როგორ „აშინებს“ ექიმებს დათი ქოქრაშვილი და როდის დაბრუნდება ის სამშობლოში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 22.08, 2022 წელი
8 წლის დათი ქოქრაშვილი რამდენიმე თვის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო. სამწუხაროდ, მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. დათი რამდენიმე თვეა, ისრაელში მკურნალობს და ახლა მისი დედა კლინიკიდან სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს. დათის ფინანსური მხარდაჭერა შეგვიძლია შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი: GE90BG0000000101545483, თიბისი: GE05TB7962745064300024.
ქრისტინე მამუკაშვილი: ძალიან კარგი ამბავი გვაქვს, დათის ოპერაცია გაუკეთეს, კანი გადაუნერგეს, რითაც ღია ჭრილობები დაიხურა მუცელზე, დუნდულაზე, ასევე, მცირე ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ მძიმე პროცესი. რთული ოპერაცია გადავიტანეთ, ფეხიდან გადაუნერგეს საკმაოდ დიდი ზომის კანი ჭრილობის დასაფარავად და ახლა ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს – ნაოპერაციევიც სტკივა და ფეხიც, საიდანაც კანი აიღეს. ერთი კვირა მაინც სჭირდება, რომ ჭრილობები ცოტა მოშუშდეს და ტკივილებმა იკლოს. იმისთვის, რომ გაუსაძლის ტკივილებს გაუმკლავდეს, ეს რამდენიმე დღე ძალიან ძლიერ მედიკამენტებს აძლევენ და ძირითადად სძინავს. რთული დღეები გვაქვს, ბავშვისთვის რთულია ამ ეტაპის გავლა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჭრილობა დაუხურეს და სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს. ერთ კვირაში გავიგებთ, როგორ მიიღო ორგანიზმმა გადანერგილი კანი. ცოტა ხანი კიდევ შეხორცებას უნდა დაველოდოთ და ასე, ნელ-ნელა ფინალისკენ გავდივართ. ვერ ვიფიქრებდით, რომ აქ ამდენ ხანს მოგვიწევდა გაჩერება. გვეგონა, ჩამოვიდოდით, პროთეზს გაგვიკეთებდნენ და გაგვიშვებდნენ. მაგრამ მთელი ეს დრო ინფექციას ვებრძვით. ის რომ არა, ყველაფერი გაცილებით ადრე მოხდებოდა და ახლა უკვე სახლში ვიქნებოდით. თუმცა, კიდევ კარგად მოვერიეთ ინფექციას. თავის დროზე მითხრეს, ორი პროცენტია მისგან განკურნების შანსიო და მადლობა ღმერთს, ამ ორ პროცენტში მოვხვდით. ინფექცია ორგანიზმში ახლაც არის და წამლების მიღებას ვაგრძელებთ. ძალიან ტოქსიკური წამლებია, ბავშვს თმა გაუქერავა, ცვენაც დაეწყო, მაგრამ მკურნალობის კურსი ექვს თვეს მოიცავს და ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თუმცა, საბედნიეროდ, ჭრილობა უკვე იყო იმ მდგომარეობაში, რომ დახურულიყო.
– დათიკო ემოციურად როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს?
– ემოციურად ახლა უფრო უჭირს. ოპერაციის შემდეგ, როცა ღვიძავს, ტირილის შეკავება უჭირს, რადგან ძალიან სტკივა. ამბობდა, არ მჯერა, რომ ეს ხდება, არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეაო. განცდებშია – ეშინია, ვერ უყურებს თავის სხეულს. ფეხიდან კანის გადანერგვის შემდეგ, ფეხზეც დიდი ჭრილობა აქვს და ცდილობს, სულ დაფარული ჰქონდეს, არ შეხედოს. ამ მომენტს ძალიან დიდი ხანი ველოდით, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, თუ ეს ასეთი რთული და მტკივნეული იქნებოდა. იმედია, ყველაფერი კარგად წავა და რამის მეორედ გადატანა არ გახდება საჭირო. მთავარია, ორგანიზმმა მიიღოს გადანერგილი კანი და ინფექცია არ წავიდეს. შემდეგ, წვრილმანები დაგვრჩება მოსაგვარებელი და როგორც გვეუბნებიან, სექტემბრის დასაწყისში გამოგვწერენ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გაუკეთებენ. იმპლანტზე ან პროთეზზე საუბარი ადრეა. ჯერ ჭრილობა კარგად უნდა შეხორცდეს. წელიწად ნახევარი-ორი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ იმპლანტის ჩადგმა მოხერხდეს. გვთავაზობენ, რომ ეს ამერიკაში გავიკეთოთ, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება და არ ვიცი, რამდენად შევძლებთ. ნელ-ნელა დეტალებს ვარკვევთ და ძალიან გვინდა, რომ გამოგვივიდეს.
– ახლა, ალბათ, ყველაზე მეტად, შინ დაბრუნებას ელოდებით.
– ისე უხარია, ვერ აღგიწერთ. ზოგადად, დათიკო ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი, მაგრამ რაღაც მომენტში, რომ იცინის, უცებ შეიძლება, ტირილი დაიწყოს. მიზეზს შეშინებული ვეკითხები ხოლმე, მგონია, რომ ცუდად არის და მეუბნება: სახლში მინდა, ჩემი ძმები მენატრებიან, მეგობრები და ჩვენი ძაღლი მენატრებაო. უცებ მოაწვება ხოლმე ემოციები და ტირის. აღარ მინდა აქ, წამიყვანეთ, რატომ მტანჯავთო. ასეთ ტექსტებს რომ მეუბნება, გული მიკვდება, მაგრამ რას ვიზამთ?! ერთი სული აქვს, როდის წავა სახლში და თუ დროულად წავედით, ეს ძალიან კარგად აისახება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. სახლში უფრო გაძლიერდება.
ბავშვმა რაც გაიღვიძა, მას შემდეგ სულ ვეუბნები: სულ ცოტაც, დედიკო, სულ ცოტაც და მალე კარგად იქნები, ისევ ისე, როგორც აქამდე, მალე სახლშიც დავბრუნდებით-მეთქი. ამასობაში ოთხი თვე გავიდა... ახლა ცოტა დაგვრჩა, მაგრამ მისთვის დრო უკვე ძალიან იწელება. თან, ახლა ეს მტკივნეული პროცესებიც რომ გვაქვს გასავლელი, ძალიან გაუჭირდა.
– როგორ უნდა გააგრძელოთ მკურნალობა დაბრუნების შემდეგ?
– მეორე ფეხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მოტეხილი აქვს და მეტალი უდგას. ამიტომ დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად დაგვჭირდება ფიზიოთერაპიის კურსის გავლა. ასე რომ, სარეაბილიტაციო ცენტრის გარეშე არ გამოვა, თუმცა, ძირითადად სახლში ვიქნებით.
კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლზე დაჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა, გვეგონა ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, რომ მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს, ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც, ყველანი, ბედნიერებისგან ვტიროდით.
– როგორც ამბობთ, მეორე ფეხზე არ არის მარტივი მდგომარეობა, მაგრამ რაც მთავარია, საფრთხე ხომ არ ემუქრება?
– შეძლებს თუ არა სიარულს? აქ გვეუბნებიან, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყავარჯნებით სიარულს შეძლებსო. ეტლზე არც გველაპარაკებოდნენ, ეს, უბრალოდ, ჩვენ ვერ მოვითმინეთ და გამოვუწერეთ. ყავარჯნებით სიარულს კი ნელ-ნელა უნდა შევეცადოთ, მაგრამ მგონია, რომ აქ ამას ვერ მოვახერხებთ. ალბათ, უფრო საქართველოში, ვარჯიშის შედეგად ფეხი ცოტა რომ გაძლიერდება და მის დადგმას შეძლებს, მერე იქნებ ყავარჯნებითაც გაიაროს.
– ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნებოდა, დათისთვის აგეხსნათ, რომ ფეხი დაკარგა. ამას როგორ გაუმკლავდით?
– თავიდან, მეგონა, ხვდებოდა, რომ ერთი ფეხი აღარ ჰქონდა. თურმე, ვცდებოდი. შემდეგ, რამდენიმეჯერ მითხრა, ფეხს ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვხედავ და სად არის ჩემი ფეხიო? ექავებოდა და მთხოვდა მომფხანეო. მივდიოდი და მეორე ფეხს ვფხანდი, ეგ არა, მეორეო, მეუბნებოდა და არ ვიცოდი, რა მეთქვა, როგორ ამეხსნა... ხედავდა, რომ ფეხი არ იყო, მაგრამ ვერ აღიქვამდა იმიტომ, რომ ტკივილს გრძნობდა და ქავილის შეგრძნებაც ჰქონდა. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ეს ფანტომური შეგრძნებები კიდევ კარგა ხანს ექნება. როცა გაიგო, რაც მოხდა, ძალიან ინერვიულა. პირველი რაც მკითხა, იყო – „ჩემმა ძმებმა იციან, რომ ფეხი აღარ მაქვს?“ გაუჭირდა, მაგრამ მერე ვუთხარით, რომ მალე რკინის ფეხი ექნება, რომ მერე კიდევ უფრო ძლიერი და სწრაფი იქნება და ნელ-ნელა შეეგუა ამ აზრს.
– ალბათ, ყველაზე ძვირფასი, რაც ამ ტკივილმა შეგძინათ, უამრავი ადამიანის თანადგომა და სიყვარულია...
– ნამდვილად ასეა. საოცარი ადამიანები გავიცანით, სრულიად უცნობები ისე დაგვიდგნენ გვერდით, ვერც აღვწერ. ახალი ოჯახი შევიძინეთ. ყოველდღე მოდიან, გვნახულობენ, არაფერს გვაკლებენ. წვრილმანი იქნება თუ მსხვილმანით, თავიდან ბოლომდე უზრუნველგვყოფენ. ეს ადამიანები ნამდვილი ანგელოზები არიან, მათი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნა. გულწრფელად გეტყვით, აქამდე ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი ადამიანები კიდევ არსებობდნენ. აქ მისაბაძი ხალხი გავიცანი. მათი სახით, ღმერთმა მაჩვენა, როგორი უნდა იყოს ადამიანი. უამრავი ადამიანი დაგვიდგა გვერდით და მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო.
– დათის ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, თუ ახერხებს მათთან კონტაქტს?
– დიახ, ურეკავს ხოლმე მეგობრებს და ურთიერთობენ. მასთან თანაკლასელებმა წერილები გამომატანეს და კითხულობს ხოლმე. „ფეისბუქს“ ვათვალიერებინებ – აინტერესებს, რა ხდება, ვინ რა ფოტო დადო და ასე შემდეგ. ძალიან ენატრება მეგობრები და თანაკლასელები. ყველას უდიდესი მადლობა – გულშემატკივრობისთვის. ვგრძნობ, რომ მთელი გულით ჩვენ გვერდით არიან და ეს ძალიან გვაძლიერებს.
– დიდი ხანი ხელოვნური ძილის მდგომარეობაში იყო, გამოღვიძების შემდეგ როგორ აუხსენით რა მოხდა, რეალობას როგორ შეაგუეთ?
– ძალიან რთული ეტაპი გავიარეთ. პირველ რიგში, წამალზე დამოკიდებულების პრობლემას უნდა გავმკლავებოდით. დათიკო დიდი ხანი ნარკოზის ქვეშ იყო, ამასთან ერთად, კიდევ ძალიან ძლიერ წამლებს უკეთებდნენ და ყველაფერი ერთად მოუხსნეს. ამიტომ, გამოღვიძების შემდეგ, თავიდან ძალიან აგრესიული იყო, ყველაფერს იგლეჯდა, ძალიან სტკიოდა, გვეჩხუბებოდა. ასე გაგრძელდა პირველი ათი დღე. მერე ნელ-ნელა დამშვიდდა და კითხვების დასმაც დაიწყო. ნელ-ნელა ავუხსენით, რაც მოხდა. ერთბაშად ვერ ვეტყოდით, იმიტომ, რომ ბავშვს არც ავარია ახსოვდა და ვერც იმას ხვდებოდა, სად იყო და რატომ.
– წერდით, მადლობა ღმერთს, რომ მასზე ზრუნვის ფუფუნება მაქვსო. ამ სიტყვებს დიდი ძალა სჭირდება...
– ის, რომ სააღდგომოდ წმიდა მიწაზე ჩამომიყვანა ღმერთმა, უბრალო დამთხვევა არ მგონია. ალბათ, ასე იყო საჭირო. რომ წარმოვიდგინე, შეიძლებოდა, დათიკო საერთოდ არ მყოლოდა, იმასთან შედარებით, დღევანდელი მდგომარეობა სანატრელია. რომ ვიხსენებ, პირველად „იაშვილში“ მისულს, დათიკო როგორი დამხვდა და იმ მდგომარეობას დღევანდელს ვადარებ, იმდენად დიდ პროგრესს ვხედავ, რომ მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. რაც მთავარია, ბავშვი კომუნიკაბელურია, ტვინი არ აქვს დაზიანებული. როცა ვფიქრობ, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, ხერხემალი ან თავის ტვინი რომ დაზიანებოდა, ვხვდები, რომ ღმერთმა გადაგვარჩინა და ნამდვილად დიდი წყალობაა მდგომარეობა, რომელიც ახლა გვაქვს.
– დათი ყველამ გაიცნო და შეიყვარა, ამიტომ მეტი გვაინტერესებს მის შესახებ – როგორი ბიჭია, რა უყვარს, რაზე ოცნებობს?
– ძალიან პოზიტიური ბიჭია. იმდენად მხიარულია, მნახველები რომ მოდიან, გაოცებულები არიან, მუსიკას ჩაგვართვევინებს და ცეკვავს, სულ გვეთამაშება, ხუმრობს. ჩვენც ვეხმარებით, ვცდილობთ, სულ მხიარულად იყოს და მოწყენისა და ბევრი ფიქრის საშუალება არ მივცეთ. სკეიდბორდი და ველოსიპედი უყვარს ძალიან. დავპირდი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, ველოსიპედს აუცილებლად გაატარებს. უნდა, რომ გაიზრდება, მსახიობი გახდეს. თავის მსახიობურ ნიჭს უკვე იყენებეს და ხანდახან ექიმებს აშინებს – თვალებს გადაატრიალებს, ვითომ ცუდად გახდა და ექიმები დაფეთებული უყურებენ (იცინის). გვიმტკიცებს, რომ კარგი მსახიობია (იცინის). ვცდილობთ, კარგ ხასიათზე ვიყოთ.
– ალბათ, ესეც უამრავი ადამიანის ლოცვა, სიყვარული და რა თქმა უნდა, ექიმების პროფესიონალიზმი, დღეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკეთესობაზე ვისაუბროთ.
– დიახ. კიდევ ერთი მომენტია – ვერ ვიტყვი, რომ დათიკოს ძალიან ეკლესიურად ვზრდიდი. ხანდახან წირვაზე დავდიოდით, მაგრამ სულ ეს იყო. ბავშვმა რომ გაიღვიძა და ჯვარი დაინახა, კოცნა დაუწყო. ისე კოცნიდა, გეგონებოდა, შეჭამსო. მერე რაღაცებს მიყვებოდა, თითქოს ანგელოზებთან იყო. მივხვდი, რომ ღმერთმა არ გაგვწირა და გადაწყვიტა, მეორედ ეჩუქებინა ჩვენთვის მისი სიცოცხლე. ეს წარმოუდგენელია, აქაც არ სჯეროდათ – გაოცებულები მეუბნებოდნენ, ასეთი დაზიანებებით ცოცხალი როგორ გადარჩაო?! „იაშვილში“ მითხრეს, დათიკო საქართველოში პირველია, ვინც ასეთი დაზიანებებით გადარჩაო. მჯერა, ღმერთმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ დათიკო გადარჩენილიყო. სასწრაფო ორ წუთში მივიდა ადგილზე, გზაზე საცობებიც არ იყო და კლინიკაში დროულად მიიყვანეს, სადაც პროფესიონალი ექიმები დახვდათ და ბავშვი გადამირჩინეს. ღმერთს არ უნდოდა დათიკოს გაწირვა, ამიტომ მჯერა, რომ ბოლომდე მიგვიყვანს. დათიკომ გვაჩვენა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, მიგვახვედრა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბევრი რამ გადაგვაფასებინა და გაგვაერთიანა. სულ ვეუბნები: დედი, ყველაფერს ორი მხარე აქვს, შეხედე, როგორ გააერთიანა ამდენი ადამიანი და როგორ შეაყვარე ყველას თავი, ღმერთმა როგორ გამოგარჩია და ალბათ, ძალიან დიდი და კარგი რამისთვის გამზადებს-მეთქი. ამას მხოლოდ გასამხნევებლად არ ვეუბნები. მე ამის მწამს. რადგან უფალმა აქამდე მოგვიყვანა, გულით მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან