რჩევები

ტონალურითა და პუდრით დახშული ფორები სახის კანს პრობლემას უქმნის

№24

ავტორი: ანი რევია 11:00 23.06

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახის კანზე გაფართოებული ფორები ხშირად ქმნის პრობლემას, განსაკუთრებით, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ. მისი წარმოშობის მიზეზები სხვადასხვაა – ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები, არასწორი კვება, კანის არასათანადო მოვლა და ასე შემდეგ. ის საკმაოდ თვალში საცემია და იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, უმეტესობა ამ დეფექტს კოსმეტიკით ნიღბავს. პუდრი და ტონალური საცხები კიდევ უფრო ახშობს ფორებს. შედეგად კი, ჩნდება კანის სიწითლე, გაღიზიანება, შეშუპება. ამ პრობლემას სწრაფად და მარტივად რომ გაუმკლავდეთ, მთავარია, სწორად მოუაროთ კანს.

ამ პრობლემის მოგვარებაში სპეციალური ნიღბები დაგეხმარებათ, მათი მომზადება კი სახლის პირობებშიც არ გაგიჭირდებათ. გაფართოებული ფორების შესავიწროებელი ნიღბების წასმამდე კი აუცილებელია, კანი ადუღებული წყლის ორთქლით დაიტენიანოთ – აადუღეთ წყალი, ჩაასხით ჯამში, გადაიფარეთ პირსახოცი თავზე და სახე ორთქლს მიუშვირეთ. ეს დაარბილებს შავ წერტილებს და ნიღბის კომპონენტები უკეთ შეაღწევს კანში.

კვერცხის ცილისა და ლიმონის ნიღაბი – ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა და ნახევარი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სუფთა კანზე და დაიფინეთ ქაღალდის ხელსახოცი. როდესაც მასა გაშრება, სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პომიდვრის ნიღაბი – დაჭერით პომიდორი თხელ რგოლებად, დაიდეთ სახეზე და დაიტოვეთ, დაახლოებით, 10 წუთი. შემდეგ სახე კონტრასტული ტემპერატურის (ხან ცივი, ხან ცხელი) წყლით დაიბანეთ.

მსხლისა და სახამებლის ნიღაბი – გათალეთ წვნიანი მსხალი და კარგად დაჭყლიტეთ, შეურიეთ სახამებელი, ისე რომ გასქელდეს და სახეზე გაჩერდეს. დაიტოვეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ეს ნიღაბი შეავიწროებს სახეზე ფორებს, მოაცილებს შავ წერტილებს და გააღიავებს პიგმენტურ ლაქებს.

ჭვავის პურის ნიღაბი – 100 გრამი ჭვავის პური ჩაალბეთ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში. დატოვეთ 5 წუთი, შემდეგ გაწურეთ და წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ სახე დაიბანეთ. პურში შემავალი კომპონენტები შეავიწროებს ფორებს და კანს ცხიმიან ბზინვარებას მოაცილებს.

კიტრის ნიღაბი – ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა. კიტრი გათალეთ და დააბლენდერეთ. შემდეგ, გაწურეთ. დაუმატეთ ათქვეფილ ცილას და წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი შეავიწროებს ფორებს და გააღიავებს კანის ფერს.

კვერცხის ცილის, სოდისა და ლიმონის ნიღაბი – 1 კვერცხის ათქვეფილ ცილას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. გაიჩერეთ, დაახლოებით, 8-10 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. სოდა კანს ჩამჯდარ ჭუჭყს მოაცილებს, ლიმონის წვენი სახის კანის ფერს გაახალისებს, ცილა კი – ფორებს შეავიწროებს.

თაფლის, ქერისა და კვერცხის ნიღაბი - დაადნეთ ადუღებულ წყლის ორთქლზე 1 სუფრის კოვზი თაფლი. შეურიეთ 50 გრამი ქერის ფქვილი და ათქვეფილი 1 კვერცხის ცილა. დაამატეთ 1 წვეთი პიტნის ზეთი. კარგად გადაურიეთ, წაისვით სახეზე, დაიტოვეთ 10-15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღაბს მკვებავი ეფექტი აქვს და კანს ტონუსს მატებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...