რა ასწავლა განსაცდელმა გილიგაშვილების ოჯახს და როდის ეგონა ნუცა გილიგაშვილს, რომ გული მოსწყვიტეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 11.10, 2022 წელი
ცოტა ხნის წინ გიორგი გილიგაშვილი საზოგადოების წინაშე დასთან – ნუცა გილიგაშვილთან ერთად წარდგა ახალი სიმღერით – „არ დათვალო“. მათმა დუეტმა მაყურებელში განსაკუთრებული სითბო და სიყვარული დაიმსახურა.
ნუცა გილიგაშვილი: ჩვენი სიმღერა „არ დათვალო“, მოკლე დროში ბევრმა შეიყვარა, რაც ძალიან მიხარია. ის ჩემმა ძამიკომ – გიორგიმ დაწერა, დაახლოებით, 10-15 წლის წინ. ახლა გადაცემაში რომ დაგვიძახეს, თვალი გადავავლეთ მის სიმღერებს და შესასრულებლად ეს ავარჩიეთ. ერთი შეხედვით, მარტივი, რეალურად ღრმა და თბილი სიმღერაა. მე და ჩემი ძმა ამ სიმღერას ჩვენს მეორე ნახევრებს ვუმღერით, რომელიც ჯერ არ გვყავს (იცინის). გიორგის სიმღერაში რომ გოგოს ხმა სჭირდება ხოლმე, ყოველთვის ვეხმარები, მაგრამ დამოუკიდებელი დუეტი აქამდე არ გვქონია. ეს არის ჩვენთვის პირველი პროფესიონალური ნამუშევარი და მიხარია, რომ ბევრს მოეწონა.
– არ ნერვიულობდით?
– გიორგისთან ჩემი ყველა დიალოგი ემოციურია. ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმალურად გულწრფელები ვართ, დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული სიტყვა, რომელსაც ერთმანეთს ვეუბნებით და ძალიან ვცდილობთ, ერთმანეთს არ ვაწყენინოთ. დაახლოებით, რვა წელია ერთად ვმღერით – სახლში თუ მეგობრების გარემოცვაში. ანუ, ერთად სიმღერა ახლა არ დაგვიწყია და ამ მხრივ, სანერვიულო არ გვქონდა, მაგრამ საჯაროდ და პროფესიონალურად პირველად ვიმღერეთ. თუმცა, როდესაც ადამიანი გულწრფელი ხარ იმაში, რასაც აკეთებ, საზოგადოება შენსას კარგად იგებს და გიღებს. ამიტომ, სანერვიულო არაფერი იყო, სიმღერის შესრულებისას მაქსიმალური სიამოვნება მივიღეთ. ძალიან გვიყვარს, როცა ჩვენს დაძმურ სიყვარულს ვაზიარებთ. ღელავ, როცა გეშინია და როცა ჩვენ ერთმანეთს ზურგს ვუმაგრებთ, არაფრის გვეშინია.
– გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მის ხმასთან და მისი გულშემატკივრები ელოდნენ მკურნალობის შემდეგ მის გამოჩენას. როგორ გადაილახა ეს პრობლემები?
– ხმასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად იყო. თავიდან საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. ჩურჩულით, ნელ-ნელა დაიწყო და მადლობა ღმერთს, სასაუბრო ხმა დაუბრუნდა. მერე ნელ-ნელა სასიმღერო ხმაც დაიბრუნა. ექიმმა უთხრა, ისეთი რამ მოგაშორე ყელიდან, ბევრად უფრო მაგარი ხმა გექნებაო. მადლობა ღმერთს ამ შედეგისთვის. გიორგი ისევ გადის რეაბილიტაციას. საოცარ ადამიანს შევხვდით – ვოკალის პედაგოგს, ლალიკო ბერაძეს. მან თავდაყირა დააყენა ჩემი და გიორგის ცხოვრება. ის არა მხოლოდ ვოკალის პედაგოგია, მკურნალია და გიორგის ზუსტად ისეთი დოზებით აწვდის სიმღერას, რომ იოგები არ დაუზიანდეს. მეც მასთან ვმუშაობ და მისი უზომოდ მადლობლები ვართ.
– ეს რთული პერიოდი როგორ გამოიარეთ?
– ეს ჩვენთვის უკვე გადაშლილი ფურცელია, აღარ ვეძიებით. მივიღეთ, როგორც განსაცდელი და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩვენი არსებობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ვიცით, რომ კიდევ უფრო დიდი სიყვარული უნდა გამოვხატოთ ერთმანეთისადმი, ვიდრე აქამდე. როცა სიყვარულია და როცა ადამიანები ასე გეფერებიან და სიყვარულით გავსებენ ოჯახში თუ გარეთ, ყველაფერი დაძლევადია. როცა ქუჩაში ერთად გავდივართ, მანქანები ჩერდება, ხალხი უდიდესი სიყვარულით ლოცავს გიორგის, ულოცავენ გამოჯანმრთელებას, ეხუტებიან, სიყვარულს უხსნიან და ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა ემოციებთან არის დაკავშირებული. ვერანაირი მილიონი ამას ვერ შეედრება, ადამიანების სიყვარული ყველაზე ღირებულია. ვფიქრობდი, ამხელა განსაცდელი უნდა გამოევლო, რომ ხალხის ასეთი სიყვარული გვეგრძნო-მეთქი? მადლიერები ვართ ყველასი, ეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
– გიორგის ნათქვამი აქვს, რომ დები მართავთ მის გვერდებს სოციალურ ქსელებში და ალბათ, იქაც დიდი დოზით იგრძნობა ეს სიყვარული.
– დიახ, უფროსი და მართავს და იქაც დიდი სიყვარული და გვერდში დგომა იგრძნობა. ეუბნებოდნენ, ანგარიშის ნომერი მოგვწერეთ და ჩაგირიცხავთ თანხასო. ვისაც როგორც შეეძლო, ისე ცდილობდა დახმარებას, დარდობდნენ გიორგის გამო და ამ სითბომ გაგვიქარწყლა დარდი. ქუჩაში ატირებულები გვეხუტებოდნენ, ვერ აღგიწერთ ეს რამხელა ბედნიერებაა. მადლობა ღმერთს, ჩემს ძმას შეუძლია, განსაცდელის სიყვარულით მიღება. გიორგი არ გვაძლევდა მოწყენის საშუალებას და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო უკეთესობისკენ მიდის.
– მინდა, თქვენზე ცოტა მეტი მოყვეთ – მუსიკა, ცეკვა, ხატვა... როგორია თქვენი ინტერესის სფეროები?
– ჩემს თავზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. გარკვეული გეგმები მაქვს და იმედია, საზოგადოება მალე დაინახავს შედეგს. მიყვარს ხელოვნება და მისი სხვადასხვა მიმართულება. ვხატავ, ვცეკვავ, ვმღერი, ვძერწავ. მინდა ჩემი ინდივიდუალური სტილი მქონდეს. ვგეგმავ გამოფენის მოწყობას. მინდა, ჩემი ჩანთები გამოვუშვა და ეს საქმე უკვე დავიწყე. ვნახოთ, რა გამომივა.
– გიორგის დიდი ხანია იცნობენ, ახლა უკვე თქვენც გაგიცნეს. კიდევ გყავთ უფროსი და და უმცროსი ძმა. ძმაც ვნახეთ ეკრანებზე, მაგრამ და, მგონი, საერთოდ არ გამოჩენილა, არა?
– არა და ჩემს დას ვეხუმრები ხოლმე ამაზე – იმდენად მზეთუნახავია, რომ იმალება (იცინის). ამბობს, რომ არ უყვარს კამერები, მაგრამ ისეთი ლამაზი და ნიჭიერია, რომ იმედი მაქვს, აზრს შეიცვლის და მალე მოუნდება გამოჩენა. კარგად მღერის, ძალიან კარგად ცეკვავს. მეხუმრება, შენც რომ გახდები ცნობილი, მერე მეც გამოვჩნდებიო და ველოდები, როდის გავხდები ცნობილი (იცინის). დიდად არც ჩემს უმცროს ძმას უყვარდა კამერები, მაგრამ გიორგის თხოვნით, ნელ-ნელა გამოჩნდა ეკრანებზე. დათუნაც მღერის და ცეკვავს. ოთხივე ხელოვნებისკენ ვიხრებით.
– ეს მშობლების დამსახურებაა?
– დიახ. დედაც და მამაც ძალიან ნიჭიერები არიან. შეიძლება, საკუთარ მშობლებზე ასე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ეს სიმართლეა. დედა წერს კიდეც. მის ცეკვაზე კი ლეგენდები მაქვს მოსმენილი. მამა საოცრად მღერის და გიორგის დიდი სურვილია, მასთან ერთად ჩაწეროს სიმღერა. მადლობელი ვარ მშობლების. მათი დამსახურებაა ეს ყველაფერი, მხოლოდ გენეტიკური არა. დედამ შვილებისთვის გადადო ცხოვრება და ცდილობდა, ყველაფერი გვესწავლა, ყველა პროფესიასთან, ხელოვნების ყველა დარგთან გვქონოდა შეხება და მერე ზოგმა პროფესიონალურად ავირჩიეთ გარკვეული მიმართულებები, ზოგმა – სამოყვარულო დონეზე, ჩვენი სურვილების და შესაძლებლობების შესაბამისად.
– და-ძმას ერთმანეთის მიმართ გამორჩეული სიყვარული გაქვთ. ასეც უნდა იყოს, თუმცა დედ-მამიშვილები კინკლაობითა და ხშირი ჩხუბითაც გამოირჩევიან. მსგავსი მომენტები არ გქონიათ?
– ჩემსა და ჩემს პატარა ძმას შორის სხვაობა 4 წელია და როცა პატარები ვიყავით, ნამდვილად გვქონდა კინკლაობის პერიოდი. მე და ჩემს დაიკოსაც გვქონდა ჩხუბი, როცა მას ტანსაცმელს ვპარავდი, მაგრამ რაც გავიზარდე, იმდენად ვმეგობრობთ, ვცდილობთ, ყველაფერი სიყვარულით გავუკეთოთ ერთმანეთს. ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთი გვყავს, რომ ოჯახი ვართ და სიმართლე გითხრათ, გიორგის ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ დაძმობის არსს ვიაზრებთ. არ მახსენდება, მე და გიორგის გვეჩხუბოს. ის იმდენად მშვიდი ადამიანია, დიდი ხანია, მისგან ჩხუბით ნათქვამი არაფერი გამიგია. ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ და ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედნიერება.
– უფროსი და დაქორწინებულია, დანარჩენები – არა. სიყვარულთან დაკავშირებულ ამბებს უზიარებთ ერთმანეთს?
– მარიმ პირველმა გადადგა ეს ნაბიჯი და ის პერიოდი გუშინდელივით მახსოვს. როცა ჩემი და ოჯახდებოდა, მეგონა, გული მომწყვიტეს. ერთ ოთახში გვეძინა და მახსოვს, ბოლო ღამესაც როგორ ვტიროდი. თითქოს ჩემს დას ვეღარასდროს ვნახავდი (იცინის). საბედნიეროდ, ჩემი და ძალიან ბედნიერია. ოჯახი სიყვარულით შექმნა და მისგან დიდი სიყვარულის მაგალითი მაქვს. მეც მჯერა სიყვარულის არსებობის, თუმცა, ამ საკითხში ძალიან რთულად ვიღებ გადაწყვეტილებებს. ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობარია და მას ყველაფერს ვუზიარებ, ასევე, გიორგის – რაც შეიძლება, ძმამ იცოდეს. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, არაფერს ვუმალავ. აი, პატარა ძმასთან ახლა ვალაგებ ურთიერთობას, ის ცოტა ბრაზიანია (იცინის). ხუმრობით მეხვეწება ხოლმე, ვინმე გამალახინეო (იცინის). 22 წლის არის და იმედი მაქვს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, დაღვინდება. ახლა ყველაფერზე ხისტი რეაქცია აქვს. გიორგისა და მის გამოხატვის ფორმებსა და ხასიათებს შორის დიდი სხვაობაა. უფრო ახლო მეგობრობა გიორგისთან მაქვს, ვიდრე პატარა ძმასთან, თუმცა, როგორც გითხარით, ახლა მასთანაც ვალაგებ ურთიერთობას (იცინის).
– გოგონები არ ინტერესდებით ძმების ამბებით?
– ორივეს გემოვნება ვიცი და არ ვეკითხებით ხოლმე. ძალიან რთული წარმოსადგენია ორი მული. რომ დავფიქრდები, მე თვითონაც მეცინება, მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები, რომ მთავარია, ჩემს ძმებს უყვარდეთ და ჩემთვის მისაღები იქნება ნებისმიერი გოგონა, რომელიც ჩვენს ოჯახში შემოვა. ცოტა ხნის წინაც გვქონდა ამაზე საუბარი და ვამბობდი, ალბათ, რამდენს ვიტირებ მათი დაოჯახების დღეს-მეთქი. ახლა ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებთ და რაც უნდა იყოს, ადამიანები მაინც ეგოისტები ვართ, გვიჭირს საყვარელი ადამიანების სხვებთან გაყოფა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი ძმები უნდა გამრავლდნენ და ბედნიერები იყვნენ, რადგან სიყვარულის დიდი უნარი აქვთ, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაიზიარონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან