რჩევები

მოამზადეთ ტუჩის ნიღაბი და სკრაბი სახლის პირობებში

№12

ავტორი: ანი რევია 11:00 28.03

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ტუჩებს აუცილებლად სჭირდება დატენიანება და მოვლა, განსაკურებით გაზაფხულის პერიოდში, რადგან ამ დროს კანი გამომშრალია, ადვილად სკდება და იქერცლება. ამ პრობლემას მარტივად გადაჭრით, თუ მოამზადებთ ტუჩის დამცავ ნიღაბსა და სკრაბს, რომელიც დატენიანებასთან ერთად, არაჩვეულებრივად ებრძვის გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებასაც.

ხაჭოს ნიღაბი – ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები, კარგად ათქვიფეთ და ტუჩებზე შეიზილეთ. 10 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით ვაზელინის თხელი ფენა.

მწვანე ვაშლის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ გახეხილ მწვანე ვაშლს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, ათქვიფეთ და წაისვით ტუჩებზე. 10 წუთის შემდეგ, ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ტუჩებზე ვაზელინი შეიზილეთ.

თაფლის ნიღაბი – 1 სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი და მიღებული მასა ტუჩებზე შეიზილეთ, დაიტოვეთ 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

არაჟნის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ და სქლად წაისვით ტუჩებზე. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ბანანის ნიღაბი – 2 სადილის კოვზ რძეს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ბანანის რბილობი, 1 სადილის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სტაფილოს ნიღაბი – გახეხილი სტაფილო და ზეითუნის ზეთი თანაბარი პროპორციით აურიეთ ერთმანეთში, წაისვით ტუჩებზე. გაიჩერეთ ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღბების გამოყენება რეკომენდებულია კვირაში სამჯერ.

თუ ტუჩები დაგისკდათ, გამოიყენეთ თაფლის საცხი:

* შეურიეთ ერთმანეთში ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ცოტა სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და წაისვით ტუჩებზე, რამდენიმეწუთიანი მასაჟის შემდეგ კი ჩამოიბანეთ. თაფლი მშვენიერი ანტისეპტიკური საშუალებაა და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს.

ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული სკრაბი ტუჩიდან მკვდარი კანის უჯრედებს აცლის, აცოცხლებს მის ელფერს და იდეალურ სიგლუვეს ანიჭებს.

ტუჩის მოცულობის გასაზრდელი თაფლის სკრაბი – აურიეთ ერთმანეთში თითო-თითო სადილის კოვზი შაქარი, თაფლი და ნუშის ზეთი. დაუმატეთ ცოტა დარიჩინი, რომელიც ტუჩებს მეტ მოცულობას მიანიჭებს და ამ მასით დღეგამოშვებით, საღამოს საათებში, ნაზი მოძრაობით დაიზილეთ ტუჩები.

ტუჩის კანის აღმდგენი ყავის სკრაბი – ყავისგან მომზადებული სკრაბი აცოცხლებს ტუჩებს და აძლევს არაჩვეულებრივ შეფერილობას. 1 სადილის კოვზ მსხვილად დაფქულ ყავას შეურიეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ამ მასით ნაზად გაიწმინდეთ ტუჩები. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით. ბოლოს წაისვით ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.

ტუჩის კანის მკვებავი ლიმონისა და თაფლის სკრაბი – ლიმონი კვებავს კანს ვიტამინებით, ხოლო თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. 1 სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ 1 სადილის კოვზი შაქარი და 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. ათქვიფეთ, მიღებული მასა, დაიდეთ ტუჩებზე და ნაზად გაიწმინდეთ. ბოლოს კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი