საზოგადოება

როგორ ქმნის დავით ლეკიაშვილი რეკორდულად უმოკლეს დროში შეუფასებელ ნახატებს და რატომ შეიძინა მისმა შემოქმედებამ თერაპიული ეფექტი

№5

ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00

დავით ლეკიშვილი
დაკოპირებულია

არსებობენ ადამიანები, რომელთა ნიჭი და გონიერება საზღვრებს სცდება. ისინი სამყაროში იმას ხედავენ და აღიქვამენ, რაც ბევრისთვის შეუმჩნეველია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება, ითქვას, რომ ბატონი დავით ლეკიაშვილის შემოქმედება ჩარჩოებს სცდება, მისი ნახატები ენერგეტიკულად გიზიდავს, შორიდან ხვდები, რომ აუცილებლად უნდა მიუახლოვდე, დააკვირდე და გააკეთო ის აღმოჩენა, რაც ადამიანის ემოციისთვის აუცილებელია. ბატონი დავითი, ხატვის პარალელურად, სკოლაში ასწავლის სპორტს. ასევე, კრივში, როგორც მწვრთნელს, არაერთი წარჩინებული სპორტსმენი და დამსახურებული მწვრთნელი ჰყავს გამოზრდილი.

დავით ლეკიაშვილი: 4 წლის ასაკიდან ვხატავდი, ვძერწავდი, აფრიან გემებს ვაკეთებდი. მოგზაურობა მიტაცებდა – ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავიხდინე. ჩემი ნახატებით კი უამრავი გალერეა მოვიარე გამოფენებით და მნახველების გაოცება და დაინტერესება ნამდვილად შევძელი. ხელოვნებისადმი მიდრეკილება და ნიჭი მამისგან გენეტიკურად დამყვა. მამა ხეზე მუშაობდა, საკრავ ინსტრუმენტებს და ავეჯს აკეთებდა. საოცარი ხელი და ხედვა ჰქონდა. ჩემი და ჩემზე 11 წლით უფროსია, მასაც აქვს ხატვის ნიჭი და მან მასწავლა ხატვის ანაბანა. დღეს, მინანქარზე მუშაობს.

– რომელი ნახატის შექმნისას დაგჭირდათ ყველაზე ბევრი ან მცირე დრო?

– ნახატის შესაქმნელად ყველაზე დიდი დრო ერთი წელი დამჭირდა, ყველაზე მცირე კი – 20 წუთი. შეიძლება, ზოგ ნახატს ნახევარი საათი მოვუნდე, ზოგს კი – სამი, ხუთი ან ექვსი თვე მოვანდომო.

– 20 წუთში შექმნათ ნახატი, ეს ხომ, პრაქტიკულად, რეკორდის მოხსნაა?

– კიდევ დიდი ხანი მოვუნდებოდი მის დასრულებას, მაგრამ ჩემი მეუღლეც ხელოვანია და რომ დაინახა, გამაჩერა და მითხრა, ეს უკვე დასრულებული ფაზააო. ჩემი მეუღლე, ნინა, ძალიან მიწყობს ხელს მუშაობაში. ნამუშევარს რომ ვამთავრებ, სწორედ ის არის მისი პირველი შემფასებელი. ზოგადადაც, ჩემი მეუღლეა ჩემი შემოქმედების მთავარი შემფასებელი.

– თქვენი ნახატები ფერადი, თვალშისაცემი და აბსტრაქტულია. ეს სიფერადე, ალბათ, თქვენი სულიერი სამყაროს ანარეკლია. ძირითადად, რა ფერები გიზიდავთ?

– მხატვრობაში ყველა ფერს ვიყენებ, ასევე, ჩემეულ, გაზავებულ, მისაღებ ფერებსაც ვხმარობ, რომელიც ნახატს აძვირფასებს და იმ სითბოსა და ენერგეტიკას აძლევს, რაც თავად მინდა. ასე რომ, ჩემს შემოქმედებაში ბუნებაში არსებულის გარდა ჩემ მიერ მიღებული ფერებიც სჭარბობს. აქტიურად ვხმარობ წითელს, ცისფერს და ნათელ ფერებს, რომ სითბო წამოიღოს. თუ კონკრეტული სილუეტის ან ნივთის გამოკვეთა მინდა, შავს ვიყენებ. ზოგადად, მხატვრობაში თეთრი და შავი კლასიკური ფერია. ახლა დავფიქრდი და გამორჩეული ფერი ნამდვილად არ მაქვს.

– ადამიანი ნახატს შორიდან უნდა დააკვირდეს, რომ კარგად აღიქვას. თუმცა, როცა თქვენს ნახატებს ვუყურებ, ჩნდება სურვილი, მიუახლოვდე და ამ დროს, კიდევ უფრო მეტ დეტალს ამჩნევ, უფრო მეტად მეტყველი და გამოკვეთილი ხდება მასზე არსებული, თითქოს ფერებში მიმალული ფიგურები და სილუეტები. ესეც თქვენი ხელწერაა?

– ზუსტად ეს არის ჩემი საიდუმლო, რომ ჩემმა შექმნილმა ნახატმა ენერგეტიკულად მიიზიდოს ადამიანი, დააკვირდეს, დიდი ხანი ჰქონდეს კონტაქტი, უფრო ღრმად დააკვირდეს და აღმოაჩინოს ის დეტალები, რისი შემჩნევაც შორიდან გაუჭირდება. ამ ნახატებში უამრავი ისტორია და ამბავია ჩადებული, რომელიც ადამიანმა უნდა აღიქვას, შეამჩნიოს და დაინახოს. ბევრი ჩემს ნახატებში მისთვის სასურველ ფერს, პორტალს, სუბსტანციას და გზას პოულობს. მხატვრისთვის დიდი გამარჯვებაა, როცა მის ნახატთან ადამიანი, თუნდაც, ხუთ წუთს დაყოფს. რაც უფრო ღრმა შინაარსისაა ნახატი, მით მეტად გიზიდავს და ენერგეტიკულად გითრევს მის სიღრმეებში, ფერებში გამოგზაურებს და უამრავ დეტალს ეხები გონებითა და ცნობიერებით. გონება და ტვინი უნდა აღიქვამდეს დახატულს და არა მხოლოდ თვალი. აბსტრაქტული ნახატი საძიებელია – ყველა ინდივიდი მასზე დაკვირვებით თავისი ცხოვრების ისტორიას აღიქვამს და ხედავს.

– არცერთ თქვენს ნახატს არ აქვს სახელი. რატომ არ არქმევთ?

– არ მინდა, სახელის დარქმევით ჩემი ნამუშევრები ჩარჩოში მოვაქციო. არ მინდა, სახელით დავაკონკრეტო ისინი. სახელის არდარქმევით ყველა ადამიანს ვაძლევ საშუალებას, თავად შეურჩიოს სახელი – მე თითოეული მათგანის ინტელექტს ვენდობი და ვეთანხმები. ყველა ჩემს ნახატში პატარა ისტორიებია ჩადებული, ჩემი ემოცია და ცხოვრებისეული ამბებია, გრძნობები, განცდები, ტკივილი და სიხარული. სხვათა შორის, როცა ვხატავ, სამუშაო პროცესის დროს აუცილებლად მუსიკა უნდა მქონდეს ჩართული. მუსიკის გარეშე ვერ ვხატავ, მას სხვა სამყაროში გადავყავარ და სხვა ემოცია მოაქვს. მუსიკა თავად მახატვინებს, სხვა განზომილებაში ვარ და თითქოს გამტარი ვარ. ჩემს ნახატებს თერაპიული ეფექტიც აქვს – ვინც ნახავს, ამაში აუცილებლად დამეთანხმება. ვინც დააკვირდა და ჩემმა ნახატმა დააფიქრა, ბევრმა მითხრა: მე აქ ჩემს განვლილ გზას და ემოციას ვხედავო. ზუსტად ეს მომენტია ჩადებული ჩემს ნახატებში, რომ ვინც მას ნახავს, ემოციებში შემეწილოს. ადრე, ნატურმორტებსაც ვხატავდი, პეიზაჟებსაც და პორტრეტებსაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში აბსტრაქტულ ნამუშევრებს ვქმნი. ინსპირაციის წყარო შეიძლება, ნებისმიერი ქმედება ან მოვლენა იყოს. ბევრი ადამიანი დაინტერესდა ჩემი ნამუშევრების ყიდვით, მაგრამ ჯერ არცერთი ნამუშევარი არ გამიყიდია. ვისურვებდი, გალერეებთან და ჩემი ნამუშევრებით დაინტერესებულ ადამიანებთან თანამშრომლობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი