ახდენს თუ არა გავლენას მობილურის, მანქანისა და ბინის ნომრები წარმატებაზე
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 14.08
დარწმუნებული ვარ, როცა საქმიან თუ სასიყვარულო შეხვედრაზე მიდიხართ, არასოდეს ითვლით რამდენი ღილი აკერია თქვენს პერანგს, რამდენი სამკაული გიკეთიათ წყვილში ან, თუნდაც, რომელ საათზე ჩანიშნეთ შეხვედრის დრო. არადა, როგორც ნუმეროლოგი თათია გარანიძე ამბობს, ამ ყველაფერს გავლენა აქვს ადამიანის წარმატება-წარუმატებლობაზე და ზოგადად, მანქანის ნომერი, საცხოვრებელი ბინის სართული თუ მობილურის ნომერი ჩვენს ბედზე გარკვეულ გავლენას ახდენს.
თათია გარანიძე: ადამიანის ცხოვრებაში რიცხვები იმაზე დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომ აუცილებელია, მათ დავუკვირდეთ და იმ საათზე ჩავნიშნოთ, მაგალითად, საქმიანი შეხვედრა, რომატიკული ვახშამი თუ პარტნიორებთან მოლაპარაკებები, როცა ეს სასურველია და მეტად წარმატების მომტანი. კიდევ ვამბობ, არ უკვირდებიან ადამიანები, არადა რიცხვები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში, იმ დონეზეც კი, რომ რაღაც მომენტში სერიოზული, კარდინალური ცვლილებებიც კი განახორციელოს.
– რომელია ყველაზე სასურველი დრო და რიცხვი საქმიანი თუ რომანტიკული შეხვედრებისთვის?
– საქმიანი შეხვედრა სჯობს, დღის პირველ ნახევარში ჩანიშნოთ. თუ ეს ინფორმაციის გაზიარებაა, კარგია ამისთვის 12, 1-ელი ან 2 საათი შეარჩიოთ. თუ სპორტზე საუბრობთ, 11 საათი სჯობს, მისტიკურ ამბებზე და ცხოვრებისეულ წყობაზე შეხვედრა და საუბრები 10 საათზეა კარგი, ანუ გააჩნია ხალხს, ვისაც ხვდებით და რა თქმა უნდა, თემას. რომანტიკული და სასიყვარულო შეხვედრა სჯობს, დღის მეორე ნახევარში ჩანიშნოთ, 6, 7 ან 8 საათზე. რადგან, აქაც გარკვეულ ენერგიებთან გვაქვს საქმე: 6 არის ვენერა, ანუ სიყვარულის მმართველი პლანეტა, აქ გავლენას ახდენს მთვარის ენერგიებიც. ასე რომ, მთვარე და საღამოს საათები პარტნიორულ ურთიერთობებში გრძნობების გამძაფრებას უწყობს ხელს და კარგია თუ რომანტიკულ შეხვედრებს სწორედ მთვარის ამოსვლის დროს ჩანიშნავთ.
– რამდენად განსაზღვრავს ადამიანის მომავალ ბედ-იღბალს კონკრეტულ რიცხვში დაბადება, ანუ თვე, რიცხვი და წელი?
– რასაკვირველია, დაბადების რიცხვი, თვე და წელი ახდენს გავლენას და განსაზღვრავს ადამიანის მომავალ წარმატება-წარუმატებლობას. ჩვენი დაბადების რიცხვი არის ფარული კოდი, რომელსაც თუ ადამიანი ამოიცნობს და გაიცნობს ამ მოცემულობას, ძალიან მარტივად შეძლებს სასურველის მიღებას. ჩვენს დაბადების თარიღში არის რვა რიცხვი, რვიანი კი არის უსასრულობა, კარმული მენეჯმენტის ციფრი – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. შესაბამისად, კიდევ თუ ჩავუღრმავდებით და შევადგენთ მატრიცას დაბადების თარიღის მიხედვით, იქ გვაქვს 33 წამყვანი ენერგია და მასაც თუ დეტალურად გავაცნობიერებთ, გვექნება სიცხადე ყველა ასპექტში – ფინანსებში, ურთიერთობებში, წინაპართა დატოვებული კარმულ ვალდებულებებსა და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ყველაზე იღბლიანი ადამიანები 10 და 28 რიცხვში იბადებიან, მაგრამ თუ ამ იღბალს სწორად არ გამოიყენებენ, შესაძლოა, ყველაზე უიღბლო ადამიანები იყვნენ. მაგალითად, ილონ მასკი 28 რიცხვშია დაბადებული, ძალიან იღბლიანია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთან ბევრი მოსულა 28 რიცხვში დაბადებული ადამიანი, რომელსაც პირიქით, იღბალი არ სწყალობს. ამიტომ, აუცილებელია საკუთარი მოცემულობის ცოდნა, რომ ადამიანებმა გაარკვიონ, როგორ ჩადგნენ იმ იღბლის ბორბალში, როგორ გააკეთონ ისე, რომ ამ ბორბალმა მათ სასიკეთოდ დაიწყოს ტრიალი.
– გამიგია, რომ სამკაულების ან ტანსაცმელზე ღილების რაოდენობა, ადამიანზე მოქმედებს. ასევე, გავლენას ახდენს სახლში დაკიდებული სურათებისა თუ ნივთების რაოდენობაც. ამაზე რას გვეტყვით?
– თქვენ წარმოიდგინეთ და, სამკაულებისა და ტანსაცმელზე დაკერებული ღილების ჯამი, მართლაც მოქმედებს ადამიანზე. ყველაფერი, რასაც ვიკეთებთ და ვიცვამთ, შემდეგ ჩვენს მომავალზე ისახება. სამაჯურების რაოდენობას რაც შეეხება, ძალიან კარგია და ვურჩევ, დააბალანსონ და იყოს ისინი წყვილი რაოდენობის. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რომელ რიცხვშია დაბადებული, ბალანსი ყველაფერში აუცილებელია და უნდა დავიცვათ. ამიტომ დაუკვირდით, რამდენი სამაჯური გიკეთიათ და რამდენი ღილი აკერია თქვენს ტანსაცმელს. ყველაფერი წყვილ-წყვილი თუ იქნება, უკეთესია. ასევე, სახლში, სადაც ადამიანი დიდ დროს ატარებს, თავისი მოცემულობაც უნდა გაითვალისწინოს, ანუ რა რიცხვშია დაბადებული. თუ ის 2-ში ან 4-შია დაბადებული, მაშინ უმჯობესია, ყველაფერი ჰქონდეს წყვილი. მაგრამ, თუ დაბადებულია 1-ში, მაშინ – კენტი. სადაც ვართ, ჩვენთან ერთად იქმნება ენერგეტიკული ველი და სახლის ნომერიც ახდენს გავლენას ჩვენს ჰარმონიულ და იდილიურ ცხოვრებაზე და სართულიც. ერთი სიტყვით, ყველა ციფრს აქვს თავისი დანიშნულება და ძალა. მაგალითად, თუ ადამიანი ცხოვრობს მეხუთე სართულზე, ეს ლიდერის ციფრია. ყველასთვის ოპტიმალური და კარგია 2 რიცხვი, ანუ მეორე სართულზე ცხოვრება. რაც შეეხება სურათებსა და სავარძლებს, ბალანსი უნდა დაიცვათ და უნდა იყოს წყვილი. საფულეში კი, კარგია თუ ატარებთ ორდოლარიანს ან ოცლარიანს, რომელსაც დააწერთ თქვენს ფინანსურ კოდს, რაც თქვენთვის ფინანსების მომტანი იქნება. ეს ფინანსური კოდი კი გამოითვლება ინდივიდუალურად, ჩვენი დაბადების თარიღით.
– იქნებ, ამ კოდის გამოთვლაც გვასწავლოთ?
– სიამოვნებით. ჩაიფიქრეთ სურვილი, მაგალითად, რა ოდენობის თანხა გსურთ, მოვიდეს თქვენთან, დააჯამეთ დაბადების დღის, თვისა და წლის რიცხვები, დაიყვანეთ ერთ ციფრამდე და ფულის წყვილნომინანტიან კუპიურაზე, ოცლარიანზე დააწერეთ ციფრები – დაბადების რიცხვის ჯამი, თვის ჯამი, წლის ჯამი და ამ სამივეს ერთიანი ჯამის რიცხვი. ჩადეთ საფულეში და ატარეთ. როცა სურვილი ასრულდება, შეგიძლიათ, დახარჯოთ. ამ რიტუალის გაკეთება კარგია ახალ მთვარეზე, კარგ განწყობაზე და მოტივაციაც მაღალ დონეზე უნდა გქონდეთ. კარგია თუ ამ რიტუალს ახალ წელს ან დაბადების დღეს გააკეთებთ.
– რას დავაკვირდეთ მობილურისა და მანქანის ნომრის არჩევისას და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის წარმატების მომტანი ნომრები?
– მფლობელზე მისი მობილურისა და მანქანის ნომერიც ახდენს ზეგავლენას. მობილურის ნომერზე, საქმიანი კუთხით, კარგია რიცხვები, რომლის დაჯამებაც ქმნის 1-იანს. კარგია თუ დომინირებს 1, 5, 9. ერიდეთ 4, 7, 13 რიცხვებს, რათა თავიდან ავირიდოთ კრიზისები. 2 და 4-იც სასურველი ციფრებია. მანქანის ნომრად, ანუ ბედნიერი მგზავრობისა და დაცვისთვის,ძალიან კარგია სამი ოთხიანი ანუ 444. ამ რიცხვებით სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ დაცული ხართ. ძალიან კარგია ერთიანები, რადგან ეს არის ლიდერობა, წინსვლა, გზაზე პირველობა. ასევე, ხუთიანები და ცხრიანები. მართალია, შვიდიანი იღბლიანად მიიჩნევა, მაგრამ სპეციფიკური რიცხვია და მოვუწოდებ ადამიანებს მასთან ფრთხილად იყვნენ.
– ბევრი ადამიანი ერიდება სამი ექვსიანი სანომრე ნიშნის მქონე მანქანის ყიდვას, 13 რიცხვში მგზავრობას თუ საქმიანი შეხვედრის ჩანიშვნას. ეს ცრურწმენაა თუ ნამდვილად გასათვალისწინებელია?
– ეს სტერეოტიპიული წარმოდგენაა, რომ ექვსიანები ცუდია, არასწორია. ექვსიანები არის სიყვარული. ასე რომ სამი ექვსიანი 666, მანქანის სანომრე ნიშნად არ არის საშიში. ბევრს კი 13 რიცხვის შიში აქვს, ბევრ სასტუმროში ამ ციფრით ნომერიც კი არ არის. ერიდებიან მეცამეტე სართულს, 13 რიცხვში არ ნიშნავენ საქმიან შეხვედრას, არ იწყებენ ახალ საქმეს. გეტყვით, რომ 13 რიცხვის შიშიც ცრურწმენებიდან მოდის. იდეაში, თუ მას სწორად გამოვიყენებთ, მეცამეტე ენერგია ძალიან პოზიტიურია,. მე, პირადად, ძალიან მიყვარს ცამეტი რიცხვი და ჩემი სახლის ნომერიც 13-ია (იცინის).
– იმასაც მნიშვნელობა აქვს რამდენ ცალ ყვავილს სჩუქნი ადამიანს?
– გასათვალისწინებელია ის, სად მიგაქვს ყვავილები და ვის სჩუქნი. სასიყვარულო პარტნიორს უნდა მიართვათ წყვილი ყვავილი – 2, 4, 6, 8, 16, 22 და ასე შემდეგ. ახლა მოდაშია 101 ვარდის მირთმევა, თუ დავაჯამებთ 1+1, წყვილი გამოდის, ამიტომ, ესეც დასაშვებია და კარგად მოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობაზე. თუ სამწუხარო ამბავზე მიდიხართ, მაშინ ყვავილების რაოდენობა უნდა იყოს კენტი და ამასაც თავისი დატვირთვა აქვს, ანუ ერთი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს – სიმბოლურად კენტი ნაკლულს აღნიშნავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან