როგორ დაიწყო მაია მერაბიშვილმა ხატვა სრულიად მოულოდნელად
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 05.02
მაია მერაბიშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ, რომლის ნამუშევრებიც უამრავმა ადამიანმა შეიყვარა. ხელოვანის ისტორია საკმაოდ საინტერესო გახლავთ.
მაია მერაბიშვილი: პროფესიით ისტორიკოსი გახლავართ, პედაგოგი. გარკვეული დრო პედაგოგად ვიმუშავე, მაგრამ ოჯახური პასუხისმგებლობების გამო ვეღარ შევძელი ამ საქმიანობის გაგრძელება. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. სრულიად მოულოდნელად, ინფარქტით, ახალგაზრდა მეუღლე გარდამეცვალა – 40 წლის ასაკში. ეს მთელი ოჯახისთვის ძალიან მძიმე გადასატანი იყო. ამ მდგომარეობაში ყველა ახლობელი გვერდში მედგა, მაგრამ ჩემს ტკივილთან მაინც მარტო ვიყავი, რაც ბუნებრივია. ეს ტკივილი ადამიანმა მარტომ უნდა გადაიტანო. ჩემთვის ხელოვნება აღმოჩნდა ერთგვარი თავშესაფარი. ბოლო ხუთი წელია, ვხატავ. არჩევანი მინაზე შევაჩერე. ვხატავდი ტილოზეც, მაგრამ ჩემთვის ვიტრაჟი უფრო ახლობელი გახდა. ვიტრაჟული მონუმენტური ნამუშევრები ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონდა. ბოლო პერიოდში ჩემი მეგობარი დაუახლოვდა ამ მიმართულებას და ეს ჩემთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა.
ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ გვერდით მომისვა და მასწავლა ეს საქმე, არა, თვითნასწავლი ვარ, სხვადასხვა ლიტერატურას გავეცანი და შედეგად, ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგ კი, გარკვეულ ეტაპზე, გამიჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩემი ცოდნა თეორიული კუთხით გამემყარებინა. ხელოვნების ისტორია შევისწავლე, შესაბამისი სტატუსი მოვიპოვე, საგნის გამოცდა ჩავაბარე და ახლა ესთეტიკის პედაგოგი ვარ. ამ ეტაპზე პროფესიულ კოლეჯში ვასწავლი. ასე რომ, ჩემი ჰობი უკვე პროფესიად გადაიქცა. მანამდეც ვასწავლიდი ხატვას, წრეც გვყავდა და დამოუკიდებლადაც მყავს მოსწავლეები. რაც უფრო მეტს ეცნობი, მეტ ინფორმაციას აგროვებ და გასცემ, ეს პროცესი მით უფრო საინტერესოა.
– როგორ გახსენდებათ მომენტი, როცა თქვენი ნამუშევრები პირველად გაასაჯაროვეთ?
– მახსოვს, პირველად რომ გადავწყვიტე, ხატვა მეცადა, სახლში მინის მოძიებაც კი გამიჭირდა, თუმცა მოვახერხე (იცინის). რადგან ეს ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო იყო, შესაბამისად, ჩემი ნამუშევრების გასაჯაროება, ნამდვილად არ იყო ადვილი. თავდაპირველად მეგობრებს გავუზიარე. ძალიან მოეწონათ. ერთ-ერთი თავადაც ხატავდა და მისი შეფასება ჩემთვის ძალიან ფასეული აღმოჩნდა. მერე გავბედე და სოციალურ ქსელებშიც გამოვაქვეყნე. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია აღმოჩნდა მიღებული დადებითი შეფასებები. პატარა ასაკის ნამდვილად არ ვყოფილვარ, რომ აღფრთოვანებას ავეტაცებინე, მაგრამ როცა ზრდასრულ ასაკში ახალ ცოდნას იძენ და შედეგს სრულიად უცნობი ადამიანებიც მოგიწონებენ, ეს ძალიან სასიამოვნო ყოფილა. ამასთან ერთად, რადგან მე თვითონაც მომწონდა ის, რასაც ვქმნიდი, სიამოვნებით ვაგრძელებდი გზას წინ, ამ მიმართულებით. საბედნიეროდ, შვილებიც გვერდით მიდგანან. ამ ყველაფერმა გამათამამა, თორემ აკადემიური განათლება არ მაქვს – ეს არის ის, რასაც საკუთარი ძალებით მივაღწიე.
– რა შინაარსისაა თქვენი ნამუშევრები?
– სხვადასხვა მიმდინარეობები მომწონს. ჩემთვის მთავარია, ნამუშევარი მნახველს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდეს. შეიძლება, შინაარსი საერთოდ არ იყოს აქცენტირებული და მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებაზე იყოს ორიენტირებული. თუმცა, არის ნამუშევრები, რომლებსაც შინაარსი აქვს. ერთ-ერთს გავიხსენებ, რომელიც გამოფენაზეც მქონდა გატანილი და ამ ნახატით ძალიან ბევრი დაინტერესდა. იცით რატომ? ის თავიდან ბოლომდე სიმბოლოებით არის აგებული. როცა ნამუშევარში რაღაც უნდა ამოიკითხო, ეს ძალიან მომწონს. მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებაც ხომ არ არის, აზრობრივი ინტერესიც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ამიტომ ჩემს ნამუშევრებში ესთეტიკური სიამოვნებაცაა და შინაარსობრივი მხარეც. ასევე, შესრულებული მაქვს ცნობილი ადამიანების ჩემეული ინტერპრეტაციები. ძალიან მიყვარს ნათელი, მზისფერები. საერთოდ, ხელოვნებასთან სიახლოვე და ხატვის პროცესი პოზიტივით არის სავსე და დადებით განწყობას მიქმნის. ასე იყო დასაწყისში და ასეა დღემდე. ხატვის პროცესი განსაკუთრებულ სილაღეს მანიჭებს. შეიძლება, დასაწყისში ჩემს რომელიმე ნახატზე ნათელი ფერი ნაკლებად იყოს, მაგრამ სანამ დავასრულებ, მაინც სინათლისკენ წავიყვან.
– ნამუშევრების გასხვისება-გაყიდვა ან გაჩუქება გიჭირთ?
– ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ძალიან მიყვარს გაჩუქება, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ბოლო დროს უკვე ძალიან მიჭირს. განა იმიტომ, რომ მენანება – ასე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ძალიან კარგად უნდა ვიცნობდე იმ ადამიანს, ვისაც ვჩუქნი. თითქოს, მინდა, ჩემი ნახატები კარგ ბედში აღმოჩდნენ. არაერთხელ გამიჩუქებია, მაგრამ ისეთ ადამიანებზე, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ აფასებს ხელოვნებას, შესაბამისად, კარგად მოუვლის. რაც შეეხება ყიდვას, ჩემი ნამუშევრები ნაცნობებსაც უყიდიათ და სრულიად უცხოებსაც. დღევანდელი გადმოსახედიდან, მირჩევნია, გავყიდო. თითქოს, ადამიანის ფსიქოლოგია ასეთია, ანუ, რაშიც თანხას იხდიან, იმას უფრო უფრთხილდებიან.
– რთული პერიოდის გამოვლის შემდეგ, თითქოს, მხატვრობაში იპოვეთ გამოსავალი. რას გაძლევთ ემოციურად ხატვის პროცესი?
– ძალიან მავსებს, ჩემში დადებითი ემოციები შემოაქვს, მით უმეტეს, ვიტრაჟზე მუშაობა. კონტურებს რომ ვქმნი და მერე მათ ფერებით ვავსებ, ჩემ თვალწინ რომ ნამუშევარი ცოცხლდება, ეს იმდენად სასიამოვნო პროცესია, ვერ აღგიწერთ. ზოგჯერ არის, რომ ზუსტად იმ მომენტში, როცა საინტერესო იდეა მომდის, კარგი მასალა არ მაქვს მის განსახორციელებლად, არადა, ძალიან მინდა, ჩემი ფანტაზია სწრაფად ვაქციო რეალობად და რაღაც რომ მაბრკოლებს, ეს ძალიან მაწუხებს. მინაზე მუშაობა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მხედველობისთვისაა დამაზიანებელი, მით უმეტეს, როცა მოუსვენრობა მიპყრობს და ღამე ვხატავ, ეს ორმაგად რთულია (იცინის). თუმცა, სირთულის მიუხედავად, ეს ძალიან სასიამოვნოა.
– როგორც წესი, ეს ნიჭი გენეტიკურია ხოლმე...
– დედაჩემი ძალიან კარგად კერავს, ქსოვს. ეს საქმე ბებიასაც ეხერხებოდა. ერთხელ წიგნის კითხვისას დედაჩემის მიერ შესრულებული ჩანახატი ვიპოვე, ჩვენი მამაპაპისეული სახლი ჰქონდა ფანქრით შესრულებული. ისეთი ლამაზი იყო, რომ ამ ნამუშევარს დღემდე ვინახავ. ბიძაშვილი ხატავს, მოქანდაკე, ფერმწერი და ხატმწერი გახლავთ.
– ბავშვობაშიც არ გიხატიათ?
– ყოველთვის მიყვარდა ნახატების თვალიერება. გადმოვიღებდი კატალოგებს და სიამოვნებით ვეცნობოდი. თუმცა, არ ვხატავდი. სხვისი ხატვის პროცესსაც სიამოვნებით ვუცქერდი. პირადად მე კი, ვფიქრობ, ბიძგი მჭირდებოდა, რომ ეს საქმე დამეწყო, რაც საკმაოდ გვიან ასაკში მოხდა, თუმცა, მადლიერი და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემი ცხოვრება მხატვრობას დაუკავშირდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





