რჩევები

ზამთარში სხეულს განსხვავებული მოვლა სჭირდება

№1

ავტორი: ანი რევია 11:00 13.01

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

უნდა გაითვალისწინოთ, რომ კანს ზამთარში, სხვა სეზონებთან შედარებით, განსხვავებული მოვლა სჭირდება. ეს იმიტომ, რომ თავიდან აიცილოთ გამოშრობა და ჯანმრთელი იერიც შეინარჩუნოთ.

სახის კანი

საუკეთესო გამოსავალი ზამთრის პერიოდში, საცხის ან სპეციალური სპრეის გამოყენებაა. გაითვალისწინეთ, რომ საცხი სახლიდან გასვლამდე 1 საათით ადრე უნდა გამოიყენოთ. სხვა შემთხვევაში, კანი უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე სარგებელს მიიღებს. კანის დასატენიანებლად შეგიძლიათ, შინაური მკვებავი ნიღბების გამოყენებაც. უმჯობესია, ნიღბის გაკეთებამდე 5 წუთით ადრე და მოცილების შემდეგ კანზე დაიფინოთ პიტნის ან გვირილის თბილ ნაყენში დასველებული ხელსახოცი. ასე კანი სასარგებლო ნივთიერებებს უკეთესად შეიწოვს. ნიღბები რეკომენდებულია, არაუმეტეს, კვირაში 2-ჯერ.

კვერცხის, თაფლის, ხაჭოსა და ზეთის ნიღაბი, რომელიც კანს დაჭიმულობისა და აქერცვლისგან იცავს – 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი ხაჭო ერთმანეთში კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ალერგიული ხართ, თაფლს ნუ გამოიყენებთ.

ვაშლის, კვერცხისა და გლიცერინის ნიღაბი – 1 ცალ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. ნარევი წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კისრისა და ყელის არე

ბეწვიანი საყელოები, სვიტერები და შალის სამოსი, აღიზიანებს მგრძნობიარე კანს კისერსა და ყელზე. დროთა განმავლობაში ის შრება, იქერცლება და ნაადრევი ნაოჭებიც ჩნდება. ზოგადად, ყელისა და დეკოლტეს კანი უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე სახის. ამიტომ, ამ ზონას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ყელის მოვლისთვის შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებები გამოიყენეთ. ეს შეიძლება იყოს, ცხიმიანი საცხი და შინაური ნიღბები მკვებავი და დამარბილებელი ეფექტებით. მაგალითად:

ბანანის მკვებავი ნიღაბი – 3 სუფრის კოვზ ბანანის რბილობს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ, დაიტანეთ ყელზე, კისერსა და დეკოლტეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი განსაკუთრებით კარგია მშრალი და დანაოჭებისკენ მიდრეკილი კანისთვის.

ხელები

ზამთარში ხელის კანი ყინვისაგან იქერცლება, წითლდება და სკდება, ამიტომაც საღამოს მხოლოდ კრემის წასმა საკმარისი არაა. ხელებზე საცხი დღეში რამდენჯერმე უნდა დაიტანოთ, სასურველია წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ. ეცადეთ, არ დაიბანოთ ხელი უშუალოდ ქუჩაში გასვლის წინ. ხელებისთვის, შეგიძლიათ იგივე ნიღაბი გამოიყენოთ, რაც კისრისა და დეკოლტესთვისაა განკუთვნილი.

ტანი

ცხელი აბაზანა ან შხაპი კანს ძალიან აშრობს. მსგავსი არასასურველი გავლენა აქვს კანზე ცივ წყალსაც. ამიტომ, შეეცადეთ, წყალი თბილი, ოთახის ტემპერატურასთან მიახლოებული იყოს. რაც შეეხება კონტრასტულ შხაპს, ეს პროცედურა ზამთარშიც შეგიძლიათ, ჩაიტაროთ, რადგან ძალიან ეფექტურია და კანს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს მატებს. თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კონტრასტული შხაპი საღამოს უნდა მიიღოთ და არა დილას. წყლის პროცედურების შემდეგ გამოიყენეთ სპეციალური ლოსიონები ან ზეთები. თუ ზამთარში კანი მეტისმეტად გიშრებათ, ყურადღება მიაქციეთ მათ შემადგენლობას. უკეთესი იქნება, თუ ლოსიონი ვიტამინების ნარევსა და სხვადასხვა მცენარის ზეთს შეიცავს.

თუმცა, მხოლოდ ლოსიონები და ნიღბები საკმარისი როდია. კანს შიგნიდანაც უნდა მიეხმაროთ. ამისთვის კი არსებობს ყველაზე მარტივი გზა – ყოველდღიურად 2 ლიტრამდე წყლის მიღება. წყალი მინერალურ ბალანსსაც აღადგენს, ნაოჭებისგანაც დაგიცავთ და სიმხნევესაც შეგმატებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...