საზოგადოება

როგორ შეცვალა დაქორწინებამ ეთო ლიპარტელიანი და რით ანებივრებს ჩემპიონს ქმარი

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 12.02

ეთო ლიპარტელიანი
დაკოპირებულია

ეთო ლიპარტელიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპია. როგორც იცით, მან და თემო ნოზაძემ ცოტა ხნის წინ იქორწონეს. ეთო მოგვიყვება, როგორია ორი ძიუდოისტის ოჯახური ცხოვრება.

ეთო ლიპარტელიანი: ოჯახური ცხოვრება ძალიან კარგი აღმოჩნდა. ჩემი მეუღლე ყველანაირად ხელს მიწყობს, ასევე, სპორტული თვალსაზრისითაც და არც ერთხელ არ შემშლია ხელი ვარჯიშში, პირიქით, ყველაფერში მეხმარება. მეც ვცდილობ, მასაც ყველანაირად შევუწყო ხელი და ერთად ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვდის.

– ალბათ, ერთმანეთის ხელშეწყობით, ახლა უფრო კარგად დაიცავთ რეჟიმს.

– კი, ახლა ორმაგად ყურადღებით ვართ რეჟიმის მიმართაც. კიდევ უფრო მეტად მონდომებულები ვართ, მეტს ვვარჯიშობთ და გვინდა, უფრო კარგი შედეგები გვქონდეს. იმედი გვაქვს, ასეც იქნება.

– შეიძლება, ბევრი ფიქრობდა, რომ ქორწინების შემდეგ სპორტს ჩამოშორებოდი.

– ვფიქრობ, დავამსხვრიეთ ეს წარმოდგენები. მართლა უფრო მეტი მოტივაციით განვაგრძობთ ვარჯიშებს. მოგეხსენებათ, ოთხ წელიწადში ოლიმპიადა იქნება, თუმცა, მანამდე ძალიან ბევრი შეჯიბრებაა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები. ვფიქრობ, ბევრი ისეთი ტიტულია, რომლის მოპოვებაც გვინდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი მიზნის მისაღწევად.

– ახლახან მეუღლის დაბადების დღე იყო. ამ დღეს პირველად შეხვდით ცოლ-ქმრის ამპლუაში. როგორ ჩაიარა?

– კი, პირველი დაბადების დღე იყო, რომელსაც ცოლ-ქმრის ამპლუაში შევხვდით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ბაკურიანში იმყოფებოდა „ზბორზე“, მე კი – გორში შეკრებებზე. ამიტომ, ცალ-ცალკე შევხვდით ამ დღეს. ამის მიუხედავად, სასტუმროში პატარა ტორტი მივართვით, რაც ძალიან გაუხარდა (იცინის).

– რას ამბობს, როგორი მეუღლეაო ეთო?

– რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს სიურპრიზები. ვფიქრობ, ჩემი მეუღლისთვის ჩემი სამზარეულოში დანახვაც სიურპრიზი აღმოჩნდა. მგონი, კარგად ვართმევ თავს (იცინის). კერძების მომზადება კარგად გამომდის. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტი ჯანსაღად კვებას მოითხოვს, ვიცი, როგორ მოვამზადო საჭირო საკვები და ახლა უკვე ორივესთვის ვაკეთებ.

– სახლის დალაგებისა თუ სხვა საქმეებისთვისაც გრჩება დრო?

– რა თქმა უნდა. პარალელურად, სახლსაც ვალაგებ, ტანსაცმელსაც ვაწესრიგებ და ასე შემდეგ. ჩვენ ხშირად დავდივართ შეკრებებზე და ამასაც მობილიზება სჭირდება. მგონი, კარგად გამომდის. დამღლელია, მაგრამ სხვა გზა არ არის. ადრეც ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა ჩემი მეუღლის საქმეებიც დამემატა (იცინის).

– მეუღლე რამდენად გეხმარება ოჯახის საქმეებში?

– ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება, ყველანაირად გვერდით მიდგას. როდესაც ვარჯიშიდან ერთად მოვდივართ, ორივე ერთად ვშლით სუფრას, შემდეგ ვალაგებთ, ბევრჯერ ჭურჭელიც დაურეცხავს და ყოველთვის მეუბნება, ერთი საქმე გვაქვს და როდესაც შემიძლია, მეც გავაკეთო რამე, ვერ დავჯდები და გიყურებ, მარტო შენ როგორ აკეთებ სახლის საქმეებსო. სახლიც დაულაგებია და სხვათა შორის, ყველაფერი კარგად გამოსდის. მეც რომ არ ვყავდე, ვიცი, რომ კარგად გაართმევს თავს. ისიც მარტო, მშობლებისგან დამოუკიდებლად არის გაზრდილი და ძალიან უყვარს წესრიგი. რაც საჭიროა, ყველაფერი კარგად იცის. აქედან გამომდინარე, არც გაგვჭირვებია, ერთობლივად ყველაფერს მარტივად ვაკეთებთ.

– რა შეიცვალა ურთიერთობაში ოჯახის შექმნის შემდეგ?

– ყველაფერი კარგისკენ შეიცვალა. შეყვარებულობა სულ სხვა ყოფილა, ცოლქმრობა – სულ სხვა. უფრო მეტად შეგვიყვარდა ერთმანეთი. ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვიძლია. ხშირად, ცალ-ცალკე რომ გვიწევს ყოფნა და ეს, დაახლოებით, ათი დღე გრძელდება ხოლმე, ერთმანეთი ძალიან გვენატრება. შეკრებები, უმეტესად, ერთად გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ ბიჭების ნაკრები სხვაგან მიდის, ჩვენ – სხვაგან და რამდენიმე დღით ასე ვართ. ახლა საფრანგეთში პარიზის „გრანდ სლემზე“ ერთად მივდივართ.

– როგორ სიურპრიზებს უკეთებ?

– ვცდილობ, მისი საყვარელი კერძები მოვუმზადო, საჩუქრები გავუკეთო. ისიც ანალოგიურად ცდილობს. მაგალითად, ყვავილების ჩუქება უყვარს. შეიძლება, დღესასწაული არ იყოს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მეც ძალიან მახარებს მისი მორთმეული ყვავილები, რა დროც არ უნდა იყოს.

– თქვენს შორის რომელი უფრო რომანტიკულია?

– ორივე რომანტიკულები ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე უფრო რომანტიკულია. ხშირად ცდილობს, სიურპრიზები გამიკეთოს.

– ხშირად კინკლაობთ? რომელი იწყებს ხოლმე?

– რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე, მე უკონფლიქტო ადამიანი ვარ (იცინის). როდესაც ხვდება, რომ არაფერი გამოდის, ნებდება და ფარ–ხმალს ყრის.

– რომელიმე ბუტია ხართ?

– კი, კი, მე ვარ ძალიან ბუტია, ყველაფერი მარტივად მწყინს და უცებ ვიბუტები. ჩემი მეუღლე არ არის ასეთი, რაც არ უნდა უთხრა, არ სწყინს, გულთან ახლოს არ მიაქვს. მე ყველაფერი გულთან მიმაქვს. შეიძლება, სატირალი არაფერი იყოს, მაგრამ მე უცებ ცრემლები წამომივიდეს, სულაც რომ არ მინდოდეს ტირილი.

– ესე იგი, ხშირად უწევს შენი შემორიგება.

– კი, ძალიან ხშირად (იცინის). უკვე იცის, როგორ უნდა შემომირიგოს, იცნობს ჩემს სუსტ წერტილებს და მარტივად მირიგებს ხოლმე. სხვათა შორის, რომ გავუბრაზებივარ, წასულა და ყვავილები მოუტანია, მაპატიე, დამნაშავე ვარ, უმიზეზოდ გაგაბრაზეო.

– ძალიან ლამაზი ქორწილი გქონდათ, ულამაზესი დედოფალი იყავი. როგორ გახსენდება ეს დღე?

– ჩვენი ქორწილის დღე ძალიან კარგად მახსენდება. რთული პერიოდი გვქონდა – 2024 წელი ოლიმპიური წელი იყო, ყველანაირად ოლიმპიადისთვის სამზადისზე ვიყავით გადართული და ქორწილის დასაგეგმად დრო საერთოდ არ გვქონდა, საფიქრალადაც კი. ოლიმპიადა აგვისტოს თვეში მორჩა და ქორწილი ოქტომბრისთვის დავგეგმეთ. დაახლოებით, თვე-ნახევარი გვქონდა მოსამზადებლად და ყველაფერს მე და თემომ გავართვით თავი.

ეს თვე-ნახევარი ძალიან დაძაბული ვიყავით. დღე და ღამე ვფიქრობდით, რა და როგორ გაგვეკეთებინა და მგონი, კარგად გავართვით თავი.

ქორწილის დღე ძალიან კარგად მახსენდება. კარგი მაკიაჟი გამიკეთეს, კაბაც ძალიან ლამაზი მეცვა და ვფიქრობ, დედოფალს ეს უკვე კარგ განწყობაზე აყენებს, რაც მთელი დღე გამყვა. ცოტა დაძაბულები ვიყავით, მაგრამ ძალიან კარგად გავერთეთ. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც ეს დღე გაგვილამაზა.

– პირველ ოჯახურ ახალ წელს როგორ შეხვდით?

– ძალიან კარგად, თემოს ოჯახთან ერთად ჩვენს სახლში, თბილისში. ჩვენი მეჯვარეებიც ჩვენთან ერთად იყვნენ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი დღე იყო და დავგეგმეთ, რომ ამ დღეს ერთად შეხვედრა ტრადიციად ვაქციოთ.

– როგორ შეეწყვეთ ერთმანეთის ოჯახებს?

– როგორც იცით, მე და თემო დიდი ხანი ვიყავით შეყვარებულები და ერთმანეთის ოჯახებს დაქორწინებამდეც კარგად ვიცნობდით. ჩვენი ოჯახებიც იცნობდნენ ერთმანეთს. თავიდანვე არაფერი დაგვიმალავს, ორივე ოჯახმა იცოდა, რომ შეყვარებულები ვიყავით. ძალიან კარგი დედამთილ-მამამთილი მყავს, ამ მოკლე დროში, ძალიან შემაყვარეს თავი. ჩემთვის თემოს მშობლები დედამთილ-მამამთილი კი არა, დედიკო და მამიკო არიან. ვფიქრობ, თემოსაც ძალიან შეუყვარდა ჩემი დედიკო და მამიკო.

– რას ამბობენ გარშემო მყოფები, შეცვალა ეთო დაქორწინებამო?

– ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ დაქორწინება მომიხდა, რომ ძალიან გავლამაზდი (იცინის). აქამდე ყველა უფრო სპორტული ფორმით მიცნობდა და ახლა სტილი რომ შევიცვალე, ცოტა სხვანაირი გამოვჩნდი.

– 2024 წელს კიდევ ერთ ჯილდო მიიღე – წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად გაღიარეს...

– ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო. საქართველოში საუკეთესო ქალი სპორტსმენი გავხდი, ამასთან მოვიპოვე თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონობა, ევროპის ჩემპიონატზე – მესამე ადგილი, ძალიან კარგი შედეგები მქონდა და ვფიქრობ, სამომავლოდ ძალიან დიდი მოტივაცია მომეცა. შევეცდები 2025 წელი მედლებით დახუნძლული იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა