რით იყო გამორჩეული გიორგი ოდიშელიძის ცხოვრება და როგორ გადაუხადა მას საფრანგეთის მთავრობამ ოთხჯერ მადლობა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:54 07.04
გიორგი ოდიშელიძე დაიბადა 1899 წელს ყვარელში გენერლ იასონ ოდიშელიძის ოჯახში.
1917 წელს, თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის უნივერსიტეტში, რუსული ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო. 1918 წელს გიორგი კვინიტაძის ძალისხმევით თბილისში დაარსებული ქართული სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი გახდა.
1920-1921 წლებში გიორგი ოდიშელიძე იუნკერთა სკოლის პედაგოგი-ზემდეგია. 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოჭრისას, ის, სხვა იუნკერებთან ერთად, იბრძოდა კოჯორ-ტაბახმელასთან. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ოსმალო ასკერებისგან ბათუმის გათავისუფლებაში.
გიორგი ოდიშელიძე 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, ჯერ სტამბოლში, შემდეგ – საფრანგეთში. იმავე წლის ბოლოს, ოთხ იუნკერთან (ნიკოლოზ /კუკური/ თოხაძე, ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი) ერთად, საფრანგეთის სენ-მიქსენის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, რომლის სრული კურსის გავლის შემდეგ, უმაღლესი სატანკო სასწავლებელი დაამთავრა და დაინიშნა ქალაქ ნანსის 513–ე სატანკო ათასეულის მეთაურად. რამდენიმე წლის შემდეგ კი – საინჟინრო შენაერთებში გადაიყვანეს.
უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ოდიშელიძე 1922 წელს საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩაირიცხა. 1926 წელს სირიაში გაემგზავრა, 1929 წლიდან კი ალჟირში მსახურობდა. 1935 წელს მას კაპიტნის წოდება მიენიჭა და ბატალიონის მეთაურად დაინიშნა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანია საფრანგეთში შეიჭრა, საფრანგეთის მთავრობამ მობილიზაცია გამოაცხადა. მობილიზაცია შეეხო საფრანგეთში მცხოვრებ უცხოელებს და მათ შორის 170 ქართველსაც. ამ პერიოდისთვის ქართველ ემიგრანტთაგან ბევრი მსახურობდა უცხოურ ლეგიონში და ისინი ცნობილი იყვნენ როგორც საუკეთესო მეომრები.
ომის დაწყებისას გიორგი ოდიშელიძე უცხოური ლეგიონის ქვეითთა პოლკში მსახურობდა. 1940 წლის აპრილში მას დაავალეს სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ბარკარესში ქართული სამხედრო შენაერთის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა მხოლოდ ქართველი პროფესიონალი სამხედროებით და მოხალისეებით. ეს იყო ქართული ნაწილი Unite Georgine, რომელიც შემდეგ სოფელ სეტფორში გადაიყვანეს. ნაწილის გასაძლიერებლად, მაროკოში განლაგებული საფრანგეთის ჯარის შტაბის ბრძანებით, ქართველი ლეგიონერები ბარკარესის სამხედრო ბანაკში გადაისროლეს. ნაწილის შესავსებად ქართველები რომ არ ეყოთ, მასში ფრანგი და ესპანელი ლტოლვილებიც შეიყვანეს. Unite Georgine-სა და საფრანგეთის სარდლობას შორის შუამავალი ფრანგი ოფიცერი პიო იყო, რომელიც ქართველებს დიდ პატივს სცემდა. დაიწყო ნაწილის ინტენსიური წვრთნა, მაგრამ 1940 წლის 14 ივნისს პარიზი გერმენელებს ჩაბარდა და მარშალმა პატენმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას. 1941 წლის დამლევიდან ორი წლის განმავლობაში მაიორი ოდიშელიძე ასრულებდა საფრანგეთის არმიის საჰაერო ჯარების კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის მოვალეობას.
1943 წელს გიორგი ოდიშელიძე ტუნისში იბრძოდა, მონაწილეობდა საფრანგეთის გათავისუფლების სამხედრო ოპერაციებში. 1944 წელს მიენიჭა საფრანგეთის არმიის კოლონელის (პოლკოვნიკის) სამხედრო წოდება. 1945 წელს ის მიიწვიეს საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს რადიოკომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელად.
1947 წლის დეკემბერში გიორგი ოდიშელიძე თადარიგში გავიდა სამხედრო სამინისტროს სრული პენსიით და მოღვაწეობა დაიწყო სამოქალაქო სექტორში, ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას.
გიორგი ოდიშელიძე იყო ღირსების ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი. საბრძოლო მამაცობისათვის მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო. საფრანგეთის მთავრობამ ოთხჯერ გამოუცხადა მადლობა ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის. საფრანგეთში გამოცემულ ყველა ნაშრომში, რომელიც ეძღვნება უცხოური ლეგიონის ბრძოლებს აფრიკაში გერმანელების წინააღმდეგ, აღწერილია გიორგი ოდიშელიძის სამხედრო დამსახურება.
მისი სამხედრო ღვაწლი კარგად არის წარმოჩენილი იუნკერ შოთა ნიკოლაძის ვაჟის, რევაზ ნიკოლაძისა და მისი მეუღლის ფრანსუაზის წიგნში „ქართველები საფრანგეთისათვის ბრძოლაში 1939-1945 წლები”.
პარიზში გიორგი ოდიშელიძე დაქორწინდა საქართველოს მთავარსარდლისა და იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელის, თავის მასწავლებლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის შუათანა ქალიშვილზე – თამარზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: ნოდარი, მერაბი და ეკატერინე.
გიორგი ოდიშელიძე გარდაიცვალა პარიზში 1970 წელს, დაკრძალულია შატუს სასაფლაოზე.
გამოყენებული მასალების წყარო: ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; ურუშაძე ლევან. ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია; kvirispalitra.ge;.nplg.gov.ge/.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





