რით გამოიჩინა თავი დათიკო მაჭავარიანმა და რატომ არ დატოვა ის საქართველოში გენერალმა კვინიტაძემ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00
კაპიტანი დავით, იგივე დათიკო, მაჭავარიანი ქართლელი მაჭავარიანების წარმომადგენელი გახლდათ. ის წარმოშობით გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან იყო. დაიბადა 1892 წელს თბილისში.
დავით მაჭავარიანი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1915 წლის 3 მაისს გაზეთ „სახალხო ფურცლის“ სურათებიან დამატებაში დაიბეჭდა მისი ფოტო წარწერით: „პოდპორ. დავით მაჭავარიანი (დაჭრილია)“.
დავით მაჭავარიანი დაჯილდოებული იყო „სალდათის“ წმიდა გიორგის ჯვრით. ოფიცრებს „სალდათის“ წმიდა გიორგის ჯვარს პირადი მამაცობის ან გმირობისთვის აძლევდნენ. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს მინიჭებული ჰქონდა ცარისტული არმიის არტილერიის კაპიტნის სამხედრო წოდება.
დავით მაჭავარიანი დაქორწინდა ელენე სუხიაშვილზე. წყვილს შეეძინათ ვაჟი – ნოდარი.
1918 წლიდან დავით მაჭავარიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. იმავე წლიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის კაპიტანი. ჯერ კიდევ 1917 წელს „საქართველოს მხედართა კავშირის“ წევრად აირჩიეს.
1918-1921 წლებში დათიკო მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებდა საქართველო თავისი საზღვრებისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავდ.
1919-1921 წლებში იყო თბილისის ქართული სამხედრო, იგივე იუნკერთა სკოლის, სამწყობრო ნაწილის ნაცვალთა ათასეულის პირველი ასეულის უფროსი. 1921 წელს დავით მაჭავარიანი იუნკერთა სკოლის ნაცვალთა ასეულს მეთაურობდა ტაბახმელასთან მეთერთმეტე წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცნობები მათი თავგანწირული, გმირული ბრძოლის შესახებ შემონახულია იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობა დათიკო მაჭავარიანმა ბათუმამდე გააცილა, თვითონ გემზე ასვლას არ აპირებდა. გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ეს რომ შეიტყო, გემიდან კატერი გამოუგზავნა: „მაჭავარიანი აქ მომგვარეთ, მაგას ხომ პირველივე დღეს დახვრეტენ!“
ემიგრაციაში დათიკო მაჭავარიანი პოლონეთში ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობდა. ყველაფრის მიუხედავად, ცოლ-შვილის მოსანახულებლად ძალისხმევას არ იშურებდა და 1927 წელს, გორკის ქალიშვილის დახმარებით, ისინი მოსკოვში ნახა, თუმცა მათი წაყვანა ვერ მოახერხა.
1920-იანი წლების დასასრულს დათიკო მაჭავარიანი მსახურობდა პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში. მიენიჭა ჯერ კაპიტნის, შემდეგ მაიორის წოდება. მიღებული ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო. პოლონეთის არმიაში მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები დაცულია პოლონეთის ეროვნულ არქივში.
1932 წელს ბრმანაწლავის ოპერაციის გაკეთებიდან მესამე დღეს მაჭავარიანი გარდაიცვალა. ეს ამბავი ოჯახს წერილით აცნობა კონსტანტინე ტუღუშმა.
დავით მაჭავარიანი დასაფლავებულია ვილნიუსის ცენტრში სამხედრო სასაფლაოზე, ლიტვის თავისუფლებისთვის დაცემულთა მემორიალის მახლობლად. მისი საფლავის კვარცხლბეკზე დგას შავი გრანიტის ჯვარი პოლონური ოქროსასოებიანი წარწერით: „დათიკო მაჭავარიანი, დაბადებული თბილისში 1-V-1892; საქართველოს თავისუფლებისთვის ომის მონაწილე კაპიტანი. 23 ივნისი 1932 წ.”
გამოყენებული მასალების წყარო: მაჭავარიანი დავით. კაპიტანი დავით (დათიკო) მაჭავარიანი (1892-1932)//სამეცნიერო კონფერენცია; nplg.gov.ge/.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




