობილია ლომიძე ესტატე, რომელიც სამეფო საბუთის მოწმედ იხსენიება, ხოლო ლომიძე ხახუტას იმერთა მეფე ალექსანდრემ სპეციალური საიმედო წიგნი უბოძა.

ლომიძეთა ისტორიის გამორჩეული ეპიზოდია 1851 წელი, როდესაც დავით გარეჯის მონასტერზე ლეკთა თავდასხმის დროს მოწამეობრივად აღესრულნენ სერაპიონ, ბესარიონ და სვიმონ ლომიძეები, რომლებიც ქართულმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ლომიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ, საეკლესიო და ეროვნულ ცხოვრებაში. დღეს ლომიძე ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული გვარია და განსაკუთრებით ფართოდ არიან განსახლებული იმერეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში.

ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 13 500 ლომიძე ცხოვრობს.

ივანიშვილი

ივანიშვილი და ივანაშვილი ქართული პატრონიმიული გვარებია, რომლებიც მომდინარეობს ბიბლიური სახელიდან ივანე („ღვთის წყალობა“). ეს სახელწოდება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად დამკვიდრდა და მისგან მრავალი მონათესავე გვარი წარმოიშვა.

გვარის უძველესი დოკუმენტური ცნობა 1536-1537 წლებით თარიღდება, როდესაც სოფელ კრეფაში მცხოვრები ივანაშვილი იხსენიება. მეჩვიდმეტე საუკუნის საბუთებში უკვე არაერთი წარმომადგენელი გვხვდება: გოგიტა ივანაშვილი (1626, 1646), მგელიტა ივანაშვილი (1646-1650), ბერა ივანაშვილი, სვიმონ ივანაშვილი, ხოლო 1700 წლის საბუთებში მოხსენიებულნი არიან მღთისია და ივანე ივანაშვილები. ეს ცნობები ადასტურებს, რომ გვარის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ სამეურნეო, სამართლებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისტორიულად ივანიშვილები და ივანაშვილები განსაკუთრებით გავრცელებულნი იყვნენ ქართლში, ქსნის ხეობაში, მცხეთა-მუხრანის მხარეში, შიდა და ქვემო ქართლში, აგრეთვე, იმერეთში. დღეს ეს გვარი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება და ერთ-ერთი კლასიკური ქართული პატრონიმიული გვარის მაგალითს წარმოადგენს.

დღეს საქართველოში 983 ივანიშვილი ცხოვრობს.

ლარაძე

ლარაძე ძველი ქართული აზნაურული გვარია, რომელიც ისტორიულად ციციშვილთა, აზნაურიშვილთა, წრეს მიეკუთვნებოდა. ისტორიული ცნობებით, ლარაძეები უკვე მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს ჩანან სახელმწიფო სამსახურში. 1590 წელს მეფე სიმონ პირველის ბრძანებით, გიშფარ ჯავახიშვილი და ყარაიგი ლარაძე მეკობრეთა მაძიებლებად დაინიშნენ, ხოლო მათი სამოქმედო არეალი დიღმის ზემოდან მტკვრის გაღმა ტერიტორიებს მოიცავდა.

მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ლარაძეები საციციანოს გავლენიან აზნაურულ საგვარეულოდ გვევლინებიან. ისინი ფლობდნენ ყმებს ხვედურეთში, ლუოვისხევში, ბისში, თხილნარში და სხვა სოფლებში. 1721 წლის აღწერით, პაატა ლარაძე მებატონედ იხსენიება და ყმები ჰყავდა ყარაბულაღში. გვარისგან შემდგომ წარმოიშვა რამდენიმე შტო და მონათესავე გვარი, მათ შორის პაატაშვილი, ზურაბიშვილი და ბიძინაშვილი. ლარაძეთა გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია პეტრე ლარაძე (1770-1837), პოეტი, კალიგრაფი, „დილარიანის“ ავტორი და ალექსანდრე ბატონიშვილის აღმზრდელი. ასევე ცნობილია გიორგი ლარაძე, თბილისის ხარების ეკლესიის დეკანოზი და მეფე თეიმურაზ მეორის დაახლოებული პირი.

ლარაძეები მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებული და დაწინაურებული აზნაურული საგვარეულო იყვნენ. დღეს გვარი ძირითადად იმერეთშია გავრცელებული და ქართული ისტორიული აზნაურობის ერთ-ერთ წარმომადგენელ გვარს მიეკუთვნება.

ამჟამად საქართველოში, სამწუხაროდ, მხოლოდ 46 ლარაძე ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი