როგორ ელაპარაკებოდა მანანა ხორბალაძეს მამა გაბრიელი უფლის სიტყვებით
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00
მანანა ხორბალაძის ცხოვრების გზა დიდი განსაცდელებით, უფლის სიყვარულით, გამარჯვებებითა და სასწაულებით არის სავსე. მისთვის მსოფლიოს არაერთ ტაძარში ლოცულობენ და მისი ძლიერი რწმენა სასწაულის ძალას ატარებს.
მანანა ხორბალაძე: მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი და მეგონა, რომ ეს იყო ნამდვილი ბედნიერება. ღვთიური ცხოვრებისგან ძალიან შორს ვიყავი. დედა მორწმუნე მყავდა, სულ ლოცულობდა. მე კი, ყოფილი კომკავშირის ათეისტი მდივანი, მას მუდმივად ვეკამათებოდი. ვეკითხებოდი ხოლმე: აბა, მაჩვენე, სად არის შენი ღმერთი? დღეს უკვე ვიცი, რომ ეს უდიდესი მკრეხელობაა. უფალს ცოდვილიც და მართალიც ერთნაირად უყვარს და ყველას აძლევს შანსს, სწორ გზას დაადგეს. ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ამის ჟამი. უეცრად,
ძალიან ავად გავხდი და ონკოლოგიურში მომათავსეს. ისეთი მდგომარეობა მქონდა, ექიმები შიშობდნენ, რომ შესაძლებელი იყო საოპერაციოდან ცოცხალი ვერ გამოვსულიყავი. ოპერაციის წინ სასწაული მოხდა ჩემს თავს – ანესთეზიის გაკეთებამდე საოპერაციო მაგიდის ბოლოში სხივმოსილი უფალი დავინახე, თუმცა მაშინ მისი ვინაობა არ ვიცოდი, მე ხომ ურწმუნო გახლდით. ექიმს ვკითხე, ხედავ-მეთქი? მიპასუხა, მე ვერავის ვხედავ, მაგრამ შენი თვალებიდან სხივები ანათებსო. შემდეგ კლინიკური სიკვდილი მქონდა და ის გზა გავიარე, რომელიც ალბათ, ბევრს გამოუცდია. ელვის სისწრაფით გავრბოდი ბნელ გვირაბში და უკან ცეცხლი მომსდევდა ურჩხულის სახით. ვგრძნობდი, რომ ჩემს შთანთქმას აპირებდა. როგორც იქნა, სინათლე გამოჩნდა და თეთრი ყვავილებით სავსე მინდორში გავედი. იქ იყო ჩემი მეუღლის და, რომელსაც 24 წლის ასაკში მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. უეცრად მიწაში კარი გაიხსნა, ჩემმა მულმა მითხრა, მე მივდივარო და მეც მასთან ერთად მოვინდომე წასვლა, მაგრამ ფეხებზე საშინელი სიმძიმე ვიგრძენი და კარიც დაიხურა. უეცრად რეანიმაციაში აღმოვჩნდი. ჩემს სხეულს ზემოდან დავცქეროდი. ვხედავდი, რომ ექიმები მანიპულაციებს მიკეთებდნენ. ვესაუბრებოდი, თავი დამანებეთ, აქ ძალიან კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ მათ ჩემი არ ესმოდათ. უცებ ვიგრძენი, რომ მთელი სიმძიმით დავეშვი და ჩემი სული სხეულს დაუბრუნდა. ექიმმა თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: შვილო, ყველაფერი კარგად იქნებაო. მესამე დღეს პალატაში გადამიყვანეს. ერთი ბატონი შემოვიდა ხატებით. ჩემმა ძმამ მითხრა, აირჩიე, უნდა გიყიდოო. მე ურწმუნომ ვერცერთი წმინდანი ვერ ვიცანი, მაგრამ ერთ-ერთ ხატზე ის კაცი დავინახე, რომელიც საოპერაციოში გამომეცხადა. წარმოიდგინეთ, რამდენად ცოდვილი ვარ, უფალზე ვამბობ, ის კაცი-მეთქი. ჩემმა ძმამ ის ხატი მიყიდა და მე უფალი მთელი გულით შევიყვარე.
– აქედან დაიწყო ცვლილებები?
– გადავრჩი, თუმცა წინ მძიმე გზა მელოდა. ჭრილობა დამიჩირქდა. თავიდან გამიხსნეს და ჯოჯოხეთი გამოვიარე. ღია ჭრილობით გამომიშვეს ონკოლოგიურიდან. ეს 9 აპრილის პერიოდი იყო. მოგეხსენებათ, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა სუფევდა. ონკოლოგიურიც გაათავისუფლეს, დიდ უბედურებას ველოდებითო, გვითხრეს. რაც მოხდა კიდეც.
ჯერ ჭრილობა არ მქონდა შეხორცებული, მაგრამ ძალიან მომინდა ტაძარში წასვლა და ქაშუეთში მივედი. ჯვარცმასთან კელაპტარი ავანთე. მთელი ის ჯოჯოხეთური ტკივილი გამახსენდა, რაც გავიარე და ისტერიკული ტირილი ამივარდა. მამა არჩილი მოვიდა და მკითხა, ვინ გარდაგეცვალა, აქ მიცვალებულების მოსახსენიებლად ვანთებთ სანთელსო. მეტად ავტირდი, ესე იგი, მალე მოვკვდები-მეთქი და ყველაფერი მოვუყევი. მან კი მითხრა, შენ უკვე გარდაიცვალე, შენში ახალი ადამიანი დაიბადა და ახლა ღვთისკენ მიმავალ გზაზე უნდა აიდგა ფეხი – სახარება უნდა იკითხო, აღსარება ჩააბარო და როცა მზად იქნები, გაზიარებო.
უბედნიერესი ვიყავი. სწორედ მაშინ გავიგე, რომ ხატი, რომელიც მთელი გულით შევიყვარე, უფლის იყო...
მე საშვილოსნოზე მქონდა სიმსივნე. ოპერაციის დროს, ერთი საკვერცხე დამიტოვეს, ერთი ამომიღეს. ექვსი თვის შემდეგ, უსიამოვნო შეგრძნებამ კიდევ ერთხელ მიმიყვანა ექიმთან. აღმოჩნდა, რომ ისევ განვითარდა სიმსივნე, ისევ საოპერაციო ვიყავი. ძალიან ვინერვიულე. ჯერ საკმარისად არ ვიყავი გაძლიერებული რწმენაში და ისევ გავტყდი. უფალი ყველაზე მეტად მიყვარდა, მაგრამ შიში დამეუფლა – არ მინდოდა, ის ჯოჯოხეთი კიდევ ერთხელ გადამეტანა. პირდაპირ, ანესთეზიის გარეშე გაჭრა, ჭრილობის დამუშავება – ეს ისეთი მტკივნეულია, რომ ენა ვერ აღწერს. სიკვდილის შიში არ მქონდა, ფიზიკური ტანჯვის მეშინოდა.
ოპერაციის დღე დაინიშნა. მე კი უფალს ვევედრებოდი, თუ იგივე ტანჯვა მელის, საოპერაციოდან ცოცხალს ნუ გამომიყვან-მეთქი. ერთ ღამეს სიზმრად ღვთისმშობელი გამომეცხადა და გამიბრაზდა: შვილო, აღარ გაბედო უფლისთვის ამის თხოვნაო.
ძალიან დავისაჯე ამისთვის და მადლობა უფალს, რომ ასე მოხდა. ოპერაციიდან მეცხრე დღეს, სიცხემ ამიწია... ექიმებმა მითხრეს, დავიღუპეთ, რისიც გვეშინოდა ის არის, ისევ დაჩირქება წავიდაო. ისევ გამიხსნეს ჭრილობა, ისევ ტირილი, ისევ ის ჯოჯოხეთური ტკივილი, რომელსაც არაფერი აყუჩებდა. ჩემი გადახსნილი მუცელი რომ დავინახე, გონება დავკარგე. ტკივილისგან ისე ვიყავი გაგიჟებული, ფანჯრიდან გადახტომას ვაპირებდი. დამამშვიდებელი გამიკეთეს და დამეძინა. უცებ დიდუბეში, ტაძარში აღმოვჩნდი. მთლიანად შიშველი ვარ და გადახნილი მუცელი ხელით მიჭირავს. პატრიარქი დგას ტაძრის ეზოში და მეუბნება, შემოდიო. მან მაცხოვარს და ღვთისმშობელის ხატს მამთხვია და ბლანტი სითხე მომცა ჭრილობაზე მოსასმელად. წავისვი ეს სითხე ჭრილობაზე და ტაძრიდან რომ გამოვედი, ზეციდან ექოსავით ხმა ჩამესმა: „ჩემი ჩრდილი მას, ზოლიანი საბანი რომ აფარია“ (ონკოლოგიურში ზუსტად ასეთი საბანი მეფარა). გარშემო წრე შეიკრა, გაოცების შეძახილები გაისმა. ზეციდან ჯვრის სახით სხივები წამოვიდა და მეპკურა. თვალი რომ გავახილე, ექიმები გაოგნდნენ: „რა მოხდა, სად წავიდა ამდენი ჩირქიო?!“ ჭრილობაში ჩირქი საერთოდ აღარ იყო და შეხორცება დაიწყო.
– მამა გაბრიელს როგორ შეხვდით?
– ამ ამბიდან გარკვული დროის გასვლის შემდეგ, როცა უკვე ეკლესიურად ვცხოვრობდი, მამა გაბრიელთან მამა არჩილმა გამგზავნა. ვიცოდი, რომ მას ცოტა უცნაური ხასიათი ჰქონდა და ვშიშობდი – მე ისეთი ცოდვილი ვარ, ალბათ, მეჩხუბება-მეთქი. რომ მივედი და დალოცვა ვთხოვე, საოცარი სიყვარულით შემომხედა. უფალივით შემოვიდა ჩემს გულში. ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს, დაო, როგორ უყვარხარ უფალსო, მითხრა და გულში ჩამიკრა. ცრემლები წამომივიდა. მოვუყევი ჩემი ათეისტობის შესახებ, გულზე ხელები გადაიჭდო და ისევ გაიმეორა: „როგორ უყვარხარ, დაო, უფალს. ჩემი მანანა, ჩემთან მინდა, მყავდეს მანანაო“. მამა გაბრიელი ყველა ჩასვლაზე ამას მიმეორებდა. უფალი ცეცხლში გამოგატარებსო, ესეც მითხრა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი მისი სიტყვების მნიშვნელობას. წლები გავიდა და მხოლოდ მერე გავიგე, რასაც გულისხმობდა. ერთხელაც, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს, საშინელი წელის ტკივილი დამეწყო და ვერაფერმა გამიჩერა. ისევ ონკოლოგიურში გამიშვეს. ყოველთვის სუსტი აღნაგობის ვიყავი, მაგრამ მაშინ ათი კილოგრამი დავიკელი. სახეზე ქაღალდივით თეთრი ვიყავი. მითხრეს, რომ სარკომა მქონდა. ჯერ პოლიკლინიკაში მივედით და მეუღლეს უთხრეს, აღარაფერი ეშველება, მხოლოდ ქიმია, ან სხივური თერაპია, სარკომა აქვსო. რაც მე მაშინ ვიგრძენი, ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც მსგავსი რამ განუცდია. გულში ვფიქრობ – ეს მე არ მექნება-მეთქი. მეუღლეს ფერი წაუვიდა და ცრემლები წამოუვიდა. მე სიარულიც აღარ შემეძლო. ონკოლოგიურში ჩემმა მეგობარმა ექიმებმა ასეთი დიაგნოზით რომ მნახეს, სასწრაფოდ კონსილიუმი მოიწვიეს. ვთხოვე, მხოლოდ ჩემი მეუღლისთვის კი არა, ჩემთვისაც ეთქვათ სიმართლე. მთავარი ის კი არ არის, ვინ როდის წავალთ ამქვეყნიდან, მთავარია, როგორები წარვდგებით უფლის წინაშე-მეთქი. კეთილიო, მითხრეს. სამწუხაროდ, მთელ ძვლებზე გაქვს პროცესი წასული, ფაქტობრივად, სისხლის გათეთრებაც გაქვს და ვერაფერს გიკეთებთო. ჩემი მეუღლე გაქვავდა. მეც გავოგნდი. გულში ვფიქრობდი, ღმერთო, ნუთუ, ეს მე მჭირს?! იყოს ნება შენი, უფალო... დრო რამდენი დამრჩა-მეთქი, ვიკითხე და მიპასუხეს, რომ მაქსიმუმ სამი თვე მქონდა. ექიმებიც ტიროდნენ...
ჩემს მეუღლეს ხელი მოვკიდე და ვუთხარი, მე შეიძლება, ბევრი განსაცდელი გავიარო, მაგრამ ღვთის შეწევნით, აუცილებლად ვიცოცხლებ, ბავშვებს არაფერი უთხრა-მეთქი...
სახლში წამოვედი, მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა. ტკივილგამაყუჩებლები უნდა მიმეღო და დავლოდებოდი. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გადაბრუნების დროსაც კი არსებობდა მოტეხილობის შანსი. დავწექი და თვალი დავხუჭე... ჩემს პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში აღმოვჩნდი. ლიტანიობა იწყებოდა და ტაძარს წრეს ვუვლიდით. უეცრად მიწისძვრა დაიწყო. ხალხი კივილით მიმოიფანტა. მე მიწაზე დავვარდი და ლოცვა დავიწყე. მიწა გათეთრდა და დაწყნარდა. მამა ილიამ მითხრა, იცი მანანა, ახლა შენმა ლოცვამ გადაგვარჩინაო და დანარჩენებმაც დაუდასტურეს. საწინააღმდეგო მხარეს წამოვედით, ხის სახელდახელო კარი გაკეთდა, რომელთანაც ორი მოძღვარი იდგა, გულზე ძალიან დიდი ვერცხლისფერი ჯვრები ეკიდათ. ერთ-ერთს ხელში ნაჯახი ეჭირა. მეკითხებიან, ამქვეყნად ყველაზე ძლიერად ვინ გიყვარს, ქმარ-შვილი თუ უფალიო. ვიცი, თუ უფალს ავირჩევ, თავს მომკვეთენ, მაგრამ ვპასუხობ: უფალი იესო ქრისტე-მეთქი. კითხვა გამიმეორეს და იგივე მივუგე. ნაჯახი აღმართა და მითხრა, საბოლოოდ გეკითხებიო... აღარ დავამთავრებინე, უფალი-მეთქი, მივუგე და თავი დავდე მოსაკვეთად. მომკვეთეს... თითქოს ამოვფრინდი ჩემი სხეულიდან. თეთრი, გრძელი პერანგი მეცვა და გვერდით, სარკეში ჩემს თავს ვხედავდი, საოცრად გალამაზებულს. კარი გაიხსნა, უზარმაზარ დარბაზში შევედი და უამრავი თეთრებში ჩაცმული ადამიანი შემომეგება. მეფერებოდნენ და შიგნით მპატიჟებენ. ნუთუ ეს სასუფეველია, მე რა ღირსი ვარ აქაურობის-მეთქი, ვიფიქრე. უცებ, გამახსენდა, რომ მე უფალი ავირჩიე. ჩემი შვილები იქ დარჩნენ-მეთქი, გავიფიქრე და ტირილი დავიწყე. ერთ-ერთმა ცრემლი მომწმინდა და მითხრა: ნუ ტირი, დაო, განა თვითონ არ აირჩიე ეს გზა? გამახსენდა, როგორ უარვყავი ქმარ-შვილი და უფალი ავირჩიე. ხატიდან გადმოსულ დედაღვთისმშობელს ჩავეხუტე და ზარების წკრიალის ხმაც გაისმა. მივხდი, რომ უფალი გვიახლოვდებოდა. ისევ სხვიმოსილი მაცხოვარი...
უცებ, თვალებს ვახელ და ვფიქრობ, ღმერთო, ეს რა იყო?! მაშინვე მამა არჩილს დავურეკე. მან მაზიარა, პარაკლისი გადამიხადა და მითხრა: მანანა, შენი ამქვეყნიდან გასვლის ჟამია, მზად ხარო? იყოს ნება ღვთისა-მეთქი, ვუპასუხე. საღამოს ჩემი ქალიშვილი ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო. გულში ვთქვი: უფალმა იცის, ერთი სამდურავი არ მითქვამს, პირიქით, მადლობელი ვარ ყველა ტკივილისა და განსაცდელისთვის, მხოლოდ ერთი გამეფიქრა – ნუთუ, საჭიროა წამიყვანო ამქვეყნიდან და ჩემი ქმარ-შვილი ასე გაუბედურდეს-მეთქი. მეტი არაფერი, სიტყვაც არ დამცდენია.
მეორე დღეს, თვალს ვახელ და ვხედავ სავარძელში მამა გაბრიელი ზის.
ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა, რადგან იმ დროს, ის უკვე აღარ გამოდიოდა მონასტრიდან და ჩემნაირ ცოდვილთან როგორ მოვიდოდა-მეთქი. მალე მივხვდი, რომ ნამდვილად ჩემს სასთუმალთან იდგა. მან რომ გულში ჩამიკრა, პირველი ცრემლი მაშინ გადმოვუშვი, ორივე ვქვითინებდით. უცებ დიდი ურვა და მწუხარება მომწყდა გულიდან, ორივე დავმშვიდდით. მამა გაბრიელმა შემომხედა და მითხრა: „ჩემია მანანა, ჩემთან მინდა, მყავდეს მანანა“. მე შენ მინიშნებას სულ გაძლევდი. უფალს იმდენად უყვარხარ, უნდოდი თავისთან ჰყოლოდი, მაგრამ შენი ქმარ-შვილი იმდენად შეებრალა, მათ აჩუქა შენი თავი. ლოცვა შესმენილია...
მივხვდი, რომ მისი ლოცვით უფალმა ზეცაში ჩემი ბედისწერა შეცვალა. მაგრამ ახლა, რაც შენს თავს მოხდება, ეს ღვთის საიდუმლოებაა და მე მისი გაცემის უფლება არ მაქვს. შენ უფალი ცეცხლში გამოგატარებს და როგორც ოქროს ისე განგწმენდსო...
გაწმენდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ცეცხლში მართლა ვიარე. უამრავი ოპერაცია, საშინელი ტკივილები. ექვსი თვე ვერ დავდიოდი. დღე და ღამე ვტიროდი ტკივილებისგან და მერე თოთო ბავშვივით ავიდგი ფეხი. რა აღარ გადავიტანე და ყოველ ჯერზე ვიხსენებდი: ალბათ, ეს არის ცეცხლი, რომელზეც მამაომ მითხრა-მეთქი.
– არაერთი ქვეყანა მოიარეთ სამკურნალოდ...
– კი, მოსკოვით დავიწყეთ, შემდეგ გერმანიაში წავედით. ისრაელმა უარი გვითხრა, მხოლოდ ბელგიაში დამისვეს დიაგნოზი, აქ გამიკეთდა ოპერაციები და თითოეულში ღვთის ხელი ერია. მისი წყალობით ფეხზე დავდექი.
– 30 წელზე გაცილებით მეტი გავიდა ამ ამბებიდან. სასწაულია, მაგრამ გადარჩით, ფეხზე დადექით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება თავიდან დაიწყეთ და ბევრის შექმნა შეძელით – ამაზეც მოგვიყევით.
– ამ ყველაფერმა ჩემი მეუღლის თავზე გადაიარა. მაშინ აქ მხოლოდ რუსული ტაძარი იყო და იქ დავდიოდით. რწმენა მაძლევდა ძალას. არცერთი ოპერაციის დროს არ მიგრძნია შიში. გაგეცინებათ, რომ მნახოთ, როგორ მივიპრანჭები ხოლმე საოპერაციოში (იცინის). ექიმები მეუბნებიან, ასეთი ძლიერი რომ ხარ, იმიტომ გადარჩიო. ეს ღვთის ნებაა და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ყველა განსაცდელი გაწრთობს და გაძლიერებს. ბედნიერებაა, როცა ამხელა განსაცდელი გევლინება, ესე იგი, ღმერთმა გამოგარჩია – ეს უდიდესი მადლია.
ყველაფრის შემდეგ ფეხზე რომ დავდექი, ძალიან მიჭირდა ჩემი სამშობლოს გარეშე. იმ პერიოდში, საქართველოში ჩამოსვლაც არ შემეძლო. შემდეგ შვილები ჩამოვიდნენ ჩემთან, მაგრამ ამანაც ვერ მიშველა, ყოველი ხე და ბუჩქი მენატრებოდა.
7 წლის შემდეგ ჩამოვედი სამშობლოში და მეგონა, სიხარულისგან გული გამისკდებოდა. მიწაზე დავემხე და ვემთხვიე. აქ უამრავი ახლობელი დამხვდა, ყველა გაოცებული იყო, რომ ჩემი ფეხით დავბრუნდი. იმ საღამოს მამა გაბრიელი გამომეცხადა და სასწრაფოდ მის საფალავზე წავედით. თითქოს, სიბნელეში ვიღაც გზას მინათებდა. იქ მისული მის საფლავზე დავემხე და ამ დროს ჩემმა დისშვილმა ფოტო გადამიღო. ამ ფოტოზე ჩანს, რომ თავზე ბერი მადგას და ხელს მადებს. ეს ფოტო დედა პარასკევას დავუტოვე. მონასტერშიც ყველა გაოცებული იყო, ჩემი ფეხით რომ მივედი.
მეორე დღეს უწმიდესთან მივედი, მის ფეხებთან დავემხე და ვუთხარი, როგორ მენატრებოდა ჩემი სამშობლო. დაიბნა პატრიარქი, არ მელოდა, ადექი, შვილო, არაფერი გეტკინოსო. გულში ჩამიკრა და ყველას დაუძახა, მოდით, ღვთის სასწაული გაჩვენოთ, მე ეს აქედან მომაკვდავი გავუშვი და თავის ფეხით დაბრუნდაო. საოცარი სიხარული იყო მასში. ყველაფერი ვუამბე, ისიც, როგორ მიჭირს სამშობლოს გარეშე ყოფნა. შენი ჯანმრთელობისთვის ასეა საჭირო, ესეც შენი ჯვრის ნაწილია, მოვა ჟამი და დაგვიბრუნდები. რა არის, შვილო, სამშობლო? ის აქ – შენს გულშიაო, მითხრა. პატრიარქი მთელი ავადობის ჟამს გვერდით მყავდა, ის მამასავით არის ჩემთვის.
შემდეგ ისევ დავბრუნდი ბელგიაში. მას შემდეგ ყველგან საქართველოს ვეძებ. ღმერთს ვთხოვდი, თუ სამშობლოს გარეშე მომიწევს ცხოვრება, მცირედი მაინც გამაკეთებინე მისთვის-მეთქი. ერთ დღესაც ტაძრში ქართველი ბავშვები დავინახე, სამწუხაროდ, მათ ქართული არ იცოდნენ. გული ძალიან ჩამწყდა და ერთი აზრი მომივიდა – მხატვრული წრის გახსნა. ბავშვებს შევთავაზე, თქვენი უფროსი მეგობარი ვიქნები-მეთქი. სახლში ვეპატიჟებოდი, ტკბილეულსა და საყვარელ საკვებს ვახვედრებდი, ბევრს ვესაუბრებოდი, საქართველოს ისტორიას ვუყვებოდი. ძალიან დაინტერესდნენ და სიხარულით მოდიოდნენ. მერე ლექსებისა და მოთხრობების სწავლა დავიწყეთ, წერა-კითხვა... ნელ-ნელა ბევრი რამ აითვისეს. ყველაზე მეტად ვცდილობდი, ღმერთის, სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარული ჩამედო მათ გულებში. სამი წლის შემდეგ შენობა ვიქირავეთ, მოვაწყვეთ და არაჩვეულებრივი სკოლა შევქმენით. ახლა მეორე თაობის ბავშვები გვყავს. სამწუხაროდ, მშობლებიც იცვლებიან, მშობლიურ ღირებულებებს ნელ-ნელა მატერიალური ანაცვლებს, რაც ძალიან მტკივნეულია. თეატრი ჩამოვაყალიბეთ, არაჩვეულებრივ სპექტაკლებს ვდგამთ, ამას ტელევიზიებშიც აშუქებენ და გამოხმაურებაც დიდია. მინდა, საქართველოშიც ჩამოვიტანოთ ჩვენი სპექტაკლი და კარგი იქნება, თუ დამფინანსებლებიც გამოგვიჩნდებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




