პაატა თედიაშვილი: ჩემი სახელი ფულის საშოვნელად გამოიყენეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:30 07.02
![პაატა თედიაშვილი პაატა თედიაშვილი](/files/2025/02/06/12429/paata-tediashvili_w_h.jpeg)
რას ნიშნავს ფული პაატა თედიაშვილისთვის, როგორი მხარჯველია ის და დიდი გაჭირვების მიუხედავად, როგორ მოახერხა მან და მისმა დამ, განათლების მიღება – ამას პაატასგან შევიტყობთ.
პაატა თედიაშვილი: ფული არის შესაძლებლობა, რომელიც ძალიან ბევრ კარს გიხსნის და საშუალებას გაძლევს, გამოხატო საკუთარი თავი. ცხოვრებისთვის თუ პროფესიული განვითარებისთვის მატერიალური სახსარი მაინც გადამწყვეტი ხდება. განათლების მიღება ავიღოთ, მატერიალური სახსარი ამისთვისაც აუცილებელია. მატერიალური სარგებელი, როგორი იდეალისტებიც არ უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრ რამის საშუალებას გვაძლევს. ყოველთვის ვერ იტყვი, რომ ფული არ გჭირდება და მის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. კი, ფულის გარეშეც ბევრი გაგვიკეთებია, თუმცა, დასაწყისისთვის ყველაფერი მაინც გარემომცველ წრესა და მატერიალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ვინმე ან რამე ზურგის ქარივით უნდა მოგეწიოს, ან ვინმემ უნდა გაგიწიოს რეკომენდაცია, სიტყვა შეგაწიოს ან მატერიალური სახსარი უნდა გქონდეს, რომ რამის კეთება დაიწყო. ეს რომ მნიშვნელოვანია, ვერ უარვყოფთ. მით უმეტეს, დღეს ვეღარც ვირით დავდივართ და ვეღარც ქოხში ვიცხოვრებთ.
ფული რომ მქონდეს, უკეთეს კონცერტს ჩავატარებ, უკეთეს კლიპს გადავიღებ, სხვა ნიჭი თუ მაქვს, მის განვითარებასა და გამომზიურებასაც შევუწყობ ხელს. ხშირ შემთხვევაში უსახსრობა გბლოკავს, მაგრამ იმედით ვცხოვრობთ.
– ფულის სიყვარული სირცხვილია?
– შეიძლება, რაღაც წილად უხერხული იყოს. თუ ადამიანის ცხოვრების მთავარი კრედო ფულის სიყვარულია, მაშინ ის ძალიან ბევრ უხერხულობას წააწყდება. მეგობრებისა და ოჯახის წრეში. შენს შინაურებთან ვერ გამოხატავ ფულის სიყვარულს და მხოლოდ მატერიალურ სახსარზე ორიენტირებას, ეს უხერხულიცაა და დამამცირებელიც. მეგობრობა, ძმაკაცობა, უჯახური ურთიერთობები – ამ ყველაფერზე მაღლა ფულს ვერ დააყენებ. თუმცა, არიან ანგარიშიანი ადამიანები და ყველაფერს ამ თვალით უყურებენ.
როდესაც სიმღერა დავიწყე, დედა მეუბნებოდა, ჰონორართან დაკავშირებით რომ გკითხავენ, შენ არასდროს მოითხოვო რაღაც კონკრეტული თანხა, ხელოვანისთვის მთავარია სულიერი საზრდო, მაყურებელს სიამოვნებით უნდა უმღეროო. ეს მესმის და ხშირ შემთხვევაში, ასეც ვიქცეოდი, მაგრამ არაერთხელ აღმოვჩენილვარ უხერხულ მდგომარეობაში. ისეც მომხდარა, რომ ჩემით პროდიუსერს „გაუკეთებია“ ფული და მე, ჰონორარის სახით, 80 ლარი ჩამიდეს კონვერტში. რა თქმა უნდა, ის თანხა მაშინვე უკან დავუბრუნე, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
ერთხელ, ერთ პატარა გოგონას ჩააწერინეს ჩემთან დუეტი, რომლის ოჯახსაც, თურმე, ძალიან დიდი თანხა გამოართვეს. საქართველო პატარაა, არაფერი იმალება. ამ ოჯახის დიასახლისმა, ერთ-ერთ ჩემს მეგობართან ისე, რომ არ იცოდა, თუ ჩემი მეგობარი იყო, შემთხვევით თქვა, პაატა თედიაშვილი რა პრეტენზიული და მეძვირე ყოფილა, ამხელა თანხა მოითხოვა, რომ ჩემს შვილთან ემღერაო. სახტად დავრჩი ეს რომ გავიგე. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აქეთ გამიხდა ბოდიშები სახდელი იმ ოჯახთან, არადა, მე არაფერი ვიცოდი. ჩემი სახელი გამოიყენეს ფულის საშოვნელად.
– ამ გამოცდილებების შემდეგ, დღეს როგორია ფულთან დამოკიდებულება?
– ახლახან პარიზში ვიყავი. 31 დეკემბერს ქართული რესტორანი გაიხსნა და შემოქმედებითი აქტივობისთვის პირველი მე მიმიწვიეს მრავალფეროვანი რეპერტუარის გამო. რომ დამირეკეს, მათაც, როგორც ყველას, ვუთხარი, გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს და ისე შევთანხმდეთ, რომ თქვენც სარგებელი გქონდეთ და მეც-მეთქი. მოჭრით რამე თანხის თქმა ძალიან რთულია. რომ ჩავედი, მითხრეს, რომ ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას დაუკავშირდნენ და იმხელა თანხები მოგვთხოვეს, ვერაფრით ვჯდებოდით ბიუჯეტშიო. ყოფილა მსგავსი საუბრები სხვა დროსაც. მე ყოველთვის ვითვალისწინებ სხვის ბიუჯეტს. ამ ტიპის მოლაპარაკებით ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი პარიზიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ყოველთვის კმაყოფილი მოვდივარ ხოლმე. ასეთ დამოკიდებულებას რომ ხედავენ, უფრო მეტ ყურადღებას გამოხატავენ, ამბობენ, ეკრანიდან სხვაგვარად ჩანხარ და ურთიერთობაში სხვანაირი ყოფილხართო. მიხარია ამის მოსმენა. გვინახავს ძალიან შეძლებული ადამიანები, რომლებსაც სანაგვეზე დაუსრულებიათ ცხოვრება. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ურთიერთობაში ყველაფერს ფულით ვერ გადავწყვეტთ.
– ურთიერთობებში რამდენად ხელგაშლილი ხართ?
– კი, ხელგაშლილი ვარ. სადაც არ უნდა ვიყოთ, ვერ მასწრებენ გადახდას და ამის გამო ხშირად მინაწყენდებიან, შენთან ერთად არსად წამოვალთ ან აღარაფერს ვიყიდითო. მე ასე მოქცევა მსიამოვნებს, მე თუ არ მექნება, სხვა გაიღებს ჩემ გამო. ურთიერთობებში სული და გული იდება თუ მატერიალური, ყველაფერი ბალანსდება. თუ მხოლოდ მატერიალური გადაწონის, ეს უკვე ლამაზი სანახავი არ არის.
– ქალბატონების საჩუქრებით განებივრება თუ გიყვართ?
– თუ სადმე ვართ ერთად, ყოველთვის მე ვიხდი, მაგრამ ყვავილებით სიარული და ოქრო-ვერცხლის ჩუქება არ მახასიათებს. ისეთ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობები, რომ ამას არ ანიჭებენ პრიორიტეტს. ერთხელ, სტუდენტობისას, მეგობარმა გოგონამ დამპატიჟა ხინკალზე. მაშინ ჯიბეში შეიძლება, ერთ ლარზე მეტი არ მქონდა. როცა ხინკალი მივირთვით და თანხა მან გადაიხადა, გვერდით ორი ქალბატონი იჯდა და გამოსვლისას ერთ-ერთმა მითხრა, როგორ არ გრცხვენიაო. ავიწურე, ჩამშხამდა ყველაფერი. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მეგობარი ხინკალზე დაპატიჟო, ამაში გასაოცარი რა არის, მაგრამ კომუნისტური ფსევდორაინდობისა და ჯენტლმენობის გამოვლინებები სხვა შეხედულებებს უწევდა პოპულარიზებას და მაშინ ამ საკითხს სხვანაირად უყურებდნენ. რას ვიზამთ, ნამდვილად არ მქონდა ფული, თავიდანვე შეთანხმებული ვიყავით და ხინკლის საფასური მან გადაიხადა, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარია, სხვის კისერზე არ იცხოვრო და ალფონსი არ იყო. თუმცა, ვინც ასე ცხოვრობს, მის კრიტიკას ვერ დავიწყებ, ეს მისი არჩევანია.
– ფინანსურად ყველაზე რთული და საუკეთესო პერიოდები გავიხსენოთ...
– დედა ექიმი-ლაბორანტი იყო, 25 წელი იმუშავა, თუმცა როცა 90-იანი წლები დადგა, თვეობით ელოდა ხალხი ხელფასს და მაშინ ძალიან გაგვიჭირდა. დედამ ჯანმრთელობის გამო სამსახურს დაანება თავი. ურთულესი პერიოდი გვქონდა. მახსოვს, სახლიდან მზესუმზირას და ლიმონათს ვყიდდით. დილით ადრე ვდგებოდი, სახლში მომქონდა და ვყიდდი. შემდეგ, ყველს ვყიდულობდი და ვყიდდი თბილისის ბაზარზე. რა ვიცოდი ყველის შერჩევა და თურმე, გვატყუებდნენ, ნახევარზე მეტი წათხი რჩებოდა და მოგების ნაცვლად ვალები დაგვედო. უჭმელობით და უსმელობით რკინადეფიციტური ანემიაც კი დაგვემართა. მახსოვს, მე და ჩემი და როცა ვაბარებდით და რკინიგზის სადგურზე მატარებელს რომ ველოდებოდით, დედას არაერთხელ უკითხავს, დარწმუნებულები ხართ, რომ შეძლებთ? ხომ იცით, ჩვენი მატერიალური მდგომარეობა და მერე იმედგაცრუებული არ დარჩეთ, ამის მეშინიაო. მაგრამ ორივემ ისე დავიჟინეთ, რომ დედა გაოცებული იყო. გადაწყვეტილი გვქონდა, აუცილებლად გვესწავლა და ამისთვის ყველაფერს შევძლებდით. ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ამ მომენტს და გვეამაყება, რომ მაშინ უკან არ დავიხიეთ, თუმცა, ეს ძალიან რთული იყო. იმდენად მძიმე მატერიალური მდგომარეობა გვქონდა, ხაშურში ტყეში დავდიოდით ხოლმე, მაყვალს ვკრეფდით და ვყიდდით, რომ გადავრჩენილიყავით. თუმცა, ეს კიდევ უფრო ადრე იყო.
მიუხედავად ამისა, ყველაზე სწორი ის მგონია, რომ სწავლაზე უარი არ ვთქვით. დაახლოებით, ათი წელი ვსწავლობდით, აკადემიურები დაგვჭირდა: იმის გამო, რომ სწავლის საფასურს ვერ ვიხდიდით, ჩამორჩენები გვქონდა. თბილისში ცხოვრებაც ძალიან რთული იყო ჩვენთვის, დამხმარე არავინ გვყავდა. დედა ყველაფერს აკეთებდა. თავისი ოქროული გაუყიდია, თავისი კაბები გაუყიდია, რომ ჩვენთვის ცეკვის ფული გადაეხადა და მერე, სტუდენტობისას, უკვე ჩვენი ცეკვით გვქონდა შემოსავალი, რომელსაც მთლიანად განათლებაში ვდებდით. მახსოვს, ერთ-ერთ ორშაბათს სწავლის ღირებულება დავფარეთ. იმ დღეს რექტორთან შეხვედრა გვქონდა და ეს შეხვედრა განსაკუთრებით დამამახსოვრდა. გვითხრა, სანამ ლექციას დავიწყებ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათო. უამრავი ლარიანი და ორლარიანი შემოიტანა და თქვა: ეს არის თანხა, სწავლის საფასური, რომელიც თედიაშვილებმა დღეს გადაიხადესო. რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა, რამდენს შრომობენ ეს ახალგაზრდები, რომ ისწავლონ. ეს წვრილი კუპიურებით შეგროვილი თანხა უნდა იყოს მისაბაძი თითოეული სტუდენტისთვისო. სტუდენტებს შორის, მხოლოდ მე და ნონა ვიყავით, ვინც სწავლის საფასურს ჩვენი შრომით ვიხდიდით. გარშემო, ძირითადად, პრივილეგირებული ოჯახების შვილები იყვნენ და ბუნებრივია, მათ საჭიროებებს მშობლები აფინანსებდნენ. ჩვენ წინა დღეს კონცერტი გვქონდა. იქიდან მიღებული ლარიანებიდან და ორლარიანებიდან შევაგროვეთ საჭირო თანხა.
კი სტუდენტობა ურთულესი იყო, მაგრამ ყველაფერი დავძლიეთ. ადამიანური თვალსაზრისით არ შევცვლილვართ. ყოველთვის ვგრძნობთ, ვის უჭირს და როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით. სახლში ნაკლები საკვები მიმიტანია და ქუჩის ძაღლებისთვის მიყიდია საჭმელი, ამით ბედნიერი ვყოფილვარ. ისეთი გზა გამოვიარე, ყველაფრის ფასი ვიცი. დღეს ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და შეგვიძლია, ხელი გავუმართოთ მათ, ვისაც ჩვენზე ნაკლები აქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან