ლამაზი ფერის რუჯის მისაღებად სწორად მოამზადეთ სხეული
ავტორი: ანი რევია 12:00 16.07
რუჯის მიღების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კანის ტიპს. ცხიმიანი კანი კარგად რეაგირებს მზის სხივებზე, ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. მშრალი კანის შემთხვევაში კი, ეს პროცესი ცოტა ტრავმულია, რადგან კანი იქერცლება, იჭიმება და ადამიანს დისკომფორტი ექმნება. ამიტომ, თუ გაქვთ მშრალი კანი, გარუჯვის დროს ისეთი კრემები უნდა გამოიყენოთ, რომ კანი ღრმად დაატენიანოს. კარგია, აგრეთვე, პერიოდულად კოლაგენის ნიღბების გაკეთება.
გარუჯვისას ნუ ისარგებლებთ დეზოდორანტებითა და სუნამოებით, რადგან კოსმეტიკურ საშუალებებში არსებულმა ნახშირწყალბადებმა შეიძლება, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ ტუჩის კანი არ გამოიმუშავებს მელანინს, შესაბამისად, ის განსაკუთრებით დაუცველია და აუცილებელია დამატენიანებელი საცხის წასმა.
კანის დასამშვიდებლად მიიღეთ გრილი შხაპი, შემდეგ კი წაისვით გარუჯვის შემდგომი სპეციალური დამატენიანებელი, რომელშიც შედის B5 და E ვიტამინები. პირველი ხელს უწყობს მზის სხივების მიერ განადგურებული კანის უჯრედების აღდგენას, მეორე კი აწესრიგებს კანის სტრუქტურას. ამ პროცედურების შემდეგ, რუჯი უფრო დიდხანს რჩება, რადგან კანი დაცულია აქერცვლისგან.
იმისთვის, რომ მივიღოთ ლამაზი ფერის რუჯი, აუცილებელია, კანი თანდათანობით შევაჩვიოთ გარუჯვას. მზის აბაზანები იწყება 5-10 წუთიდან და ნელ-ნელა ემატება დრო. უმჯობესია, თუ თავიდანვე მზის აბაზანებს მოძრაობაში მიიღებთ. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გარუჯვის უარყოფითი შედეგები, სასურველია, რუჯი მზის დაბალი აქტიურობის პერიოდში მიიღოთ: დილით – 11 საათამდე და საღამოს – 16 საათის შემდეგ. 12-დან 15 საათამდე მზე ძალიან აქტიურია, ამიტომ, ამ პერიოდში გარუჯვა, არ შეიძლება.
მზეზე გასვლამდე არ შეიძლება გლიცერინის ან ვაზელინის შემცველი კრემების ხმარება, რადგან ამან შეიძლება, კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ასევე, აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. მზეზე ორგანიზმი სწრაფად კარგავს ტენს, ამიტომ სვით ბევრი წყალი.
იმისთვის, რომ რუჯი ლამაზი ფერის იყოს, გაითვალისწინეთ:
* დილით მიიღეთ სტაფილოს წვენი ან მიირთვით სტაფილოს სალათა, ზეთთან ერთად. საუკეთესო შედეგს მიიღებთ, თუ ზღვაზე წასვლამდე ორი კვირით ადრე დღეში 1-2 ჭიქა სტაფილოს წვენის დალევას დაიწყებთ. ოღონდ, აუცილებლად დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი ;
* მზეზე გასვლამდე არ გირჩევთ, სხეული საპნით დაიბანოთ, გაიწმინდოთ ლოსიონით ან ოდეკოლონით, რადგან ეს საშუალებები იწვევს კანის გაუცხიმოვნებას, არღვევს მის დამცავ შრეს და კანი უფრო მგრძნობიარე ხდება ულტრაიისფერი სხივების მიმართ;
* მზის სხივები ორგანიზმში ამცირებს C ვიტამინის შემცველობას, ამიტომ მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ოხრახუში, კივი, მოცხარი, ბულგარული წიწაკა და ციტრუსები.
* თანაბარი რუჯი რომ გქონდეთ, ხშირად უნდა მიირთვათ ატამი – ზღვაზე წასვლამდეც და ზღვაზე ყოფნის პერიოდშიც. თანაც, მასში ბევრი სითხეა;
* ბანანი მდიდარია ტრეპტოფანითა და კალციუმით, რაც აჩქარებს გარუჯვის პროცესს;
* მზისა და მაღალი ტემპერატურის გამო ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, რაც კანის სიმშრალესა და მოშვებას იწვევს. სვით, რაც შეიძლება, მეტი წყალი, ოღონდ არა გაზიანი, არამედ სუფთა წყალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




