საზოგადოება

კობა შემოქმედელი: არ შევგუებულვარ არსებულ მდგომარეობას და ფეხზე წამოვმდგარვარ

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:14

კობა შემოქმედელი
დაკოპირებულია

კობა შემოქმედელის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის კობა შემოქმედელი?

კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე: ჩვეულებრივი ქართველი ადამიანი, პროფესიასა და სამშობლოზე ძალიან შეყვარებული, პატრიოტი.

– როგორია საოცნებო ცხოვრება თქვენთვის?

– საოცნებო ცხოვრება ჩემთვის ნიშნავს ერთიან, მთლიან, მშვიდობიან და მოსიყვარულე საქართველოს, სადაც ყველა ბედნიერად ცხოვრობს.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– კი, ემოციურიც ვარ და საკმაოდ გულჩვილი ადამიანიც გახლავართ. ცხოვრებამ მოიტანა. ამის ახსნა რთულია, მაგრამ მაგალითად, ქუჩაში გაჭირვებულ ადამიანს რომ ვხედავ, გული ძალიან მიჩუყდება. ალბათ, ასაკობრივიცაა და დღევანდელობითაც არის განპირობებული. ასეა თუ ისე, სხვისი გაჭირვება გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს. გამოდის, საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ.

– როდის გიტირიათ სიხარულის ცრემლებით?

– ყველაზე ახლო პერიოდს გავიხსენებ: ძალიან ამაღელვებელი იყო, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მაშინ მატჩს ჩემს შვილთან ერთად ვუყურებდი, სტადიონზე ვიყავი და არასდროს დამავიწყდება ის ემოცია. რთულია, აღწერო, რამხელა სიხარული განვიცადეთ იმ წამებში და როგორ გაერთიანდნენ მაშინ განსხვავებული ადამიანები. ეს ის წუთები იყო, როდესაც საქართველო ყველაზე ერთიანი იყო. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ასეთი ერთიანი საქართველო არ მინახავს. ეს ძალიან კარგი სანახავი იყო.

– მტკივნეული ცრემლიც გაიხსენეთ...

– ეს ჩემი ოჯახის წევრების გარდაცვალებას უკავშირდება, რაც ყველაზე მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. როცა ახლობელი ადამიანები მიდიან, ასევე, როცა ძვირფას მეგობარს კარგავ, ვფიქრობ, ეს ყველა ნორმალური ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე მტკივნეულია.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ, რაში დახარჯავდით თანხას?

– ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოვიგო, პირველ რიგში, ქველმოქმედებას მოვახმარდი. გულწრფელად გეუბნებით, თანხის ძირითად ნაწილს ამაში დავხარჯავდი. ძალიან მიყვარს ასეთი რამეების კეთება. მით უმეტეს, ლატარიაში მოგებული ფული მთლიანად საჩუქრებში უნდა დახარჯო (იცინის). ვისაც ძალიან სჭირდება, მას მთელი გულით დავეხმარებოდი.

– გიოცნებიათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცნობილი ადამიანი ყოფილიყავით?

– ეს ოცნება ყველას აქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი და ძვირფასი ის არის, რომ ჩემს ქვეყანაში ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და ხალხისგანაც ვგრძნობ სიყვარულსა და სითბოს. ყველაფერი უკან მიბრუნდება და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– მართალი გითხრათ, დაკონკრეტება მიჭირს. განსაკუთრებული მარცხი არ მქონია. რა თქმა უნდა, კარიერაში ყოფილა იმედგაცრუებები. შემდეგ მეტი მიმუშავია, არ შევგუებივარ არსებულ მდგომარეობას, მეტად მომინდომებია და ფეხზე წამოვმდგარვარ. ესეც ბიჭებთან, ჩემს მეგობარებთან ერთად. ჩვენ ერთად ბევრი სირთულე დაგვიძლევია. საბედნიეროდ, ჩვენს კარიერას არაერთი გამარჯვებაც უკავშირდება.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებით სასიამოვნო, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ? ასევე, ნაკლებად სასიამოვნო...

– არ მიყვარს, რომ მაქებენ ხოლმე. ასეთ დროს, შინაგანად უხერხულობას განვიცდი. როგორც ვიცით ხოლმე ქართველებმა, ბევრი ქება მომისმენია ჩემ შესახებ და მართალი გითხრათ, ძალიან ბევრს რომ მაქებენ, ეს მართლა არ მსიამოვნებს. მირჩევნია, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყოს. თორემ ადამიანი, რასაკვირველია, უნდა შეაქო და მეც ვაქებ სხვებს.

ნაკლებად სასიამოვნოც მომისმენია – ზოგი ჭორი, ზოგი ტყუილი, ზოგი მართალი, როგორც ხდება ცხოვრებაში. არის მომენტები, როცა არ გსიამოვნებს, რასაც იგებ.

– პროფესიის მიღმა, რისი კეთება გიყვართ?

– ავტომოყვარული ვარ. გარკვეული მოდელის ავტომობილები განსაკუთრებულად მომწონს. მიყვარს სისწრაფე, მაგრამ არა ქალაქში. ზოგადად, ავტოსპორტი მიტაცებს. მიყვარს ბუნებაში გასვლა და ნადირობა. სამწუხაროდ, ამისთვის ხშირად ვერ ვიცლი, მაგრამ როცა დრო მაქვს, ვცდილობ, ამით მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და განვიტვირთო კიდეც. ასევე, მიყვარს, თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერთად და სხვა სპორტული აქტივობები.

– სახლის საქმეები თუ გეხერხებათ?

– კი, რაღაცები მეხერხება. ასეთი ბევრი რამ არის, ჩხირკედელაობა იქნება თუ სხვა რამ. სახლში თუ რამე გაფუჭდა, შემიძლია, თვითონ შევაკეთო. ელექტროობის გარდა, ფაქტობრივად, ყველაფერს ვაკეთებ. ელექტროობა არ მესმის და არც ვკიდებ ხელს. ვცდილობ, სიფრთხილე გამოვიჩინო.

– ყველაზე დიდ შიშზე რა გახსენდებათ?

– ყველაზე დიდი შიში ისევ და ისევ ახლო ადამიანების დაკარგვას უკავშირდება. ამის გარდა, უამრავი შიში არსებობს. დღეს მთელ მსოფლიოში რთული მდგომარეობაა და ყველა გარკვეულ შიშს განცდის. არის კიდევ უამრავი ცხოვრებისეული შიში, მაგალითად, მე სიმაღლისა და დახურული სივრცის ფობია მაქვს... ადრე ავტოსაგზაო შემთხვევებიც მომსვლია, მაგრამ საბედნიეროდ, მსუბუქი, რომელიც მშვიდობიანად დასრულდა.

– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც ცხოვრებაში შეჯახებიხართ...

– სიმართლე რომ გითხრათ, ასეთს არ შევჯახებივარ, მაგრამ ზოგადად, როდესაც ადამიანს უსამართლობის განცდა აქვს, ეს საშინელებაა. ყველას ვუსურვებდი, რომ თავის სამართალი ეპოვოთ. უსამართლობის განცდა ძალიან რთულია.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი ან მკაცრი?

– სასტიკი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ შვილების მიმართ ზომიერად მკაცრი ვარ. მინდა, სანამ გაიზრდებიან, მაქსიმალურად სწორად აღვზარდო, მივცე ის, რაც შემიძლია, სანამ დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. სიმკაცრის გამოჩენა, ძირითადად, როგორც ყველა ბავშვთან, ჩემს შვილებთანაც ტელეფონებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება. მინდა, წიგნს მეტი დრო დაუთმონ. ვცდილობ, მეგობრული ვიყო, მაგრამ სჭირდება ცოტა სიმკაცრე ამ ამბავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი