საზოგადოება

როგორ გახდა ნატალია სტიუარტ ფოქსი შოტლანდიის სამეფო გვარის ერთ-ერთი შტოს შთამომავლის მეუღლე და რა სასწაულები მოახდინა ბედისწერამ მის ცხოვრებაში

№40

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 09.10, 2023 წელი

ნატალია სტიუარტ ფოქსი
დაკოპირებულია

ნატალია (მიქავა) სტიუარტ ფოქსი საქართველოდან ბევრი წლის წინ ბედისწერამ და განსაკუთრებულმა სურვილმა წაიყვანა. ჯერ ინგლისში, შემდეგ კი ესპანეთში დაიმკვიდრა თავი, ოჯახი შექმნა და წლებია, საკუთარი სამშობლოს პოპულარიზებისთვის ძალიან ბევრს აკეთებს.

ნატალია სტიუარტ ფოქსი: ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. 51-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. ბავშვობა და სამშობლოში გატარებული წლები არაჩვეულებრივად მახსენდება. 2000 წელს საქართველოდან სასწავლებლად წამოვედი, შემდეგ ოჯახი შევქმენი და სხვა ქვეყანაში დავრჩი.

დედა – ვიქტორია მიქავა ვეტერანი ქველმოქმედი ქალბატონია. საქართველოში უფასო სასადილოები მისი დაფუძნებულია. ჯერ კიდევ 90-იანებში, სწორედ ჩემმა ოჯახმა გახსნა პირველი უფასო სასადილო და ამ საქმეში მეც მათ გვერდით ვიდექი, თუმცა, სხვა მხრივაც ძალიან აქტიური ვიყავი. საქართველოდან წამოსვლამდე, 1999 წელს მეგობრებთან ერთად გავუკეთე ორგანიზება სილამაზის კონკურსს – „მის თბილისს“, შემდეგ „მის საქართველოს“ ორგანიზებაში ჩავერთე.

– წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

– ეს მატერიალური მდგომარეობის გამო არ გამიკეთებია. მე ბავშვობიდანვე ენების სწავლისკენ მქონდა განსაკუთრებული მიდრეკილება. ბიძაჩემი – ჰამლეტ ჭიპაშვილი ცნობილი დიპლომატი იყო. მან ძალიან ბევრი ენა იცოდა და ეს ჩემთვის მაგალითი იყო. მე, ალბათ, 3-4 წლიდან ვსწავლობდი რუსულს, ინგლისურს და მეგრულს (იცინის). ქვეცნობიერად ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველოში არ ვიცხოვრებდი, უფრო მეტიც. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში იტალიურს ვსწავლობდი და რამდენჯერმე ვცადე იტალიაში წასვლა, თუმცა უშედეგოდ. ეს ჩემთვის ტრავმა იყო, რომელიც მოტივაციად ვაქციე და სხვა ქვეყანაში ცხოვრება მიზნად დავისახე. პროფესიად საერთაშორისო ეკონომიკური ავირჩიე და ბაკალავრიატი საქართველოში დავასრულე. მშობლები სულ მაიმედებდნენ, რომ საზღვარგარეთ გამიშვებდნენ და ამის დროც მოვიდა. დედაჩემის მეგობრის შვილმა, ძალიან წარმატებულმა გოგომ – თამუნა ბერულავამ, რომლის უზომოდ მადლიერი ვარ, ამერიკული სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელება „ოქსფორდში“ გადაწყვიტა. საბედნიეროდ, ინგლისში მეც მასთან ერთად გამიშვეს.

– გამოდის, „ოქსფორდში“ შემთხვევით აღმოჩნდით?

– როცა ძლიერი სურვილი გაქვს, ყველაფერი გამოვა, თუმცა რთული გზა გავიარე. მეგონა, ინგლისური ძალიან მაგრად ვიცოდი, მაგრამ იქ აღმოვაჩინე, რომ არაფერი მესმოდა. სამი თვე დამჭირდა, რომ ენისთვის ყური მიმეჩვია და გამოცდაზე უმაღლესი ქულა ამეღო. შემდეგ პრიმასტერიც დავამთავრე და მხოლოდ ამის შემდეგ გავიარე მაგისტრატურა ოქსფორდის ბიზნესსკოლაში, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. 2005 წელს სწავლა დავამთავრე და საქართველოში დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედი, მაგრამ იმედგაცრუება ვიწვნიე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ასეთი განათლების მქონეს კი არა, ელემენტარულად, ინგლისური ენის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტსაც სანთლით ეძებდნენ, თან, არც სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებთან კომუნიკაცია მაკლდა, უფრო მეტიც, მათ შორის იყო დედაჩემიც, ხელის წამკვრელი ვერავინ ვიპოვე (იცინის). არადა, პარალელურად, ჩემზე იბეჭდებოდა სტატიები სათაურებით – „მისი პროფესია ჩვენს ქვეყანას წყალივით სჭირდება“ და ასე შემდეგ.

ჩემი მიმართულება ტურიზმი იყო და იმედი მქონდა, რომ გამოვადგებოდი ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა, მაშინ ისე არ მოხდა, როგორც ვფიქრობდი.

სიმბოლურია, მაგრამ ახლახან, 28 სექტემბერს, საქართველოში გავხსენით პროექტი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას შეეხება. ეს არის პირველი საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი საქართველოში. ამ ყველაფერს საფუძველი სწორედ 2005 წელს ჩაეყარა. ასეთი საოცრებები ხდება ჩემს ცხოვრებაში. საბოლოოდ, მაინც მოხდა ის, რაც მინდოდა. მე მჯერა, რომ სამყარო ხედავს შენს სურვილებს და ქვეცნობიერს ყოველთვის მისკენ მიჰყავხარ.

– თქვენი მეუღლე შოტლანდიის სამეფო გვარის შთამომავალია. ამაზე გიფიქრიათ ოდესმე, ესეც შეიძლებოდა, ქვეცნობიერში ყოფილიყო?

– დიახ, ესეც ასე მოხდა და საოცარია. ბიძაშვილის წყალობით, ბავშვობიდან კარგად ვერკვეოდი ჰოროსკოპში. მე ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ. მშვილდოსანია მარიამ სტიუარტიც და ზუსტად ერთ დღეს ვართ დაბადებული. მე ძალიან მიყვარს კითხვა და შტეფან ცვაიგის „მარიამ სტიუარტი“ ჩემი სამაგიდო წიგნი იყო. მაშინ ინგლისზე საერთოდ არ ვფიქრობდი. როდესაც საქართველოდან იმედგაცრუებული ისევ ინგლისში დავბრუნდი, ვიზის გასაგრძელებლად სასწრაფოდ მჭირდებოდა კონტრაქტი რომელიმე კომპანიასთან. მიუხედავად ენების ბრწყინვალე ცოდნისა და ტოპ-ბიზნესგანათლებისა, მოკლე დროში ვერ ვნახე შესაბამისი კომპანია და გადავწყვიტე, ესპანეთში გადავსულიყავი და იქ ენის კურსები გამევლო. არჩევანი ქალაქ მარბელაზე შევაჩერე, რადგან ესპანელი მეგობრის დამსახურებით, ამ ქალაქში მანამდეც ვიყავი ნამყოფი. მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ამ საოცარ ქალაქში ვიცხოვრებდი, აქ შევქმნიდი ოჯახს და შვილიც აქ შემეძინებოდა. მარბელა ულამაზესი, ფეშენებელური ქალაქია, რომელსაც ესპანეთის მონაკოს ეძახიან. აქ უამრავი ვარსკვლავი ცხოვრობს. ესპანეთში გადასვლამდე ინგლისში რამდენიმე კომპანიაში მქონდა გაგზავნილი „სივი“ და ერთ-ერთი განსაკუთრებულად დაინტერესდა ჩემით. მითხრეს, ახლა სხვა ქვეყანაში გადავდივართ და როგორც კი ამ საკითხს მოვაგვარებთ, დაგიკავშირდებითო. საოცარია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიაც ესპანეთში და უფრო მეტიც, ქალაქ მარბელაში გადმოდიოდა. ამ კომპანიის მფლობელი კი მომავალში ჩემი მეუღლე გახდა. ის რიჩარდ სტუარტ-ფოქსი გახლავთ. ჩემი მეუღლე სტიუარდია და ახლა თავად მითხარით, როგორ არ უნდა მჯეროდეს ბედისწერის!? (იცინის) იმ პერიოდში მაიამიშიც მქონდა შანსი, ჩემი დიპლომით ძალიან მაღალანაზღაურებად სამსახურში მემუშავა, მაგრამ იქ რაღაც ისე არ აეწყო, როგორც უნდა ყოფილიყო და ამერიკაში არ დავრჩი. ალბათ, ესეც ბედისწერაა. ესპანეთში რომ ჩავედი, ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი მისსავე კომპანიაში – მას ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია აქვს. პირველივე დღეს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე აღმოვჩნდი. უკრაინელი პარლამენტარები და გერმანელი სტუმრები ჰყავდა, სამასმილიონიან პროექტს ეხებოდა საქმე და ისე მოხდა, რომ პირველივე შეხვედრაზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე და უკრაინელებმაც და გერმანელებმაც ერთად შემომთავაზეს სამსახური. ამ დროს, ჩემმა მომავალმა მეუღლემ თქვა, ნატალის უკვე აქვს სამსახურიო (იცინის). ასე დაიწყო ყველაფერი.

– ეს ურთიერთობა როდის გადაიზარდა ოჯახურ კავშირში?

– მოგვიანებით მითხრა, აქ შენნაირ გოგოს ვინ გააჩერებდაო (იცინის). მასთან მუშაობის დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში შემომთავაზა ურთიერთობის დაწყება. მე, ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, ვუთხარი, რომ 31 წლის ასაკში მხოლოდ სერიოზულ ურთიერთობაზე თუ ვიფიქრებდი და რომ გართობა არ იყო ჩემი სტილი. მიპასუხა, რომ არასერიოზულ ურთიერთობაზე არც მას უფიქრია. დიახ, რიჩარდი სამეფო გვარის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელია. მამა გოლფის ჩემპიონი იყო, დედამისი ბალერინაა, საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით. ცეკვავდა კოვენტ-გარდენში, ჩარლი ჩაპლინის მეგობარი გოგონა გახლდათ. დიდი ბაბუა ლორდთა პალატის წევრი ყოფილა.

ჩემი მეუღლე ძალიან არაორდინარული ადამიანია, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება აქვს და არ ჰგავს პედანტ და ცივ ინგლისელებს. ძალიან კომფორტული და ჭკვიანია, მასთან არ მოიწყენ და მისგან ბევრს ისწავლი. ყველაფერთან ერთად, ძალიან თავმდაბალი ადამიანია. ორივეს გვინდა, ჩვენი შვილი ორივე ქვეყნის საუკეთესო სტანდარტებით გაიზარდოს. ცოტა ხნის წინ ჩვენი, მიღებული სტანდარტების მიხედვით, ოჯახური გერბიც შევქმენით – ბრიტანულ-ქართული სიმბოლოებით. ჩემს შვილს ჩარლზ ნიკოლოზი ჰქვია. მან იცის, რომ ორი ქვეყნის შვილია და ორივეს პატივი უნდა სცეს. შინაგანად ძალიან ქართველია. ესპანეთიდან რომ ინგლისში გადავედით, სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდა – იმის გამო, რომ ნახევრად სხვა ერის წარმომადგენელია, უცხოელს ეძახდნენ, რაზეც მე აღვშფოთდი. მაშინ მან გულზე ხელი დაიდო და მითხრა: არა, დედა, მე ვამაყობ, რომ ნახევრად ქართველი ვარო. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო.

– როგორ ცდილობთ, საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზებას ესპანეთსა და ინგლისში?

– როდესაც დავინახე, რომ ესპანეთში ქართული არაფერი ხდებოდა, გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად დამეარსებინა ქართული კულტურის ცენტრი, სახელწოდებით – „ევრო ჯორჯია“. 2010 წელს კი მიზნად დავისახეთ ბათუმისა და მარბელას დამეგობრება. ამ მიზნით და ჩვენი ქართველი და ესპანელი მეგობრების დახმარებით, 2012-2013 წლებში ძალიან ნაყოფიერი პროექტები გავმართეთ. ეს იყო მარბელასა და ბათუმის საერთაშორისო გრანდიოზული არტფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ბათუმში განსაკუთრებული ვარსკვლავები და პატივსაცემი სტუმრები გვყავდა ჩამოყვანილი. გულწრფელად რომ გითხრათ, ვინც საქართველოში ჩამოვიყვანეთ, ყველა გაგიჟდა ჩვენს ქვეყანაზე. სტუმრებს შორის იყო მარბელას ვიცე-მერიც, რომელმაც სწორედ ჩვენს ფესტივალზე გაიცნო აჭარელი გოგონა და მათ დღეს ოჯახი აქვთ. 2012 წელს, ცნობილ ინგლისელ პროდიუსერებთან ერთად, მარბელაში დავაარსე საპროდიუსერო ცენტრი და საერთაშორისო ტალატების კონკურსი – Reality Star.

– მეუღლეს თუ შეაყვარეთ საქართველო?

– ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო. ხუმრობს ხოლმე, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მაშინ ვგრძნობ, ლორდების შთამომავალი რომ ვარო (იცინის). რომ ჰკითხავენ, რა გიყვარს საქართველოშიო, პასუხობს: ხინკალი, კუბდარი, აჯიკა და ჩემი ცოლიო (იცინის).

რაც შეეხება ინგლისს, ჩვენ ინგლისში, უელსში ვცხოვრობთ და იქ დიასპორული სავაჭრო პალატის წარმომადგენელი გახლავართ. უკვე იქაურ დიასპორასაც გავეცანი და სწორედ ამან განაპირობა ტურისტული ფილმების ფესტივალის შექმნა. საქმე ისაა, რომ შარშან, ნოემბერში, უელსი-საქართველოს რაგბის თამაშზე დასასწრებად, საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია აპირებდა ჩამოსვლას. საელჩოდან წინასწარ დამიკავშირდნენ და კარდიფში მცხოვრები ქართველთა დიასპორის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის ორგანიზება მთხოვეს. რადგან ჩვენ ესპანეთში ვცხოვრობდით, იქ არავის ვიცნობდი და საიდან დამეწყო, არ ვიცოდი. თუმცა, წარსული გამოცდილებების მეშვეობით, ათ დღეში ყველაფერი მოვაგვარეთ. აქაც ბედისწერის ამბავია – რაღაც რომ უნდა მოხდეს, სამყარო მისკენ ყველანაირ გზას გიხსნის. საბედნიეროდ, არაჩვეულებრივი ქართველები ვიპოვე უელსში: ლამაზები, წარმატებულები და ძალიან პოზიტიურები. ყველანი გვერდით დამიდგნენ და დელეგაციასთან შეხვედრაც შედგა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დელეგაციის წარმომადგენელ გივი ჭიჭინაძეს და ასევე, ირაკლი ზარქუას, რომელიც იყო პირველი, ვინც მოგვისმინა და მოიწონა ჩვენი იდეა. მე მათ ვუთხარი, რომ დიდი ხანი ესპანეთში ვცხოვრობდი და მქონდა პროექტი – „საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი“, რომელიც დიდ მნიშვნელობას ატარებდა და კარგი იქნებოდა, თუ იმავეს საქართველოშიც გავაკეთებდით. მათ უმალვე დაინახეს, რომ ტურისტული ფილმების ფესტივალი რეგიონული ტურიზმის განვითარებას წაადგებოდა და მათი თანადგომის შედეგად ეს ფესტივალი წელს წყალტუბოში გაიმართა.

პარალელურად, 2021 წელს შევქმენი სოციალური პლატფორმა – „ქართული ფილმი საზღვრებს გარეთ“. წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში ამ პროექტმა გაიმარჯვა და მარბელაში პირველად დაფუძნდება საერთაშორისო დიასპორული კინოფესტივალი. ძალიან მიხარია, რადგან მის ფარგლებში ვეხმარებით დამწყებ ხელოვანებს საინტერესო პროექტების განხორციელებაში.

ასე რომ, 28 სექტემბერს წყალტუბოში გავხსენით ტურისტული ფილმების ფესტივალი, 5 ოქტომბერს კი მარბელაში ვხსნით საერთაშორისო დიასპორულ კინოფესტივალს – „ქართული ფილმი საზღვრებს გარეთ“. ორივეს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი