საზოგადოება

რა საჩუქარი მიიღო მამისგან ნატალია გომიაშვილმა მისი გარდაცვალების შემდეგ და რატომ არ გაჰყვა ის მსახიობი მამის გზას

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 06.02, 2023 წელი

ნატალია გომიაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი მიშა გომიაშვილი საზოგადოებაში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა. მისი მოულოდნელი გარდაცვალება ყველასთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. მამის შესახებ მისი ქალიშვილი – ნატალია გომიაშვილი გვესაუბრა.

ნატალია გომიაშვილი: მამა მშვიდი, უკონფლიქტო და ცოტა არაორდინარული ადამიანი იყო, ამასთანავე, ძალიან მეგობრული. არ იყო ისეთი მამა, როგორიც ჩვენთან არის მიღებული. არ ახასიათებდა აკრძალვები, არასდროს გვიჩხუბია, თავისი აზრი თავს არასდროს მოუხვევია, არც მკაცრი იყო. თუ რამე გადასაწყვეტი გვქონდა, ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ როგორ ჯობდა. ვგრძნობდი, რომ ყველა ადამიანის აზრს პატივს სცემდა და მათ შორის შვილებისასაც. ძალიან ყურადღებიანი იყო. მაღაზიაში რამე რომ აგეღო, უბრალოდ, რომ შეგეხედა, პირობითად, კანფეტისთვის, მეორე დღეს მოგიტანდა და გეტყოდა, ეს არ იყო, გუშინ რომ უყურებდიო? არაფერი გამორჩებოდა, არაფერი დაავიწყდებოდა. ზღაპრული იუმორის გრძნობა ჰქონდა. ძალიან მარტივი იყო მასთან ურთიერთობა, თუმცა რთული და მძიმე ხასიათი ჰქონდა.

– ერთად რისი კეთება გიყვარდათ?

– ყავის დალევა, სიგარეტის მოწევა და ბეევრი ლაპარაკი (იცინის). ვლაპარაკობდით ერთმანეთის პროფესიებზე, ჩვენს საერთო ინტერესებზე. მამა ძალიან კარგი მოსაუბრე და მთხრობელი იყო. ისტორიებს გამორჩეულად ჰყვებოდა და მისი მოსმენა ყველას ძალიან სიამოვნებდა. ბევრი რამ იცოდა, განათლებული ადამიანი იყო და მისი ინტერვიუ უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე ჩემი (იცინის).

– თუმცა, თვითონ არ უყვარდა ინტერვიუების მოცემა, რატომ?

– არ უყვარდა, იმიტომ რომ არ მოსწონდა საკუთარ თავზე საუბარი, თავის ქება. ინტერვიუს დროს, ძირითადად, ხომ ამას აკეთებ?!

– რას ამბობდა იმ დიდ სიყვარულზე, რომელსაც საზოგადოებისგან გრძნობდა?

– ძალიან სიამოვნებდა და ამას ყოველთვის აღნიშნავდა. რა სისულელეა, რომ ამბობენ, ყურადღება არ მსიამოვნებსო და წუხდებიან, პირიქით, მსახიობი იმიტომ გავხდი და იმიტომ მიყვარს ჩემი საქმე, რომ მიყვარს ის, რომ ადამიანებს ვუყვარვარ, მაფასებენ და პატივს მცემენო. ბედნიერი იყო ამით, რეალურად ამით ცხოვრობდა. ჩვენს ქვეყანაში ხელოვან ადამიანებს დიდი ფინანსური მხარდაჭერა არ აქვთ და ამის კომპენსაციას ის სიყვარული ახდენდა, რომელსაც ადამიანებისგან გრძნობდა.

– როცა გარეთ ერთად გადიოდით და ამჩნევდით, რომ მამათქვენის მიმართ ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, ალბათ, დიდი ბედნიერება იყო.

– პატარა რომ ვიყავი, მაშინ ასე არ იყო, რადგან მიშას თეატრიდან ასე მასშტაბურად ნაკლებად იცნობდნენ. ფართო მასებმა მაშინ გაიცნეს, როცა „ყავა და ლუდი“ გადაიღეს. მერე უკვე ყველა მოდიოდა, ესალმებოდნენ, სიყვარულს უხსნიდნენ და ეს ძალიან სიამოვნებდა. არასდროს ეზარებოდა გაჩერებულიყო, დალაპარაკებოდა, გაეცნო ეს ადამიანები, თვითონაც მოფერებოდა მათ. სიმართლე გითხრათ, რაც გარდაიცვალა, მას შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვხედავ და ვგრძნობ, რამდენს ჰყვარებია მამა. როცა იგებენ, ვისი შვილი ვარ, ემოციებს ვერ მალავენ. მიშას ძალიან უყვარდა მშრალ ხიდზე სიარული და ძველი ნივთების შეძენა. მისი წასვლიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, როცა მშრალ ხიდზე მოვხვდი და ვიცანი ადამიანი, ვისთანაც მიშა ძალიან ხშირად დადიოდა. საუბარს შევყევით და ვუთხარი, მიშას შვილი ვარ-მეთქი. ორი ბეჭედი მაჩუქა. მე კი ვხუმრობდი, მამა აღარ არის და მაინც რაღაცებს მჩუქნის-მეთქი, მაგრამ რეალურად, ეს იყო იმის დამადასტურებელი, თუ როგორ უყვარდათ მამა.

– თავის პროფესიაზე ძალიან იყო შეყვარებული.

– კი, ასე იყო და სხვათა შორის, ბევრი, ვისაც მსახიობობა უნდოდა, მასთან გადიოდა კონსულტაციას. მიშა კი სულ ამბობდა ხოლმე, ის, რომ მსახიობობა გინდა, არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ გრძნობ, რომ მსახიობობის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, მაშინ – კი ბატონო, შენ მსახიობი ხარო. ასე იყო თვითონაც, მას, უბრალოდ, არ შეეძლო, არ ყოფილიყო მსახიობი.

– თქვენს პროფესიასთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?

– მე ჯერ ეკონომიური დავამთავრე, შემდეგ – კინოსარეჟისორო და ბოლოს – დრამატურგია. თავიდან გაუკვირდა, რომ თეატრისკენ არ წავედი. დედა – მსახიობი, მამა – მსახიობი, ბებია, ბაბუა და როგორც ჩანს, ყველა თვლიდა, რომ მეც ამ მიმართულებით წავიდოდი. მე არასდროს მნდომებია მსახიობობა. მერე კინოსარეჟისოროსკენ გამიწია გულმა და ჩემს სადიპლომო ფილმზე ერთად ვიმუშავეთ. ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებდა, მაგრამ თავის აზრს გეტყოდა და თუ ჭკვიანი იყავი, უნდა დაგეჯერებინა. ვინც დაუჯერა, მოიგო. მერე ხუთი წელი თეატრში სანდრო მრევლიშვილთან ვმუშაობდი მენეჯერად. დედა და მამაც ამ თეატრში იყვნენ. მეც ამ თეატრში დავიბადე და გავიზარდე. სანდროს მეუღლე, მანანა ჭელიძე ჩემი ნათლია იყო. როგორც იცით, ბატონი სანდრო და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ და თეატრში ჩემი საქმიანობაც მაშინ დასრულდა. აბსოლუტურად სხვა კუთხით წავედი – ახლა საერთაშიროსი გადაზიდვებზე ვმუშაობ, საბაჟო დეკლარაციებს ვაკეთებ.

– თვითონ არ უნდოდა მსახიობი ყოფილიყავით?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ერთი ის იყო, რომ ხუმრობდა, რამდენჯერ მოვა და პროფესიის შესახებ თავის გადაწყვეტილებას მეტყვის, ლუკმას გამაგდებინებს პირიდანო (იცინის). მერე მიეჩვია. სხვათა შორის, ბოლოს ვერ იგებდა, სად ვმუშაობდი, ვერაფრით ვერ დაიმახსოვრა და ვინმე რომ ეკითხებოდა, პასუხობდა, რა ვიცი, საბაჟოზეაო (იცინის).

– ცოტა მეამბოხე იყო, ბევრჯერ შექმნა ოჯახი, ბევრჯერ დაენგრა, რას ამბობდა ამაზე?

– ვერ იტანდა მაგ თემაზე საუბარს. შეიძლება, უცნაურად ჟღერს, მაგრამ რთულ საკითხებს არ ვეხებოდით ხოლმე, პატივს ვცემდით ერთმანეთის გადაწყვეტილებებს. როგორებიც ვიყავით, ისეთებს ვიღებდით ერთმანეთს. მიშა ძალიან კარგი ქმარი და კარგი მამა იყო. ვიღაც შეიძლება, ფიქრობს, რანაირად იყო კარგი ქმარი და მამა ამ ფონზეო, მაგრამ ის არც მატყუარა იყო და არც მოღალატე. უყვარდა ბოლომდე და ყველა ურთიერთობაში ბოლომდე იხარჯებოდა.

– როგორი ბაბუა იყო?

– გიჟდებოდა დადაზე, ანუ შვილიშვილზე. გული მწყდება, რომ ვერ მოასწრეს საკმარისად ურთიერთობა. ჩემს მეუღლესთან ფანტასტიკური ურთიერთობა ჰქონდა. ხანდახან ვამბობ ხოლმე: ნეტავ, ახლა მე უფრო მიჭირს თუ ჩემს მეუღლეს-მეთქი. ბოლო პერიოდში რამდენიმე თვით ორჯერ მოგვიწია ერთად ცხოვრება და იმ პერიოდში განსაკუთრებით დაახლოვდნენ. ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ, ერთ მუსიკას უსმენდნენ, სამაჯურიც კი ერთნაირი მოსწონდათ და უჩემოდაც ფანტასტიკურად ურთიერთობდნენ.

– როგორია ცხოვრება მის გარეშე?

– ჯერ არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მაგ აზრს არ შევგუებულვარ, ჯერ არ მიმიღია. ძალიან რთული და მტკივნეულია, მეტის თქმა არ შემიძლია.

– როგორი იყო ბოლო შეხვედრა?

– ბოლოს ჩემმა მეუღლემ ნახა. ზაფხული იყო, მე დასასვენებლად ვიყავი და იმ დღეს ჩამოვედი. დილით, როცა ცუდად გახდა, ქეთიმ, მისმა მეუღლემ, დამირეკა. მითხრა, სუნთქვა გაუჭირდა და საავადმყოფოში გადაგვყავსო. კლინიკაში რომ შეიყვანეს, მეც ამ დროს მივედი და ეზოში შევხვდი. სასწრაფოს მანქანაში იწვა. მივედი, რა დღეში ხარ-მეთქი, დავუძახე. ვა, ნატუკ, მოხვედი, მაო, დამიძახა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. 24 საათი არ იყო გასული, რომ გარდაიცვალა. არ ვიცი, რა მოხდა. სახლში, კიბიდან ჩამოვარდა, კუდუსუნის ძვალი და ნეკნი ჰქონდა გატეხილი და იწვა. ეჭვი ჰქონდათ, რომ თრომბოემბოლია განვითარდა და ეს გახდა მისი წასვლის მიზეზი. ზუსტად ვერ გავიგეთ, ვერ მოასწრეს შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.

– მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები?

– კი, შაქარი, გულში ექვსი სტენტი ჰქონდა, ზედიზედ ორი ინფარქტი გადაიტანა, კიდევ იყო სხვა პრობლემები, ანუ, უფრო რთული მდგომარეობებიც ჰქონია. იმ დღეს საავადმყოფოში რომ გადავიყვანეთ, აზრადაც არ გამივლია, რომ შეიძლებოდა, რამე ცუდი მომხდარიყო. ქეთი ნერვიულობდა, ვეუბნებოდი, ისეთები გადაგვიტანია, ახლა რა განერვიულებს, სიცხემ აუწია და სუნთქვა გაუჭირდა, რა სისულელეა, რა უნდა მოხდეს-მეთქი.

– რას ეტყოდით მამას ახლა?

– ძალიან ბევრ რამეს ვეტყოდი, ბევრს ვკითხავდი, ბევრი რამ ვერ მოვასწარი, ძალიან ბევრი... რომ შემეძლოს, ვეტყოდი, რომ მალე შევხვდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი