მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 07.12
კითხვა: აქვს თუ არა მარხვას ბოროტ სულზე ზემოქმედების საშუალება?
პასუხი: მარხვით დემონები განიდევნებიან. მარხვა მტრისთვის ისეთივე მსახვრალი იარაღია, როგორც ქრისტეს ჯვარი და სხვა სიწმიდეები, რომელთაც ვერ უძლებს დემონის უწმინდურება. მარხვა განგმირავს დემონურ ბოროტებას და ის გამოიდევნება მემარხულისგან.
კითხვა: ვიცნობ ისეთ ფარისეველ ადამიანებს, ლოცვასა და წირვას რომ არ აკლდებიან, მაგრამ გულბოროტები და ავსიტყვები არიან. ასეთი ადამიანების ლოცვას შეიწირავს უფალი?
პასუხი: უღირსად ლოცვის თაობაზე წმიდა მამას, ისააკ ასურს უთქვამს: „გულბოროტი კაცის ლოცვა ქვაზე ნათესსა ჰგავს“. მაგრამ თქვენ მაინც არ გაქვთ უფლება, განიკითხოთ სხვა. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ზუსტად ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, ვისაც განიკითხავთ. ყოველი კაცის გულთამხილავი უფალია. იზრუნეთ თქვენი საკუთარი ცოდვების მონანიებისთვის.
კითხვა: რატომ არის დაწესებული მარხვები მთელი წლის განმავლობაში ოთხშაბათსა და პარასკევს?
პასუხი: ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვა დაწესდა, იმიტომ რომ ოთხშაბათ დღეს გასცეს მაცხოვარი, ხოლო პარასკევს – ჯვარს აცვეს. სწორედ ამიტომ, ეს დღეები გლოვის დღეებია ყველა ქრისტიანისთვის.
კითხვა: დილისა და ძილისწინა ლოცვების გარდა, კიდევ რომელი ლოცვები უნდა ვიკითხოთ?
პასუხი: ლოცვითი კანონი („ფსალმუნების“, პარაკლისის თუ „დაუჯდომელის“ კითხვით) უნდა დაიწესოთ მოძღვართან შეთანხმებითა და თქვენი ცხოვრების წესის გათვალისწინებით.
კითხვა: ჩემმა შვილმა სამჯერ იპოვა ჯვარი, მათ შორის, ორჯერ – ოქროსი. რამეს ხომ არ ნიშნავს ეს?
პასუხი: ნუ მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას მსგავს შემთხვევებს და შვილსაც თუ შთააგონებთ, რომ მის თავს რაიმე განსაკუთრებული ხდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან