როგორ უნდა დაიტენიანოთ გამომშრალი სახისა და ხელის კანი სწორად
ავტორი: ანი რევია 15:46
ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო ცხიმის უჯრედები ნაკლებად აქტიურია. თხელდება ჰიდროლიპიდური საფარი და კანი ნაკლებად ელასტიკური ხდება, შესაბამისად, სახე – ზედმეტად მგრძნობიარე და დაუცველი. შესაძლოა, მოწითალო ლაქებით დაიფაროს, ანუ შეიცვლოს კანის ტიპი და გახდეს გაცილებით მშრალი. ამიტომ, აუცილებელია, იზრუნოთ მის დატენიანებაზე. გამოიყენეთ დღის დამატენიანებელი მალამო. თუ კანს გაუწყლოებას ამჩნევთ, აუცილებლად დაამატეთ საღამოს ინტენსიური დამატენიანებელი კრემი. თუ შენიშნეთ, რომ ცხიმის უჯრედები ნაკლებად აქტიური გახდა, ღამის მალამო მკვებავით ჩაანაცვლეთ. თუ კანი მოდუნდა და სიგლუვე დაკარგა, უმჯობესია, გამაახალგაზრდავებელი, ვიტამინიზებული მალამოები გამოიყენოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ ტუჩების მოვლა, ჰიგიენური პომადით ან სპეციალური ბალზამით.
იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კანის ტენიანობა და ჯანმრთელობა, აუცილებელია:
* სახის კანის დატენიანება – უმჯობესია, შეიძინოთ ცხიმზე დამზადებული დამატენიანებელი კრემი და არა წყალზე, რადგან ცხიმი წარმოქმნის კანის დამცავ საფარს და ყველაზე კარგად ინარჩუნებს ტენიანობას;
* მზისგან დამცავი კრემი – თუ ზამთრის კურორტებზე აპირებთ დასვენებას, გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით თოვლიან დღეებში მზე საკმაოდ აზიანებს კანს. გარეთ გასვლამდე ნახევარი საათით ადრე სახესა და ხელებზე წაისვით მზისგან დამცავი კრემი;
* ხელების დაცვა – ხელის კანი შედარებით თხელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. მას აქვს მცირე რაოდენობის ცხიმის გამომყოფი უჯრედები. ამიტომ, ხელის დატენიანებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გარეთ გასვლისას აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები. არ დაიბანოთ ხელი სახლიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. გასვლისას კი არ დაგავიწყდეთ ხელის საცხის წასმა.
* აბაზანა – ცხელი წყალი შლის კანის ლიპიდურ ბარიერს, რაც ტენიანობის დაკარგვას უწყობს ხელს. გირჩევთ, ცივ სეზონზე იბანაოთ თბილი და არა ცხელი წყლით, რათა კანი არ გამოშრეს და აიქერცლოს. ასევე, აბაზანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები;
* სახის ნიღაბი – ცივ სეზონზე საჭიროა ნიღბების ხშირი მოხმარება. გირჩევთ, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ პილინგური ნიღაბი, რაც ძალიან ეფექტურია კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისგან გასასუფთავებლად. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ დამატენიანებელ ნიღაბსაც გაიკეთებთ, რადგან, ცივ დღეებში სახის კანის ერთ-ერთი მთავარი მტერი გაუწყლოებაა;
* ტონალური კრემი – სიცივისგან სახის კანის დაცვისთვის დღის დამატენიანებელ მალამოზე დაამატეთ თქვენი კანის ტიპისა და ფერის გათვალისწინებით შერჩეული ტონალური საშუალება.
ყოველდღიურად მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე, დაახლოებით, 2 ლიტრამდე. აგრეთვე, სახის კანის დასატენიანებლად შეგიძლიათ, შინაური მკვებავი ნიღბების გამოყენებაც. ნიღბები რეკომენდებულია არა უმეტეს 2-ჯერ კვირაში.
* კვერცხისა და ზეთის ნიღაბი, დაჭიმულობისა და კანის აქერცლისაგან თავის დასაცავად: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და 3 ჩაის კოვზი ხაჭო კარგად აურიეთ ერთმანეთში. მასა დაიტანეთ სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ ალერგიული ხართ, თაფლს ნუ გამოიყენებთ;
* ვაშლის ნიღაბი: 1 ცალ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. დაიტანეთ სახეზე და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




