მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.07
კითხვა: რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხისთვის?
პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნები“. დილის ლოცვებში უდიდესი მადლია. რადგან უძლურნი ვართ, ჩვეულებრივ ყოფაში დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ ყველას, ვისთვისაც დახმარება გვინდა, შეგვიძლია, ეს ადამიანები ლოცვებში მოვიხსენიოთ და უფალს ვევედროთ, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ილოცეთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ამით დიდ სიკეთეს გააკეთებთ.
კითხვა: რამდენად მტკივნეულია სულის სხეულთან გაყრა?
პასუხი: ეს დანამდვილებით არავინ იცის. თუ ადამიანს რწმენა აქვს, როგორც დედის ტკივილი იცვლება უდიდესი სიხარულით შვილის დაბადების შემდეგ, ისე შეიცვლება ადამიანის სხეულთან გაყრის ტკივილიც სასუფეველში მოხვედრის შემდეგ – იქ ხომ სამუდამო სიცოცხლეა. თუ რწმენით ვიცხოვრებთ, თუ ამქვეყნიური სიკეთის ქმნით მოვემზადებით მარადიული ცხოვრებისთვის, ამქვეყნიდან წასვლის წუხილიც სამუდამო სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ წმიდანები, რომლებიც ღვთის რწმენით იმდენად იყვნენ სავსენი, რომ სხეულის სულთან გაყრისას სახეზე სიხარული ეწერათ – უფალი ხომ მათთან იყო. ის ჩვენთანაც იქნება, როდესაც გარდავიცვლებით. ცნობილია, რომ გარდაცვალების წინ ადამიანები ხედავენ იმ სანახებს, რაც იმქვეყნად დახვდებათ. ამით ღმერთი ადამიანს წინასწარ ანახვებს იმ სამყაროს, საითკენაც მიდის და მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის გზას უადვილებს.
კითხვა: გარდაგვეცვალა მცირეწლოვანი ახლობელი, რომელიც არ იყო მონათლული. მის მონათვლაზე მოძღვრებმა უარი გვითხრეს. რა შეიძლება, გავაკეთოთ მისი სულისთვის?
პასუხი: გარდაცვლილის მონათვლა დაუშვებელია. რაც მოუნათლავი ახლობლისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, ესაა მოწყალების გაღება მის სახელზე, დანარჩენი კი ყოვლადმოწყალე უფალს მიანდეთ.
კითხვა: რას ნიშნავს მირონცხება?
პასუხი: მირონცხება – ეს არის ერთ-ერთი მართლმადიდებლურ-ქრისტიანული საიდუმლოება. ის გაერთიანებულია წმიდა ნათლობასთან და ხდება ცხოვრებაში ერთხელ. ამ საიდუმლოს აღსრულებისას მორწმუნე ადამიანს სულიწმიდის ბეჭედი ენიჭება, რაც მას ეხმარება ქრისტეს მცნებების განუხრელად დაცვაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


