საზოგადოება

როგორ შექმნა თამარ აბულაძემ ღვინის ქვებისგან ბრილიანტის სამკაულები

№15

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 16.04

თამარ აბულაძე
დაკოპირებულია

არ ვიცი, ვის შეიძლება, გასჩენოდა ასეთი აზრი, მაგრამ ეს ორიგინალური იდეა – ღვინის ქვებისგან სამკაულის შექმნა, სულ რამდენიმე წლის წინ ერთ არაჩვეულებრივ, წარმატებულ ახალგაზრდა ქალბატონს, თამარ აბულაძეს ნამდვილად გაუჩნდა. ის მსოფლიოში პირველია, რომელმაც ღვინის თემატიკით, თავის მეუღლესთან ერთად, რამდენიმე საინტერესო ხაზი შექმნა. აქსესუარი უმაღლესი ვერცხლის სინჯისაა.

– თამარ, მოდი ჯერ მკითხველს ავუხსნათ, რა არის ღვინის ქვა, რადგან ბევრმა არ იცის, მით უფრო, როგორ შეიძლება, ღვინის ქვებისგან საოცარი სამკაულები შეიქმნას.

– ღვინის ქვა არის ღვინის მჟავის კალიუმის მარილები, კრისტალები, რომელიც სიცივისას გამოიყოფა ღვინისგან და იმ ჭურჭლის კედლებზე რჩება, სადაც ღვინოა მოთავსებული, ეს იქნება მინის თუ თიხის ჭურჭელი, ქვევრი. მას ენოლოგები ტარტრატს უწოდებენ და დიდად არ უყვართ, რადგან მისგან ჭურჭლის გარეცხვა საკმაოდ რთულია. ასევე, ღვინის ქვები ბრილიანტებად არის ცნობილი, ამიტომ ჰქვია ჩემს ბრენდს Wine Dimond.

– მე, პირადად, აქამდე ვიცოდი ბადაგის ქვები. მინახავს. ეს არის ფაქტორბივარ ლექი. რა განსხვავებაა ბადაგის ქვებსა და ღვინის ქვებს შორის, როგორ წარმოიქმნება მისგან ისეთი ხარისხის ქვა, რომ სამკაულში ან სადმე შეიძლება, დეკორად გამოიყენო?

– ბადაგიც იკეთებს ამ კრისტალებს, დიახ, მაგრამ ეს არ არის ლექი. ლექი უვარგისი ნარჩენი მასალაა, ღვინის კრისტალები კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ფაქტობრივად, ღვინის ბრილიანტებია, მბზინავია. ეს კრისტალები ღვინის მართლაც საოცარი შემადგენელი ელემენტებია, ამიტომ ყველას ვერ ვიყენებ. ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ღვინის კრისტალებს. კიდევ ერთი – ყველას დამზადებულ ღვინის ქვებს არ ვიღებ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ არის მეღვინე. ოდითგანვე ასე იყო, ქართველები სანამ ღვინოს დააგემოვნებდნენ, კითხულობდნენ ვისი გაკეთებული ღვინო იყო. ცუდი კაცის გაკეთებულ ღვინოს არ მიირთმევდნენ. ასეა ღვინის კრისტალებიც. ვინაიდან ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, მასში ადამიანის განწყობა, ემოცია გადადის. ასევე, გადადის ღვინის კრისტალებშიც. ეს არის ძალიან სუფთა და წმინდა პროცესი. ქვების მოპოვება საკმაოდ რთულია. მე მეგობრობითა და პატივისცემით მიგროვებენ და მინახავენ მას, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ, ყველა მათგანს ძალიან ვაფასებ. ვფიქრობ, ამით ისინი ძალიან კარგ ქართულ საქმეს უწყობენ ხელს. ჩემთვის პარადოქსი იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ღვინის ქვეყანაში ღვინის სამკაული არ არსებობდა.

– საინტერესოა, როგორ იქმნება სამკაული, როგორი პროცესია? ვინც წაიკითხავს ამ სტატიას და ნახავს ფოტოებს, დარწმუნებული ვარ, ყველას ჩემსავით დააინტერესებს.

– სამწუხაროდ, ამ პროცესს ვერავის ვაჩვენებ, რადგან საიდუმლოა, რომელიც დაცულია „საქპატენტში“ და ასე არ ვასაჯაროებთ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რადგან ქალი ვარ, მე დავინახე მასში ბრილიანტები, რასაც მამაკაცი მეღვინეები ნარჩენ მასალად აღიქვამენ.

– როგორ დაგებადათ ეს იდეა?

– ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. მე მანამდე გარკვეული განათლება მქონდა მიღებული ღვინის სფეროში, ამიტომ ჩემთვის ღვინის ქვის თემა უცხო არ ყოფილა, მაგრამ იდეა მაშინ წამოვიდა, როცა ტელეფონზე დამიკავშირდა ერთი ადამიანი და რაღაც უცნაური მთხოვა. მე ავუხსენი, რომ ამ რაღაცას ვერ გავაკეთებდი. ეს შემთხვევით ჩემს მეუღლესთან საუბარში ვთქვი: ისიც ხომ არ უნდა, ღვინის ქვისგან რამე დავამზადო-მეთქი... ეს უცაბედად წარმოთქმული სიტყვები იყო, რომელიც ასე ვთქვათ, გადავახვიე, დავფიქრდი – რა კარგი იქნებოდა, ღვინის ქვებისგან სამკაული რომ გამეკეთებინა-მეთქი. მანამდეც მქონდა სამკაულებთან შეხება, ყურძნის მტევნის დროშებს ვამზადებდი (ჩემი მეორე ბრენდი არის – „Emocia of Wines (ღვინის ემოცია) და ახლა ვიფიქრე, ამ ბრენდში ხომ არ გამომეყენებინა ღვინის ქვები. დავიწყე ქვების მოძიება ჩემს მეგობარ მეღვინეებთან. ბევრს ვთხოვე ჩემთვის მოეცათ ეს ქვები და რომ მკითხეს, რად მინდოდა, გაეცინათ. მითხრეს, რომ რაღაც სისულელეს ვამბობდი და რაც მქონდა ჩაფიქრებული, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. გარდა იმისა, რომ ღვინის ქვები მოსაპოვებლად ცოტა რთულია, მერე ის, რომ მოაგროვო და სპეციალურად შეუნახო ადამიანს, გარკვეულ შრომასა და დროს მოითხოვს, თუმცა ბევრი მეგობარი მყავს და ჩემი თხოვნით მათ ეს გააკეთეს. თავიდანვე ვაცნობიერებდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა ამის გაკეთება, ვინაიდან ღვინის ქვა არის ღვინის მჟავის კალიუმის მარილები, ფხვიერია და ძალიან რთულია მათი ერთად შეკვრა. სწორედ ესაა მთელი ჩემი ტექნოლოგიის საიდუმლოც, როგორ უნდა შევკრა კრისტალები ერთად ისე, რომ შეინარჩუნოს თავისი ფერი, ბუნებრიობა, იყოს მდგრადი და გამძლე. ამიტომ, თავიდან ამ ამბავმა ცოტა შემაშინა, მაგრამ წარმოვიდგინე რა, რომ ოცდამეერთე საუკუნეა და ადამიანს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, მით უმეტეს, რომ მაშინ ხშირად მხვდებოდა ილონ მასკზე სტატიები და გადაცემები, სადაც ამბობდნენ, რომ მარსზე გადასახლებას ფიქრობს, სამყაროს გადატანა უნდა, მერე გამახსენდა თომას ედისონი, რომელმაც სანამ ნათურას აანთებდა, რამდენიმე ათასჯერ სცადა არასწორად, მაგრამ სჯეროდა თავისი იდეების და აი, გავბედე. მეც ის ადამიანი ვარ, ვისაც ბოლომდე სჯერა თავისი იდეის და დაამტკიცებს, რომ რაც ჩაიფიქრა, იმას გააკეთებს, თან, ამ ჩემმა. ჯიუტმა ხასიათმაც იმოქმედა და რამდენიმეთვიანი წარუმატებელი ცდების შემდეგ (პანდემიის პერიოდში) შევქმენი პირველი ქართული ღვინის ქვის სამკაული.

– მოგვიყევით თქვენზე, სანამ ამ საქმეს მოჰკიდებდით ხელს, რას საქმიანობდით, სად მუშაობდით?

– თხუთმეტი წელი ერთ დიდ წარმატებულ საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობდი. მქონდა ძალიან საინტერესო პოზიცია – დიდ ორგანიზაციებს ვკურირებდი. სამსახურიდან წამოვედი. ფაქტობრვად, ახალი ცხოვრება დავიწყე. გადავწყვიტე, მთელი ჩემი შეძენილი გამოცდილება და კორპორაციული კულტურა ჩემი პირადი საქმისთვის მომეხმარებინა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ბიზნესის დაწყებას არ ვგეგმავდი, უბრალოდ, ცოტა ხნით დასვენებას ვაპირებდი. რა იყო ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, რისთვის ვარსებობ და საით უნდა წავიდე – ამაზე მინდოდა, დავფიქრებულიყავი და ტაიმაუტი ავიღე. აღმოვაჩინე, რომ 15 წელი კი ვიმუშავე ამ კომპანიაში, ძალიან წარმატებული, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ გარშემო ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა, რომელსაც დროის უქონლობის გამო ვერ ვამჩნევდი, ვერ და არ ვიყავი ჩართული. ახლა კი გადავწყვიტე, ყველაფერი ის შემესწავლა და მენახა, რაც ჩემთვის საინტერესოდ მეჩვენებოდა. ამ ახალი, ღვინის განათლებიდან გამომდინარე ვფიქრობდი, მერე აუცილებლად ვიპოვიდი ჩემს საბოლოო, მთავარ მიზანსა და ინტერესს. ზუსტად ასე მოხდა. წარმოშობით კახელი ვარ. დედაჩემიც კახელია, ჩემი მეუღლეც. პაპაჩემი ყოველთვის აყენებდა ღვინოს. მაინტერესებდა და ამ პროცესს სულ ვუყურებდი. ეს ბავშვობის ნოსტალგია მუდამ მქონდა და მაქვს, ამიტომ დავინტერესდი ღვინის თემით და დავიწყე სწავლა. გავიარე და წარმატებით დავამთავრე ღვინის სკოლა, რაღაც მომენტში მინდოდა, მეღვინე ვყოფილიყავი, მაგრამ სწორედ ამ სკოლაში სწავლის პერიოდში აღმოვაჩინე – ეს ყველაფერი იმდენად რთულია და იმდენად დიდი პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომ ჯერ ჩემთვის ძალიან ადრე იყო, გამოცდილი მეღვინე გავმხდარიყავი. არასდროს ხელს არ ვკიდებ ისეთ საქმეს, რომელიც ვიცი, რომ შეიძლება, ისეთი ხარისხით არ გამომივიდეს, როგორიც საჭიროა და ამის გაკეთება დროებით გადავიფიქრე. თუმცა, გადავწყვიტე, ღვინის გარშემო რაღაც მაინც გამეკეთებინა – ეს იყო ყურძნის მტევნები, სამკაულები, სუვენირები...

– ვიდრე თქვენს იდეას განვახორციელებდით, როგორ ყალიბდებოდა, მხოლოდ თავში ახდენდით ყველაფრის ტრანსფორმაციას თუ ჩანაწერების რვეულში ინიშნავდით, მეუღლის გარდა, კიდევ ვინ დაგეხმარათ და რა კაპიტალი დასჭირდა ამ ბიზნესს, რომ დაწყებულიყო. ბანკებს თუ მიმართეთ?

– ღვინის სკოლა რომ დავამთავრე, როგორც უკვე ვთქვი, ღვინის თემატიკით დავინტერესდი და შევქმენი ბრენდი – „ღვინის ემოცია“. უკვე მქონდა გამოცდილება და ჩემი პირველი, სამაჯურების ბრენდ „ემოციადან“ შემოსული ფინანსური რესურსით ვიძენდი სხვადასხვა ნაწარმს, რაც მჭირდებოდა. როდესაც ღვინის ქვის სამკაულის იდეას მივაგენი, უკვე მქონდა ფულადი რესურსი, ბევრი არა, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ შემეძინა ვერცხლი და ეს სამკაულები გამეკეთებინა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი საწყისი კაპიტალი, ფაქტობრივად, 13 ლარი იყო. პირველი 13 ლარით ნატურალური ქვები შევიძინე და სამაჯური შევქმენი. ფაქტობრივად, ერთმა ბრენდმა მეორე შობა და გაზარდა, მეორემ – მესამე და ასე... ჩემი ბრენდები დღეს ერთმანეთს ეხმარებიან და ინახავენ. კიდევ მნიშვნელოვანია, როდესაც იწყებ, ისიც უნდა გესმოდეს, რომ აუცილებლად გამოჩნდება ხელის შემშლელი ფაქტორი ადამიანების სახით. ეს ადამიანები შეიძლება, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები, კეთილის მსურველები, მეგობრები, ნაცნობები... მე არ ვამბობ, რომ მათ განზრახ უნდათ ჩვენი საქმის გაფუჭება, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ შეიძლება, მათმა ერთმა მცირედმა რეპლიკამ – რა სისულელეა... რად გინდა ამის გაკეთება, ვინ იყიდის... – ყველაფერი წყალში ჩაყაროს; ამიტომ მე, რაღაც პერიოდი, თვალები დავიბრმავე, თავი დავიყრუე, არავის ვუსმენდი. ვუსმენდი მხოლოდ საკუთარ თავს, მივყვებოდი მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს გეგმას – რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ყველაფრის ფასად, აუცილებლად უნდა შემექმნა პირველი ქართული ღვინის ქვის სამკაული. მიმაჩნია, რომ ამისთვის დავიბადე, რომ ეს საქმე მეკეთებინა. ამას გარდა, ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ ეს ყველაფერი მარტო ჩემი არ არის, ჩემი ქვეყნის საამაყო ნაწილიც გახდა, რომელიც შთამომავლობას გადაეცემა. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ შემოსავლის წყარო, ბევრად დიდია, მორალური და ზნეობრივი ღირებულების საკითხია, ამიტომაც ჩემი სლოგანია „უკვდავება ღვინისა ... მეტი ვიდრე ბიზნესი!..“

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორია მაია გაგუა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი