რჩევები

როგორ უნდა „კვებოთ“ ხელის კანი და დაამზადოთ დამარბილებელი დამცავი კრემი სახლის პირობებში

№32

ავტორი: ანი რევია 11:00 18.08, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ადამიანის ასაკში შესვლისას ხელის კანი სიგლუვეს კარგავს. მასზე, ასევე, მოქმედებს გარე ფაქტორები, სარეცხი საშუალებები, ჰაერის ტემპერატურა და მზის სხივებიც. ამ დროს მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება არ კმარა. უმჯობესია, ხელები ცხიმის შემცველი საპნით დაიბანოთ, კვირაში ერთხელ კი ზეთოვანი აბაზანები გაიკეთოთ.

მზის მცხუნვარე სხივებს, მარილიან წყალს, დეზინფექციურ თუ სარეცხის საშუალებებს, სიცივეს, ქარსა და ყინვას შეუძლია, ხელის მტევნების ნაზი კანის გამოშრობა, გაუხეშება, გაღიზიანება, შეწითლება და შეშუპებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, საჭიროა კანის ინტენსიური კვება და ყოველდღიური ელემენტარული ზრუნვა. უნდა გამოიყენოთ ეთერზეთების ან მცენარეული ზეთების აბაზანები. ისინი შეიცავენ ამინომჟავებს, რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ კანის მდგომარეობაზე.

✔️ ჟოჟობას ზეთი – შეიცავს ამინომჟავებსა და პროტეინებს, ასევე ვიტამინ B12-ს, რომელსაც აქვს რეგენერირებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

✔️ატმის ზეთი – ატმის ზეთი იცავს კანს აქერცვლისგან, თანაბარს ხდის მის ფერს, ძალიან უხდება თხელ კანს. გამოიყენება მასაჟისთვის;

✔️ ხის ზეთი – აქვს გამაახალგაზრდავებელი, შეშუპებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ასევე, კარგია სახლის პირობებში ხელებზე პილინგის გაკეთება: სქლად დაფქული ყავა შეურიეთ ზეთში, წაისვით ხელის მტევნების კანზე და შეიზილეთ. გაიჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

ნუ წაისვამთ ხელებზე სახისათვის განკუთვნილ საცხებსა და ლიფტინგებს. გაითვალისწინეთ, რომ სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე ხელის მტევნებზე უნდა წაისვათ მკვებავი საცხი. ამ დროის განმავლობაში კანი მოასწრებს მის შეწოვას. ხოლო, ხელის კანი მცხუნვარე მზის სხივებისა და ყინვის ზემოქმედებისგან არ აიქერცლება და არც დასკდება. საცხი უნდა დაიტანოთ ხელებზე დღეში რამდენჯერმე. ეცადეთ, არ დაიბანოთ ხელი ძალიან ცხელი ან, პირიქით, ძალიან ცივი წყლით. დაბანის შემდეგ კი აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ.

კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ ხელის სპა-მოვლა და ამისთვის გამოიყენეთ ხელის სკრაბი, ნიღაბი და ნატურალური კრემი.

შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომლებიც შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც ადვილად დაამზადოთ:

ხელის სკრაბი – კარგად აურიეთ ერთმანეთში 2 სადილის კოვზი ზღვის მარილი, 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 2 სადილის კოვზი სელის ზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 1 ჩაის კოვზი კოჭა და 2 სადილის კოვზი ზეთი. წაისვით დაბანილ ხელზე, წრიული მოძრაობით კარგად შეიზილეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ხელის ნიღაბი – შეურიეთ ერთმანეთს 2 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი, 1 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი თაფლი, ზეითუნის ზეთი იმდენი, რომ მასა სქელი არაჟნის კონსისტენციის გამოვიდეს, დაამატეთ მიკროტალღურ ღუმელში გამდნარი ნახევარი შოკოლადის ფილა და 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი. ნიღაბი წაისვით ხელის კანზე, წამოიცვით ხელებზე პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ხელის კრემი – გახეხეთ 1 ფოთოლი ალოე, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი, 2 სადილის კოვზი ქაცვის ზეთი, 15 გრამი კაკაოს ცხიმი. ცხელი წყლის აბაზანაზე, ჯერ კაკაოს ცხიმი გაადნეთ და შემდეგ, ჩაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. რომ გაცივდება და შესქელდება, მაცივარში შეინახეთ და წაისვით ყოველდღიურად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი