საზოგადოება

რა გზა გაიარა ბაია ურიდიამ ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებამდე და როგორ ტრანსფორმირდა მისი პიროვნული ტკივილები ხელოვნებაში

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 29.03, 2023 წელი

ბაია ურიდია
დაკოპირებულია

ბაია ურიდია ქართველი ხელოვანია, რომლის ცხოვრებაშიც განსაკუთრებული ადგილი მხატვრობას უჭირავს. მისი ცხოვრების სხვადასხვა რთულმა ეტაპმა დიდი გავლენა იქონია მასში ხელოვანის დაბადებაზე და დღეს, ბევრი ისეთი ამბავი აქვს, რომლითაც შეგვიძლია, ჩვენც განსაკუთრებულად ვიამაყოთ.

ბაია ურიდია: სამი წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა. ასაკიდან გამომდინარე, მიღებული ტკივილის, დიდი ტრავმისა და დანაკლისის გააზრება გამიჭირდა, მაგრამ როგორც ჩანს, მძაფრი ემოციები ჩემში აკუმულირდა და მნიშვნელოვანი გარდატეხა გამოიწვია. ეს ტრაგედია გახდა იმპულსი, ჩემში არსებული შემოქმედებითი უნარი ფსკერიდან ზედაპირზე ამოეტანა და ხატვა დავიწყე. ვხატავდი დედას და მამას. ეს ის მამა არ იყო, ვინც გარდამეცვალა, მაგრამ იყო მამა და იყო დედა, იყო ოჯახის იდილია და მე ყოველდღე იმ ოჯახის იდილიას ვხატავდი, რომელიც ქვეცნობიერად მინდოდა, მყოლოდა. მე დედაჩემის მშობლების სახლში, ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი და ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი მათ უჭირავთ.

– თავიდან რით მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება შენმა ნახატებმა?

– მთელი ჩემი ყურადღება აქეთ იყო – ძალიან ბევრს ვხატავდი. მაინტერესებდა სახატავი მასალები, ფერების განლაგება, გამძაფრებული მქონდა ესთეტიკის შეგრძნება... მოკლედ, მთელი ჩემი სამყარო ხატვას უკავშირდებოდა. ბაბუა იყო ის ადამიანი, რომელსაც სწამდა, რომ განსაკუთრებული ნიჭი მქონდა და ისიც და ბებიაც ძალიან მახალისებდნენ.

სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ გადავწყვიტე, ფილოსოფია მესწავლა, რადგან ძალიან დავინტერესდი სხვადასხვა მოძღვრებითა და იდეებით. აქედან გამომდინარე, ორი წელი მხატვრობაში ძალიან პასიური ვიყავი, მაგრამ მეორე კურსიდან ისევ დავუბრუნდი. მაშინ რთული პერიოდი მქონდა მენტალურ-ემოციური თვალსაზრისით. ძალიან დიდი მელომანი ვარ, მუდმივად მუსიკას ვუსმენ და ეს ძალიან მეხმარება, მაგრამ ცხოვრების იმ ეტაპზე მუსიკა არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემი დარდების დასაძლევად. პირველ ეტაპზე მამაჩემის გარდაცვალება გახდა ჩემთვის ხატვის დაწყების ბიძგი, ამჯერად არსებულ გარემოში საკუთარი თავის გამოხატვას ვერ ვახერხებდი და ეგზისტენციალურ კრიზისამდე მივედი. ამ მდგომარეობაში ხატვის დაწყება ჩემთვის თერაპია აღმოჩნდა, რომელიც თვითადარჩენის ინსტინქტმა მიკარნახა. შემდეგ კი გონებაში გაჩნდა რაციონალური აზრი, რომ ამ სამყაროში ჩემი მთავარი გამოხატვის საშუალება მხატვრობაა.

დაახლოებით, სამი წლის წინ, ერთი თვე თურქეთში, ქალაქ მერსინში ვცხოვრობდი. ირგვლივ ულამაზესი ბუნება მქონდა. იქ ჩემი გონება მთლიანად წყლის ესთეტიკამ მოიცვა. წყალთან, თითქოს, სულიერი კავშირი ვიგრძენი და მას შემდეგ, ყველაზე მშვენიერ ემოციას წყლის ხატვის მომენტში განვიცდი.

– თქვენს ნახატებს ძალიან კარგი შეფასებები აქვს...

– როდესაც წყლის ესთეტიკის ხატვა მარინისტულ ჟანრში დავიწყე, ჩემ მიმართ ინტერესი გაიზარდა. ყველაზე საინტერესო და უცნაური ისაა, რომ არასდროს მიცდია ჩემი ნახატების პოპულარიზაცია, არც გამომდის ასეთი რამეები. იმ ადამიანებმა, ვისაც ჩემი ნამუშევრები ნანახი ჰქონდათ, „მაიძულეს“, სოციალურ ქსელში გვერდი შემექმნა და ჩემი ნახატები ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა. როდესაც ხელოვანებმა, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებმა კარგი შეფასებები მომცეს, ამან ჩემს მოტივაციასა და თავდაჯერებულობაზე, რომელიც სამწუხაროდ, მაკლია, დადებითად იმოქმედა. მერე სოციალურ ქსელებს მიღმა, სრულიად უცხო ადამიანებიც რომ მეუბნებოდნენ, ძალიან საინტერესო ნახატები გაქვსო, მიკვირდა, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იცოდნენ ჩემს ნახატებზე და მიკვირდა, რომ სურვილი უჩნდებოდათ, ეს ემოცია ჩემთვის გაეზიარებინათ.

შემდეგ ბოდიარტით დავინტერესდი და ტილოზე ხატვა საკუთარ სხეულზე ხატვით ჩავანაცვლე. ტილოზე უარი არ მითქვამს, მაგრამ საკუთარ თავზე ხატვის ვნება მქონდა. მინდოდა, ფიზიკური განსხეულება მიმეცა ამ პროცესისთვის. ეს იყო ერთგვარი ფემინისტური პროექტი, რომელშიც მეომარი ქალები გავაერთიანე. სხეულზე მებრძოლ ქალებს ვიხატავდი, ვუწერდი ისტორიებს ფენტეზის ჟანრში და ვარქმევდი სახელებს. ესენი იყვნენ სხვადასხვა ბრძოლაგამოვლილი და გამარჯვებული ქალები. ამ ნამუშევრებმა განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა. ალბათ, იმიტომ, რომ ტილოზე ხატვის აქტი ამდენად სპეციფიკური არ არის. სხეულზე ხატვა კი არ არის გავრცელებული გზა თვითგამოხატვისთვის. თან, მე სხეულზე ისე არ ვხატავდი, როგორც გრიმს აკეთებენ სადღესასწაულოდ, ეს იყო სხეულზე გადატანილი ტილოზე ხატვის ტექნიკა და ალბათ, ამიტომ მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება. ამის შემდეგ დავიწყე ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი მუსიკალური ალბომების განსხეულება. ამას კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება და შეიძლება ითქვას, ბუმი მოჰყვა (იცინის).

– ამ ამბის ძალიან სასიამოვნო გაგრძელება მუსიკალურ ჯგუფ Gojira-ს უკავშირდება...

– ბავშვობიდან ვუსმენ „მეტალს“, თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს მუსიკა იმდენად კომპლექსური და მიმზიდველია, ჩემი პიროვნების იდენტიფიცირებას ახდენს. Gojira ერთ-ერთი უძლიერესი ბენდია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს მორალურ, მენტალურ და ემოციურ მდგომარეობაზე. მათგან იმხელა სიამოვნებას ვიღებდი, მინდოდა, მათდამი ჩემი მადლიერება და პატივისცემა გამომეხატა და პირველად მათი ახალი ალბომი განვასხეულე. ამით, თითქოს, მათ ხელოვნებაში ჩემი ხელოვნებით შევაღწიე და ულამაზესი ერთობა მივიღე. „გოჯირა“ მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარულია და უამრავი მსმენელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, ჩემს ნამუშევარს დიდი აღიარება მოჰყვა, მათი მსმენელები აღფრთოვანდნენ. ამან მომცა სტიმული, ამ ჯგუფის სხვა ალმომებიც განმესხეულებინა. „გოჯირას“ ფონტმენმა ჩემი ნამუშევარი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, რასაც ასევე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მათი ფანებისგან და მაშინ ლამის ინფარქტმა დამარტყა (იცინის). მან, ასევე, საკუთარ გვერდზე, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, განათავსა კიდევ ერთი ჩემი ნამუშევარი, ჩემს სხეულზე განსხეულებული უკრაინელი მებრძოლი, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა. შემდეგ ვოკალისტის მეუღლე დამიკავშირდა და შემაქო, მითხრა, რომ ძალიან ძლიერი და საინტერესო არტისტი ვარ, რაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. მალე ამ ბენდის წევრებს პირადად ვხვდები და ჩემი ოცნებაც ახდება.

– ეს უკვე ხდება ამერიკაში, სადაც ცოტა ხნის წინ გადახვედით საცხოვრებლად. უცნაურად მეჩვენება, მაგრამ საჰაერო ჯარებში ჩაირიცხეთ. სამხედრო მიმართულებამ და მებრძოლი ქალების თემატიკამ რეალობაში გადმოინაცვლა. ხელოვანი და მებრძოლი ქალი, სამხედრო ინტერესებით, როგორ ცხოვრობს ერთ ადამიანში?

– ერთი შეხედვით, ეს ორი სფერო ერთმანეთთან არათავსებადია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ლოგიკური გამოვლინება იყო. ბავშვობიდან მიზიდავდა ბრძოლის ხელოვნება და მომწონდა მებრძოლი ქალის განსახიერება. ამბობდნენ ხოლმე, ეს ბავშვი ველურია, ძალიან ბიჭურიაო. მოგვიანებით მებრძოლი ქალების ხატვაც დავიწყე. ასევე, შესაბამისი ფილმების ყურება, ლიტერატურის კითხვა და მივხვდი, რომ ამას ჩემს ცხოვრებაში უფრო დიდი ადგილი უნდა დაეკავებინა პრაქტიკული თვალსაზრისით. მაშინ დავფიქრდი სამხედრო მიმართულებით ჩაბარებაზე და ეს ჩემი დიდი ოცნება გახდა. თავდაპირველად ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები ძალიან შორეული და წარმოუდგენელი მეგონა, მაგრამ შევძელი აქამდე მოსვლა. მინდოდა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და მასშტაბური ჯარის ნაწილი გავმხდარიყავი და ამერიკაში რომ ჩამოვედი, ამისთვის აქტიური მზადება დავიწყე. ნამდვილად რთული გამოცდები გავიარე, ჩავაბარე და სამ თვეში სამხედრო წვრთნებზე მივდივარ. შემდეგი ეტაპი იქნება ტექსკოლა, რომლის დასრულების შემდეგაც უკვე აქტიურ სამხედრო მსახურებას ვიწყებ.

– ამასობაში მხატვრობაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – თქვენით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელოვნებო პროექტი Art Battle დაინტერესდა და 12 მხატვარს შორის მიგიწვიეს, სადაც დიდი აღიარება მოიპოვეთ.

– ამერიკამ ჩემში გამბედაობა გააღვიძა. მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მეცადა და ასეც მოვიქეცი – ამ პროექტზე ჩემი აპლიკაცია გავგზავნე. მონაცემები კი გავგზავნე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი, რომ იქიდან დამიკავშირდებოდნენ. ამიტომ, როდესაც ეს მოხდა, შოკში ჩავვარდი (იცინის). მწერდნენ, დაინტერესებულები ვართ თქვენი ნამუშევრებითო. კონკურენცია ძალიან დიდი იყო და ამდენ ხელოვანს შორის რომ საქართველოდან აგარჩევენ მხატვარს, რომელსაც აკადემიური განათლებაც არ აქვს, ეს საოცრებაა. დანარჩენი მონაწილეები ამერიკაში მოღვაწე მხატვრები იყვნენ, ყველას ჩემზე მეტი განათლება და გამოცდილება ჰქონდა. მოკლედ, სულ სხვა საზოგადოებაში მოვხვდი. სიმართლე გითხრათ, ერთი წამითაც კი არ მქონია შეჯიბრობითობის მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული დამსწრე საზოგადოებას უნდა გამოევლინა. აღფრთოვანებული ვიყავი პერფორმანსისთვის მოწყობილი საოცრად ესთეტიკური გარემოთი. უამრავმა მაყურებელმა მოიყარა თავი, კიდევ უფრო მეტი ონლაინ გვადევნებდა თვალს. სცენაზე იყო მოლბერტები და თითოეულს ეწერა სახელი და გვარი. საკუთარი სახელი და გვარი რომ დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მონაწილე ვიყავი, საოცრი შეგრძნება დამეუფლა. შემდეგ, წამყვანმა მიკროფონში რომ გამოაცხადა ჩემი სახელი და დაამატა, ახლა ძალიან საინტერესო არტისტი ავა სცენზეო, ჩემს გონებაში გარდატეხა მოხდა. დამაჯერეს, რომ მე ასეთი ვიყავი და მართლა შემეძლო კარგი რამის გაკეთება. ხუთ წუთში უკვე თითქმის დახატული მქონდა მთელი ტილო, როცა ცხოვრებაში ასე არ დამიხატავს. ღონისძიება ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე მე გავხდი გამარჯვებული და ხალხის რჩეული. ხატვას რომ მოვრჩი, ძლიერი ემოციებისგან აგონიაში ჩავვარდი. გარეთ რომ გამოვედი, ჩემთან უცხო ადამიანები მოდიოდნენ და საოცარ სიტყვებს მეუბნებოდნენ. ასეთი ტექნიკა არასდრო გვინახავს, ეს ხელოვნების საოცარი ზეიმი იყოო და ასე შემდეგ – სხვადასხვანაირად ცდილობდნენ ჩემს მიმართ პატივისცემის გამოხატვას. ინტერესდებოდნენ, ვინ ვიყავი და საიდან. ვერც მოვასწარი იმის გააზრება, რომ პირველი ეტაპის გამარჯვებული გავხდი, რომ მეორე, ფინალური ეტაპი დაიწყო. მეორე ეტაპზე მხოლოდ ოთხი მხატვარი ვიყავით, ისინი, ვინც ყველაზე მეტი ხმა დავაგროვეთ. იქ მეორე ტილო დავხატე და ორივე ნამუშევარი განსაკუთრებულად მიყვარს.

საინტერესოა ისიც, რომ ხატვის პროცესშივე მიდიოდა ონლაინ აუქციონი და მითხრეს, ძალიან დიდი კონკურენციაა შენს ნახატზეო. ესეც დიდი შოკი იყო ჩემთვის. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ყველაზე დიდ კონკურენციას ჩემი ნახატი გამოიწვევდა. პროექტის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემთან მოირბინა ადამიანმა, რომელსაც ბედნიერებისგან გაცისკროვნებული სახე ჰქონდა და მეუბნება, როგორც იქნა, თქვენი ნახატის შეძენა შევძელი აუქციონზეო. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი გამოცდილება იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი