„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“, როგორც მას უწოდებენ – „სამოთხე დედამიწაზე“, 5 წლისაა
ავტორი: ნონა დათეშიძე 13:13 30.10
ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ აბასთუმანში, საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს, დამეთანხმება, რომ ის ნამდვილად გამორჩეული ადგილია, თავისი ბუნებით, ჰაერითა და იმ გარემოთი, რაც იქ გხვდებათ. თითქოს, მაგიურ ადგილას ხართ და გრძნობთ, ფილტვებში ჰაერი სულ სხვა დოზით ჩაედინება, თითქოს ორგანიზმს სიცოცხლის ენერგია ემატება, ახალი სუნთქვით ივსებით და სასიცოცხლო ტონუსი მაღლა იწევს.
სწორედ ამ სამოთხეში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და რომელიც თავისი უნიკალურობით გამორჩეულია, არსებობს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ – აბასთუმნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც უკვე ხუთი წელია, ფუნქციონირებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილე შოთა როსტიაშვილსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერ გოჩა ქიმაძესთან ერთად, ცენტრის დირექტორს, რევაზ ჟღენტსა და მედპერსონალს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები ცენტრის დირექტორსა და ღვაწლმოსილ პერსონალს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა ზაზა ავალიანმა გადასცა. წარმატებული საქმიანობისთვის აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორს, ბატონ რევაზ ჟღენტს, ადიგენის საპატიო მოქალაქის წოდებაც აქვს მინიჭებული, თავად „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ კი დაჯილდოებულია არაერთ ნომინაციაში, მათ შორის, 2021 წელს – „ქართული ბრენდის“ ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“.
აბასთუმანი, საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა გამაჯანსაღებელ კურორტად, მას უამრავი ადამიანი სტუმრობდა, განსაკუთრებით სასუნთქი გზების დაავადებით და ამ ჯადოსნურ ადგილს სრულიად განკურნებულები ტოვებდნენ. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ კი 2019 წელს დაარსდა და დღეს ფილტვების ქრონიკული დაავადებების სტაციონარული ტიპის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სარეაბილიტაციო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ასევე, მთელს ამიერკავკასიაში. ის 100 ბენეფიციალზეა გათვლილი და დაფუძნებულია „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიერ. სამკურნალო ცენტრი წარმატებით თანამშრომლობს ქვეყნის სხვადასხვა პროფილის მოწინავე სამედიცინო დაწესებულებებთან და მომიჯნავე დარგების წამყვან სპეციალისტებთან. ის დაარსდა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით საგანგებოდ აშენებულ და აღჭურვილ ახალაშენებულ, უახლესი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმროს ტიპის შენობაში. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პატრონაჟით კი აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურითა და დანადგარებით. ცენტრი უზრუნველყოფილია შშმ პირებისთვისაც, მათზე ადაპტირებული ნომრებითა და ინფრასტრუქტურით, საუკეთესო სამზარეულო და სასადილო დარბაზით, ოთხჯერადი კვებით, ფიტნეს დარბაზით, თანამედროვე სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის მრავალფეროვანი არსენალით, სადაც ტარდება მრავალმხრივი ფიზიო და სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის, საგანგებო ფიზიკური ვარჯიშები და აქტივობები.
შარშან ამერიკულმა მხარემ „აბასთუმნის ფილტვის ცენტრს“, რომელიც ფილტვების სტაციონარული მკურნალობის შესაძლებლობებით კავკასიის რეგიონში ერთადერთია, 70 000 დოლარამდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის: მაგნიტური თერაპიის აპარატი, ხელ-ფეხისა და სხეულის ზედა ნაწილის ერთობლივი სავარჯიშო მოწყობილობა, სარეაბილიტაციო წოლითი ველოსიპედი, სარეაბილიტაციო ბილიკი შშმ პირებისთვის, სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ანალიზატორი, ჟანგბადის კონცენტრატორი ინჰალატორით და სხეულის ტემპერატურის ინფრაწითელი თერმული გასასვლელი.
აუცილებლად აღსანიშანავია, რომ სახელმწიფო პროგრამით, 20-დღიანი უფასო სარეაბილიტაციო კურსის ფარგლებში, მკურნალობა უტარდებათ მკვეთრი და მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დროებით ადგილნაცვალ პირებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებს, მავნე და მომატებული საფრთხის შემცველ გარემოში დასაქმებულ ადამიანებს. აგრეთვე, 2021 წლიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთნენ კოვიდ-19-ის გადატანის შემდგომი პერიოდის, ფილტვების ქრონიკული პათოლოგიით დაავადებული პოსტკოვიდური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბენეფიციარებიც. იქ მოსახვედრად კი საკმაოდ მარტივი პროცედურების გავლაა საჭირო – ბენეფიციარმა კომისიას უნდა წარუდგინოს განსაზღვრული სამედიცინო კვლევების მონაცემები და დოკუმენტაცია.
გამორჩეული ბუნება, კომფორტული გარემო და არაჩვეულებრივი პერსონალი ცენტრის ბენეფიციარების არა მარტო მკურნალობის, არამედ განტვირთვისა და სრულყოფილი დასვენების გარანტია. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ თავს იყრიან ბენეფიციარები როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან, ასევე, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებიც.
ცენტრს ჰყავს მოწვეული სპეციალისტები ტუბდისპანსერიდან და ასევე, მუდმივი კვალიფიციური კადრი ადგილზე - უხუცესი ექიმი, ბატონი თამაზ ჯიჯეიშვილი, რომელიც გახლავთ აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ექიმი-პულმონოლოგი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ადიგენის საპატიო მოქალაქე, ის ცენტრის ბენეფიციარების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებითა და მზრუნველობით გამოირჩევა.
რევაზ ჟღენტი („აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ხელმძღვანელი): მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენთან მოსულ ადამიანებს სრული კომფორტი და იდილია შევუქმნათ. რასაკვირველია, პროფესიონალი მედპერსონალი მაქსიმალურს აკეთებს, რომ აქ მოხვედრილმა ადამიანმა თავი ჯანმრთელად, მშვიდად და დაცულად იგრძნონ. ეს ის ადგილია, სადაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს და როგორც თავად ამბობენ, აქ ჩატარებული პროცედურების შემდგომ, რეაბლიტაციის და მკურნალობის შედეგად, ახალი სუთქვით ბრუნდებიან შინ. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის შევქმნათ გარემო, სადაც ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, სრული ფსიქოლოგიური რელაქსის საშუალებაც ექნებათ. და, მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩვენთან სტუმრობის შემდეგ ასე თბილად და სიყვარულით იხსენებს ცენტრში გატარებულ დღეებს.
ციცინო დ. („აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ბენეფიციარი): ეს ის ადგილია, სადაც ყოველ წელს ჩამოვდივარ და ვხვდები, სახლში როგორი გაჯანსაღებული ვბრუნდები. ამ ადგილს შემიძლია, თამამად ვუწოდო „სამოთხე დედამიწაზე“, სადაც უნიკალურ ბუნებასთან და ჟანგბადთან ერთად, საუკეთესო და არაჩვეულებრივი გარემო, ყურადღებიანი და პროფესიონალი მედპერსონალი გხვდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან