საზოგადოება

როგორ შეძლო ივა პაპიძემ საქართველოს გლობალური მოდის კვირეულის დაფუძნება სირთულეების მიუხედავად

№24

ავტორი: ანკა რობაქიძე 17:33

ივა პაპიძე
დაკოპირებულია

დიზაინერმა ივა პაპიძემ საქართველოში გლობალური მოდის კვირეული წარმატებით ჩაატარა და თავის შემოქმედებით წარმატებებებზე გვიამბობს...

ივა პაპიძე: ბავშვობიდან მოდის სამყაროს წიაღში ვიზრდები, ჩემს მშობლებს ჰქონდათ და დღემდე აქვთ საწარმო, ეს მათი ოჯახური ბიზნესია. პირველად პროდუქტის შესაქმნელად საწარმო დანადგართან 7-8 წლის ასაკში დამსვეს. მახსოვს, პირველივე კონტაქტისას როგორ შედგა ჩემი და მანქანის ტანდემი. ჩემი მშობლები გაოცებული იყვნენ, რადგან რვა წლის ბავშვი, რომელიც საწარმო დანადგარს პირველად ხედავს და უკვე ასე თამამად მუშაობს, მათთვის გაოცების საბაბს ნამდვილად წარმოადგენდა. ასე დაიწყო პირველი კონტაქტი უშუალოდ საწარმო დანადგართან, თორემ მანამდე 4-5 წლიდან მახსოვს და ჩემებიც მეუბნებიან, მოთხოვნილება მქონდა, რაღაც ესკიზები გამეკეთებინა. ვჭრიდი ქსოვილებს, ფარდებს, რასაც კი სახლში ვიპოვიდი, ვხატავდი და ძალიან დიდ რვეულში ვაკრავდი – ჩემ მიერ დახატულ მოდელებს ვაცმევდი. არსად მისწავლია, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი ვიცი, თავად ვისწავლე, თვითნასწავლი ვარ. ამ ეტაპზეც კი ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობ. რადგან არსად მისწავლია, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, თავად შემექმნა დიზაინ-კონსტრუქტირებისა და ჭრა-კერვის სასწავლო ცენტრი, ის ყველაფერი, რაც თავად მჭირდებოდა, რაც მაკლდა, სხვებისთვის მესწავლებინა. ვიყავი სხვადასხვა სასწავლებელში, მაგრამ ვერსად ვნახე ის, რაც მჭირდებოდა. ამიტომ ჩვენს სასწავლო ცენტრში ყველაფერი თავად დავნერგე და დაახლოებით, 7 წელია, საკმაოდ წარმატებულად ვოპერირებთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოში ეს არის ერთადერთი სასწავლო ცენტრი, რომელიც ასწავლის ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სამოსის კონსტრუირებას. სხვა სასწავლო ცენტრები მხოლოდ ქალის სამოსის მიმართულებას ასწავლიან და ნაკლებად ეხებიან მამაკაცისა და ბავშვის სამოსს.

– მსოფლიოში პირველმა თქვენ შექმენით მამაკაცის კორსეტი, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია..

– დიახ, ეს საკმაოდ რთული ნაბიჯი იყო... მანამდე ძალიან ბევრი ვიფიქრე, რადგან საზოგადოების მხრიდან შეიძლებოდა, ჩემ მიმართ ძალიან დიდი აგრესია წამოსულიყო. მართლაც, აზრები ორად გაიყო. ნაწილმა ეს ვერ მიიღო და ჩემ გარშემო დიდი ამბები დატრიალდა. თუმცა, საბედნიეროდ, უფრო დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი შოუსთვის, ჩვენებებისთვის შეიქმნა, როგორც მაღალი მოდა. ეს არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური სამოსი. იმისთვის არ იქმნება, რომ ქუჩაში, სამსახურში, ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში გამოიყენებოდეს. როცა ახალი კოლექცია იქმნებოდა და შვედეთში, სტოკჰოლმში უნდა წარმედგინა, კოლექციიდან რაღაც დეტალებს სოციალურ ქსელში ვიდეოს სახით ვათავსებდი. ძალიან ცუდი კომენტარები იყო როგორც ქალებისგან, ასევე მამაკაცებისგან: ეს რა არის, რა სისაძაგლეა, რატომ ამაიმუნებთ ბიჭებსო და ასე შემდეგ... შვედეთში შოუში შვიდი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, სადაც გამარჯვებული ქვეყანა საქართველო გახდა, გამარჯვებული დიზაინერი კი – მე. დაჯილდოების ცერემონიაზე რომ გამოაცხადეს, გამარჯვებულია დიზაინერი ივა პაპიძე საქართველოდანო, ეს ჩემთვის უდიდესი ემოცია იყო. როცა საქართველოში დავბრუნდით და დაჯილდოების ვიდეო დაიდო, ზუსტად იგივე ხალხი გამოხატავდა ძალიან დიდ აღფრთოვანებას, ვინც აგრეესიით გამოირჩეოდა. ვაიმე, შვილო, ყოჩაღ შენ, ასეთი ქართველები სჭირდება ქვეყანასო და ასე შემდეგ... რადგან სხვაგან გამარჯვებულად დაგვასახელეს, მათი აზრებიც შეიცვალა. სანამ სხვა არ გვაღიარებს, სხვა ქვეყანაში წარმატებას არ მივაღწევთ, სამწუხაროდ, მანამდე საქართველოში ჩვენს მიღწევებს არ ვაღიარებთ.

– საქართველოს გლობალური მოდის კვირეულმა დიდი წარმატებით ჩაიარა, ითქვა, რომ ისტორია დაიწერა...

– არ დაგიმალავთ და საქართველოს გლობალური მოდის კვირეულის იდეა ადრეულ ბავშვობაში გაჩნდა. როცა გავაცნობიერე, ვინ ვიყავი, რა მსურდა და საით მივდიოდი, რა მომწონდა, რა პროფესიის მინდოდა ვყოფილიყავი. პირდაპირ გეტყვით, რომ ორი მაისის ჩვენება უკვე ვიცოდი, უკვე ნანახი მქონდა. ეს ყველაფერი უკვე ჩემს გონებაში ბავშვობიდან იყო. ნანახი მქონდა, როგორ გამოვდიოდი ამ საზოგადოების წინაშე, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი სცენა, ეს განათებები, ატმოსფერო... ეს ყველაფერი ბავშვობაში მქონდა ნანახი და უბრალოდ, ამის ვიზუალიზაცია 30 წლის ასაკში მოვახერხე. დავაფუძნე ჩემი მოდის კვირეული, რომელიც ასეთი მასშტაბისა და გრანდიოზულია. ძალიან დიდი გამოხმაურება და უკუკავშირი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. მოკლედ იდეა ადრეული ბავშვობიდან გაჩნდა, თუმცა ამის შესახებ ზრუნვა შარშან დავიწყე და შემდეგ ქმედებაზე გადავედი. ერთ-ერთ ადამიანს დავუკავშირდი, რომელიც შემდეგ ჩემი პარტნიორი გახდა. ერთად დავიწყეთ ამაზე მუშაობა და მივიღეთ იმ სახის, რა სახითაც უკვე მაყურებლის წინაშე წარვდექით.

– რა იყო ყველაზე დიდი სირთულეები?

– სირთულეების რა გითხრათ, ეს ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი იყო. ფსიქოლოგიურად, მენტალურად, ფიზიკურად... ნერვიულობის ფონზე შოუმდე ათი დღით ადრე საავადმყოფოში მოვხვდი, აღარც მიშვებდნენ და საავადმყოფოში განვაცხადე, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ორ მაისს ჩემს შოუზე საკაცით მიმიყვანოთ, მე მზად ვარ-მეთქი... წელის პრობლემა მაქვს და ნერვიულობამ ძალიან ძლიერი ტკივილი განაპირობა, ნერვმა დამარტყა და საერთოდ მომწყვიტა. როცა უცებ ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, კიდევ კარგი, თან მეგობარი მახლდა. სასწრაფოს ექიმები ნემსებით, ანტიბიოტიკებით ცდილობდნენ ტკივილების ჩაქრობას, მაგრამ არაფერი მშველოდა, ვერავინ მეკარებოდა. ხალხი შეძრული მიყურებდა. საავადმყოფოში მითხრეს, სასწრაფოდ საოპერაციო ხარო, მაგრამ მათ ვუთხარი, რომ წინ ძალიან დიდი შოუ მქონდა, რისთვისაც ძალიან დიდხანს ვემზადებოდი. ფსიქოლოგიურად ურთულესი იყო ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, გამანადგურებელი. თუმცა, ეს პროექტი, ეს ყოველივე ძალიან დიდ ძალას მაძლევდა.

ურთულესია, როდესაც რაღაცას პირველად აკეთებ, თან, მოდის კვირეულს, მით უმეტეს, როცა ძალიან დიდ წინააღმდეგობას წააწყდები, ხელს გიშლიან, გბლოკავენ. როცა უცხოელ პარტნიორებთან რეკავდნენ და ჩემზე ეუბნებოდნენ, საქართველოში ახალ მოდის კვირეულს აკეთებს და ჩვენ ახალი არ გვაწყობს, რადგან შემდეგ ჩვენ ფინანსები მოგვაკლდებაო. საუბარია ჩვენს კონკურენტ პროექტზე, საიდანაც ყველასთან რეკავდნენ და გვლანძღავდნენ, ეუბნებოდნენ, ამ ადამიანებს არ უნდა ენდოთ, პროექტი ვერ შედგება, რაც დადეს, ისიც აბსურდიაო. წარმოიდგინეთ, სამზადისი ვიდეო იდო ერთი თვით ადრე და იმაზეც კი ამბობდნენ, ამას არ გააკეთებენ, ეს არ იქნება, ხალხო, მოგატყუებენო. ურთულესი დღეები ხომ გადავიტანე, მაგრამ ღირდა ამ ყველაფრად, გამარჯვებად, იმ ემოციად ღირდა, რომელიც მე შოუს მსვლელობის დროს მივიღე. იმ ბედნიერი თვალების დანახვისთვის, რომელიც დიზაინერებს, ასევე მოდელებს ჰქონდათ. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, ასეთი მეგობრული გარემო, ასეთი მასშტაბის შოუ ჯერ არ გვქონიაო... პარიზში, მონაკოში, სად არ ვყოფილვართ, მაგრამ ასეთი ტექნიკური დონე, ასეთი ხარისხი არ გვინახავსო.

სხვათა შორის, უცხოეთიდან გვწერდნენ, რა ხდება თქვენთან მოდის სფეროში, რატომ არის ასეთი დაძაბულობაო. მე მიწევდა ახსნა, რომ მე არავის კონკურენტი არ ვარ, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ-მეთქი. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი დაგვაკლეს, პირიქით გაგვაძლიერეს. მე პირადად შემიძლია მათ მადლობაც კი გადავუხადო. თუმცა, მათი მხრიდან დღემდე გრძელდება ბრძოლა. დღემდე იმას აჟღერებენ, რომ ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ ეს პროექტი ჩაძირონ. კი ბატონო, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, სრული სიმშვიდით ველოდებით, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ფოკუსირებული ვარ ჩემს საქმეზე, განვითარებაზე... პირველმა პროექტმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. უკვე ნოემბერში მეორე სეზონი გვექნება, კიდევ უფრო გრანდიოზული, კიდევ უფრო მასშტაბური, უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული და ეს იქნება უდიდესი აფეთქება საქართელოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის! უკვე ძალიან ბევრი გვიკავშირდება და გვთხოვს, იქნებ თქვენთან მივიღოთ მონაწილეობაო. უცხოელები არიან დაინტერესებული როგორც დიზაინერები, ასევე პროდიუსერები, მოდის კვირეულის პრეზიდენტები.

აუცილებლად კიდევ გავაგრძელებ კიდევ უფრო დიდი შემართებით, კიდევ უფრო დიდი ძალით! კიდევ უფრო კარგი შოუ გამოვა, ამას შინაგანად ვგრძნობ, რაც მე მაძლევს დიდ ძალას, ვიცი, რომ შევქმენი პროექტი, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. ამიტომაც არასოდეს გავჩერდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი