საზოგადოება

როგორ წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 16:01

გვარები
დაკოპირებულია

იმედაშვილი

იმედაშვილი ქართული გვარია, რომელიც მომდინარეობს საკუთარი სახელიდან „იმედა“ და ნიშნავს „იმედას შთამომავალს“. იმავე ფუძიდანაა წარმოშობილი გვარები იმედიშვილი, იმედიძე და იმედაძე.

მეცხრამეტე საუკუნის საბუთებში იმედაშვილები უკვე ფიქსირდებიან, როგორც სოფლის საზოგადოების აქტიური წევრები. 1826 წელს ივანე იმედაშვილი ომალოში ეკლესიურ ცხოვრებაში მონაწილეობს, ხოლო 1860 წელს სოსია იმედაშვილი თავად ორბელიანის ყმად არის მოხსენიებული, რაც გვარის გლეხურ სოციალურ სტატუსზე მიუთითებს.

ისტორიულად იმედაშვილები უმეტესად გავრცელებული არიან კახეთში – პანკისის ხეობაში, ახმეტასა და გურჯაანში, თუმცა დღეს ისინი მთელ საქართველოში გვხვდებიან, მათ შორის თბილისში. სულ საქართველოში ცხოვრობს 1 177 იმედაშვილი.

ინაკავაძე

ინაკავაძე დასავლეთ საქართველოს ძირძველი გვარია, რომლის ფუძე, სავარაუდოდ, დაკავშირებულია პიროვნულ სახელთან – „ინა/ინაკი“, ხოლო სუფიქსი -აძე ნიშნავს „შთამომავალს“.

ისტორიულად გვარი უმეტესად გავრცელებულია იმერეთში — ვანში, ტყაჩირში და ქუთაისის მიდამოებში, სადაც ინაკავაძეები აზნაურულ ფენას მიეკუთვნებოდნენ და სხვადასხვა იურისდიქციაში მსახურობდნენ, იყვნენ როგორც სათავადო, ისე სამეფო აზნაურები.

მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში მათი აზნაურობა დადასტურებულია როგორც ადგილობრივ გენეალოგიურ ნუსხებში, ისე რუსეთის იმპერიის სენატის ჰერალდიკის დეპარტამენტის მასალებში, რაც გვარის ოფიციალურ სოციალურ სტატუსს ამტკიცებს.

ინაკავაძეები არიან იმერეთში ჩამოყალიბებული, აზნაურული სტატუსით ცნობილი და ისტორიულად დადასტურებული ქართული საგვარეულო, რომელიც დასავლეთ საქართველოს სოციალური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად საქართველოში 110 ინაკავაძე ცხოვრობს.

კაკუტაძე

კაკუტაძე პატრონიმული ქართული გვარია, რომელიც მომდინარეობს პიროვნული სახელიდან – კაკუტა. ამ სახელის არსებობა ისტორიულად დასტურდება მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც დმანისის მიდამოებში მამულის მფლობელი კაკუტა იხსენიება. სწორედ ამ ფუძიდან ჩამოყალიბდა გვარი „კაკუტაძე“ – „კაკუტას ძე“.

გვარის ფორმირება მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში დასრულდა, ქართული გვართწარმოქმნის საერთო პროცესის ფარგლებში. სუფიქსი -აძე მის დასავლურ და შიდა ქართულ გავრცელებაზე მიუთითებს, ხოლო გვარის ძირითადი ბუდე ისტორიულად იმერეთის მხარეს, განსაკუთრებით ხარაგაულისა და ზესტაფონის არეალში უნდა ვეძებოთ.

წყაროებში კაკუტაძეები თავდაპირველად უფრო თავისუფალი გლეხობისა და ადგილობრივი მსახური ფენის წარმომადგენლებად ჩანან. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებისათვის გვარის წარმომადგენლები უკვე სახელმწიფო-სამართლებრივ ცხოვრებაშიც მონაწილეობდნენ, რასაც 1919 წლის დოკუმენტებში მოხსენიებული კალისტრატე კაკუტაძე ადასტურებს.

კაკუტაძე ერთ ფუძეს იზიარებს გვარებთან კაკუტია და კაკუტაია, რაც საერთო ანთროპონიმური წარმოშობისა და შემდგომი რეგიონული განშტოების შედეგია. დღეს საქართველოში 27 კაკტუაძე ცხოვრობს

ლაკია

ლაკია სამეგრელოს ძირძველი გვარია, რომლის ისტორიული ბუდე სენაკის მხარე – უშაფათი, ბეთლემი და გეჯეთია. გვარის წარმოშობას მკვლევრები უკავშირებენ როგორც ეთნონიმ „ლეკს“, ისე მეტსახელურ და ტოპონიმიკურ საფუძვლებს.

ლაკიების გვარის უძველესი დოკუმენტური ცნობა 1733 წლით თარიღდება. ბიჭვინთის საბუთებში, გრიგოლ კათალიკოსის გუჯარში, მოხსენიებულნი არიან ხუტა ლაკია და მისი ძმა კოჩა ლაკია, რაც გვარის არსებობას მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ადასტურებს. მეცხრამეტე საუკუნეში ლაკიები კვლავ ფიქსირდებიან სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში, ხოლო 1837 წლის აღწერაში გვარის წარმომადგენლები ოჩამჩირის მხარეშიც ჩანან.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ლაკიების გვარში გამოირჩევა სასულიერო და აზნაურული შტოები. ცნობილია მედავითნეები მელიტონ, ნესტორ და ილარიონ ლაკიები, ხოლო მეტრიკული წიგნები ადასტურებს აზნაურ სვიმონ ეფრემის ძე ლაკიას, რომელიც 1871 წელს აზნაურ დავით ჩიქოვანის ასულზე დაქორწინდა. დოკუმენტებში ასევე იხსენიებიან აზნაურები დავით, გიორგი და ბესარიონ ლაკიები.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ლაკიების გვარის, დაახლოებით, 284 ადამიანია. ძირითადი ბირთვი, დღესაც სამეგრელოშია შემორჩენილი, ხოლო გვარის წარმომადგენლები ფოთსა და თბილისშიც ცხოვრობენ.

მოსეშვილი

მოსეშვილების გვარი პატრონიმიკური წარმოშობისაა და მომდინარეობს ბიბლიური სახელიდან – „მოსე“, რაც ნიშნავს „მოსეს შთამომავალს“.

გვარი უკვე მეთხუთმეტე საუკუნიდან ფიქსირდება ქართულ საბუთებში. ადრეულ ეტაპზე მოსეშვილები ჩნდებიან საეკლესიო და სამართლებრივ სივრცეში, როგორც მოწმეები და მონასტერთან დაკავშირებული პირები, რაც მათ საზოგადოებრივ ავტორიტეტზე მიუთითებს.

მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ისინი აქტიურად მონაწილეობენ სამეურნეო ცხოვრებაში: ფლობენ მიწებს, ყიდულობენ ვენახებს და ჩართულნი არიან მამულებრივ ურთიერთობებში. ამავე დროს გვარში ძლიერდება სასულიერო ხაზი – არიან მოძღვრები, მღვდლები და ეკლესიის მსახურები.

მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში მოსეშვილები უკვე რამდენიმე რეგიონში არიან გავრცელებულნი და ჩამოყალიბებული, როგორც ეკლესიური და წიგნიერი საგვარეულო.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გვარი ახალ ეტაპზე გადადის – მისი წარმომადგენლები ჩნდებიან სამრეწველო, სავაჭრო, ადმინისტრაციულ და სამხედრო სფეროებში. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს 1 169 მოსეშვილი.

მალაშხია/მოლაშხია

მალაშხია (მოლაშხია) კოლხური წარმოშობის ქართული გვარია, რომელიც ეთნონიმურად უკავშირდება ლაშხურ (ლასხურ) ჯგუფს. გვარის ისტორიული ბუდეა წალენჯიხის მხარე, განსაკუთრებით, სოფელი ნაკიფუა, ხოლო სახელწოდება „ლაშხელ“ ან „ლაშხეთიდან მოსულ“ ადამიანს აღნიშნავს.

საგვარეულო გადმოცემით, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში მალაშხიები წალენჯიხის მხარეში ცხოვრობდნენ და დადიანთა ფეოდალურ გარემოსთან იყვნენ დაკავშირებული. გვარის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1872 წლის მოვლენას, როდესაც ლეწურწუმის საზღვართან კაზაკთა ტყვიებს ემსხვერპლნენ ბუჯგუ, ბახვა და ტოტოია მალაშხიები.

მალაშხიათა გვარში ძლიერი სასულიერო ტრადიცია არსებობდა. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილია დავით, ვასილ და ანტონ მოლაშხიები, რომლებიც მედავითნეებად, დიაკვნებად და მღვდლებად მსახურობდნენ სამეგრელოს ეკლესიებში. მეოცე საუკუნეში გვარის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროშიც. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 850 მალაშხია/მოლაშხია ცხოვრობს.

ავტორები - გვარების მკვლევრები ლევან ბერაია და

ვალერიან ხიმშიაშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი