სახისა და ყელის კუნთების გამკვრივებას ხილისა და ბოსტნეულის ნიღბებით შეძლებთ
ავტორი: ანი რევია 17:56
ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები კანისთვის ძვირად ღირებულ საცხებზე გაცილებით უსაფრთხო და ეფექტურია და ამასთანავე ხელმისაწვდომი. თუ გსურთ, მოშვებული სახის კანი და კუნთები მარტივად აღადგინოთ, არ უნდა დაიზაროთ და ნიღბები კვირაში ორჯერ მაინც გაიკეთოთ.
ფორთოხალი – უხდება ყველა სახის კანს, არის შესანიშნავი ბიომასტიმულირებელი საშუალება. კანს ნაზ და ხავერდოვან ელფერს სძენს. ერთი კვერცხის გული გათქვიფეთ 100 გრამ არაჟანთან ერთად, დაუმატეთ 1/4 სადილის კოვზი არაყი და ნახევარი ფორთოხლის წვენი. წაისვით სახეზე და ყელის არეში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით მკვებავი კრემი.
ლიმონი – ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი, ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ და ნახავთ, რომ სახის კანი ერთ ფერში იქნება.
გრეიპფრუტი – ყველა ციტრუსზე მეტ ფერმენტს შეიცავს. გამოწურეთ ერთი გრეიპფრუტი, შეურიეთ სამი სადილის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი და გაიწმინდეთ სახე და ყელი დილა-საღამოს.
ავოკადო – თუ გამომშრალი კანის პრობლემები გაწუხებთ, ეს არის საუკეთესო დამატენიანებელი საშუალება სახის კანისთვის. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი, წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 2-ჯერ ასეთი ნიღაბი თვალშისაცემ ეფექტს მოგცემთ.
ანანასი – თუ კანის სიმშრალეს და გაუხეშებას უჩივით, ანანასის ფაფა საუკეთესო დამარბილებელი საშუალებაა. ის წმენდს კანს, აშორებს მას მკვდარ და ზედმეტ უჯრედებს. მოჭერით ანანასის ნაჭერი, დააბლენდერეთ და წაისვით სახეზე ნაზი მოძრაობით. შემდეგ, ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.
გოგრა – გოგრის ნიღბის მეშვეობით კანი გამოყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ასევე, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებაში. გახეხეთ გოგრის რბილობი და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
სტაფილო – სახის კანს არაჩვეულებრივ ფერს სძენს და ელასტიკურობის აღდგენაშიც ეხმარება. გახეხეთ 200 გრამი სტაფილო, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით 15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 1 პროცედურა საკმარისია.
კიტრი – გათალეთ, გახეხეთ და გამოწურეთ. წვენი ცალკე შეინახეთ მინის ჭურჭელში, კიტრის ფაფა კი დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. ჯერ მოიწმინდეთ მშრალი ბამბით, შემდეგ კი – კიტრის წვენით. კვირაში ჩაიტარეთ 2 პროცედურა.
პომიდორი – შესანიშნავად ასუფთავებს სახის კანს. გახეხილი პომიდორი დაიდეთ დაბანილ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





