საზოგადოება

ლუკა კურტანიძე: უკვე წელიწადი და შვიდი თვე გავიდა და მის გარეშე ყოველდღე ვკვდები

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 21.06, 2021 წელი

ლუკა კურტანიძე
დაკოპირებულია

ლუკა კურტანიძის სახელთან უამრავი საამაყო გამარჯვება ასოცირდება. მისი თითოეული წარმატება უდიდესი ტკივილისა და გაჭირვების ფონზეა მიღწეული. ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ მოახერხა მან ამ შედეგის მიღება.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ის დიდი სიყვარულით სავსე, მაგრამ ასევე უდიდესი ტკივილის მომტანი აღმოჩნდა, რის მიზეზებზეც თავად ისაუბრებს, რაც ვფიქრობ, ბევრისთვის იქნება დამაფიქრებელი.

ლუკა კურტანიძე: წარმატების მიღწევამდე ადამიანმა მიზანი უნდა დაისახო. დიდ მიზნამდე მისვლისთვის კი პატარ-პატარა მიზნების განხორციელებაა საჭირო. ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ყველაზე მეტად გეხმარება ძალიან დიდი ინტერესი საქმისადმი, რომელიც უდიდესი ენთუზიაზმის წყაროა. მიზანს რაღაც უნდა შესწირო და ამას ენთუზიაზმის გარეშე ვერ მოახერხებ. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ისეთ დროს, როდესაც ძალიან დიდი გარდაქმნები ხდება. მე დიდი გარდაქმნების პერიოდში მომიხდა მიზნებისთვის ბრძოლა, ისევე როგორც ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლებს: სამაჩაბლო, აფხაზეთი, თბილისის ძმათა შუღლი და ასე შემდეგ. მე იმ დროს მიზანი მომეხმარა – რაღაც ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც ჩემს სამშობლოსა და ოჯახს გადაარჩენდა. განათლებასთან ერთად, მე სპორტი ავირჩიე.

– გარდა ქვეყანაში არსებული სირთულეებისა, საკუთარ თავზეც ბევრი გქონდათ სამუშაო. ნათქვამი გაქვთ, ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული, მაგრამ მოუხერხებელი ვიყავი, ბავშვობაში გოგონები მერეოდნენო.

– კი, ჩემი ბავშვობის მეგობარია ია ბერიძე, ის მერეოდა და მე ვიბუტებოდი (იცინის). ჟინიანი ვიყავი და ეს დამეხმარა. მეგობრები დადიოდნენ ჭიდაობაზე და მეც გავყევი. იქ იმიტომ მივედი, რომ პირველობა მინდოდა. ძალიან კარგი მწვრთნელები მყავდა, ისინი ჩემთვის სამაგალითოები გახდნენ. როდესაც ჭაბუკებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი გავხდი, მაშინ დაიწყო აფხაზეთის კონფლიქტი. ამის შემდეგ დარბაზში რომ მივედი, დავიწყე არა იმაზე ფიქრი, რაც ჩვენ გადავიტანეთ, არამედ იმაზე, რომ უნდა გადამერჩინა ოჯახი, რომელიც მამამ ჩამაბარა. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა უმძიმესი მოვლენების „გადასახარშად“ და 1995 წლიდან ნელ-ნელა დავიწყე ძალის აკრეფა. 1996 წელს ევროპის ჩემპიონობა მოვიპოვე, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე – ბრინჯაო და ასე დაიწყო...

– დაიწყო დიდი ეპოქა. ეს ყველაფერი ხდებოდა ბევრი პრობლემის, მათ შორის, მატერიალურის, ფონზე. როგორ გამოგივიდათ?

– სამშობლოს დიდი სიყვარულით. ახლა ეს სიტყვები იმდენად გაუფერულდა, მრცხვენია, რომ ვამბობ, მაგრამ ნამდვილად ასეა. მინდოდა, ჩემი ქვეყნისთვის რაღაც შეუძლებელი გამეკეთებინა.

მე აფხაზეთიდან ვარ და თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა, რომ ჩემი ყოველი გამოსვლით მე მთელ მსოფლიოს ვაცნობდი, რომ ქალაქი სოხუმი არის საქართველო. უნდოდა თუ არა რუსს თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, როდესაც მე ჩემპიონი ვხვდებოდი, საქართველოს ჰიმნის გაჟღერებისას, ყველა ფეხზე დგებოდა. ეს იყო ჩემი პოლიტიკური განაცხადი სპორტიდან.

რაც შეეხება გაჭირვებას, მიუხედავად დიდი სიდუხჭირისა, ხალხი ძალიან თბილი იყო და მე მათმა სიყვარულმა გადამარჩინა. წინადადებები მქონდა უკრაინის ფედერაციიდან, ასევე რუსეთიდან, საბერძნეთიდან, უზბეკეთიდან. ბევრი ცდუნება იყო, მაგრამ გადავლახე. ბევრჯერ გავბრაზებულვარ საკუთარ თავზე ამის გამო. ბევრი წავიდა, იასპარეზა სხვა ქვეყნის სახელით, ჩამოვიდა და ვფიქრობ, ბევრად დაფასებულები არიან ის ადამიანები. ეს წყენა მაქვს. ნურავინ მიწყენს, მაგრამ ყველაფერს გაუძლო, აქაური ტკივილი გადაიტანო, საკუთარ ერთან ერთად ცრემლიც ნახო და საკუთარ სამშობლოს გამარჯვების სიხარული განაცდევინო, მე ეს მგონია სამაგალითო.

– პოლიტიკაში რა გინდოდათ?

– მჯეროდა, რომ 2003 წლიდან, ცვლილებების შემდეგ, ყველაფერი კარგად დალაგდებოდა. დიდი სპორტის დამთავრების შემდეგ მე მხოლოდ მწვრთნელობა მინდოდა და ჩემი ეს გადაწყვეტილება, თვითონაც უკვირდათ, რადგან მე უკვე ყველაფერი მქონდა. მანამდე, 12 წელი, ბუნდესლიგაში ვიყავი და შემოსავლით უზრუნველყოფილი. აბსოლუტურად ყველაფერი გამაჩნდა – არა ერთი, ორი და სამი, მეტი და არც მწვრთნელობას დამაყვედრიდნენ.

2007 წელს გერმანიაში დამირეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ჩამოსვლა მთხოვეს პრეზიდენტთან შესახვედრად. ამ შეხვედრაზე პრეზიდენტის გვერდით ვიჯექი წარმატებულ სპორტსმენებთან და ხელოვან ადამიანებთან ერთად. პრეზიდენტმა თქვა, რომ რამდენიმე ადამიანისგან გაწმენდდა ყველაფერს და მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც მას უთხრა: ბატონო პრეზიდენტო, ის თქვენი ხალხია და თქვენ იმათი პრეზიდენტიც ხართ. რომ დაითმინოთ იმ ადამიანების პროტესტი, ჩახვიდეთ და მოუსმინოთ, უკეთესი იქნება, ვიდრე

მათგან გაწმენდა-მეთქი – ჩემი თავისუფალი აზრი გავუზიარე. მე მას ვგულშემატკივრობდი და იმიტომ ვუთხარი, სხვანაირად პრობლემას არ შევიქმნიდი. მეორე შეხვედრაზე, რომელიც დახურული იყო, კონკურენტებზე გავუზიარე ჩემი აზრი, ყველას უნდა შესთავაზოთ გარკვეულ მიმართულებებში საკუთარი გამოცდილების გაზიარება-მეთქი. ახსოვდა პირველიც, მეორეც მოისმინა და უთქვამს:

გადაეცით კურტანიძეს ძალიან ჭკვიანი რომ ჰგონია თავი, საკუთარი ადგილი იცოდესო. როდესაც ქვეყნის მმართველი საკუთარ გულშემატკივარს ასე პასუხობს, პასუხობს ისე, როგორც შვიდ ნოემბერს და კიდევ ბევრი უსამართლობის გახსენება შეგვიძლია, რთულია, რამე არ მოიმოქმედო. ადამიანმა, რომელმაც ჩემი ქვეყნის სიყვარულით შეგნებულად ვთქვი უარი სხვა ქვეყნის მილიონებზე, გავჩუმებულიყავი იმ ძალადობის მნახველი, რაც მაშინ ხდებოდა?! ის ხელისუფლება იმდენად მჩაგვრელი გახდა, გაჩუმება არ შემეძლო. ჩემთვის რთული იყო ამ არჩევანის გაკეთება, მაგრამ მომიწია პროტესტის გამოხატვა.

– წლების განმავლობაში კელიაში ცხოვრობდით – რწმენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება როდის გაგიჩნდათ?

– ბავშვობაშივე. ყველა ადამიანში არის რწმენის მარცვალი და გაზრდი თუ არა მას, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. ეკლესიაში ძალიან დიდმა ტკივილმა მიმიყვანა. როდესაც ისეთ რამეს ეჯახები, რასაც ვერ უმკლავდები. ინგრევა ოჯახი, რასაც მოჰყვება საკუთარი და შვილების ტკივილი. ბრძოლა ლამის ხუთი-ექვსი წელი გაგრძელდა. ვფიქრობდი, ეგებ შენარჩუნებულიყო ყველაფერი, მაგრამ მაინც ახალი ეტაპი დაიწყო. დაინგრა ოჯახი და ამ ტკივილის შედეგებს დღესაც ვიმკი.

ჩემმა შვილმა – ანამ ბევრი შეცდომა დაუშვა და როდესაც მე საყვედური ვუთხარი, ასეთი რამ მითხრა: მამა, შენ რომ წახვედი, მას შემდეგ კარზე კაკუნს რომ გავიგონებდი, მოვრბოდი იმ იმედით, რომ შენ იქნებოდი და ეს დღეები კი არა, წლები გრძელდებოდაო. დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი ცრემლი მქონდა მისი სიტყვების შემდეგ, კარგად გავაცნობიერე მისი ტკივილი. ვარჯიშიდან მოსულს „ბანტიკებით“ მხვდებოდა გაღიმებული და მე მას ეს ბედნიერება წავართვი. დედ-მამის დაშორება ჩვენი შვილებისთვის ძალინ მძიმე ტვირთია. ამას ვყვები იმიტომ, რომ მგონია, სხვა ადამიანებსაც დააფიქრებს.

ამის შემდეგ წლები გავიდა. იყო დრო, როცა ისეთი რთული პერიოდი მქონდა, ვცდილობდი, სიკვდილს გადავყროდი, ოღონდ ეს ტკივილი დასრულებულიყო. შეგნებულად ვეძებდი დიდ პრობლემებს, ოღონდ ამაზე არ მედარდა. ამ ბრძოლაში ჩემს თავზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი, მაგრამ შევხდი ადამიანს, რომელმაც ჩემში კარდინალური ცვლილება გამოიწვია. იმდენად მოწიწებით ვექცეოდი მას, იმდენად ლამაზი იყო ჩემთვის, რომ ყველაფერი დამავიწყა. ახლებურად დავიწყე ცხოვრება, იმედი დამიბრუნა, სიცოცხლე მომინდა. ეს იყო შემდეგში ჩემი ჯვარდაწერილი მეუღლე, ქალბატონი ხათუნა მიქაცაძე, რომელმაც ჩემი ცხოვრება გაანათა. შავებით და წვერით შემოსილი ადამიანი ყველანაირად შემცვალა, ბედნიერებაზე ფიქრი დამაწყებინა.

რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არაამქვეყნიური სიყვარულით ოჯახი შეგვექმნა. ის გახდა ჩემთვის ყველაფერი. თუმცა ცხოვრებას სირთულეები ახლავს. ხათო დაქვრივებული იყო, მას ორი შვილი ჰყავს, მე – ექვსი. რაც უნდა დიდი გრძნობა გქონდეს ზრდასრულ ადამიანებს, არსებობს შვილების ფაქტორი, რომელთაც მშობლის არავისთან გაყოფა არ უნდათ. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, უნდათ, მშობელი ასი პროცენტით მათი იყოს.

თავიდან ამას ვერ ვაცნობიერებდით. როდესაც ძალიან დიდი სიყვარულია, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდები, ამაზე ვერ ფიქრობ. ბავშვი დიდია თუ პატარა, პროტესტი აქვს. პატარა შეიძლება, ითმენს, მაგრამ როცა იზრდება, შემდეგ ხდება დიდი შეცდომები. ხათო არის დედა, რომელმაც ამქვეყნად ყველაფერი მოიკლო და მშიერ-მწყურვალმა, ყველასგან მიტოვებულმა გაზარდა ორი შვილი. ნათქვამი აქვს, ჩემს შვილს რომ დასჭირდეს, საკუთარ ხორცს მოვიჭრი და მივცემო და ამიტომ ამ რეალობის გაცნობიერება ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩვენ მთელი მსოფლიო შემოვიარეთ ერთად. იცით, როგორი სიყვარულით? რამდენიმე წუთით რომ დავშორდებოდით ერთმანეთს, უზარმაზარი მონატრება გვქონდა. გიჟური სიყვარულით განვვლეთ რამდენიმე წელი. აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარებოდა, ჩემთვის ყველაფერი იყო და ალბათ, ამით უდიდესი ტვირთი დავადე. ვერ ვაცნობიერებდი, რომ ის დედა იყო და მეტად უნდოდა შვილებთან. თუმცა, ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.

– და ბავშვებმაც გადაიარეს ეს მომენტი?

– ვერა. რაც მეტი დრო გადიოდა, ეს უფრო იგრძნობოდა. მინდოდა, მისი ყოველი ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვის ნახვა, სადაც დიდი სიყვარულია, იქ არაფერი გეთმობა, იგივე გრძნობა აქვთ შვილებს და ამ ჭიდილში გავგლიჯე ის ადამიანი. უფრო სწორად, ვგლეჯთ, ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული. მას უნდა, ყველასთვის იყოს, მაგრამ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ამხელა სიყვარულის შემდეგ ხათომ თქვა, მოდი, მე შვილებს მივხედავო. უკვე წელიწადი და შვიდი თვე გავიდა და მე მის გარეშე ყოველდღე ვკვდები. ბოლო ამოსუნთქვისასაც ვიტყვი, რომ ხათო არის ჩემთვის ყველაფერი. მე მის გარეშე ყოველი წამი დაკარგული მაქვს.

– ეს პერიოდი როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ძალიან რთულია ორივესთვის. ჩვენ ღვთის წინაშე ვერაფერი დაგვაშორებს, მაგრამ ფიზიკურად ასე ვართ. იმდენად უჭირს მასაც, რომ ამერიკაში წავიდა. ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა. მე მის გარეშე არ ვცხოვრობ. მხოლოდ დარდი და ტკივილია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სირთულე გადაივლის, სიცივე გადაივლის. ბევრი იტყვის, ამხელა თანანმდებობის პირი, ტიტულოვანი ადამიანი და ასე შემდეგ, დამერწმუნეთ, სიყვარულისა და იმ ადამიანის გარეშე ცხოვრება, ვინც არაამქვეყნიურად გიყვარს, არაფერია, ფურთხის ღირსია ყველაფერი – გინდ მსოფლიოს ჩემპიონობა, გინდ თანამდებობა.

თუ ადამიანი სიყვარულით არ ცხოვრობს, ესე იგი, ღმერთის გარეშე ცხოვრობს და ის საშიშია. მე ბედნიერი ვარ, რომ ასე მიყვარს და არაფერი მაბრკოლებს, ეს ხმამაღლა ვთქვა. იქნებ ჩემი ტკივილი ბევრისთვის სამაგალითო იყოს იმისთვის, რომ როცა საყვარელი ადამიანი შენს გვერდით არის, მისთვის ყველა დღე დღესასწაულად აქციო. არ უნდა მისცე თავს უფლება, ჩვეულებრივი იყოს ცხოვრება, როცა ის უკვე შენი ხდება.

ყოველდღე სინანულს განვიცდი და საკუთარ თავში ვეძებ შეცდომებს. ამ ყველაფრის შემდეგ, დღეს ათასჯერ განსხვავებული ადამიანი ვარ, ვიდრე წელიწადისა და შვიდი თვის წინ ვიყავი. შეიძლება სხვამ მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა შეცდომები დავუშვი იმ ადამიანთან, რომელიც არაამქვეყნიურად მენატრება.

– წლების წინ, ბავშვი დაკარგეთ. თუ არ ვცდები, ეს ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ იყო. ალბათ, ამანაც იქონია გავლენა...

– ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი. ხათო ორი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც ეს დაპირისპირება მოხდა. არსად წასულა, პირიქით, ის უფრო წინა პლანზე იდგა, ვიდრე მე და ამხელა ემოცია და ტრავმა მიიღო. ეს აისახა მასზე და ჩვენი შვილის დაკარგვა იმ ადამიანების კისერზეა, ვინც ეს დაუშვა. ის ადამიანები არ არიან იერარქიულად დაბალ საფეხურზე, ეს ის ადამიანები არიან, რომლებისთვისაც ბრძოლის დროს მე ძალიან დიდი იმედი ვიყავი. მათი შეცდომების გამო არანორმალურად შეყვარებულმა ქალმა დაკარგა იმ ადამიანის შვილი, რომელთანაც ამხელა სიყვარული ჰქონდა და ეს აისახა ჩვენზე.

– მახსოვს ნეგატიური ინფორმაციები თქვენზე – წერდნენ, რომ ცოლ-შვილი სახლიდან გაყარეთ. მერე როდესაც ხათუნასთან დაშორების შესახებაც გახდა ცნობილი, დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ მასაც ცუდად ექცეოდით, ტირანად წარმოგაჩინეს.

– ასეთ სისულელეებს პასუხს არ გავცემ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ იმ ბედნიერებას, რომელიც მე მქონდა. ახლა ხომ ბედნიერები არიან? ძალიან ბევრი ადამიანის ხელი ურევია ჩემს პირად ტრაგედიაში. ამას წინათ მივწერე ხათოს ამერიკაში, რომ სანამ ის ცოცხალია, მე ვერავინ წამაქცევს. ის ჩემი ძალიან დიდი იმედია. მხოლოდ ის მინდა, რომ ჯანმრთელი და ძლიერი იყოს. დანარჩენს, ყველას, ადრე თუ გვიან პასუხი გაეცემა. მე მას ძალიან დიდი ტვირთი დავადე – ჩემი სიყვარული. ჩემს ყველა შვილს აქვს სახლ-კარი, ყველას ყურადღებას ვაქცევ, ისე არავინ დამიტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მე ამას სხვანაირად ვუყურებ, მესმის, რომ მშობლის გაყოფა არ შეუძლიათ. შეიძლება, ხათოზე სხვამ იფიქროს, რა უჭირს, ამერიკაშიაო, რადგან გაღიმებულს ხედავენ, მაგრამ მე მის თითოეულ გამოხედვას ვიცნობ და ვიცი, ამ ღიმილის უკან რამდენი ცრემლია. ის ჩემი გულისა და სულის ნახევარია. ჩვენ შორის ღმერთია მოკავშირე. მხოლოდ ერთი რამ მინდა – თავს გაუფრთხილდეს, მინდა ბევრი წელი ვხედავდე მის ბედნიერ სახეს.

– ერთხელ უკვე მოხდა სასწაული თქვენს ცხოვრებაში. ახლა რას ფიქრობთ?

– სასწაული ის არის, რომ მე ის არაამქვეყნიურად მიყვარს და არცერთი წამი არ ვცხოვრობ მის გარეშე. ფიქრით სულ მასთან ვარ. მინდა, ბევრი საქმე ვაკეთო, რომ ფიქრის დრო არ დავიტოვო. მაგრამ როდესაც ვიღლები, მინდა, ჩქარა დამეძინოს, იქნებ სიზმარში ვნახო – არც იქ მინდა მის გარეშე. ამას წინათ ვუთხარი, გზის ყურება დამჩემდა-მეთქი. როდესაც მას ველოდებოდი ხოლმე და მისი ნახვის წამი ახლოვდებოდა, გულისცემა მიხშირდებოდა და რომ გამოჩნდებოდა, ბედნიერი ვფიქრობდი, ღმერთო, ამ ანგელოზს ნუ წამართმევ-მეთქი. ის იყო ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი ჩემს ცხოვრებაში. ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე. თუმცა, მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ის ამქვეყანაზე მყავს. თუ გიყვარს, ასე უნდა გიყვარდეს.

რაც შეეხება სასწაულს, ჩემთან სასწაულები არ ხდება. რადგან წავიდა, იმედი დავკარგე. ამაზე მეტი სიყვარული არ არსებობს და თუ ასე გიყვარს და მაინც წავიდა, მაშინ უნდა გაუშვა, რათა ის იყოს თავისუფალი და ბედნიერი, არ დაჩაგრო შენი ეგოიზმით და თუნდაც, იმ უსასრულო სიყვარულით, რომელიც მისთვის დიდი ტვირთი აღმოჩნდა!

სულ მახსენდება გელა ჩარკვიანის სიტყვა სიყვარულზე: თუ ნამდვილად გიყვარს, სიყვარულის საზომი არის შეწირულობა – რამდენს შეძლებს შენი სული და გული, მისთვის გაიღოს? შეძლებ, დათმო თუნდაც ამით კვდებოდე.

დიახ, მე შემიძლია. თუნდაც იმიტომ შევძლებ, რომ მას შორიდან ბედნიერს ვხედავდე. ამიტომ, ვიცი, ეს რაღაც იმედის დასასრულია. მე სასწაულის არ მჯერა, ის ჩემთან არ ხდება. ვამბობ ამ სიტყვებს და ვგრძნობ, რომ გული მიდუღს, მაგრამ ვფიქრობ დუღილი უნდა დასრულდეს რომ ის ბედნიერი იყოს აი, ჩემი აღსარება მათ, ვისაც უყვარს სიცოცხლე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი