რა წარმატებები ჰქონდა ნიკოლოზ წერეთელს სცენასა და კინოში და საიდან იღებს სათავეს მისი განსაკუთრებული წარმომავლობა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 19 წუთის წინ
საბჭოთა მსახიობი და რეჟისორი ნიკოლოზ წერეთელი ბუხარის უზბეკი ემირების შთამომავალი იყო. ნიკოლოზის მამა, სეიდ მირ მანსურ ხანი (1863-1918), ბუხარის მმართველი ემირის ვაჟი და ბუხარის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო. ახალგაზრდობაში მან სამხედრო კარიერა აირჩია და მოსკოვში წავიდა.
სეიდ მირ მანსურს სამშობლოში დაბრუნება არ ჰქონდა განზრახული, მაგრამ, მოულოდნელად, მამამისი გარდაიცვალა და ტახტზე ასასვლელად სასწრაფოდ გამოიძახეს ბუხარაში. მანსურ ხანმა სამხედრო სამსახური არ დათმო და ოფიციალურად თქვა უარი თავისი ძმისშვილის სასარგებლოდ.
მოსკოვში დაბრუნებული მანსურ ხანი რუს გოგონაზე, სოფია ივანოვნაზე დაქორწინებას გეგმავდა. ეს რთული საკითხი აღმოჩნდა, რადგან ცარიზმის ეპოქის კანონების თანახმად, „დიდგვაროვან“ ადამიანს არ ჰქონდა უფლება „უტიტულო“ პირზე დაქორწინებულიყო. ერთადერთი გამოსავალი ფიქტიური ქორწინება ჩანდა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა სოფია ივანოვნას დიდი ხნის თაყვანისმცემელმა, ქართველმა თავადმა, მიხეილ წერეთელმა, წარმოქმნილი სირთულის შესახებ გაიგო და დიდსულოვნად შესთავაზა ახალგაზრდა ქალს ფიქტიური ქორწინება. ამრიგად, ნიკოლაი, სეიდ მირ მანსურ ხანის უფროსი ვაჟი, რუსეთში ცნობილი გახდა როგორც ნიკოლაი მიხაილოვიჩ წერეთელი, სამშობლოში კი მას იცნობდნენ როგორც სეიდ მირ ხუდოიარ ხანს.
ნიკოლოზ წერეთელი დაიბადა მოსკოვში, 1890 წელს. სწავლობდა ალექსანდრე ადაშევის დრამატულ კურსებზე. ის მიიღეს მოსკოვში გასტროლებზე მყოფი გერმანული თეატრის დასში, სადაც მონაწილეობდა მასობრივ სცენებში სპექტაკლ „ოიდიპოს მეფეში“. ასევე გამოდიოდა პანტომიმაში – „სუმურუნი“.
მუშაობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში. 1916 წლიდან შეუერთდა მოსკოვის კამერული თეატრის დასს. აქ შეასრულა როლები: რომეო (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), იპოლიტი (რასინის „ფედრა“), იოკანაანი (ოსკარ უაილდის „სალომეა“) და სხვა.
ნიკოლაი წერეთელი გამოირჩეოდა შესანიშნავი გარეგნობითა და მუსიკალობით. იყო მოსკოვის ოპერეტის თეატრის რეჟისორი. ასევე, მუშაობდა პერიფერიებში – 1938 წლამდე კალინინის თეატრში, მოგილიევში და კოსტრომაში. გამოდიოდა საესტრადო სცენაზე, როგორც დეკლამატორი. 1915 წლიდან იღებდნენ კინოში.
ფილმოგრაფია: სერიოჟკა („ელენა პავლოვნა და სერიოჟკა“), ანტეკი („სიკვდილზე ძლიერი“), კომპოზიტორი ალანოვი („მწვანე ობობა“), მარკ რუდნეცკი („ცხოვრების ჭადრაკი“), ინჟინერი ლოსი და სპირიდონოვი და სხვა.
ნიკოლოზ წერეთელი სიცოცხლის ბოლო ორი წელი მუშაობდა ლენინგრადის კომედიის თეატრში. ეს პერიოდი დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს, როცა ალყაშემორტყმულ ლენინგრადში შიმშილობა სუფევდა. 1942 წლის თებერვალში, როცა დაიგეგმა თეატრის დასის ევაკუირება ჩელიაბინსკში, იგი უკვე ისეთი გამოფიტული და დასუსტებული იყო, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. გზაში კიდევ უფრო ცუდად გახდა და კიროვში, ჰოსპიტალში დააწვინეს. იქვე გარდაიცვალა 1942 წელს.
მსახიობის მეუღლე – ტატიანა იაკოვლევნა კოლი.
ნიკოლოზ წერეთელი ბუნებით კოლექციონერი და მკვლევარი იყო. მას სიამოვნებას ჰგვრიდა ძველი ნივთების შეგროვება. ჰქონდა რუსული სათამაშოების დიდი კოლექცია.
1933 წელს გამოქვეყნდა მისი წიგნი: „რუსული გლეხური სათამაშო“.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





