საზოგადოება

როგორ მიიღეს ალისულთან ბოლქვაძე ერის მეთაურის წოდებით თურქეთში და რატომ უწევდა მას საკუთარი ოჯახის საიდუმლოდ მონახულება

№49

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 15.12, 2021 წელი

ალისულთან ბოლქვაძე
დაკოპირებულია

ალისულთან ბოლქვაძე დაიბადა 1896 წელს ხულოს რაიონის სოფელ კორტოხში, ეკონომიკურად შეძლებული სასულიერო პირის ოჯახში.

1921 წელს მან დიდი დახმარება გაუწია წითელარმიელთა რაზმებს. სჯეროდა, რომ ეს იყო მთავარი ძალა, რომელიც შეძლებდა აჭარაში თურქთა რაზმების შემოჭრის შეჩერებას და აღკვეთდა თურქ აგიტატორთა თარეშს. 1924 წელს ალისულთან ბოლქვაძე ბოლშევიკურ პარტიაში მიიღეს, თუმცა მას იმედები მალევე გაუცრუვდა. 1927 წელს ის კომუნისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს, რადგან ეჭვი გაუჩნდათ, რომ ურთიერთობა ჰქონდა აჭარაში ჯერ კიდევ არსებულ მენშევიკურ ორგანიზაციებთან. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ალისულთან ბოლქვაძე ძალიან ფრთხილად მოქმედებდა, რადგან რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ანტისაბჭოთა განწყობა ოჯახშიც არ იცოდნენ. ის ანტისაბჭოთა ორგანიზაციების მუშაობაში 1927 წლიდან იყო ჩართული. პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, კავშირი ჰქონდა მენშევიკურ მთავრობასთან და ასევე, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან. პარიზში მყოფი ჟორდანიას მთვარობა დიდ იმედს ამყარებდა ზემო აჭარის 1929 წლის აჯანყებაზე, რომელსაც მათი ვარაუდით, მთელი აჭარა და გურია უნდა მოეცვა და შეექმნა წინაპირობა დანარჩენი საქართველოს გასათავისუფლებლად.

მალე ალისულთან ბოლქვაძემ აქტიური იატაკქვეშა კონტრევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო. მისი მეთაურობით ხულოს რაიონის სოფლებში ეწყობოდა მიტინგები, ვრცელდებოდა პროკლამაციები ანტისაბჭოთა მოწოდებებით. 1928 წლის შემოდგომისთვის ხულოს მოსახლეობაში დიდძალი იარაღი იყო თავმოყრილი. ამ დროისთვის ალისულთან ბოლქვაძის სახელი პირველად ხდება ცნობილი ბოლშევიკური მთავრობისთვის, როგორც „აჭარის ხსნის კომიტეტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის და მის წინააღმდეგ იწყებენ მოქმედებას.

1929 წლის მარტის დასაწყისში სოფელ ჭვანაში აჯანყების პირველი კერა გაჩნდა და მან მალე ზემო აჭარის ყველა სოფელი მოიცვა. აჯანყების დაწყებიდან მესამე დღეს თბილისიდან აჭარაში ჩავიდნენ სერგო ორჯონიკიძე, ლავრენტი ბერია, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მარიამ ორახელაშვილი და ჯარის ნაწილების თანხლებით, ხულოში გაემგზავრნენ. ხელისუფლების მხრიდან მუქარამ შედეგი ვერ გამოიღო, აჯანყება სწრაფი ტემპით ვრცელდებოდა.

9 მარტისთვის ალისულთან ბოლქვაძე ბათუმიდან საკუთარ სოფელში ავიდა და აჯანყებულებს შეუერთდა. ხულოს რაიონულ ცენტრში მისი მეთაურობით გაერთიანდა აჯანყებულთა დაქსაქსული ჯგუფები, რომელთა რიცხვი 15 000 აღემატებოდა. 1929 წლის 10 მარტს შეტაკება მოხდა აჯანყებულებსა და მესაზღვრეებს შორის. ამბოხებულებმა არაერთი საგუშაგო ჩაიგდეს ხელში, მაგრამ საზღვარი არ დაურღვევიათ და თურქეთში არ გადასულან. აჯანყების ჩასაქრობად საბრძოლო ოპერაციების წარმოებისათვის შეიქმნა საგანგებო სამეული, ბერიას, ღოღობერიძის და კოვალიოვის (კავკასიის I მსროლელი დივიზიის მეთაური) შემადგენლობით. აჯანყებულებსა და წითელარმიელებს შორის ხიჭაურში ორმხრივი სროლები გაიმართა. გლეხთა აჯანყების პირველი ეტაპი 14 მარტისთვის დასრულდა. ხელისუფლებამ ჭვანისა და ხულოს თემის სოფლებზე შეძლო კონტროლის დამყარება. ღორჯომის, რიყეთის, სხალთის, ყარადერესა და უჩამბის თემებში ამბოხებულები კვლავ ინარჩუნებდნენ პოზიციებს. ლავრენტი ბერიამ აჯანყებულებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ის და ალისულთან ბოლქვაძე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ შეხვედრაზე ალისულთანმა ბერიას ხალხის მოთხოვნები გადასცა: საბჭოების თავისუფალი არჩევნები, ყველა კომუნისტის გაძევება მაზრიდან, ადგილობრივთა რელიგიის სრული თავისუფლება, გადასახადების გაუქმება და საძოვრებზე სახელმწიფო დაზღვევის გაუქმება და სხვა. ხელისუფლების წარმომადგენლები მდგომარეობის გამოსწორებას დაჰპირდნენ. მოლაპარაკების მიუხედავად, მთავრობისა და აჯანყებულთა მხრიდან საბრძოლო სამზადისი შეიმჩნეოდა. 15 მარტს სოფელ დანისპარაულში ალისულთანმა მოიწვია სახალხო კრება, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, იარაღი არ დაეყარათ, რადგან ხელისუფლება არ ასრულებდა მათ მოთხოვნებს. 19 მარტს დაბა ხულოში გაიმართა ბერიასა და ბოლქვაძის მორიგი, უკანასკნელი და უშედეგო შეხვედრა. რის შემდეგაც ბერიამ საომარი მოქმედებები დაიწყო. 24 მარტს ალისულთან ბოლქვაძე 20 ერთგულ თანამოაზრესა და აჯანყების 1 500 მონაწილესთან ერთად თურქეთში გადავიდა, მაგრამ ალისულთანის მზრუნველობით მათი უმრავლესობა უკან მალევე დაბრუნდა. თურქეთში ჩასული მეთაურთა ჯგუფი – ალისულთან ბოლქვაძე, აბდულ ტაკიძე, შაბან შავაძე, საქირ ბერიძე და სხვები ანკარაში გაემგზავრნენ თურქეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რომლისგანაც იარაღით დახმარებას ელოდნენ. ასევე, შეხვედრა შემდგარა საქართველოს მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებთან.

აჭარის გლეხთა აჯანყებას უკვალოდ არ ჩაუვლია. მას მოჰყვა დადებითი შედეგები, როგორც მატერიალური, ისე სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თუმცა, საერთო ჯამში, 1929 წლის აჭარის აჯანყების ჩახშობით საქართველოში საბჭოთა დიქტატურა საბოლოოდ დამკვიდრდა.

ალისულთან ბოლქვაძე 30-იანი წლების დასაწყისში მალულად შემოდიოდა აჭარაში და ხვდებოდა ოჯახის წევრებს. 1932 წლიდან კი გაძლიერებული დევნის გამო აჭარაში აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახის მიმართ უმკაცრესი ზომები მიიღეს. სოფელში გადაწვეს მისი სახლი, მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია. ალისულთანის დედა და მეუღლე, ორი ბავშვით, სიდუხჭირეში და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ალისულთანი წლების განმავლობაში ახერხებდა ოჯახისთვის მატერიალურ-ფინანსური დახმარების მიწოდებას და ყოველ ღონეს ხმარობდა მათ თურქეთში გადასაყვანად, მაგრამ უშედეგოდ. ჩეკას ეჭვი ჰქონდა ამ კავშირის შესახებ და 1951 წლიდან ალისულთანის ოჯახი ყაზახეთში გაასახლეს.

უცხოობაში დარჩენილი ალისულთან ბოლქვაძე, სამშობლოში დაბრუნების იმედის დაკარგვის შემდეგ, თურქეთში დამკვიდრდა. თურქეთის მთავრობამ თავიდანვე დიდი ყურადღებითა და პატივით მიიღო. მისთვის, როგორც აჭარაში სახალხო ლიდერისთვის, „ერბაში“, ერის მეთაური უწოდებიათ, რომელიც შემდეგ გვარად დამკვიდრდა. ალისულთანმა სწავლა გააგრძელა, უმაღლესი განათლება მიიღო და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა, მალე დააწინაურეს და საპენსიო ასაკამდე თურქეთის საგზაო–სატრანსპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.

გამოყენებული მასალების წყარო: ბოლქვაძე ნიაზ. ალისულთან ბოლქვაძე // ღირსებისა და თავისუფლებისათვის: ბოლქვაძეთა გვარის ისტორია: კულტურული მემკვიდრეობა /ნიაზ ბოლქვაძე; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა