რატომ გადაწყვიტა თამარ ივერმა საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლა და რა რთული პერიოდი გამოიარა მისმა ოჯახმა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

რამდენიმე თვის წინ თამარ ივერი, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. რატომ მიიღო მომღერალმა ეს გადაწყვეტილება და როგორ აეწყო ახალ ქვეყანაში, ამას მისგან შევიტყობთ.
თამარ ივერი: ბევრს ჰგონია, რომ წყენის ან უკმაყოფილების გამო წამოვედი ამერიკაში. სინამდვილეში, ეს ჩემი დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. ონკოლოგიურ დაავადებასთან გვაქვს საქმე, ქიმიოთერაპიებს იკეთებდა, რთულ პერიოდს გადიოდა და ძალიან უნდოდა, რომ შვილები გვერდით ჰყოლოდა. ქალიშვილი აქ ჰყავს და უნდოდა, რაულიც მასთან ერთად ყოფილიყო.
როგორც ცნობილმა მომღერალმა, სპეციალური „მწვანე ბარათი“ გავაკეთე – ცნობილ ხელოვან და სპორტსმენ ადამიანებს უკეთებენ ამ ბარათებს. ამერიკა საშუალებას გაძლევს, ამ ქვეყანაშიც გამოიყენო შენი ტალანტი და როცა ამ ბარათს იღებ, შეგიძლია, მთელი ოჯახით წახვიდე ამერიკაში. როდესაც ასეთი შანსი გაქვს, რატომ არ უნდა გამოიყენო?! მე არაფერი მაკლდა ამ კუთხით – ისედაც ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. მეორე – ავსტრიაა, ვენაში ვცხოვრობდი. იქ ბინაც მაქვს და მოგზაურობის მხრივ პრობლემა ნამდვილად არ მქონია. როგორც ავსტრიის მოქალაქეს, ამერიკაშიც შემეძლო უვიზოდ შემოსვლა, მაგრამ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყო დედის გვერდით რთულ მომენტში.
საბედნიეროდ, ჩემმა დედამთილმა დაამარცხა ეს დაავადება. რემისიაშია, წამლებს იღებს და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ღმერთს, დროულად აღმოაჩინა. თუმცა, ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ამის გაგება ჩვენთვის მეხის გავარდნასავით იყო. ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი იცოდა და დედის სანახავად ვერ ჩამოდიოდა, ეს მისთვის ძალიან რთული იყო, ღამები არ ეძინა, თუმცა, საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგად გვაქვს.
ნოემბრის ბოლოს ჩამოვედით და მას შემდეგ აქეთ ვართ. თავიდან ყველანი ფილადელფიაში ვიყავით. ჩემები ახლაც იქ არიან. მე ნიუ-იორკში გადმოვედი. ფილადელფიაში პროფესიონალურად ვერ ვიქნებოდი აქტიური. ჩვენი ოჯახი პატარა ქალაქში ცხოვრობს და როგორც საოპერო მომღერალი, იქ შემდგარი ვერ ვიქნებოდი.
– ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური მიზეზით წახვედით, შემოქმედებითი პროცესებიც არ შეგიჩერებიათ...
– საქართველოში მე ჩემი ფესტივალი მაქვს, რომელიც წელსაც გაიმართება, სექტემბერში, კონკრეტულად – 19-29 სექტემბერს. ის 2002 წლიდან არის ძალაში და ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს. რა თქმა უნდა, მას დიდი ყურადღება სჭირდება. ამის გარდა, მე საქართველოში დავტოვე ჩემი სამსახური, მოწვეული პედაგოგი ვიყავი და წამოვედი. არ მინდა, რომ ყველაფერს მოვწყდე და ბუნებრივია, აქაც ვაგრძელებ აქტიურობას. სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირდა კიდეც ბოლოს თბილისში. ჩვენი დამხმარე ქალბატონი უცხოეთში წავიდა სამუშაოდ და ძიძის გარეშე დავრჩით. მთელი პასუხისმგებლობები მე დამაწვა კისერზე, პრაქტიკულად, ჩემს პროფესიაზე ვეღარ ვფიქრობდი. ახლა ბავშვები ჩემს დედამთილთან არიან და შემიძლია, ჩემს პედაგოგიურ და სასიმღერო კარიერაზე უფრო აქტიურად ვიფიქრო. მადლობა ღმერთს, ჩემი დედამთილი უკვე 3-4 თვეა უკეთესად გრძნობს თავს. მკურნალობას აგრძელებს, დაკვირვების ქვეშ არის, მაგრამ საბედნიეროდ, შეუძლია, შვილიშვილებზე იზრუნოს. პირველი თვეები ძალიან რთული იყო. ეს რასაც გიყვებით, დღევანდელი ამბავი არ არის. მწვანე ბარათის გაკეთებას წელიწადზე მეტი დასჭირდა. ორ წელიწადზე მეტია, რაც ჯანმრთელობის პრობლემები გამოუვლინდა, ჩვენც მაშინ დავიწყეთ ზრუნვა საბუთების მოსაწესრიგებლად და როცა ყველაფერი მზად იყო, წამოვედით. როგორც გითხარით, მე ნიუ-იორკში ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველ კვირაში ჩავდივარ მათთან. საათ-ნახევარია საჭირო გზაში და კვირის ბოლოს მივდივარ ხოლმე ოჯახთან. მინდა, რომ ბავშვები მათთან იყვნენ, რადგან იქ უფრო მშვიდი და მოწესრიგებული, სუფთა და დალაგებული გარემოა. მე მანჰეტენის ცენტრში ვარ და აქ ბავშვების გაზრდა წარმოუდგენელია.
– შემოქმედებითი ამბები როგორ ვითარდება?
– ახლაც დირიჟორთან მქონდა შეხვედრა, ჩემს თავზე ვმუშაობდი. რაღაც პერიოდი თბილისში, როგორც მომღერალი, არ ვიყავი დაკავებული, ამან იმოქმედა და ფორმის აღდგენა მჭირდება, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. ასევე, ნიუ-იორკში გავხსენი საოპერო სტუდია, სადაც ბავშვებსაც ვამეცადინებ.
– როგორ მოგწონთ ამერიკის სტილი და ტემპი?
– ვაღიარებ, რომ ჩემი ნავსაყუდელი ევროპაა. ევროპული ცხოვრების სტილი, სისუფთავე. ამერიკაში წლებია, დავდივარ, თვეობით ჩამოვდიოდი ჩემი პროფესიით, როცა „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ვმღეროდი, მაგრამ საცხოვრებლად პირველად გადმოვედი.
პირველ რიგში, ევროპა იმითაა კარგი, რომ ტერიტორიულად მოსახერხებელ ადგილას ხარ. ზუსტად ერთი საათი გჭირდება ბერლინში, პარიზში, მილანში, იტალიაში თუ ევროპის სხვა ქალაქში ჩასასვლელად. სამუშაოსთვის თუ მოგზაურობისთვის, ამ მხრივ, ძალიან კომფორტული გარემოა. ამერიკაში ერთი საათი იფრენ თუ ხუთი საათი, ისევ ამერიკაში ხარ (იცინის). ამასთან შეგუება მიჭირს.
მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ქვეყანაა, საოპერო ხელოვნება მისთვის მაინცდამაინც პრიორიტეტული არ არის. ამხელა ქვეყანაში პრაქტიკულად, 4-5 წამყვანი თეატრია, როცა გერმანიაში, ლამისაა ყველა სოფელში თეატრი აქვთ. იქ კულტურა სხვა დონეზეა აყვანილი.
ამერიკა აქცენტირებულია პრაქტიკულ პროფესიებზე: აქ მანქანის ხელოსანს, თმის სტილისტს, სანტექნიკოსს, მასაჟისტს, შეიძლება, უფრო მეტი ჰონორარი ჰქონდეს, ვიდრე ოპერის მომღერალს.
– ბავშვები როგორ შეეჩვივნენ ახალ გარემოს?
– დღემდე ვერ ეჩვევიან, არ უნდათ აქ ყოფნა, თანაკლასელები ენატრებათ და სულ მათ ელაპარაკებიან. თავიდანევ სირთულეს შეეჯახნენ, ენა სრულყოფილად არ იცოდნენ და მაშინვე ინგლისურენოვან სკოლაში დაიწყეს სწავლა. საქართველოში ურჩევნიათ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭირო. რა თქმა უნდა, საქართველოდან სამუდამოდ არ წამოვსულვარ. შევხედავთ 4-5 წელი. ჩემთვის პრიორიტეტი საქართველო და ევროპაა, ამიტომ როდის დავიხურავ ქუდს და სად გადავალ, კაცმა არ იცის (იცინის).
– ესე იგი, ახლა საქართველოში დროებით აპირებთ ჩამოსვლას.
– კი, ორი თვით ჩამოვდივარ, ჩემი ფესტივალის გამო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დამწყებ ქართველ მომღერლებს და არამხოლოდ ქართველებს, კარგი ტრამპლინი მივცეთ. თან, მინდა, ჩემს სახლს დავხედო. გარდა ამისა, მეგობრების ქორწილს უნდა დავესწრო. სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი ქართველ გოგონაზე ქორწინდება. მე კი ამ ოჯახთან ვმეგობრობ და მოკლედ, რომ ვთქვა, საბედნიეროდ, კარგი ამბებისთვის ვბრუნდები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან