საზოგადოება

რატომ დააპატიმრეს მამა-შვილი შალვა და ვახტანგ რჩეულიშვილები

№31

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 07.08

ვახტანგ რჩეულიშვილი
დაკოპირებულია

ვახტანგ რჩეულიშვილი – ეს სახელი და გვარი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. თბილისში ერთ დროს პოპულარულ, ეგრეთ წოდებული, „კარგი ბიჭების“ რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელიც სულ რაღაც ხიფათებში ეხვეოდა, ამ სიტუაციებიდან გამოძრომის კარგი საშუალება მისი ოჯახი იყო. ბატონი შალვა რჩეულიშვილი ბუნებრივია, შვილის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა, მას ამაში ერთი დიდი უპირატესობა უწყობდა ხელს – თბილისში საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ადვოკატი იყო. დღეს ვახტანგ რჩეულიშვილის ახალგაზრდობის, ქუჩასთან, საყვარელ ქალთან და მამასთან ურთიერთობის საინტერესო ეპიზოდებს გავიხსენებთ, რაც მის დღიურებშია შეკრებილი.

განსაცდელები

„განსაცდელი აბსოლუტურად ნორმალური პროცესია და საერთოდ, სიცოცხლის განვითარების მთავარი მექანიზმი. ამის ნათელი მაგალითია ყველა ერი, განსაკუთრებით ებრაელები, ისინი სწორედ განსაცდელმა აქცია უნიკალურ ხალხად. განსაცდელმა გადაარჩინა ქართველებიც. დღესაც მახსოვს, ბავშვობაში სათამაშო რომ წამართვა მეზობლის ბიჭმა, როგორ განვიცადე. ესეც თავისებურად ხასიათს აყალიბებს, თუმცა, პირველი სერიოზული განსაცდელი იყო ქუჩის ჩხუბი, რომლის დროსაც ტყვია მომხვდა თავში, მაგრამ გადავრჩი და ციხესაც გადავურჩი. ქუჩის რომანტიკას მოჰყვა ნარკოტიკებით გატაცება, მაგრამ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ოცდაოთხი წლისამ ჩავხურე, როგორც კი მაიაზე დაქორწინება გადავწყვიტე. მერე, მეორე ხანმოკლე ეტაპი იყო მეცნიერება, რომელიც სულ რამდენიმე წელი გაგრძელდა. როდესაც ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა (პაპაჩემის, ლეო რჩეულიშვილის ინიციატივით) რუსეთის სარესტავრაციო ლაბორატორიასთან ყველა საერთო თემა დახურეს, მათ შორის ჩემიც – „ათენის სიონის კედლის მხატვრობის კვლევის ფიზიკური მეთოდები“, გული ვეღარ დავუდე და შევეშვი. მივყევი პოლიტიკურ კარიერას. ვინაიდან საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, კომკავშირის ცეკას ლექტორთა ჯგუფის თავმჯდომარედ დამნიშნეს. მალე დავინიშნე პარტიის ცეკას უცხოეთის განყოფილების ინსტრუქტორად, რაც კომუნისტურ იერარქიაში ახალგაზრდა კაცისთვის საკმაოდ მაღალი თანამდებობა იყო (მინისტრის მოადგილის დონის). ეს პერიოდიც სულ სამი წელი გაგრძელდა – ახალ განსაცდელამდე.

როცა კომპარტია დაიშალა

1985 წელს დააპატიმრეს მამაჩემი, ცნობილი ადვოკატი შალვა რჩეულიშვილი. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა პოლიტიკური კარიერა. პროკურორმა, რომელიც კლიენტის ინტერესების დაცვისას შალვამ სიყალბეში ამხილა, პროვოკაცია მოუწყო და შეთითხნილი ბრალდებით დაიჭირა. მე და მაიას გარდა, არავის სჯეროდა შალვასი, რომ სრულ გამართლებას მიაღწევდა. მე დავტოვე ცეკაში სამსახური და პოლიტილოგიის ინსტიტუტში, პროფესორ ნოდარ კიკვაძესთან გადავედი. წელიწად-ნახევარი ვიბრძოლეთ, შალვამ – შიგნიდან, ჩვენ – გარედან. 1987 წელს ის ციხიდან გაათავისუფლეს და სრულ რეაბილიტაციას მიაღწია. მე, ეგრეთ წოდებულ, მშვიდობის დაცვის კომიტეტში გავაგრძელე მუშაობა და ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი, ორწლიანი პერიოდი დაიწყო – კომპარტია, პრაქტიკულად, დაიშალა, სიტყვის თავისუფლება შეუზღუდავი იყო, ხელფასები და სოციალური გარანტიებიც ხალხს დარჩა. მაშინ მოვიარე მთელი მსოფლიო – დაახლოებით 10-ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი, სადაც 32 შტატი შემოვიარე, ვცხოვრობდი ამერიკელების ოჯახებში. საქართველოს ტელევიზიაში საერთაშორისო გადაცემა მიმყავდა.

ვისაც ძველბიჭობა კარგი ჰგონია

ჩემი ცხოვრების ყველაზე ერთგული მეგობარი მაიაა. საერთოდ, რომ არ ყოფილიყვნენ ის და მამაჩემი, შეიძლებოდა, ცხოვრება მართლა ძალიან ცუდადაც დამემთავრებინა. როგორც უკვე ვთქვი მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთის გამო ბევრ გაუგებარ და რთულ სიტუაციებში ვეხვეოდით და ყოველთვის მამაჩემი გვეხმარებოდა. ბევრჯერ გადავურჩი ციხეს, მაგრამ ჩემს ერთ მეგობარს, გიგა ხუთიძეს კი, რომელიც მამაჩემთან ძმაკაცობდა, ხშირად იჭერდნენ და სულ შალვა ეხმარებოდა. ერთ დღესაც გიგას საკანში გვერდით შალვა რომ მიუსვეს, გადაირია, თვალებს არ უჯერებდა, თურმე. ვისაც ძველბიჭობა კარგი ჰგონია, ძალიან მაგრად ცდება. თუ რამეს დავაშავებდი, ვიცოდი, რომ მამაჩემი და დედაჩემი ციხეში არ გამიშვებდნენ. თუ პატრონი არ გყავს, არც უნდა იბლატავო, ტვინი უნდა გაანძრიო, რომ მთელი ცხოვრება თავზე არ დაგემხოს... აუცილებლად მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ მამაჩემმა თავისი წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობის დროს არა მხოლოდ თავი იმართლა, არამედ 26 სხვა პატიმარი გაათავისუფლა ციხიდან – იქიდან ადვოკატობდა. მე და მამა ვმეგობრობდით, როგორც დღეს მე და გუკა. ეს ერთადერთი გზაა თაობებს შორის ნდობის ჩამოყალიბებისთვის. თან, სულ ვიცოდი, რომ სალი კლდესავით მედგა უკან არა მარტო მე და მაიას, მთელს ჩვენს ოჯახსა და მეგობრებს. მისთვის ადამიანის დახმარება ისეთივე მოთხოვნა იყო, როგორც ექიმისთვის. თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანს სჭირდებოდა, დღის და ღამის ნებისმიერ დროს შეეძლო, მიემართა დახმარებისთვის. დღეს უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე მისი სახელობის ბიბლიოთეკაა გახსნილი. იმდენად ჰგავს თავის დიდ პაპას – ივანე ჯავახიშვილს, რომ სტუდენტები, ვინც მის პორტრეტზე წარწერას არ კითხულობს, ჰგონიათ, რომ ივანე ჯავახიშვილია გამოსახული.

ჩვენს დროს ამას კინოში თუ ნახავდი

განზრახ მკვლელობა იშვიათი იყო, დაჭრა – საკმაოდ ხშირი, მათ შორის იარაღითაც. სხვადასხვა „საძმაკაცოების“ დაპირისპირება ზოგჯერ წლობით გრძელდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს აღმოჩნდა, რომ ყველას იარაღი ედო ჯიბეში და ერთ გასროლას ნამდვილი ომი მოჰყვა – სამი თუ ოთხი ბიჭი დაიჭრა, მათ შორის, მეც. სასწაულად გადავრჩი – ტყვიამ ნახევარი წარბი წამათალა, კანქვეშ გაიარა და ყურში გამოვიდა, ისევ კანქვეშ. ვიღაც სამუდამოდ დაკოჭლდა, მაგრამ არავინ მომკვდარა. ამის შემდეგ შევრიგდით, ვინაიდან დაპირისპირების შემდგომი გაგრძელება აუცილებლად მსხვერპლით დამთავრდებოდა, თან, საქმე გახმაურებული იყო და ნამდვილად დაგვიჭერდნენ. ჩვენს დროს ასეთი შემთხვევა იმდენად იშვიათად ხდებოდა, რომ მასზე მთელი თბილისი წლობით ლაპარაკობდა. მაგრამ, ის, რაც უკვე „მხედრიონის“ დროს წამოვიდა – „დატრუპვა“, „კონტროლკა“ და ასე შემდეგ, ჩვენს დროს ამას კინოში თუ ნახავდი. ვისთანაც ეს შეჯახება მოგვივიდა, მათთან ჩვენი გზები მალე საერთოდ გაიყარა. ზოგი „კანონიერი ქურდი” გახდა, ზოგი „ძველი ბიჭი” დარჩა და ქუჩაში დღესაც ავტორიტეტით სარგებლობს, ზოგმა ბიზნესს მიაშურა და ჩემი ამბავი კი მოგეხსენებათ... რამდენიმე მათგანი უკვე ცოცხალი აღარ არის. ცხადია, გასვენებაში ვიყავი და უკვირდათ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი კანონიერი ქურდის გასვენებაში რომ მნახეს. მაგრამ არც ქურდად იბადება არავინ და არც პოლიტიკოსად. ყველა ერთი თბილისური უბნის – პლეხანოვის შვილები ვიყავით. აი, ეს იყო ჩემი ქუჩის ეტაპი, რომელიც მაიაზე დაქორწინების შემდეგ ისტორიას ჩაბარდა. თუმცა, ცხადია, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და რაც ასაკში შევდივარ, ნოსტალგია მიპყრობს, მაგრამ არა ჩხუბებისა და ნარკოტიკის, არამედ ჩემი ახალგაზრდობის. ბედნიერი ვარ, რომ იმ მრავალრიცხოვან ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ახალგაზრდობაშივე ერთხელ და სამუდამოდ გადააგდო ნარკოტიკი.

რჩეულიშვილებისთვის წართმეული ბიზნესები

1989 წლის 9 აპრილი. ზვიად გამსახურდიას მოსვლაც ხელისუფლებაში ბევრი ოჯახისთვის განსაცდელად იქცა – მათ შორის ჩვენი ოჯახისთვისაც. სამსახურიდან გაათავისუფლეს მაიას დის, რუსუდან კერვალიშვილის მეუღლე, ზაზა დარასელი – მეორე არხის დამფუძნებელი. ამ განსაცდელზე პასუხი ბიზნესში წასვლით გამოვნახე, ამისთვის კი მთელი ჩემი საგარეო კავშირები გამოვიყენე. მალე ჩემმა შემოსავალმა თვეში 30 000$-ს გადააჭარბა. საქართველოდან გამქონდა საქონლის ტყავი და თურქეთიდან შემომქონდა პროდუქტები. ცეზარ შევარდნაძეთან ერთად დავიწყე თბილისში „მარიოტის“ ქსელის შემოყვანა და „რამდა ინტერნეიშნალთან“ ერთად დავგეგმეთ სასტუმროს მშენებლობის პროექტი იმ ადგილზე, სადაც დღეს ბიძინა ივანიშვილის სახლია. ცეზარ შევარდნაძე ედუარდის ძმისშვილია. იმ პერიოდში მშვიდობის დაცვის კომიტეტის საგარეო ეკონომიკურ ასოციაციაში მუშაობდა. ზვიადის პერიოდში საქართველოში ხელისუფლება ბიზნესს არ სწყალობდა, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორობისთვის, საბჭოთა კავშირის იმდროინდელი საგარეო მინისტრის ძმისშვილის სახელი კონტაქტების დამყარებაში გვეხმარებოდა. „ფიატის“ კონცერნის სამშენებლო კომპანიის მოწვევით (საქართველოში სასტუმროების ქსელის ასაშენებლად ჩვენს პარტნიორობაზე დათანხმდნენ), თითქმის ორი წელი ვმუშაობდით ერთად... ცხადია, სამოქალაქო ომმა ყველა ინვესტიცია შეაჩერა. შემდეგი ჩემი რთული პერიოდები დაკავშირებულია უკვე ედუარდ შევარდნაძესთან და ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან, რის შესახებაც საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული – ტერაქტი, ვარდების რევოლუცია და ასე შემდეგ. საბოლოოდ, ყველაზე დიდი განსაცდელი აღმოჩნდა „ცენტრ პოინტის“ ქონების მითვისების მცდელობა „ნაციონალების“ ხელისუფლების ერთი ჯგუფის მიერ, რაც „დექსუსის“ მეშვეობით თითქმის გააკეთეს კიდეც, მაგრამ სულზე მოგვისწრო ხელისუფლების შეცვლამ, ამან გაგვაძლიერა, იმავდროულად დიდი ტრავმა მოგვაყენა, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მაიას სწორი სტრატეგიული ხედვებით გადავრჩით. თქვენ, ალბათ, არ იცით, ნაციონალების პერიოდში რვა მსხვილი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელმა მოიკლა თავი იმის გამო, რომ მთელი ქონება წაართვეს და ვალებში ჩააგდეს ისე, რომ უამრავი ადამიანი დარჩა ბინით დასაკმაყოფილებელი. 100 მილიონი დოლარის ზარალს საქართველოში, „ცენტრ პოინტის” გარდა, ბუნებრივია, ვერავინ გადაიტანდა. კარგი იქნება, თუ ამას დღევანდელი ხელისუფლება შეაფასებს და ის მაინც დაგვიჯერებს მშენებლობის დარგის აღორძინების საკითხებში, ერთი სიტყვით, განსაცდელის გარეშე ცხოვრება არ არსებობს!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა