საზოგადოება

მადონა კოიძე: ყოველთვის ვიცი, ჩემს უკან რა ხდება – მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, მესამე თვალი სად გაქვს, გვაჩვენეო

№42

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 26.10, 2021 წელი

მადონა კოიძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ მადონა კოიძესთან 👇

სახელი: მადონა.

გვარი: კოიძე.

პროფესია: მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ერთ ისტორიას გავიხსენებ, რომელიც სკოლაში შემემთხვა. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. მე-5 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში კულინარიული კონკურსი ჩატარდა, რომელშიც ყველა ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ დირექტორი და მოკლედ, მთელი სკოლა ამ ამბავში იყო ჩართული. პირობა გვქონდა შემდეგი: დამოუკიდებლად მოგვემზადებინა განსაკუთრებული კერძი ან ნებისმიერი რამ, რაც კულინარიასთან იყო დაკავშირებული. ძალიან მოვინდომე და სრულიად მარტომ, სახლში გავაკეთე ტორტი, თუმცა კონკურსი წავაგე - არავინ დამიჯერა, დირექტორის ჩათვლით, რომ დამოუკიდებლად მოვამზადე ეს ტორტი. მახსოვს, ბევრი მატირეს... მერე მივხვდი, ასაკიდან გამომდინარე, ისეთ რამეს არ უნდა მოჰკიდო ხელი, რასაც სხვები არ დაგიჯერებენ. ეს იყო პირველ უსამართლობასთან ჩემი შეჯახება, რისგანაც კარგი გაკვეთილი მივიღე.

– მშობლების როლი...

– მამამ მასწავლა, იმისთვის, რომ შემდგარი და წარმატებული ვყოფილიყავი, ბევრი უნდა მეკითხა. აქედან გამომდინარე, დღემდე ვგიჟდები კითხვაზე. რაც შეეხება დედას - ადამიანების სიყვარული ჩამინერგა. ჩვენს ოჯახში მთავარი იყო პატიოსნება და წესიერება, მერე დანარჩენი სხვა. დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა ვსაყვედურობ დედას, რადგან მასწავლა ყველაფერში პირდაპირი და გულწრფელი ვყოფილიყავი - დიპლომატია ნაკლებად მახასიათებს.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– მიმაჩნია, რომ სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან; ოჯახების შემადგენელი ნაწილი კი ჩვენ ვართ - თითოეული მოქალაქე. სახელმწიფოს თუ უყურებ ისე, როგორც საკუთარ ოჯახს, მაშინ მარტივია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ანუ, მე რაც საკუთარი თავისთვის მსურს, იგივე მინდა მეზობლისთვის, მეგობრისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის; როგორც ვიცავ საკუთარ შვილს და შვილიშვილს, ასევე ვიცავ და დავიცავ ნებისმიერ ბავშვს, რადგან ეს ადამიანები ჩემი ოჯახის წევრებად მიმაჩნია. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ჩემთვის წარმატება დამოკიდებული არ არის მატერიალურ მდგომარეობაზე. წარმატებულია ის, ვინც საკუთარი თავის სწორად რეალიზება შეძლო და თუნდაც ერთ ადამიანს დაეხმარა ან სიკეთე მოუტანა.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხშირად ვახერხებთ თუ არა ეკლესიაში შესვლას და სანთლის დანთებას, რადგან სანთელი ისედაც ყველა ადამიანის გულში უნდა იყოს ანთებული, ხოლო სიკეთე - ღმერთის სახელით გაკეთებული და არა, ვიღაცის დასანახად. ასე მიგვითითა უფალმა და ეს ჩვენი ვალდებულებაა. ბევრად მარტივია ცხოვრება, როცა შენი ნაბიჯები შეთანხმებულია საკუთარ სინდისთან და აქედან გამომდინარე, უფალთან.

– მაბედნიერებს...

– კმაყოფილი ადამიანის თვალები და სხვისი ბედნიერება. ეს ჩემთვის დიდი ადრენალინია. როცა ადამიანს სიკეთეს გაუკეთებ და ის ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებს შემოგანათებს, ამაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს.

– ვამაყობ...

– ხალხის სიყვარულით.

– ვრისკავ...

– ყოველთვის. ძალიან აზარტული და რისკიანი ვარ - ოჯახში ნარდის თამაშსაც კი ვერიდები. ჩემთვის ნებისმიერი საქმე საინტერესო და აზარტულია იქამდე, ვიდრე რთულია. ვაღიარებ, ბევრი რამ გამიწყვეტია შუა გზაზე, როცა მიგრძნია, ყველაფერი გამარტივდა - სხვისთვის დამითმია დასასრულებად. ამიტომ, ჩემი ცხოვრება და ყოველი ნაბიჯი სირთულეებითაა სავსე. გარედან შეიძლება ისე ჩანს, ჩემს ირგვლივ ყველაფერი მარტივად ხდება, მაგრამ რეალურად, ასე არაა - ყოველთვის ბრძოლა და დიდი ძალისხმევა მჭირდება. სწორედ ამიტომ, ხშირად ვდგამ ისეთ რთულ და რისკიან ნაბიჯებს, რომელსაც სხვა მოერიდებოდა.

– ვერიდები...

– შეცდომის დაშვებას, თუმცა ადამიანები ვართ და ცხოვრების მანძილზე ბევრ არასწორ ნაბიჯს ვდგამთ. ძლიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს შეცდომის გაანალიზების და მისი გამოსწორების უნარი. ასევე, ძლიერია ის, ვინც მიხვდება, რომ არასწორად მოექცა მასზე სუსტს, თავდახრილი მივა მასთან და მოუბოდიშებს.

– ბედისწერა...

– მარტო ბედისწერის კი არა, მინიშნებებისაც მჯერა, ისეთი ბუნება მაქვს, ყველა წვრილმანს ვაკვირდები და ყურადღებას ვაქცევ. ერთ-ერთი ბიზნესოპერატორი მატლიანი პროდუქტის რეალიზებას ახდენდა, რომელსაც ძირითადად ბავშვები და ორსულები ყიდულობდნენ. ავუკრძალეთ საქმიანობა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ საწყობი. ზუსტად ვიცოდი, ის ისევ გააგრძელებდა ამ საქმიანობას, თუ საწყობს ვერ ვიპოვიდით. იმ დღეს მთელი გზა მხვდებოდნენ ფეხმძიმე ქალები, ლამის გავგიჟდი. დავკარგე მოსვენება, სულ ამ საკითხზე მეფიქრებოდა. მეორე დღეს, როგორც კი გათენდა, წავედი და ვიპოვე საწყობი. ინტუიციაც ისეთი განვითარებული მაქვს, ყოველთვის ვიცი, ჩემს უკან რა ხდება. მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, მესამე თვალი სად გაქვს, გვაჩვენეო (იცინის).

– მეშინია...

– უმოქმედობის...

– მარტოობის განცდა...

– ძალიან ხშირად მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიღლები და ვხვდები, კანონი არ მიშვებს იმის იქით, რასაც ვაკეთებ, არადა უფრო მეტია გასაკეთებელი. მაშინ, როცა ბიზნესოპერატორი წამლავს ათასობით ადამიანს და მხოლოდ 1 000 ლარით ისჯება, კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში - იკეტება, უსამართლობის განცდა მეუფლება ამ დროს, ვისტრესები და ემოციურად მიჭირს. თუმცა, ერთი კარგი სარელაქსაციო ადგილი მაქვს - მარტო ავდივარ 112-ის შენობასთან, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივითაა გადაშლილი, ვზივარ მანქანაში და ვუყურებ მოციმციმე შუქს. ვმშვიდდები, მერე მივდივარ სახლში და ვიძინებ.

– სიცოცხლე არ ღირს...

– სიყვარულის გარეშე. უნდა გიყვარდეს: ოჯახი, ქვეყანა, ადამიანები, ღმერთი. უბრალოდ, ლაღი ადამიანი უნდა იყო... თუ არ შეგიძლია, დაიხარჯო სხვისთვის და გასცე სიყვარული, მაშინ ნურავისგან ელი სიკეთეს, რადგან ეს ცხოვრება ბუმერანგივითაა - ყველაფერი გაორმაგებული დაგიბრუნდება უკან.

– დრო და სიყვარული...

– არ აქვს მნიშვნელობა წლებს და დროს, მთავარი პატივისცემაა, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავისი ხასიათითა და ხედვებით.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ტყუილი, მლიქვნელობა და ღალატი.

– რთული პერიოდი...

– რუსეთში გავიზარდე. საქართველოში რომ ჩამოვედი, პატარა გოგო ვიყავი და მალევე გავთხოვდი. არ მყავდა დიდი სამეგობრო წრე და ეს დაემთხვა 90-იანი წლების რთულ პერიოდს: ომს, გაჭირვებას, პურის რიგებს... მაშინ მყავდა ორი პატარა ბავშვი და ძალიან რთულად მახსენდება ის ყოველდღიურობა, როცა სულ იმაზე გიწევდა ფიქრი, როგორი იქნებოდა ხვალინდელი დღე.

– შემშურებია...

– ახლაც მშურს, თხელ და ლამაზ ქალბატონებს რომ ვუყურებ, რადგან მთელი ცხოვრება წონის პრობლემა მაქვს (იცინის).

– სამაგიეროს გადახდა...

– ზოდიაქოთი მორიელი ვარ და ჩემი ფრაზაა: კარგი მეგობარი ვარ, ცუდი - მტერი. მეგობრის გამო შემიძლია, სიცოცხლეც გავწირო, მაგრამ ტყუილს და ღალატს არავის ვაპატიებ, თუმცა შურისმაძიებელი არ ვარ - ცხოვრება ბუმერანგია და თავად იპოვის საკუთარ გზას. წლებთან ერთად, გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება დამიგროვდა და როცა ადამიანი გულს მატკენს, უბრალოდ, ვცილდები - მეორე შანსს არავის ვაძლევ. დღეს ერთგული ადამიანის პოვნა ძალიან რთულია, შესაბამისად, კარგი მეგობრის დაკარგვაც საკმარისი სასჯელი მგონია.

– ბოდიშის მოხდა...

– საერთოდ არ მიჭირს, როცა ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. ასეთი თვისება მაქვს, დაძინებისას ჩემს ყველა საუბარს და მოქმედებას ვაანალიზებ. თუ ჩავთვლი, რომ ვინმესთან ურთიერთობისას შეცდომა დავუშვი, მეორე დღეს აუცილებლად მივალ მასთან და მოვუბოდიშებ. იმისთვის, რომ ჩემს თავთან და სინდისთან მართალი ვიყო, ვინმეს მითითება არ მჭირდება. მიმაჩნია, როცა ადამიანი ბალიშზე თავს დადებს, დაძინება არ უნდა გაუჭირდეს.

– არასოდეს დამავიწყდება...

– არ მინდა, თავის ქებაში ჩამეთვალოს, უბრალოდ, ემოციურად ჩემს გულს და გონებას ყოველთვის ემახსოვრება ეს ამბავი. რატომღაც ბავშვები ჩემს მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავენ, ოღონდ არ ვიცი, რატომ. ბათუმში ერთი სრულიად უცხო ბავშვი შემხვდა, ჩამეხუტა და წავიდა. საღამოს ამ ბავშვის დედამ გამომიგზავნა ვიდეო, სადაც ეს პატარა ამბობდა, რომ არ უნდოდა დაბადების დღეზე არაფერი, თუ მე არ ვიქნებოდი მასთან. ისეთი ემოციით ჰყვებოდა, თან აჭარული კილოთი, რომ ჯავრად ჩამყვა. ვიყიდე დიდი ფუმფულა სათამაშო, მოველაპარაკე ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრს და წავედი ამ ბავშვის გასახარებლად. ახლაც კი მაკანკალებს ისეთი ემოცია ჰქონდა, როცა დამინახა - 10 წუთი ჩახუტებულები ვტიროდით. ამ ემოციას არ ვიცი, რა შეიძლება შეედაროს და მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილად ღირდა ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა