საზოგადოება

რა ჯილდო მიიღო ეთერ ლამორის- ჭყონიამ შვედეთის პრინცესასგან და რატომ შეიცვალა მან გვარი

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 24.05, 2023 წელი

ეთერ ჭყონია
დაკოპირებულია

ეთერ ლამორის-ჭყონია იმ ქართველ ხელოვანთა შორისაა, ვინც ჩვენს ქვეყანას სახელი მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა და დღესაც სიამაყის განსაკუთრებულ საფუძველს გვაძლევს. მან თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძალიან საინტერესო მონაკვეთები გაგვიზიარა.

– ქალბატონო ეთერ, როგორ აირჩიეთ პროფესია?

– მე არჩევანი არ მქონდა. რომ აგიხსნათ, წარსულში უნდა დავბრუნდეთ. ბავშვობისა და მოზარდობის დროს სიმღერის გარდა ყველაფერი მიტაცებდა: ფერწერა, კინო, თეატრი... საკმაოდ სერიოზულად ვიყავი დაკავებული ჩოგბურთით, ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ვთამაშობდი... გარკვეულ მომენტში მშობლები შეშინდნენ კიდეც, რომ ეს ვოკალს ხელს შეუშლიდა, ამიტომ სასწრაფოდ მომაშორეს სპორტს. მშობლების რწმენას, რომ მე აუცილებლად უნდა მემღერა დედას წინასწარმეტყველური სიზმარიც ამტკიცებდა, რომელიც მან ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე ნახა. ამ ისტორიამ შეუძლებელია არ გაგაკვირვოს: როდესაც დედა ორსულად იყო, მას გარდაცვლილი ქალბატონი, გვარად გაიდაი დაესიზმრა, მისი ვოკალის ერთადერთი ნამდვილი მასწავლებელი, რომელმაც უთხრა: „23 მაისს გოგონა უნდა დაიბადოს. ისიც აუცილებლად იმღერებს“. ექიმები კი ამტკიცებდნენ, რომ მშობიარობა ივნისის შუა რიცხვებში დაეწყებოდა, მაგრამ მე სწორედ 23 მაისს დავიბადე.

– მრავალი კონკურსის ლაურეატი ხართ, ბევრი საამაყო გამარჯვება გიკავშირდებათ...

– წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში რესპუბლიკურ და შემდეგ ვიქტორ დოლიძის საერთაშორისო კონკურსში პირველი პრემიების მოპოვებამ და მალევე ქართველ კორიფეებთანაც მუშაობამ – მიხეილ თუმანიშვილთან, გიგა ლორთქიფანიძესთან, ჯანსუღ კახიძესთან, რობერტ სტურუასთან და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ მაშინ გაავრცელეს ხმები, რომ თურმე დედა – ლამარა ჭყონია მიწყობდა ამ წარმატებებში ხელს. მახსოვს, გავბრაზდი და გადავწყვიტე დასავლეთ ევროპაში დამემტკიცებინა, რომ მე ჩემი ნიჭი, სახე და ინდივიდუალობა მახასიათებდა. მით უმეტეს, ლამარა, როგორც პედაგოგი თავად მიმტკიცებდა ამას. დასავლეთის საერთაშორისო კონკურსებზე კი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ მომღერალი მეტოქეები. რამდენიმე წელიწადში მრავალგზის ლაურეატი გავხდი. ახლა მეცინება, რომ ვიხსენებ. უკვე კარგად ვხვდები, რაც ხდებოდა კონკურსებზე. მით უმეტეს უცხოეთის კონკურსებზე დღეს უკვე თავად მიწვევენ ჟიურის წევრად და ეჭვი აღარ მეპარება, რომ ყოველთვის სამართალი არ იმარჯვებს. ჩემი გამოსვლის დროს, სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე. როგორც კი სიმღერას დავასრულებდი, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ჟიურის წევრები ქაღალდების ნერვიულად გადაადგილებას იწყებდნენ, ზოგჯერ ხმამაღალი ჩურჩულით. იგრძნობოდა, რომ რაღაც გეგმებს ვურღვევდი. პრემიის გაცემის წინ კი ცალკე კაბინეტში იკეტებოდნენ და გაწერილი 30 წუთის ნაცვლად, საათ-ნახევარი ხმამაღლა ბჭობდნენ. სანამ „განაჩენს გამოიტანდნენ“, დარბაზში მაყურებელსაც და ყველა მონაწილეს გვალოდინებდნენ. ეს ყველაფერი ასოციაციებს იწვევდა, როგორც ზღაპრებში – ნათელი ძალები ბნელ ძალებს რომ ებრძვიან და იმარჯვებენ... იმ „საქმოსნებს“ შორის, რომლებსაც თავიანთი ფავორიტი მომღერლები ჩამოჰყავდათ, ჩემდა საბედნიეროდ, ერთი სამართლიანი ჟიურის წევრი მაინც გამოერეოდა ხოლმე. ერთხელ იმ „ბნელი ძალებიდან“ ერთ-ერთმა გაბრაზებულმა ჟიურის წევრმა, ორბიტიდან გადმოვარდნილი თვალებით მომაძახა კიდეც: „მე რას მიხდი მადლობას! შენ რომ ლინდა დი შამუნის არია არ გემღერა, პირადად მე არ დავუშვებდი, რომ უცხოელს პირველი ადგილი აეღო. ბედს უმადლოდე, რომ დონიცეტის ეს არია შენთვის დაუწერია”.

– როგორ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

– ჩემი უცხოეთში მოხვედრა 90-იან მძიმე წლებს დაემთხვა, როდესაც მარტო ფაქსი იყო და ისიც არ იგზავნებოდა. მშობლების რუბლებში გადადებულმა თანხამ, ჰიპერინფლაციის გამო ფასი დაკარგა. ყველას ახსოვს ის მწარე დრო. ბილეთის ფულიც კი ძლივს ვიშოვეთ. ასე და ამდაგვარად, 500 დოლარით ხელში ესპანეთში გავემგზავრე. იქ იყო ჩემი პირველი გამარჯვება ვინიასის საერთაშორისო კონკურსში, ბარსელონაში. მახსოვს, სიმღერის დროს როგორ მიკანკალებდა ფეხები, მაგრამ ლაურეატობა ჟიურის მაინც გამოვგლიჯე. ჟიურის პრეზიდენტი ცნობილი მაგდა ოლივერო იყო. გახარებული, მაშინვე საქართველოში ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ განგებას სხვა გეგმები ჰქონდა. ერთადერთმა ერთწუთიანმა ზარმა სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. სახლში დარეკვისას მამამ ნაჩქარევად შემატყობინა, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, ამიტომ როგორმე ესპანეთში უნდა დავრჩენილიყავი. მოასწრო თქმა და კავშირიც გაწყდა. დაბნეული და აფორიაქებული მთელი დღე მხიარულ ბარსელონაში მარტოდ დავწანწალებდი. გული ამოვარდნას მქონდა, რომ წარმოვიდგენდი ჩემი პატარა ანა და მშობლები თბილისში დაუცველად იყვნენ. ფონს ისიც ამწვავებდა, რომ რეისები გაუქმდა, კავშირი აღარ იყო და ამ დროს მხოლოდ ტელევიზიით ვხედავდი საქართველოს, რომელსაც კადრების მიხედვით, ცეცხლი ეკიდებოდა. დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი, რომ ჩემი დაბრუნების შემდეგ ოჯახს ცოტა ხანში დიდი გაჭირვება ელოდებოდა. მათ გადარჩენას ისევ ჩემი ხმის საშუალებით თუ შევძლებდი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაცილებით უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე მე მეგონა. მოგვიანებით, იმ წუთიერი ლაპარაკების დროს, მშობლები სიმართლეს უკვე აღარ მეუბნებოდნენ. თურმე, ბრმა ტყვიები დაფრინავდნენ და ჩვენი მრავალსართულიანი სახლების ფანჯრებსაც კი აღწევდნენ. ერთი სიტყვით, პირადად მე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც შუა მდინარეში ჩავარდნილი ადამიანი, რომელმაც ცურვა არ იცის, მაგრამ ამოსასვლელად ხელ-ფეხი უნდა ამოძრაოს. ეს იყო თვითგადარჩენისთვის ბრძოლა ელემენტალური მიზნით – მინიმალური ფული მეშოვა.

– ფსევდონიმი ლამორისი რატომ ამოირჩიეთ?

– ესპანეთში მეორე კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მომიახლოვდა ჟიურის პრეზიდენტი და მითხრა, რომ დიდი მომავალი მქონდა, ოღონდ გვარი უნდა გამომეცვალა. ასო „ჭ“-ს ევროპელები სამი თანხმოვანი ასოთი წერდნენ. ამიტომ ჭყონია მათთვის ჟღერდა – როგორც თჩკონია. ამას ემატებოდა ისიც, რომ ესპანურ ენაზე კონიო უწმაწურ სიტყვას ნიშნავდა. ეს რომ გავიგე, მაშინვე გადავწყვიტე, ფსევდონიმით მესარგებლა. ლამორისი კი ლამარას და მორისის კომბინაციაა. საერთოდ ძალიან ბევრი მსახიობი და მუსიკოსი ატარებს ფსევდონიმს, მაგრამ ამის გამო არცერთი მათგანი თავის ნაციონალობას არ კარგავს. მე ბიოგრაფიაშიც ასე მიწერია და მასმედიაც როგორც ქართველ მომღერალს, ისე მომიხსენიებს. თან ასეთი გვარი არ არსებობს. არც იტალიურ გვარს ჰგავს, როგორც უმეტესი უცხოელი მომღერლები ირჩევენ და არც ინტერნეტში ფიგურირებს. ყველაფერთან ერთად ადვილად მოვიძებნები.

– რამდენად ახლოსაა თქვენი ბავშვური ოცნებები დღევანდელ რეალობასთან?

– საინტერესოა, რომ რადგან მე ასეთი ოცნებები სიმღერაზე არ მქონია, ვერც ასეთი კარიერა წარმომედგინა, ვინაიდან მაშინ არც ინფორმაცია იყო ამის შესახებ და ვერც სადმე ვიდეოთი ნახავდი. არც ცოცხალი მაგალითები მქონდა, რადგან საბჭოთა კავშირის დროს მომღერლები ხშირად არ დადიოდნენ საზღვარგარეთ. უბრალოდ, ძალიან მინდოდა, რომ კარგი სიმღერა მესწავლა და ამ გზაზე გადამელახა ყველა დაბრკოლება. უმეტესად აზარტი და გამარჯვების ჟინი მამოძრავებდა. რაც შეეხება ოცნებებს, ეს, ალბათ, უფრო სიყვარულზე იყო. ყოველთვის მინდოდა, თეთრ რაშზე ამხედრებული ჩემი პრინცი მენახა, ჩემი მეორე ნახევარი, დიდი სიყვარული. დღემდე არ ვიცი, პირადად მე ვერ მოვნახე თუ ასეთი გრძნობა მხოლოდ ჩემივე დახატული ილუზია იყო. ჩემს დღევანდელ მეუღლესთან დიდი მეგობრობა და ბედი მაკავშირებს. საერთოდ, მე მჯერა უმაღლესი ძალის, ამიტომ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყველაფერს როგორც გარდაუვალს, ისე ვუყურებ, ამიტომ ჩემი მფარველი ანგელოზების ძალიან მადლიერი ვარ. ორჯერ ვიყავი ძალიან ძლიერად შეყვარებული და ორივეჯერ უიღბლოდ დამთავრდა, უფრო სწორად, დაწყებაც ვერ მოასწრო. ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი – 15 წლის, ხოლო მეორეჯერ – უკვე მეუღლე და შვილი მყავდა, ისევე, როგორც მას. საუბედუროდ, ორივე ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან არაბუნებრივი სიკვდილით. შესაძლებელია, ისევ ჩემმა მფარველმა ანგელოზებმა გადამარჩინეს. პირველად – იმიტომ, რომ ზედმეტი ემოციურობის გამო, ალბათ, მის წასვლას ვერ გადავიტანდი. მეორედ კი, ალბათ, ვინაიდან დირიჟორი იყო, იმ უბედური შემთხვევის მონაწილე მასთან ერთად მეც გავხდებოდი.

– საოპერო კურიოზს ხომ არ გაიხსენებთ?

– ოპერა „რომეო და ჯულიეტადან“ ჩემი ჯულიეტას როლში დებიუტი გერმანიის დედაქალაქ ბონის „შტატსოპერაში“, ცნობილი ჯან კარლო დელ მონაკოს (მარიო დელ მონაკოს შვილის) დადგმაში შედგა, რომელსაც მე „მწარე წარმატებად“ მოვიხსენიებ. რეჟისორთან იძულებული დისკუსიების გამო ჩვენი თანამშრომლობა თავიდანვე მძიმედ დაიწყო. მონაკომ გადაწყვიტა, რომ მესამე აქტის სცენებში, რომელიც რომეო და ჯულიეტას საძინებელ ოთახში უნდა დადგმულიყო, წყვილი მთლიანად გახდილი უნდა ყოფილიყო, რაზედაც კონტრაქტში არაფერი ეწერა, ხოლო ჰონორარი არნახულად მაღალი იყო, რაც დამწყები მომღერლისთვის დიდ იღბალს გულისხმობდა. როგორც ჩანს, ეს გათვლილი იყო იმისთვის, რომ მომღერლებს ასეთ წინადადებაზე უარი ვერ ეთქვათ. როგორც შეღავათი, სცენაზე სიბნელე იქნებოდა, ოდნავ განათებული სხეულებით. დღემდე ბევრს ვხუმრობთ ჩვენს სანათესავოში ამის შესახებ: „მონაკომ ყველაფერი გათვალა, ერთი „პატარა“ საკითხის გარდა – ქართველი მშობლების მიერ ქალიშვილების ტრადიციული აღზრდა. ჯან კარლოსთვის ჩემი პასუხი რომ მოუხსენებიათ, განცვიფრებულს შეუძახია: „როგორ, დასაფიქრებლად დროც არ მოითხოვა, მაშინვე უარი თქვა?“ შემდეგ ყველას წინაშე ყვირილი ატეხა, ვხსნი მას სპექტაკლებიდანო. საბედნიეროდ, რეპეტიციების დროს, ჩემი ვოკალური და მსახიობური მონაცემები ყველამ უკვე გაიცნო და მიუხედავად იმისა, რომ მონაკო სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო, თეატრის დირექციამ ჩემს გათავისუფლებაზე მას უარი განუცხადა. ეს მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და შოკში ჩააგდო. ეს ამბავი რეჟისორის მტრებმა სათავისოდ გამოიყენეს და ჟურნალისტების საშუალებით მასზე გამანადგურებელი წერილი გამოაქვეყნეს. მოკლედ, გამჭვირვალე პენიუარი ვერაფრით ვერ ჩამაცვეს და ბოლოს სცენაზე ჩვეულებრივ გრძელ ღამის პერანგში გამოვედი, რომელშიც ფეხის კოჭებიც კი არ ჩანდა. სპექტაკლების შემდეგ, ფინალური ვახშმის დროს, დიდ მაგიდასთან მონაკომ თავი მაინც ვერ შეიკავა და ქართველი ქალების მძაფრი კრიტიკა დაიწყო, რაც სტალინის ლანძღვაში გადაიზარდა: როგორი ბელადიც გყავდათ, ისეთივე ქალები გყავთო. მე ამდენი დაძაბულობა ვეღარ ავიტანე და მუსოლინი გავუხსენე, რის შემდეგ ვახშამი დავტოვე. ასე ჯახირით დამთავრდა ჩემი დებიუტი ჯიულიეტას როლში, რომლის შესრულებისთვის საუკეთესო ჯულიეტას წოდება მომანიჭეს. დღეს ამ ისტორიას როგორც კურიოზს, ისე ვიხსენებ.

– შვედეთის სამეფო საზოგადოებამ ოქროს ორდენით დაგაჯილდოვათ და ჩვენი დროის საუკეთესო მომღერლად გაღიარათ. ცერემონია სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში გაიმართა და ჯილდო პირადად შვედეთის პრინცესამ გადმოგცათ. მოგვიყევით ამის შესახებ.

– მსოფლიოში პირველი უცხოელი მომღერალი ვარ, რომელსაც შვედეთის სამეფო საზოგადოებამ ასეთი ჯილდო მიანიჭა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, მომღერლის კიდევ ერთხელ აღიარება და მაღალი შეფასებაა. საერთაშორისო მასშტაბით 175 ცნობილ მომღერალს შორის შემარჩიეს. მახსოვს, ჩემმა მშობლებმა მითხრეს, თბილისში უკვე ლაპარაკობენ, რომ ამ ჯილდოსთან ერთად, 150 ათასი დოლარი აიღეო. ამაზე ბევრი ვიცინე. დაჯილდოება, კონცერტი და მეჯლისი მართლაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. იქ ყველაფერი ძვირფასი იყო – განსაკუთრებით მეფის სასახლე, მაგრამ პირადად მე მხოლოდ ძვირად ღირებული ჯილდო გადმომცეს. ის ოქროსია და ბრილიანტებითაა გაწყობილი.

– დღეს ბევრი მიმართულებით საქმიანობთ?

– საკონცერტო, საპროდიუსერო და პედაგოგიური მიმართულებით. 2023-2024 წლებში სამივე საქმიანობაში საინტერესო გეგმები მაქვს. ეს უმეტესად ისევ ესპანეთს უკავშირდება. როდესაც განხორციელდება, მოგიყვებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი