საზოგადოება

გახდი დონორი – გადაარჩინე სიცოცხლე

№1

ავტორი: ინა სიმონია 11:30 11.01, 2022 წელი

ნატალია კვანტალიანი
დაკოპირებულია

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი პირველი ეროვნული სისხლის ბანკია, რომელიც ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სისხლის ბანკადაა აღიარებული. მის ბაზაზე უმაღლესი სტანდარტის ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა და ლაბორატორია ფუნქციონირებს და დონორებს განსაკუთრებულ პირობებსა და თანადგომას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსისა და ჩაკეტილობის მიუხედავად, სისხლის ბანკს ერთი დღეც არ შეუწყვეტია მუშაობა და მსოფლიო მასშტაბით შექმნილი სისხლის დეფიციტის ფონზე, წარმატებით გაართვა თავი ამ რთულ პერიოდს. ქალბატონი ნატალია, რომელიც საკუთარი საქმის პროფესიონალი, უზომოდ თბილი, ყურადღებიანი ადამიანია, სისხლის დონაციასა და არაერთ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.

ნატალია კვანტალიანი: კორონავირუსმა დიდი სირთულე გამოიწვია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში და სამწუხაროდ, სისხლის დეფიციტი შეიქმნა. თუმცა, აღნიშნულ მდგომარეობას თავი გავართვით და ჩვენს ბანკს ერთი დღე არ შეუჩერებია მუშაობა. შექმნის დღიდან ჩვენ დიდი ნდობა მოვიპოვეთ ყველა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, ამ ნდობის შესანარჩუნებლად მაქსიმუმი გავაკეთეთ და დღემდე ვაკეთებთ. როცა ყველაფერი ჩაიკეტა და ქვეყანა იზოლირებული აღმოჩნდა, ჯანდაცვის სამინისტროსგან და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მივიღეთ თანხმობა, დონორების ტრანსპორტირება თავად მოგვეხერხებინა და დონაციის პროცესი არ შემწყდარიყო.

– დონაცია რომ უწყვეტი იყოს, დონორებთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა გაქვთ...

– დიახ, ჩვენს ბანკს ბევრი მეგობარი დონორი ჰყავს, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან სისხლის გასაღებად და სიცოცხლის გადასარჩენად. როცა შენს სისხლს სიცოცხლის შესანარჩუნებლად სხვას აძლევ, მეტად ღირებული ხარ. სწორედ ამიტომ გვაქვს ბევრი წამახალისებელი აქტივობა, რადგან ასეთმა ადამიანებმა თავი ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვან წევრად იგრძნონ.

– ვინც კორონავირუსი გადაიტანა, მათთვის შეიძლება სისხლის დონაცია?

– რა თქმა უნდა, შეიძლება. დონორები, რომელსაც ვირუსი გადატანილი აქვთ, გარკვეული სტანდარტების დაცვის მიხედვით აბარებენ სისხლს. უკეთესიც კი არის პაციენტისთვის, რადგან დონორს უკვე გამომუშავებული აქვს ვირუსის მიმართ იმუნიტეტი. პოსტკოვიდური პერიოდის შემდეგ, თუ დონორს ყველაფერი ნორმაში აქვს (ტარდება არაერთი კვლევა), თავისუფლად შეუძლია სისხლის დონაცია. ის სტანდარტები, რასაც დონორი უნდა აკმაყოფილებდეს, ჩვენთან მკაცრადაა დაცული. იგივე მდგომარეობა გვაქვს აცრილებშიც – მათ ანტისხეულები უკვე გამომუშავებული აქვთ და ბუნებრივია, შეუძლიათ დონაცია.

– როგორც ვიცით, რეგიონებშიც გახსენით ფილიალები. როგორი აქტივობაა?

– ზოგადად, დღეის მდგომარეობით, დონაციის დეფიციტია, მაგრამ იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ კეთილ საქმეში და გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე, რეგიონებში გავხსენით ახალი წერტილები და ამით არსებულ დეფიციტურ მდგომარეობას ვაბალანსებთ. სხვათა შორის, აქტივობა კარგია. ვფიქრობთ, ახლო მომავალში დასავლეთში, მათ შორის აბაშაში, პუნქტები გავაძლიეროთ.

– ქალბატონო ნატალია, ზამთრის სეზონია და თქვენს სასტუმროზე გვიამბეთ, რომელიც საშუალებას აძლევს ქართულ ოჯახებს და არა მარტო, საკუთარ ქვეყანაში ბიუჯეტურად დაისვენონ.

– ჩემი სასტუმრო – „ბორჯომი აისი“, ბორჯომში მდებარეობს. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელთაც დიდი როლი მიუძღვით სასტუმროს წარმატებით ფუნქციონირებაში. ამ შემთხვევაშიც უნდა აღვნიშნო, რომ მუშაობა არც ერთი ჩაკეტილობის დროს არ გაგვიჩერებია. ნამდვილად შეღავათიანი პირობები გვაქვს და ყველა ოჯახს შეუძლია, საკუთარ ქვეყანაში ოჯახით დაისვენოს და ღირსეულად გაატაროს ახალი წლის სადღესასწაულო დღეები.

– ყველასთვის ცნობილია, რომ ქველმოქმედებითაც ხართ დაკავებული და უამრავ ადამიანს ეხმარებით...

– ადამიანებით ვცხოვრობ, შესაბამისად, რისი საშუალებაც მაქვს, ყოველთვის გავცემ დასახმარებლად. ახლახან ერთ-ერთ გადაცემაში ვნახეთ 7-შვილიანი ოჯახი და საახალწლოდ მთელმა ოჯახმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები გავაბედნიეროთ. არ ვიცნობთ, არ ვიცით, ვინ არიან, მაგრამ დიდი სურვილი გვაქვს, რითიც შეგვიძლია, დავეხმაროთ. სხვისი ბედნიერების სიხარულით მეც უზმომოდ ვბედნიერდები.

– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ყოფილი სპორტსმენი ვარ, მძლეოსანი ვიყავი და არასოდეს ვჩერდები. თუ თავად არ მოვინდომებთ, ჩვენს ქვეყანას სხვა ვერ აგვიშენებს. დიდი პოტენციალი გვაქვს ყველა თვალსაზრისით და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩემი სტიმული ჩემი დიდი ოჯახი გახდა, ერთი შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს. ჩემი ოჯახი ჩემი ხვალინდელი დღეა, ჩემი მომავალია და მათ უნდა შეუწყონ ხელი ჩემი ქვეყნის მშენებლობას. ხშირად ვამბობ ხოლმე, ბავშვებმა ისწავლონ, სადაც უნდათ, მაგრამ დაბრუნდნენ სამშობლოში და ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ-მეთქი. ღირსეულად უნდა გავიაროთ განვითარებისკენ მიმავალი გზა – მეგობრობით, თავდადებითა და ერთობით. მე ვცხოვრობ ადამიანებისთვის და ჩემი თანამშრომლების ცხოვრების სტილით. ყველაზე ადრე ვიღვიძებ – დღე-ღამეში 4 საათი მძინავს ხოლმე. მსგავს დამოკიდებულებას კი წარმატება მოაქვს, თან ცხოვრება ხომ ხანმოკლეა და მეც ყველა ბედნიერი მინდა, ვნახო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი