რჩევები

მოხატული წარბების საიდუმლო

№11

ავტორი: ანი რევია 11:00 23.03, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

წარბების სწორად მოხატვა არა მარტო უკეთ წარმოაჩენს სახის ნაკვთებსა და თქვენს ვიზუალს, არამედ, თქვენს იმიჯსაც სრულიად შეცვლის. ამისთვის სწორად უნდა შეარჩიოთ ფანქარი. ის აუცილებლად უნდა იყოს მყარი სტრუქტურისა და წვრილად გათლილი. ხოლო, იმისთვის, რომ ფანქარი კარგად გათალოთ, ის რამდენიმე წუთით საყინულეში მოათავსეთ, შემდეგ გამოიღეთ და გათალეთ. თუ წარბის მოსახატად რბილ ფანქარს გამოიყენებთ, ცხიმიანობის გამო წარბი უფრო გამუქდება, სახეზე გაცილებით მკვეთრად გამოჩნდება და ხელით შეხებისას ადვილად გაითხაპნება.

არსებობს გასათლელი და ამოსაწევი წარბის ფანქრები. მექანიკური, ანუ ამოსაწევი ფანქრით სარგებლობის დროს ძალიან რთულია წვრილი ხაზის გაკეთება, ხოლო გათლილი ფანქრით კი წარბებს მარტივად მისცემთ სასურველ ფორმას. იმისთვის, რომ მაკიაჟი უფრო ეფექტური გამოჩნდეს, წარბის მოხატვისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

👉ფანქრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს თმის ფერს. თუ ბუნებრივად ქერა ხართ ან თმა ღიად გაქვთ შეღებილი, მუქი შავი წარბებით გამომწვევ ვიზუალს შეიქმნით და ის არასასიამოვნო შესახედია;

👉არ არის სასურველი ფანქრით წარბზე ხაზის გაკეთება. აუცილებელია, წარბის ცალკეული თმის ნაწილი ბუნებრივად შეიღებოს;

👉თუ გსურთ, გრძელი წარბის ეფექტი მიიღოთ, დაიწყეთ წარბის მოხატვა თმის ზრდის მიმართულებით, თან წარბის ზომას ცოტაოდენი მოცულობითი შტრიხებიც დაამატეთ;

👉თუ გსურთ, მაკიაჟს უფრო მეტი სიმკვეთრე მისცეთ, ჯერ წვრილი სავარცხლით დაივარცხნეთ წარბები ქვევიდან ზევით. ამის შემდეგ ფანქრით მოიხატეთ და კვლავ სავარცხლის დახმარებით, ისევ პირვანდელი ფორმა დაუბრუნეთ;

👉იმისთვის, რომ წარბს ლამაზი და ბუნებრივი შეფერილობა მისცეთ, ჯერ ღია ფერის ფანქრით შეიღებეთ, შემდეგ მუქი ფანქარი გადაისვით. ბოლოს კი დაივარცხნეთ.

ქალების უმეტესობას ეზარება ყოველდღიურად წარბის ფანქრით მოხატვა და მის შეღებვას ამჯობინებს. თუ წარბის შეღებვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მაკიაჟის გაკეთებამდე ერთი დღით ადრე, საღამოს უნდა გააკეთოთ. საღებავი უნდა გახსნათ უშუალოდ წარბის შეღებვის დროს. არ გააკეთოთ ეკონომია – იაფფასიანი საღებავი არ გამოგადგებათ, რადგან საუბარია თვალის გარშემო მიდამოებზე.

შეარჩიეთ მაღალი ხარისხის საღებავი და გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

👉საღებავის წასასმელად, ისარგებლეთ წვრილი ფუნჯით. ნელ-ნელა მიჰყევით წარბის ხაზს, სწორად და აუჩქარებლად. ეცადეთ, საღებავი თვალში არ მოგხვდეთ;

👉გაიჩერეთ საღებავი წარბზე, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

👉წარბების შეღებვისას კატეგორიულად იკრძალება წარბების მაქსიმალური კორექცია, რადგან ძალიან თხელი წარბის გასქელება რთულია და ამ პროცესს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

ისარგებლეთ ღია და მუქი ფერების კომბინაციით და ეცადეთ, წარბს ბუნებრივი ფორმა და ფერი შეუნარჩუნოთ, რათა ძალიან ხელოვნური არ ჩანდეს და ამით საკუთარი ვიზუალი არ დააზარალოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი