საზოგადოება

როგორ ამტკიცებდნენ ციალა გურგენიძეს როლებზე სინჯის გარეშე და რატომ მისცეს მას ძაღლზე ნაკლები ჰონორარი

№24

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

ციალა გურგენიძე
დაკოპირებულია

„ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანები ჩემს ცხოვრებას ცვლიდნენ. საერთოდ, ცხოვრება დეტალებითაა სავსე. ჩემს ცხოვრებაში ასეთი დეტალი ბევრია. ახლა რომ ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ხელს ბევრი რამ მიშლიდა. ყველაფრის მიუხედავად, ჩემს ცხოვრებას რომ გადავავლებ თვალს, სირცხვილისგან არ ვიწვი, რადგან ცუდი არასოდეს მიკადრებია…“ ამ ქალბატონმა მის მიერ განსახიერებული სახასიათო როლებით თავის კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. თავისებურად საინტერესო და ხალისიანი ციალა გურგენიძე, ცხოვრებაშიც მხოლოდ კარგ განწყობას ქმნიდა. ქუთაისელები ხომ გამორჩეულად პოზიტიური და საოცარი იუმორის მქონე ხალხია. დასანანია, რომ იგი უკვე რამდენიმე წელია, რაც აღარაა. დღეს ჩვენი რუბრიკისთვის სწორედ ის შევარჩიეთ.

ქურქზე მეოცნებე

„თეატრში მსახიობებს აკვირდებიან, თუ ვის რა აცვია და არა – ვინ როგორი მსახიობია. თუ კარგად არ გაცვია, არც პიროვნებად მიგიჩნევენ და არც – მსახიობად. გაინტერესებთ, კურდღლები რატომ მოვაშენე? კარგი სამოსი მენატრებოდა და ვიფიქრე: ავდგები, კურდღლებს გავზრდი, მათი ბეწვისგან „შუბას” შევიკერავ-მეთქი. ორი კურდღელი ვიყიდე. თურმე, „ბაბოჩკის“ ჯიშის ყოფილან. ქართული კურდღლები ორზე მეტ ბაჭიას არ აჩენენ – ყველაფერში უდღეურები არიან! ჩემმა კურდღელმა 15 შვილი გააჩინა. 2-3 თვეში უკვე 50 კურდღელი მყავდა. რაც მე ბაზარში დავეთრეოდი და შინ კომბოსტოები მომქონდა, რომ კურდღლებს არ ეშიმშილათ... ხორცს არ ვჭამ. რა უნდა მექნა? მეგობრების დაბადების დღეები ჩამოვწერე და თითო კურდღელი იუბილართან მიმყავდა. ვეუბნებოდი: ხორცი – თქვენ, ტყავი – მე-მეთქი! კურდღლებს დისშვილი მიტყავებდა. ვაფრთხილებდი – ბეწვი არ გაჰყვეს-მეთქი! ჩემი და „დიაბეტიკი“ იყო და შვილი მე გავუზარდე... მოკლედ, ქურქი მაინც ვერ შევიკერე. ტყავს დამუშავება უნდოდა, მე კი საამისო ფული სად მქონდა?! შემდეგ შვილმა გერმანიიდან ბევრი ტანსაცმელი გამომიგზავნა და დღეს აღარც ვიცი, რომელი „შუბა“ ჩავიცვა, მაგრამ ახლა ოქრო რომ გადამაყლაპო, ისიც არ შემერგება: როცა ახალგაზრდა ხარ, გულს მაშინ უხარია... სხვათა შორის, გერმანიაში ცხოველის ბეწვისგან დამზადებული ქურქი რომ ჩაიცვა, „მკვლელს“ გიწოდებენ!..

ახლა მამლები, მამლები კი არა, „არწივები“ იყვნენ! ფილმ „თბილისი ჩემი სახლიას“ გადაღებაზე ფასანაურისკენ რომ ვიყავი, მაშინ ვიყიდე. მათ შორის, ერთი ძალიან პატარა, სამოვარის თავსახურისოდენა იყო! ჰოდა, ვიფიქრე, - დედალია-მეთქი... დილით მამლები რომ აყივლდებოდნენ ხოლმე, მთელი კორპუსი ფეხზე იდგა! პატარა ქათამს კურტუმს ყოველდღე ვუსინჯავდი – კვერცხის დადებას ხომ არ აპირებს-მეთქი? თურმე, ისიც მამალი არ ყოფილა? შობის დღესასწაულზე მომაყივლა. მოკლედ, ცხრავე „ბიჭი“ აღმოჩნდა!.. „

როლები

ქეთო უპატიოსნესი ქალი იყო, მაგრამ თეატრში, სპექტაკლებში მსუბუქი ყოფაქცევის ქალების როლებს ხშირად ვთამაშობდი. ერთხელ ჭიათურაში გასტროლებზე წავედით. რომელი სპექტაკლი იყო, არ მახსოვს – თითქმის ყველაში ბოზს მე ვთამაშობდი. ჰოდა, სპექტაკლის მეორე დღეს ხალხი გარეთ არ მიშვებდა – რაღაცები მომაძახეს, გადმომილაპარაკეს... ერთ-ერთი მსახიობის ცოლს – პიანისტ ჟანა პიპინაშვილს (იქაური გოგო იყო) ვუთხარი: გარეთ ვერ გავდივარ, მომაშორე ეს ხალხი. არ ვიცი, რა გავაკეთო-მეთქი. თურმე, იქაურები ჩვენს ბიჭებს იცი, რას ეუბნებოდნენ? წამოიყვანე ჩვენთან, რესტორანში, მა ბოზი და ვიქეიფოთო! ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები პასუხობდნენ: არაა, ბიჭო, ბოზი, პატიოსანიაო! პატიოსანი თუა, ასე რაფერ თამაშობს ბოზებსო?! არ უჯერებდნენ... ჩემთვის ყველა როლი კომფორტულია. არ მახსოვს, როლი „ჩამვარდნოდეს“. თეატრში 8 წელი ბიჭის როლებს ვთამშობდი. დიდი მკერდი მქონდა და ვიკრავდი, რომ არ დამტყობოდა. სკოლებში მივდიოდი, ბავშვებს ვაკვირდებოდი – ვიღაც ცხვირს როგორ იფხანდა, ვიღაც როგორ „იქექებოდა”, ჭორფლი სად ჰქონდა... ყველას უკვირდა, ქალი ბიჭის როლს როგორ ვთამაშობდი. გარეთ მდარაჯობდნენ – უნდოდათ შეემოწმებინათ, მართლა გოგო ვიყავი თუ არა?! გაოცებულები სვამდნენ კითხვას: კი, მაგრამ ამხელა გოგო მკერდს და სიმაღლეს როგორ იპატარავებსო?! როგორ და – სცენაზე გაჭიმული არასოდეს ვდგებოდი...

მარო თუ ქეთო

გიორგი შენგელაიას ფილმშიც „სიყვარული ყველას უნდა“ სინჯების გარეშე მოვხვდი. ეს პერიოდიც მინდა გავიხსენო. ავად ვიყავი, ჰაიმორიტი მქონდა და ძალიან შეფუთული მივედი. მომცა ტექსტი, წავიკითხე. ცხოვრებაშიც ქეთოსნაირი ვარ. გახსოვთ ერთ-ერთ ეპიზოდში, ბაბულა, ლაურა რეხვიაშვილი რომ ეუბნება მკერავს – „ამაი, გოოო, ასეთი გრძელსახელოებიანი და ყელამდე დახურული კაბა უნდა შაუკერო...“ ცხოვრებაშიც არ მიყვარს გულამოღებული კაბები. გიორგიმ რომ დამინახა ასე შეფუთული, ეს ნამდვილი მაროაო, – თქვა. მომცა მაროს როლი და მეც მოვემზადე. მერე თეატრიდან გასტროლებზე წავედი. იქ ჩამომივიდა დეპეშა: „სასწრაფოდ ჩამოდი კახეთში. გადაღებები გვაქვს“. უკვე თავის ტკივილებმაც გამიარა. გავიკეთე გრძელი საყურეები, შევდექი ქუსლებზე, ჩავიცვი შარვალი და კაი ახალგაზრდა გოგო ჩავედი. გიორგიმ რომ დამინახა თქვა: „არა, მარო არ იქნები, ქეთო იქნებიო. ამაზე ავვარდი. როგორ თუ როლი შემიცვალე-მეთქი. ბავშვით ვიყავი ჩასული. მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ვხედავ, ისეთი წვიმა მოდის მთელი კახეთი ინგრევა. ქალო, ხვალამდე მაინც მოიცადე, ხვალ გადაიღებს და მერე წადი. ბავშვით სად მიდიხარ? არ გრცხევნია? რა გინდა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ითამაშაოო, – გაბრაზდა გიორგი. მართლაც, თუ მეკუთვნოდა ოთხი მანეთი, მომცა ხუთი. თუ ერთ ეპიზოდში ვიყავი გამოსაჩენი, ყველგან მაჩენდა. მსახიობებს ავტობუსი გველოდებოდა. გიორგის „ვოლგა“ ემსახურებოდა. „ვოლგაში“ მე და ჩემს შვილს ჩაგვსვამდა და თვითონ ავტობუსით მიდიოდა.

კუჩხი ბედინერი

ჩემს სპექტაკლებს მუდმივად ესწრებოდნენ ოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილის შვილები. ერთხელ, წარმოდგენაზე ბავშვებთან ერთად ირაკლიც მოვიდა. იმდენად მოვეწონე, მივიდა გურამ პატარაიასთან და ამ ფილმში როლზე ჩემი თავი შესთავაზა. კინოსტუდიაში რეპეტიცეიბიდნ წავედი. მომცეს ტექსტი, იქვე წავიკითხე. გურამსაც ძალიან მოვეწონე. ამას სინჯი არ უნდაო, თქვა და დამტოვა ცუცას როლზე. არც არასოდეს გაუკეთებიათ სინჯი კინოში ჩემზე. გული მწყდება რომ „კუჩხი ბედინერიდან“ ძალიან კარგი კადრები ამოიჭრა. თავისუფლად შეიძლებოდა, ფილმი სრულმეტრაჟიანი ყოფილიყო, მაგრამ რუსეთმა მეტის საშუალება არ მოგვცა. ხომ იცით, მაშინ როგორ იყო ჩვენი კინო დამოკიდებული რუსეთზე. მეგრული არ ვიცოდი და მთელი დღეები დავდიოდი წინ და უკან და ფრაზებს ვიზეპირებდი. იმდენად კარგად შევისწავლე, ძილში რომ ეკითხათ რამე, ვუპასუხებდი. სხვათა შორის, მერე ძალიან ბევრს ვეგონე მეგრელი. თვითონ მეგრელები ამბობდნენ – მეგრელი ქალი ჩამოიყვანესო. ჩემს ქმარს გოვენ ჭეიშვილი თამაშობდა. რეჟისორი ეუბნებოდა გოვენს, რა კარგი ვქენი შენი ცოლის როლზე ციალა რომ ავიყვანეო. აწი, არაფერს გადავიღებ მის გარეშეო, მაგრამ სამწუაროდ, არ დასცალდა. ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან. მეც მთელი გეგმები და ოცნებები წყალში ჩამეყარა. ძალიან ცუდია ხომ, როცა რეჟისორს ასე უყვარხარ და ერთ მშვენიერ დღეს, გვერდით აღარ გეყოლება, რომ დაგეხმაროს... მეკვლეს როლს ფილმში ჯუნა მიქატაზე თამაშობს, იცით. ჯუნაც არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო. ფილმში ჩემს ერთ-ერთ ქალიშვილს ბაია დვალიშვილი თამაშობს, მეორეს – ყიფიანი და მესამე ნამდვილად აღარ მახსოვს. მართლაც არაჩვეულებვრივი „შვილები“ იყვნენ, სულ თვალებში მიყურებდნენ. გოვენიც გადასარევი პარტნიორი იყო. ერთი თეატრიდან ვიყავით. ორივე ქუთაისელები ვართ. ერთად ვსწავლობდით სკოლაში და მერე თეატრშიც ერთად მოვხდვით. კინოშიც ბედმა ერთმანეთს შეგვახვედრა. მისნაირი უპრეტენზიო კაცი, ალბათ, არც არსებობს. ძალიან კარგად ცეკვავდა, ძალიან კარგად მღეროდა, დიდი გარდასხავის უნარი ჰქონდა და, არ მახსოვს, ოდესმე ვინმეზე ერთი გადატრიალებული სიტყვა ეთქვას. ძალიან ადრე დატოვა სცენა. ამ ფილმმა ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა. გასულ წელს თეატრიდან გასტროლებზე წავედით. მანქანით მივდიოდით. გზაზე გვაჩერებდნენ, მაგრამ რომ გაიგეს ვინ ვიყავი, საგზაო პოლიცია პუნქტიდან პუნქტში რეკავდა: „კუჩხი ბედინერის“ ხალხი მოდის და არ გააჩეროთ, გაატარეთო. რომ ჩავივლიდით, გზაზე ხელაწეულები გვხვდებოდნენ. როცა ეს ფილმი ახალი გამოსული იყო, მესმოდა, როგორ აქებდნენ, მაგრამ ვერ მცნობდნენ, რომ ის ქალი მე ვიყავი. ხანდახან გული მწყდებოდა, რატომ ვერ მცნობენ-მეთქი... ყველაზე მეტი თანხა ძაღლს შეხვდა. მერე, ძაღლი ვცემეთ ჩვენ, მსახიობებმა, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ფულის გამო, იმიტომ გავლახეთ, რომ მეკვლეს მაგივრად შემოვიდა. საცოდავი ატირებული გავარდა. მერე, პატრონმა რომ გაიგო, გადაღებისას ძაღლი ვცემეთ, შემოვარდა პავილიონში, ამოიღი იარაღი და კინაღამ დაგვხოცა ყველა. „ია ვას ვსეხ ზასტრელიუ შასო“. მერე გავიგეთ, რა ძაღლთან გვქონია საქმე. ეს ჩვენი ბროლია, თურმე, იმათ იჭერდა, ვისაც თვითმფრინავით ნარკოტიკები გადაჰქონდა. ძალიან ჭკვიანი და კარგი ძაღლი იყო, მაგრამ რა იცოდა იმ ძაღლმა, როგორი გადარეული ხალხი დახვდებოდა. ალბათ, გახსოვთ ის კადრი, ძაღლი ხალიჩაზე გვიზის, ცრემლებიანი გვიყურებს. მოვასწარით, გადავიღეთ ეს დუბლი და მერე აღარ მოგვეცა საშუალება კიდევ გადაგვეღო, ისეთი ამბავი ატყდა, სად დავმალულიყავით, არ ვიცოდით. რეჟისორიც გლახა დღეში ჩავარდა.

...მინდა, კიდევ ერთი ეპიზოდი გავიხსენო ამ ფილმიდან. ფილმისთვის შემწვარი გოჭი მოიტანეს. როცა გადაღებისთვის რაიმე საჭმელს ყიდულობდნენ, თუ გადაიღებდნენ და კადრი გამოვიდოდა, მერე ამ ყველაფერს ვჭამდით. გაგვიხარდა. მთელი დღის მშივრები ვყავით და იმის იმედით, გოჭსაც შევჭამდით, არც არაფერი ვჭამეთ, მაგრამ მაგ კადრის გადაღება ერთი დღე კი არა, სამი დღე გაგრძელდა. როგორც იქნა დასრულდა, გადაიღეს. ის ის იყო მოვემზადეთ, რომ ამ ჩვენს ნანატრ გოჭს, ნავთი გადაასხეს, შეეშინდათ გაფუჭებული არ ყოფილიყო და არ გვეჭამა... რაც შეეხება ჰონორარს, არ შეიძლებოდა, ამ ხმრივ უკმაყოფილო ვყოფილიყავი, თუმცა ჩემზე მეტი თანხა, როგორც ვთქვი, ძაღლს მისცეს. ძალიან კარგ კოლექტივთან მომიწია მუშაობა. მხატვარი სამსონიძე იყო. გამომაყოლეს სახლში და კოსტიუმები ჩემს გარდერობში შემირჩია. რაც მაცვია, სულ ჩემი გარდერობიდანაა მიტანილი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი