საზოგადოება

რატომ დაბრუნდა მარგარეტ დაიაური საცხოვრებლად ისევ ხევსურეთში და როგორ აღმოჩნდა ის უდიდესი განსაცდელის წინაშე

№29

ავტორი: ანკა რობაქიძე 16:00 29.07

მარგარეტ დაიაური
დაკოპირებულია

„ხევსურეთში დაბრუნების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ პირველ რიგში, წარმოუდგენლად მიყვარს ჩემი კუთხე“, – ამბობს მარგარეტ დაიაური, რომელიც საზოგადოებამ დიდი ხანია, გაიცნო. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის უცხოურზეც, ხევსურეთის სილამაზის სიმბოლოდ ქვეყნდება.

მარგარეტ დაიაური ხევსურეთიდან გვესაუბრა.

– საზოგადოებას გაუკვირდა, ძალიან ახალგაზრდა, თბილისელი სტუდენტი რომ ხევსურეთში საცხოვრებლად გადახვედით. გამოდის, თქვენთვის რთული პირობები არ ყოფილა მიზეზი, რომ ხევსურეთი დაგეტოვებინათ?

– არა, სოფლისა და ხევსურეთის სირთულეები ჩემთვის არასდროსაა მიზეზი, რომ იქიდან წამოვიდე ან საქმე მივატოვო, პირიქით, ასეთ დროს ასმაგად მეტი მოტივაცია მიჩნდება, რომ ბოლომდე ვიბრძოლო კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად. სირთულეები რომ მაშინებდეს, არც 6-7 წლის წინ გადავწყვეტდი ხევსურეთში წასვლას, მაშინ, როცა დენი ყოველდღე ითიშებოდა, არც ინტერნეტი იყო და არც უმცირესი პირობები კოშკში საცხოვრებლად. მსგავს საკითხებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად არაფერს გავაკეთებდი და შევეგუებოდი, რადგან მსგავსი სირთულეები მხოლოდ მე კი არა, ხევსურეთს ეხებოდა და ჩემი კუთხის ხალხს. სოფლისა და კოშკის დატოვება გადავწყვიტე ჩემი განქორწინების გამო. ამიტომ მომიწია, იმ ბიზნესის დატოვებაც, რაც დავიწყე, რადგან იმ კოშკში გავაკეთე, სადაც ვცხოვრობდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩემი კუთხე მივატოვე, მე, იქიდან მოყოლებული, დღემდე აქტიურად ვიყავი და ვარ ჩემი კუთხის საკითხებში ჩართული და მუდმივად ვეცნობოდი ახალ ინფორმაციას, რაც მთლიანად ხევსურეთის პრობლემებს ეხება და მაქსიმალურად ვცდილობდი, კონკრეტული საკითხების მოგვარებას, რადგან ხევსურეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– როგორი იყო ის პერიოდი, როდესაც თბილისში დაბრუნდით?

– ძალიან რთულად შევეგუე ქალაქში დაბრუნებას და იმ ხმაურს, რაც მას თან ახლავს. თავიდან, რამდენიმე თვე, ისიც კი მავიწყდებოდა, რომ რამის ყიდვა იმ დღესვე და იმ წუთას შემეძლო, როცა მომინდებოდა და ორი კვირა არ უნდა მომეცადა, რადგან ხევსურეთში ორ კვირაში ერთხელ იყო როტაცია და მხოლოდ ვერტმფრენის გადმოფრენისას შემეძლო ნებისმიერი ნივთის ან პროდუქტის შეძენა. იმის გადაჩვევაც გამიჭირდა, რომ როცა მარკეტში შევდიოდი, პროდუქტს ძალიან დიდი რაოდენობით ვყიდულობდი, ვიმარაგებდი, რადგან მეგონა, რომ იმ დღესვე ან მეორე დღეს ვეღარ შევძლებდი შეძენას და ისევ კვირები უნდა დავლოდებოდი.. განსხვავებული იყო დილით გაღვიძებაც და ფანჯრიდან შემოსული სინათლის დანახვა, რადგან წლების განმავლობაში კოშკში ცხოვრებამ შემაჩვია სიბნელეს და იმას, რომ სინათლის დასანახად გარეთ უნდა გავსულიყავი, რადგან კოშკს ფანჯრები არ აქვს და ვერ იგებ, როდის თენდება და ღამდება, აბსოლუტურად კარგავ დროის აღქმას. ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი თარიღები და დრო. სასიამოვნოდ გასაკვირი და მისაჩვევი იყო ისიც, რომ შემეძლო, დიდი ხნის უნახავ ახლობლებს შევხვედროდი, თან ნებისმიერ დროს... ბევრი ცვლილება იყო.

– ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისევ დაბრუნდით ხევსურეთში. როგორ და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, როგორც ბევრს ჰგონია, პირად ცხოვრებაშია სიახლე?

– ჩემს პირადში არანაირი სიახლე არაა, ახლა მთლიანად მხოლოდ იმ საქმეებზე ვარ კონცენტრირებული, რასაც ვაკეთებ. ხევსურეთში დაბრუნების გადაწყვეტილება კი იმიტომ მივიღე, რომ პირველ რიგში, წარმოუდგენლად მიყვარს ჩემი კუთხე. ამასთან ერთად, ვიცი, რომ ხევსურეთი იცლება და ეს ძალიან მწყინს, პირველად ჩემი წასვლისას ათამდე ახალგაზრდა ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ სამია მუდმივი მკვიდრი. ორი ძმაა, რომლებსაც სოფელი არასდროს დაუტოვებიათ და კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელმაც სოფელი რომ დატოვოს, შატილი დენის გარეშე დარჩება, რადგან ის უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გამართულ მუშაობას.

– ამჯერად როგორი პირობები დაგხვდათ ხევსურეთში?

– დენის პრობლემა აღარაა, რადგან მეორე, ძველი ჰესიც აღადგინეს, ადგილობრივი ახალგაზრდის დახმარებით და ახლა, რაც მე ხევსურეთში ვარ, ელექტროენერგია ერთხელაც არ გათიშულა. ეს ძალიან დიდი ამბავია სოფლისთვის და ძალიან მიხარია. რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, სამწუხაროდ, ყველაფერი ძველებურადაა.

– სოციალურ ქსელში წერდით, რომ ახალგაზრდა ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. იქნებ გვიამბოთ ამ უმძიმეს შემთხვევაზე.

– დიახ, ღამის პირველის ნახევარზე ნამცხვარს ვაცხობდი, როცა ახლობელი სამზარეულოდან უნდა გასულიყო და კართან ჩაიკეცა, ვერ მიხვდა, რა დაემართა. ვუთხარი, მიდი, დაისვენე და იქნებ გაგიაროს-მეთქი. 5 წუთში ავაკითხე. მითხრა, ცუდად ვარ და რა მჭირსო. მე პასუხი არ მქონდა. იცოდა, რომ ნამცხვრისთვის ფქვილი მინდოდა და შენ არ გახვიდე, წვიმს, დასველდები, 10 წუთი მაცადე, ავდგები და მე ჩამოგიტანო, თუმცა, იმის მერე ადგომა ვეღარ შეძლო. მხოლოდ ჩემი გამოცდილებით, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდი. მაშინვე ვუთხარი, ექთანს დავურეკავ-მეთქი და არ მინდაო, სამაშველოს დავურეკავ-მეთქი და არ მინდა, გამივლისო. დედას და ძმას არ უთხრა, არ გააღვიძო, ინერვიულებენ და დედა ცუდად გახდებაო. ექთანს მაინც დავურეკე, ექთანმა ვერ გაიგო რა სჭირდა და რომ წავიდა, ყოველი შემთხვევისთვის, აღარ დავიძინე, რამე რომ დაგჭირდეს, დამიძახე-მეთქი და რომ არ ჩამძინებოდა, საქმის კეთება განვაგრძე. დილის ოთხ საათზე დაიძახა, ფქვილიანი ხელებით ავვარდი მის ოთახში და რომ შევხედე, ძალიან მძიმედ იყო. მკითხა, მოვკვდებიო? არა-მეთქი, სიტყვას გაძლევ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ხომ იცი, მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ-მეთქი. დილის 5-ის წუთებზე დავრეკე 112-ზე, თუმცა, ვიცოდი რეანომობილი უღელტეხილზე ვერ გადმოვიდოდა და შატილამდე ვერ ჩამოაღწევდა, რადგან დათვისჯვარზე თოვდა. სამაშველოს გამოძახებაზეც დავრეკე, თუმცა ისეთი ნისლი იყო, გამორიცხული იყო გადმოფრენა და ვერც ისინი მოვიდოდნენ. სასწრაფოს ექიმს ვუთხარი, მობილური არ იჭერს შატილის შემდეგ, ერთი სოფლიდან უღელტეხილამდე და ერთმანეთს მთელი გზა ვერ დავურეკავთ-მეთქი. ამ ამბავში გაეღვიძა მეგობრის ძმას, დედისთვის და ძმისთვის შოკი იყო, ნერვიულობისგან აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ, დედამისს ხელები გაეყინა და ტირილი დაიწყო, მიშველე მარგარეტ, მე არ ვიცი, რა გავაკეთოო და შემეშინდა, დედაც ცუდად არ გახდეს-მეთქი.

დილის 6-ზე გამოვედით შატილიდან მანქანით, ჩემი მეგობარი მანქანაში დააწვინეს, ადგილობრივი მესამე ბიჭი გავაღვიძე და საჭესთან დავსვი, გვერდზე მეგობარს ძმა ეჯდა, ურთულესი გზა იყო, ჩემი მეგობრისთვის, გაუსაძლისი – წარმოუდგენელი ტკივილებით გაიარა მთელი უღელტეხილი, ორჯერ ზვავში ჩაგვივარდა მანქანა, კისტანიდან თოვლი დაიწყო და დათვისჯვარზე არ ირჩეოდა, სად მთავრდებოდა გზა და იწყებოდა ნისლი, ყველა ქვისა და დაზიანებული გზის გავლაზე ჩემი მეგობრის ტკივილები ძლიერდებოდა და მე მთელი გზა ვატყუებდი: აი, ცოტაც… აი, მალე შეგვხვდება სასწრაფო... აი, მალე გადავივლით დათვისჯვარს… ჩვენ, ხევსურები ძლიერები და მებრძოლები ვართ, გაუძლებ, ჩვენ არ ვმარცხდებით-მეთქი. უღელტეხილს რომ გავცდით, „ჯიპით“ შეგვხვდა სასწრაფოს ექიმი. გვითხრა: შემთხვევით შემხვდა ადგილობრივი და იმას ვთხოვე ამოყვანაო. მაშინვე პირველადი დახმარება გაუწია ჩემს მეგობარს და ჩვენს მანქანაში დარჩა, პაციენტთან. გზა გავაგრძელეთ და დათვისჯვარს რომ ჩავცდით, რეანომობილში გადავიყვანეთ. კლინიკამდე ველაპარაკებოდით – ხან მე და ხან ექიმი. სასწაული ექიმი შეგვხვდა – ნუკრი ბერაია, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩემი მეგობრის გადარჩენაში, მას შეეძლო უარი ეთქვა გამოძახებაზე, რადგან ურთულესი გზის გავლა უწევდა პაციენტთან მოსასვლელად, თუმცა, მან ჩემი მეგობრის, როგორც ჯანმრთელობაზე, ისე განწყობაზე მთელი გზა იზრუნა და ოპერაციაზე შეყვანის დროსაც და მის შემდეგაც, სულ მირეკავდა, კითხულობდა მის მდგომარეობას და ყველანაირად ცდილობდა დახმარებას. მადლობა ყველას, ვისაც დასახმარებლად დავურეკე და ჩემს მეგობარზე იზრუნა, მე თითოეულის მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება.

– ხევსურეთში სად და როგორ პირობებში ცხოვრობთ, პედაგოგობას თუ გააგრძელებთ და როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

– ხევსურეთში ჩემს ახლობელ ოჯახთან ვცხოვრობ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა გესთჰაუსები და ერთ-ერთ სახლში ვარ ხოლმე. არაჩვეულებრივი ოჯახია და უდიდეს პატივს ვცემ მათ. თავს ძალიან კარგად მაგრძნობინებდნენ ადრეც, სულ პატარა რომ ჩავედი შატილში და ახლაც. საოცარი ადამიანები არიან.

მასწავლებლობას რაც შეეხება, ვერ გავაგრძელებ, რადგან მხოლოდ ერთი მოსწავლე დარჩა და ის რომ დაამთავრებს, პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი სკოლაც დაიხურება, რაზეც ძალიან მწყდება გული. ადგილობრივი პატარებიც არ არიან, რომ სკოლაში შევიდნენ. მთა და ხევსურეთი იცლება, რაც ძალიან საწყენია ჩემთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა