საზოგადოება

როგორ გახდა სოსო გოგაშვილი სტუდენტი საპატიმროდან და როგორ მოიპოვა მან 100%-იანი გრანტი პედაგოგების დახმარების გარეშე

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:30 20.09

სოსო გოგაშვილი
დაკოპირებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა, ციხიდან უნივერსიტეტში ჩააბარა და 100%-იანი დაფინანსება მიიღო. სოსო გოგაშვილი, 2023 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფო საიდუმლოს განზრახ გახმაურება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.

– ნინი, ალბათ, ბევრმა ნახა თქვენი ვიდეო მამათქვენის სტუდენტობის შესახებ. პირველ რიგში, გილოცავთ და იქნებ დეტალურად მოგვიყვეთ, სად ჩააბარა მამამ და როგორი შედეგებით?

ნინი გოგაშვილი: მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ამ თემით, რადგან განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია უკეთესი მომავლისთვის და მამაჩემის შრომის შედეგი ბევრი ადამიანისთვის გახდა მაგალითი იმისა, რომ ყველას, ყველგან, ყველანაირ პირობებში შეუძლია სწავლა, მთავარია, მონდომება. ჩემ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდის მამაჩემი ბოლო გამოცდიდან. ვიდეოს დღეს ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს და უამრავი ადამიანისგან ვიღებ ძალიან დადებით შეტყობინებებს. მეუბნებიან, რომ ამაყი უნდა ვიყო, რომ ასეთი ძლიერი ადამიანის შვილი ვარ და რომ ასეთი ადამიანის ადგილი ციხეში არაა. ორმა მომავალმა აბიტურიენტმა რაიონიდანაც მომწერა, აინტერესებდათ წიგნების დასახელება, რითაც მამა მეცადინეობდა. მამაჩემი ეკონომისტია, უკვე დამთავრებული აქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ასევე, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხიც და ახლა მეორედ ჩააბარა ეროვნული გამოცდები (ბაკალავრიატი), მიიღო უმაღლესი ქულები და 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.

– როგორ მოახერხა საპატიმროში გამოცდებისთვის მომზადება?

– სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, როგორ მოახერხა, ასეთ სტრესულ ვითარებაში, სადაც მე-3 წელია, უსამართლოდ იმყოფება, დამოუკიდებლად, ისე მომზადებულიყო ეროვნული გამოცდებისთვის, რომ საუკეთესო შედეგი მიეღო. როდესაც მამამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩაებარებინა გამოცდები და ახალ პროფესიას დაეუფლებოდა, გავუგზავნეთ შესაბამისი სახელმძღვანელოები, რითაც სტანდარტულად სწავლობენ სხვა აბიტურიენტებიც, რის შემდეგაც იგი საკანში ყოველდღიურ რეჟიმში თავად მეცადინეობდა, პედაგოგის დახმარების გარეშე.

– პროფესია როგორ შეარჩია, რატომ მაინცდამაინც სამართალი და როგორი გეგმები აქვს სამომავლოდ?

– ვფიქრობ, არსებულ ფაკულტეტებს შორის, ამ ეტაპზე სამართალი მისთვის ყველაზე საინტერესოა. სურს, რომ ძირფესვიანად შეისწავლოს. ძალიან ბევრი გეგმა აქვს და ამის შესახებ თავად მოგიყვებათ, როცა ამის შესაძლებლობა და სურვილი ექნება.

– გახდე სტუდენტი პატიმრობაში, არ არის უმნიშვნელო ამბავი, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება მამამ?

– მამაჩემი დაკავების დღიდან ცდილობს, ყოველი წამი, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენთან ერთად ვერ ატარებს, ციხეში არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოს საკუთარი თავის განვითარებისათვის, რაც შესანიშნავად გამოსდის. მისი ეს გადაწყვეტილებაც ამის დასტურია, რაც, ვფიქრობ, ძალიან დიდი მოტივაცია გახდება სხვა პატიმრებისთვისაც, რომლებსაც ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირთ ოჯახისგან შორს ყოფნა და არ იციან, იქ გატარებული დრო სწორად როგორ გამოიყენონ. გახდე სტუდენტი და მიიღო უმაღლესი ქულები პატიმრობის პერიოდში, სადაც უსამართლობის გამო აღმოჩნდი, ალბათ, განსაკუთრებული შემთხვევაა და მთელი ცხოვრება ვიამაყებ ამ ფაქტით.

– საუბარი გვაქვს სოსო გოგაშვილზე – ადამიანზე, რომლის სახელი და გვარიც, მისი თანამდებობებიდან გამომდინარე, ალბათ, ყველამ იცის, მაგრამ მინდა, გკითხოთ, როგორია ის მამის ამპლუაში?

– -ის იდეალური მამაა, ძალიან გამიმართლა მასში. საიდანაც ჩემი მეხსიერება იწყება, იქიდან მამაჩემი ყოველთვის საუკეთესო მამა იყო და დღემდე ასეა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ჩემთვის ასეთი მტკივნეული მისი დაკავება სასტიკი ფორმით და უსამართლოდ ციხეში ყოფნა. ბავშვობიდან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, მეგობრული. მამა ყოველთვის გვერდში მედგა, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. მან თავისი ცხოვრებით მასწავლა, რას ნიშნავს სიყვარული, პასუხისმგებლობა, რომ სიკეთის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს, რომ არასდროს არ უნდა შეწყვიტო შრომა და სწავლა.

ის ჩემთვის არა მხოლოდ კარგი მამის, არამედ ერთგული მეუღლის, ღირსეული მეგობრის, ძლიერი და თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანის საუკეთესო მაგალითიცაა. მე ხშირად მიყვებიან უცხო ადამიანები, თუ როგორ დაეხმარა მამაჩემი მათ და საოცარი სიამაყისა და მადლიერების განცდა მეუფლება. დაუსრულებლად შემიძლია, ვისაუბრო მამაზე, რომელიც ჩემთვის მისაბაძი ადამიანია.

– როგორ იხსენებთ მისი დაპატიმრების მომენტს, რაც ოჯახისთვის საკმაოდ რთული იქნებოდა?

– ორი წელი გავიდა სპეცოპერაციიდან და დღემდე ძალიან გვიჭირს იმ საშინელი დღის გახსენება. უმძიმესი სტრესული ფონი გვქონდა, ძალიან ვნერვიულობდით მამაჩემის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებაზე, ბავშვებზე, რომლებიც 14 საათი სპეცოპერაციის დროს სახლში იყვნენ… არ ვიცი როგორ ვახერხებდით მუდმივად ჟურნალისტებთან კომუნიკაციას, ერთ დღეში სხვადასხვა ეთერში საუბარსა და პარალელურად, ერთმანეთის გამხნევებას. ღმერთმა მოგვცა ძალა, რომ გადაგველახა ურთულესი პერიოდი და იმედი არ დაგვეკარგა, რომ უკეთესი დღეები წინ გველოდება, ამიტომაც ბრძოლა არასდროს შეგვიწყვიტია.

– რას ფიქრობთ იმ მძიმე ბრალდებებზე, რომელიც მას აქვს წაყენებული?

– რასაც ორი წლის წინ ვამბობდი, იგივეს გავიმეორებ – მამაჩემი ცრუ ბრალდებების გამო არის დაკავებული, უსამართლოდ და უდანაშაულოა. ის არის პოლიტპატიმარი და ჩვენი ოჯახი არის დიდი უსამართლობის მსხვერპლი, განსაკუთრებით ჩემი პატარა ძმა, 12 წლის პეტრე, რომელმაც სპეცოპერაციის დროს დაინახა სახლის ეზოში ძირს დაგდებული მამა. პეტრე შიშის ფონზე ოთახიდან გამოსვლას ცდილობდა, რა დროსაც ავტომატი დაუმიზნეს და ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. სიმართლე არასდროს და არსად იმალება და ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს.

– რაზე საუბრობთ მამასთან ამ პერიოდში, როგორია მისი განწყობა, რას გეუბნებათ?

– პირველ რიგში, ყოველთვის ვეკითხები, როგორ გრძნობს თავს და როგორ ექცევიან პენიტენციურ დაწესებულებაში. ყოველთვის ვამხნევებთ და დადებითი ენერგიით ვავსებთ ერთმანეთს. სულ მეუბნება, რომ ამაყობს ჩვენით და ვსაუბრობთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, როცა ერთად ისევ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. მამა, სწავლასთან ერთად, საკანში, ფიზიკურადაც ვარჯიშობს. ვფიქრობ, მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ მომენტში ბალანსის შენარჩუნება, რა დროსაც არ კარგავ საკუთარ თავს და პირიქით, ძლიერდები. ხშირად მეუბნება, რომ ღმერთი ჩვენ გვერდითაა და ბოლოს ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა