რა სიმძიმეების გაწევით აოცებს გუგა უსტიაშვილი ყველას და როგორ გახდა ის ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:56
გუგა უსტიაშვილი ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი გახლავთ კბილებით ავტომობილების გაწევაში. მისი შედეგები ძალიან საამაყოა, თუმცა სპორტსმენს წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს.
გუგა უსტიაშვილი: ბავშვობიდანვე სპორტული ვიყავი – 5 წლისამ ცურვაზე, 8 წლისამ კი ჭიდაობაზე დავიწყე სიარული. ჭიდაობა ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებული სპორტია. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. მამა, ბიძა, პაპა – ყველანი მოჭიდავეები იყვნენ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სპორტი თავიდანვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
მე და მამა სახლში სულ ვჭიდაობდით, ხან – თამაშით ხან კი – სწავლის მიზნით და მან ჩემი შესაძლებლობები ძალიან კარგად იცოდა. ერთ დღეს შემომთავაზა, მანქანა გამეწია კბილებით. მაშინ მამას „გოლფ 2-ის“ მარკის ავტომობილი ჰყავდა და პირველივე ცდაზე გავწიე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ გაოცებულები ნამდვილად იყვნენ, რომ რვა წლის ასაკში ეს მოვახერხე. ეს მანქანა, საშუალოდ, ტონანახევარი იქნებოდა.
– ესე იგი, ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ძალა გქონდა.
– კი, ნამდვილად ასე იყო. ერთი კურიოზული ისტორიაც მახსოვს – სამი წლის ვიყავი, როცა მამამ მითხრა, ჩემს ავტომობილს მიაწექიო, მაშინ ძველი საბჭოთა მანქანა ჰყავდა. მივაწექი და ისეთი ძალით, რომ ავტომობილი ფარეხიდან გამოვაგორე, მთავარი გზა გადაკვეთა და მეზობლის სახლს შეეჯახა. სამი წლის ბავშვმა მიწოლით გარაჟიდან გამოვიყვანე მანქანა და ამიტომ რვა წლისამ რომ კბილებით გავწიე, ჩემებისთვის ძალიან მოულოდნელიც აღარ ყოფილა (იცინის).
მერე თბილისობაზე გამოვდიოდი ხოლმე. რამდენიმე ავტომობილს გადავაბამდით ერთმანეთს და კბილებით გადავაადგილებდი. შეიძლება ითქვას, რომ ამით ვერთობოდი. იმედი მქონდა, რომ ჩემი შესაძლებლობები ყურადღებასაც მიიქცევდა. ამაზე საუბარი არ არის სასიამოვნო, თუმცა რატომაც არა, თუ ამ საქმეში სპონსორი გამომიჩნდებოდა და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდი. სამწუხაროდ, არაფერი მსგავსი არ მოხდა, ხელშეწყობა არავისგან მქონია. ეს, უბრალოდ, ჩემს ერთ-ერთ ჰობად იქცა. როგორც ვთქვი, ჯერ ვჭიდაობდი, 16 წლის კი რაგბიზე გადავედი და ამ სპორტის პარალელურად, ამას ჩემივე სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. მიხაროდა, რომ მსოფლიო რეკორდებს ვხსნიდი. ოფიციალურად 4 მსოფლიო რეკორდი მაქვს დამყარებული, არაოფიციალურად კი – 7. დანარჩენი 3-ის ვიდეოებიც მაქვს და მითხრეს კიდეც, რომ მსოფლიოზე აღიარების მოსაპოვებლად გადაგვეგზავნა, მაგრამ აღარ მოვინდომე.
– როგორ დაამყარე 4 მსოფლიო რეკორდი?
– პირველი მსოფლიო რეკორდი 2013 წელს თბილისობაზე დავამყარე. მაშინ სამი რეტრო ავტომობილი გავწიე კბილებით, რაც დაახლოებით 6-7 ტონას იწონიდა. 2016 წელს გავწიე ოთხი ავტომობილი, 2017-ში – 5 და 2020-ში – უკვე 6 ავტომობილი. ჩემივე რეკორდები გავაუმჯობესე.
ამას წინათ ვნახე, ავტობუსები გაწიეს კბილებით და რეკორდზე საუბრობდნენ. არავის დაკნინება არ არის ჩემი მიზანი, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ პირველად რომ ყვითელი ავტობუსები შემოვიდა, მაშინ მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და 13 წლის ასაკში გავწიე ავტობუსი და 17-18 წლისამ კი – ორი ვაგონი.
ახლა უკვე რამდენიმე ათეულ ავტომობილის გაწევაზე ვფიქრობ. თუმცა, ცუდია, რომ მხოლოდ ჩემზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, ცოტა ხელშეწყობაც უნდა იყოს.
– როცა მსოფლიო რეკორდები ფიქსირდება, ამ მხრივ არაფერი იცვლება?
– არა. მე მყავს რეკორდსმენი მეგობრები და არავის არაფერი მიუღია. გამოდის, რომ ყველანი ჩვენს ჭიას ვახარებთ. ზოგი აზიდვებს აკეთებს, ზოგი თითით წევს გემსა და მატარებელს, მაგრამ არავის არაფრით დახმარებიან, არავინ წაუხალისებიათ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს სფერო ძალიან დაუფასებელია. არადა, მსოფლიო რეკორდებს რომ ამყარებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, თითოეული ქართველი ამაყობს ამით, ვისაც საკუთარი ქვეყანა უყვარს. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დროშის საზღვრებს მიღმა აფრიალება. ძალიან ვიამაყებდი, რომ ეს ჭიდაობით ან რაგბის თამაშით მომეხერხებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. საიდანაც შევძელი, მგონია, რომ ესეც მნიშვნელოვანია და დასაფასებელი. ეს ხომ ყოველ მეორე ადამიანს არ გამოსდის?! ფედერაციის პრეზიდენტი ჩვენი მეგობარია, ისიც მსოფლიო რეკორდსმენია, მაგრამ არც მას და აბსოლუტურად არავის არაფერი მიუღია მხარდაჭერისთვის სიგელისა და აღიარების გარდა.
– როგორ შრომობ ასეთი შედეგებისთვის?
– სიმართლე რომ ვთქვა, არცერთი რეკორდისთვის არ მოვმზადებულვარ განსაკურებულად. რომ ვჭიდაობდი ან რაგბის ვთამაშობდი, ბუნებრივია, ვვარჯიშობდი, თორემ უშუალოდ სიმძიმის გასაწევად, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ახლაც, ნებისმიერ დროს რომ მოვინდომო, ჩემსას მაინც გავაკეთებ. ბოლო რეკორდი რომ მოვხსენი, პანდემიის პერიოდი იყო, ყველაფერი დაკეტილი იყო, დარბაზშიც კი ვერ ვივარჯიშებდი. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, რეკორდი დამემყარებინა და ასეც მოვიქეცი, რაც ჩემს მეუღლეს მივუძღვენი.
– თუ განსაკუთრებულად არ ემზადები, რის შედეგად ზრდი წონას?
– ეს ღმერთისგან ნაჩუქარი ძალაა, რომელიც ბავშვობიდან მაქვს. რადგან სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ყოველთვის ვვარჯიშობდი, მაგრამ არა ამ მიმართულებით და ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადად, ეს ბუნებრივი ძალაა, რომლითაც უფალმა დამასაჩუქრა.
ამ ეტაპზე სპორტული თვალსაზრისით აქტიური აღარ ვარ. თუმცა, მთელი გულითა და სულით მინდა, ჭიდაობას დავუბრუნდე. სამწუხაროდ, ეს უკვე შეუძლებელია. რაც შეეხება რეკორდებს, როგორც ვთქვი, მინდა, კბილებით რამდენიმე ათეული ავტომობილი გავწიო. ცოტა უფრო მძიმე ტექნიკაზეც მინდა, გადავიდე. ამ ეტაპზე უფრო ბიზნესის მიმართულებით ვარ დაკავებული.
– ჯანმრთელობისთვის რამდენად საზიანოა ასეთი დატვირთვა?
– მარტივი ნამდვილად არ არის. რეკორდების დამყარების პროცესში მთელი ორგანიზმია ჩართული: კისერი, ხერხემალი, ფეხები, ტერფები, კბილები – თავისთავად და ეტაპობრივად ყველაფერზე გექმნება გარკვეული პრობლემა. ისე არ არის, რამდენიმე ტონა კბილებით გასწიო, სახლში მოხვიდე, დაისვენო და ყველაფერი ამით დასრულდეს. მერე აღდგენითი პროცესები მიდის და ამ დროს ხელშეწყობაა საჭირო. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. გარკვეული ტრავმებიც მიმიღია, თუმცა, რამე სერიოზული – არა.
პირველი მსოფლიო რეკორდი რომ დავამყარე, მეტეხის ხიდზე ვიდექით, დეიდაშვილი მედგა ახლოს და მგულშემატკივრობდა, მითითებებს მაძლევდა. წარმოიდგინეთ, უამრავი ადამიანი მიყურებდა, ქართველი თუ ტურისტი. დავიწყე პროცესი, ვექაჩები ავტომობილებს და ადგილიდან არ იძვრის. არადა, წინა დღეებში უპრობლემოდ ვეწოდი ამ წონას. თურმე, ბოლო მანქანა ხელის მუხრუჭზე იყო დაყენებული, რაც მერე აღმოაჩინეთ. ბოლოს ჩემი გასაკეთებელი მაინც გავაკეთე, მაგრამ მარტივი ნამდვილად არ იყო. ასეთ დროს დიდი რისკია. რას ვიზამთ, ასეთებიც ხდება.
– როცა ამას ხედავენ, ალბათ, ყველა გამოხატავს აღფრთოვანებას.
– ჩემები უკვე მიჩვეულები არიან, თუმცა უცხოები აღფრთოვანებულები არიან ხოლმე. ბევრისთვის საერთოდ წარმოუდგენელია ასეთი რამ. ზოგს არ სჯერა, სანამ ვიდეოს არ ვაჩვენებ.
მამუკა ონაშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში ყოველთვის გვერდით მედგა. მამუკა ჩემი ნათლია იყო. ბავშვობაში, რეკორდების დამყარება რომ მინდოდა, მამა მეტყოდა ხოლმე, აზრი არ აქვს, ხომ ხედავ, არავინ აფასებს ამ საქმესო და მე მაშინვე მამუკასთან გავრბოდი. მამუკა ტელევიზიას მოიყვანდა, ერთ ამბავს ატეხდა და ჩემს ჭიას მამუკა მიხარებდა. მე ახალ-ახალი რეკორდების დამყარებას მომავალშიც შევეცდები და გულის სიღრმეში მჯერა, რომ ოდესმე შეიძლება, ჩვენც გაგვიმართლოს, ანუ, ჩვენი მიღწევებიც დაფასდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




