საზოგადოება

როგორ დაიბადა სამჯერ გოგა მანია და რა ელის საქართველოს მისი წინასწარმეტყველებით უახლოეს მომავალში

№25

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 30.06

გოგა მანია
დაკოპირებულია

ეზოთერიკოსი გოგა მანია რამდენიმე დღის წინ სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. საბედნიეროდ, ის თავს კარგად გრძნობს, არ დაშავებულა და ამბობს, რომ მესამედ გადაურჩა სიკვდილს და ფაქტობრივად, მესამედ დაიბადა.

გოგა მანია: საკმაოდ მოწესრიგებული მძღოლი ვარ და ყოველთვის ვიცავ უსაფრთხოების წესებს. არასოდეს ვაჭარბებ დასაშვებ სიჩქარეს და საჭესთანაც ყურადღებიანი ვარ. ავტომობილი ყოველთვის მწყობრში მყავს და როცა შორ გზაზე მიწევს წასვლა, აუცილებლად ვამოწმებინებ ყველა დეტალს, ვარეცხინებ და ისე მივემგზავრები. მოკლედ, წინდახედული მძღოლი ვარ და რაც მთავარია, ძალიან სწრაფადაც არ ვმოძრაობ.

– მიუხედავად ამისა, ახლახან ავარიაში მოყევი, მანქანა საკმაოდ დაზიანდა და თავადაც ბეწვზე გადაურჩი სიკვდილს. რა მოხდა და როგორ ხარ, რამე ხომ არ დაიზიანე?

– სამეგრელოში ვიყავი. იქიდან რომ მოვდიოდი, სამტრედიაში ნათესავებს შევუარე. შუა ტრასაზე წინ ღორმა გადამირბინა. კიდევ კარგი, რომ ჩქარა არ მივდიოდი, თორემ არც კი ვიცი, როგორ დასრულდებოდა ეს ინციდენტი. მოკლედ, ღორს ავარიდე მანქანა და ბეტონის კონსტრუქციას მივეჯახე. მისთვისაც მინდოდა, თავის არიდება, მაგრამ არ გამოვიდა, ვერ ავარიდე. მანქანა ძალიან დაზიანდა, მე გადავრჩი, თუმცა შოკი მივიღე. სასწარაფო რომ მოვიდა, მაღალი წნევა მქონდა. მითხრეს, რომ წნევა ადრენალინმა და შოკურმა სიტუაციამ გამოიწვია. იმ მომენტში ეს სრულიად ნორმალური იყო. იცით რისი თქმა მინდა? იმ წამს დაცული ენერგია ვიგრძენი სამყაროსგან, თან დიდი დოზით. დარტყმის დროს რაღაცამ დამიჭირა, აირბაგი არ გაიხსნა, რადგან არ მივდიოდი დიდი სისწრაფით, მაგრამ არც თავი მიმირტყამს და არც სხეულის რომელიმე ნაწილი დამზიანებია. მანქანა ახლახან შევიძინე, დაახლოებით 7-8 თვის წინ. ძვირად ღირებული იყო, დაზღვეული მყავდა და შეფასებაზეა გადაყვანილი. ძალიან მიყვარდა და მის საჭესთან ჯდომა უდიდეს კომფორტს მიქმნიდა, თუმცა, სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია და არ ვდარდობ. სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი ავარიული შემთხვევა იყო და იმედია, უკანასკნელი.

– ნაავარიევი მანქანის ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, სასწაულია, იქიდან რომ უვნებელი გადმოხვედი. ბევრჯერ ამხდარა შენი ნაწინასწარმეტყველევი და როგორც ეზოთერიკოსმა, რაღაც მინიშნებებით წინასწარ ვერ იგრძენი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ?

– სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მქონდა წინასწარი მინიშნებები სამყაროსგან, სხეულითაც ვგრძნობდი, მაგრამ არ მინდოდა, ეს ავარიულ შემთხვევასთან დამეკავშირებინა, რადგან მართლა კარგი მძღოლი ვარ. მოკლედ, ჩემს მომავალ განსაცდელებს, ყოველთვის წინასწარ ვგრძნობ, უბრალოდ, ვიცოდი ძალიან მალე მოხდებოდა განსაცდელი ჩემს თავს, მაგრამ ავარიის სახით ვერ ვხედავდი. მე, როგორც ეზოთერიკოსმა, წინასწარ ვიცოდი, რომ საფრთხე მელოდა და ამის შესახებ 5 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ტელევიზიის ჟურნალისტთანაც ვისაუბრე. ვთქვი: „მეც მელოდება პატარა განსაცდელი, უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ. რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე? რამდენჯერაც რაღაც მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემ მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გამოდიან ჩემზე და კეთდება სხვადასხვა ენერგეტიკული დარტყმა.“ მანამდე გულის შეტევა მქონდა სამჯერ და მაშინ მახსოვს ხალხის რეაქცია: თუ წინასწარმეტყველია, რატომ ვერ იგებს საკუთარ თავზეო. კიდევ ვამბობ, მე ნამდვილად ვგრძნობდი საფრთხეს.

– წელს, გულის შეტევით სამჯერ მოხვდი საავადმყოფოში, შემდეგ მოხდა ავარია...როგორც ეზოთერიკოსს, არ შეგეძლო თავის არიდება?

– კარმულ ვალდებულებას ყველა ადამიანი იხდის და არც მე ვარ გამონაკლისი. შესაბამისად, იმხელა ვალდებულებები მაქვს აღებული, რომ სრულიად ნორმალურად მიმაჩნია ეს განსაცდელები, რაც ჩემს თავს ხდება.

გამოდის, 2025 წელი შენთვის კარმული ვალების გადახდის წელია?

– ეს წელი ჩემთვის ნამდვილად კარმულია. უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება და უამრავ ნეგატივს ვიღებ. უდიდესი ძალა სჭირდება, რომ ეს ნეგატივი გადავამუშავო. ეგზორციზმი თუ რიტუალები არ არის მარტივი საქმე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩემზე გადმოდის და ამას ემატება ენერგეტიკული ბრძოლები ჩემზე. ზუსტად ვიცი, რომ სერიოზული არაფერი დამემართება, მაგრამ განსაცდელები კარმის სახით აუცილებლად უნდა გავიარო. ზოგადად, სამჯერ გადავურჩი სიკვდილს. ერთი იყო მოწამვლა, მეორე – გულის შეტევა და ახლა – ავარია. გამოდის, სამჯერ თავიდან დავიბადე (იცინის). გასამდა და კარმაც დავასრულე. ასე რომ, სუფთა კარმით, მშვიდად გავაგრძელებ ცხოვრებას, რა ნეგატივიც არ უნდა გამოუშვან ჩემკენ.

– გოგა, აქვე გკითხავ: მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, ქვეყნებს შორის გაჩაღებულია საომარი მოქმედებები და როგორია ამ მხრივ შენი წინასწარმეტყველება? რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყანა?

– ეს არის უდიდესი თამაში, დიდი მანიპულაცია ხალხზე. რა არის ეს, თუ არა წამოწყებული მესამე მსოფლიო ომი? ერთი რამ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ დაბადება, ისევ აქ დავიბადებოდი, რადგან ჩვენი ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე დაცულია. საქართველო ძალიან მაღალ ვიბრაციებზე დგას ენერგეტიკულად. თუ მოიძიებთ, წინა თვის ინტერვიუებში პირდაპირ ვსაუბრობდი მესამე მსოფლიო ომზე, რუსეთი რომ ძალის დაკარგვას დაიწყებს, პირდაპირ ევროპის ქვეყნებზე გადავა შეტევაზე-მეთქი. ასევე, მომავალი სამი წლის განმავლობაში რუსეთი გაერთიანებას დაიწყებს ორ სხვა ქვეყანასთან. ყოველ შემთხვევაში, სამი დროშის გაერთიანებას ნამდვილად ვხედავ. რუსეთი დაიწყებს ძალების მოხვეჭას და ბატონყმობას, არ გაჩერდება, სანამ უკრაინას თავიდან ბოლომდე ხელში არ ჩაიგდებს. ირანზე ძალიან დიდი თამაში კი, რაც ახლა ხდება, დატრიალდება და მომავალ წლებში ისრაელს აუცილებლად ცუდად მიუბრუნდება. ნგრევა ბევრ ქვეყანას შეეხება. უახლოეს მომავალში კი ვხედავ ატომური იარაღის გამოყენებას, რომელიც დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს ბევრ ქვეყანას.

– თქვი, საბრძოლო კუთხით, ჩვენი ქვეყანა დაცულიაო. თუმცა, გეოგრაფიულად სეისმოლოგიურ ზონაშია. ეკოლოგიურად რაიმე საფრთხე ხომ არ არის მოსალოდნელი?

– შიდა ნგრევები – მეწყერები, წლის მოვარდნები, მიწისძვრები საქართველოში იქნება. ჩვენთან არა, მაგრამ უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 5-6 თვეში, თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას ვხედავ. საქართველო კი ამ მხრივ დაცულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა