რელიგია

სამსჯავროსა და საპყრობილის შესახებ

№28

ავტორი: „თბილისელები“ 56 წუთის წინ

რელიგია
დაკოპირებულია

ხედავ სასამართლოზე წარმდგარ მხილებულ ბრალდებულს, რომელიც შიშისგან ცახცახებს და სირცხვილით იწვის; ის ისმენს დანაშაულის საპასუხოდ მიგებულ კანონისმიერ განაჩენს, კარგავს პატივს და ღირსებას, მიიჩნევა ბოროტ და უსარგებლო ადამიანად; განიყვანება იგი საპყრობილეში და განეჩინება მსჯავრი.

შენმა სარწმუნოებრივმა სულმა და გონებამ ამგვარი სასამართლოს გახსენებით წარგმართოს იმ სამსჯავროსკენ, სადაც მოსამართლე თვით ღმერთია, რომელიც ცდის ჩვენს გულებს. წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ იმ სამსჯავროზე დგანან სირცხვილეულნი, გამოუთქმელი შიშითა და ცახცახით შეპყრობილნი, იმხილებიან ისინი ღვთის მცნებათა დარღვევაში, იმხილებიან მთელი სამყაროს წინაშე, ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე, ხედავენ საკუთარ ცოდვებს, რომელთაც სიტყვით, საქმითა და გულისხმისყოფით იქმოდნენ ფარულად; ხედავენ თავიანთი საქმეებით დამსახურებულ მსჯავრს; ხედავენ მათ, რომელთაც ამქვეყნად შეურაცხყოფდნენ, დასცინოდნენ, დევნიდნენ, თელავდნენ. ხედავენ მტყუანნი მართლმსაჯულების რისხვას, ესმით საშინელი განაჩენი: „...წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და ანგელოზებისთვის“ (მთ. 25,41).

და ბოლოს, მხილებულნი და მსჯავრდებულნი, უდიდესი სირცხვილით, შიშით, მწუხარებით, ცრემლით, გმინვითა და სასოწარკვეთილებით განშორდებიან ღვთის პირს. განიდევნებიან სასტიკი ანგელოზების მიერ და მიეცემიან საპყრობილეებს, სადაც დაუძინებელი მატლი და ჩაუმქრალი ცეცხლი მოელის მათ.

მიწიერი სასამართლოს ამგვარი გააზრება შეგეწევა სინანულის გზაზე, გასწავლის ცოდვების დატირებას და უზენაესი მსაჯულის წყალობის ძიებას ამქვეყნად, რათა ჩვენც, ამ საყოველთაო სამსჯავროზე, არ ვიქნეთ სირცხვილეულნი და არ მოგვესმას ჩვენდამი მომართული საშინელი მსჯავრი და განაჩენი.

ცხოვრების ამაოებისა და სინანულის შესახებ

ეცადეთ, ძმებო და დებო, განერიდოთ ცხოვრებისეულ ამაოებებსა და ყოველივეს, რაც მსწრაფლგანქარვებადია. გქონდეთ ერთი საზრუნავი მხოლოდ – ზრუნვა უკვდავი სულისთვის, რადგანაც სიმდიდრე განილევა, დიდება განქარდება, სილამაზე უსახურდება და ქრება, როგორც რამ კვამლი, გადაივლის, როგორც ჩრდილი. ამიტომაც ბრძანა სოლომონმა: „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ (ეკლ. 1,2).

და მართლაც ამაოდ დაშვრებიან ისინი, რომელთაც უყვართ ყოფა-ცხოვრებითი წვრილმანები და ფუსფუსი. ამაოდ შფოთავენ და ღელავენ ისინი, რომელნიც ინახავენ ზანდუკში მას, რაც მალე იღუპება და რისი წაღებაც იმქვეყნად შეუძლებელია. ყოველივეს ამქვეყნიურს მიწაზე ვტოვებთ და მათ გარეშე წარვსდგებით სამართლიან და მოუსყიდველ მსაჯულთან.

რაგვარ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როცა დადგება ის დრო? სად იქნებიან ისინი, რომელთაც არ სწამდათ ჯოჯოხეთური წამებანი და ისე ცხოვრობდნენ ამქვეყნად, როგორც უკვდავნი? სად იქნებიან ამგვარად მეტყველნი დავტკბეთ ამქვეყნიურით, ხოლო იმქვეყნად რაც იქნება, ვნახავთ?

ჰოი, როგორ მწარედ ინანებენ ამგვარი ადამიანები. რამდენი მიეცემა ტანჯვას და მათი შემბრალებელი კი არავინ იქნება. მათი გმინვა დაუსრულებლად გაისმება, მაგრამ ვერავინ იხსნის. არაერთხელ იტყვიან ისინი გატანჯული ხმით: ვაი ჩვენდა, საკუთარ თავს ჩვენ თვითონ დავცინეთ. გვასწავლიდნენ და ყურად არ ვიღებდით, გვარიგებდნენ და აღარ ვიწყნარებდით. გვიმტკიცებდნენ და აღარ გვწამდა წმიდა წერილისა. ვიტყუებდით საკუთარსავე თავს, სამართლიანია ღვთის მსჯავრი. ჭეშმარიტი და სამართლიანია ჩვენი განაჩენი, რომელიც საქმეთაებრ მოგვეგო.

ამიტომ ვიზრუნოთ და ვიღვაწოთ სულისთვის, სანამ კიდევ არის დრო. განვიფრთხოთ სულიერი ძილი, გავისარჯოთ აქ, რათა არ ვიტანჯოთ მარადიულად. ამინ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი